დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს, მოსამართლე ნინო ბაქაქურს ევროპულ ინსტიტუტებში წევრობის უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეუწყვიტოს

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მოსამართლე ნინო ბაქაქურის წინააღმდეგ კამპანიას ეხმაურება და რეალური რეფორმების გატარებას მოითხოვს.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის განცხადებით, ბოლო დროს, სასამართლოში გაბატონებული კლანი და მოქმედი ხელისუფლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას აწარმოებენ.

მათივე ცნობით, დისკრედიტაციის კამპანიაში ასევე ჩართული არიან „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები, პროსახელისუფლებო მედია და ექსპერტები. მოსამართლის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია იუსტიციის სამინისტროს მიერ ევროპულ ინსტიტუტებში ნინო ბაქაქურის ახალი წევრით ვადაზე ადრე ჩანაცვლებისთვის კონკურსების გამოცხადებას მოჰყვა.

„ბოლო პერიოდში, ევროპული ინსტიტუტების მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ კრიტიკული შეფასებები არაერთხელ გაჟღერდა. ამ ფონზე, 2 აგვისტოს იუსტიციის სამინისტრომ ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში წევრის დასანიშნად ახალი წარმომადგენლის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა ისე, რომ ნინო ბაქაქურის ხსენებულ ორგანოში წევრობის ვადა არ არის ამოწურული. კონკურსის გამოცხადება მინისტრმა იმით ახსნა, რომ წარმომადგენელი უფრო გამჭირვალე პროცედურით უნდა შერჩეულიყო. მოქმედი წევრისთვის ვადის შეწყვეტის რაიმე მეტად სარწმუნო არგუმენტი მინისტრისგან არ მოგვისმენია. თუმცა, ახალი პროცედურაც არ აღმოჩნდა გამჭირვალე, რადგან კანდიდატების შერჩევის და გასაუბრების პროცესი დახურულ კარს მიღმა წარიმართა. არც ახალი წარმომადგენლის ვადა და გამოწვევის საფუძვლებია განსაზღვრული, შედეგად ადმინისტრაციული დისკრეციის მომავალშიც არამართლზომიერად გამოყენების შესაძლებლობა რჩება.

მოსამართლე ნინო ბაქაქური სამოსამართლო უფლებამოსილებას უზენაეს სასამართლოში 2014 წლიდან ახორციელებს. ის არის ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) მმართველი ორგანოს - ბიუროს წევრი და ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) წევრი 2024 წლამდე.

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მოქმედი წევრის ვადის ამოწურვამდე მის პოზიციაზე კონკურსის გამოცხადების ფაქტს კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" და თავად ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოც კი გამოეხმაურა, რაც საბჭოს საქმიანობაში საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. საბჭომ მოსამართლე ნინო ბაქაქურის საქმიანობას საბჭოს წევრად ძალიან მაღალი შეფასება მისცა.

სავარაუდოა, რომ ევროპულ ინსტიტუტებში ახალი წევრის დანიშვნის სურვილი განპირობებულია იმით, რომ ნინო ბაქაქური სასამართლო კლანთან აფილირებული მოსამართლე არ არის და ევროპულ ინსტიტუტებში საკუთარ უფლებამოსილებას დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად ასრულებს:

- 2004 წლიდან ნინო ბაქაქური თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას იკავებდა, საიდანაც 2008 წელს საკუთარი განცხადებით გადადგა. მოგვიანებით, მან გადადგომის გადაწყვეტილება იმ დროს სასამართლოში არსებული სიტუაციით - მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შეზღუდვით ახსნა.

- 2014 წელს, პარლამენტს, სადაც უმრავლესობას კოალიცია „ქართული ოცნება“ წარმოადგენდა, მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა წარუდგინა. ეს კლანის გვერდის ავლით სასამართლო სისტემაში მოსახვედრად ერთადერთი გზა იყო. ის არის ერთ-ერთი იმ ორ მოსამართლეს შორის, რომელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა როგორც მმართველმა კოალიციამ - „ქართულმა ოცნებამ“, ასევე ოპოზიციურმა პარტიებმაც.

ნინო ბაქაქურის წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციის კამპანიურ ხასიათს ზოგიერთი ექსპერტის მხირდან ტელეკომპანია „იმედზე“ გაკეთებული განცხადებები ადასტურებს:

- ექსპერტები საუბრობენ მოსამართლე ნინო ბაქაქურის მიერ საქმეთა გაჭიანურების და გადაწყვეტილებების ჩაბარების ვადების დარღვევის შესახებ, გაურკვეველ სტატისტიკურ მონაცემებზე მითითებით. ეჭვს იწვევს ექსპერტის მიერ ისეთი სტატისტიკური მონაცემების მოშველიება, რომელიც არ არის ოფიციალურად გამოქვეყნებული. კონკრეტული მოსამართლის ან სასამართლო შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მოპოვება პრაქტიკაში დიდ სირთულეს წარმოადგენს. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ კონკრეტულ პერიოდში გამოტანილი გადაწყვეტილებების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა, იმ საფუძვლით, რომ სასამართლო ამგვარ სტატისტიკას არ აწარმოებს.

საქმეთა გაჭიანურების და მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემა პროფესიული საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია. საპროცესო ვადების დარღვევის მხოლოდ ერთი რომელიმე მოსამართლის პრობლემად წარმოჩინება ობიექტურ შეფასებას არ ემყარება:

- საქმეთა გაჭიანურების პრობლემა ერთ-ერთ მთავარ სისტემურ გამოწვევად დასახელდა საპარლამენტო ფორმატში შეკრებილ სამუშაო ჯგუფში.

- სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, საკასაციო სასამართლოდან მიღებული მონაცემებით, სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დაუშვებლად ცნობილი საქმეების 62%-ზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო დასაშვებად ცნობილი საკასაციო საჩივრების მხოლოდ 2.9% იქნა კანონით დადგენილ ვადაში განხილული. კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა ადმინისტრაციულ პალატაში, სადაც დასაშვებად ცნობილი 722 საქმიდან პალატამ კანონით დადგენილ ვადაში მხოლოდ 1 საქმე განიხილა. ამავე ანგარიშის მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიმართულებით პროგრესის ნაცვლად მნიშვნელოვანი რეგრესი შეინიშნება.

- სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია მოსამართლეთა არათანაბარ დატვირთულობაზეც. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეს 11 თვის განმავლობაში 15 საქმე დაეწერა, დანარჩენ მოსამართლეებს საშუალოდ - 143.

- გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში ასევე გამოვლინდა დასაბუთებული განაჩენების ჩაბარების ვადის დარღვევები როგორც რაიონულ, ასევე უზენაეს სასამართლოში.

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ყოველწლიურად ათეულობით მოსამართლე თავისუფლდება საქმეთა გაჭიანურების ბრალდებისგან მოსამართლის გადატვირთულობისა და შესაბამისად, მის ქმედებაში ბრალის არ არსებობის გამო.

აღნიშნული პრაქტიკის გათვალისწინებით, შერჩევითია იუსტიციის საბჭოს წევრის გოჩა აბუსერიძის შეფასებაც. გოჩა აბუსერიძე 2021 წლიდან უზენაესი სასამართლოს სწორედ იმ პალატის მოსამართლეა, სადაც წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი საქმე იქნა კანონით დადგენილ ვადაში განხილული. ამასთან, საპროცესო ვადების დარღვევის ფაქტზე საუბრისას დამატებითი გარემოებების შესწავლის გარეშე, მოსამართლის ბრალეულობაზე მითითება, თავად იუსტიციის საბჭოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება. მაგალითისთვის, ერთ-ერთ დისციპლინურ საქმეზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკითხის შეფასებისას გაითვალისწინა, რომ 2018-2019 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა შემცირდა, შესაბამისად, გაზრდილი იყო დატვირთვაც და მოსამართლის მამართ დისციპლინური დევნა არ დაიწყო.

ანალოგიური შინაარსის კომენტარი „ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ გაკეთდა, რომელმაც ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის მიღების გარეშე, მოსამართლეს სუბიექტური მოტივით საქმეთა გაჭიანურებაში ბრალი დასდო.

მოსამართლის მიმართ ორკესტრირებული შეტევის პირობებში, საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია, ასევე, ქალ მოსამართლეთა ასოციაცია, რომლის გაცხადებულ მიზანს მოსამართლის დამოუკიდებლობის დაცვასთან ერთად, ქალ მოსამართლეთა გააქტიურება წარმოადგენს, დუმილს ინარჩუნებს. იუსტიციის საბჭოს, როგორც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კონსტიტუციური გარანტის, წევრი კი კონკრეტული მოსამართლის მიმართ დაგეგმილ დისკრიმინაციულ კამპანიაში პირდაპირ ერთვება.

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში ნინო ბაქაქურის ვადაზე ადრე ჩანაცვლების მცდელობა მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი ძალა სასამართლოს გავლენიან ჯგუფთან ერთად, ევროპული ინსტიტუტების მიერ დასახელებული პრობლემების მოგვარების ნაცვლად, მათ „შეფუთვას“ და კლანური მმართველობის გახანგრძლივებას ცდილობს. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად ისინი მნიშვნელოვან პოზიციებზე კლანური მმართველობის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირების დანიშვნას მიიჩნევენ, ხოლო მეორე მხრივ, მოსამართლეების მიმართ მუდმივი გზავნილების გაგზავნას, იმის შესახებ, რომ კლანისგან განსხვავებული აზრის ქონა დასჯადია.

ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში ყველა სახელისუფლებო შტომ უნდა გაიაზროს, რომ კლანურ მმართველობაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემა ქვეყნის ევროინტეგრაციას აფერხებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

- არ შეუწყვიტოს დამოუკიდებლობითა და მიუკერძოებლობით გამორჩეულ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურს ევროპულ ინსტიტუტებში წევრობის უფლებამოსილება ვადაზე ადრე.

- განახორციელოს რეალური, ხელშესახები რეფორმები, ევროკომისიის რეკომენდაციის მესამე პუნქტის შესასრულებლად - დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ერთიანი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად,“ - ნათქვამია დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრები არიან:

  1. იოსებ ბარათაშვილი (ადვოკატი)
  2. მაია ბაქრაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).
  3. თამარ გეგელია (სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი)
  4. ირაკლი გაბრიჩიძე (ადვოკატი)
  5. ხათუნა გრიგალაშვილი (ადვოკატი)
  6. ლევან თორთლაძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი)
  7. ირმა კაკიაშვილი (იურისტი)
  8. ირაკლი კორძახია (ადვოკატი)
  9. უჩა ნანუაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (ყოფილი სახალხო დამცველი)
  10. ზაზა ხატიაშვილი („ადვოკატთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე) ადვოკატი
  11. ეკა ციმაკურიძე (იურისტი, დემოკრატიის ინდექსი)
  12. ბესიკ ლოლაძე (პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
  13. თამარ ლალიაშვილი (პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
  14. ბესიკ სისვაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი)
  15. ლია მუხაშავრია („ადამიანის უფლებების პრიორიტეტი“)
  16. ნათია ქუთათელაძე (დამოუკიდებელი ექსპერტი, ყოფილი მოსამართლე)
  17. ირაკლი შავაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
  18. თეა ხამხაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
  19. თამაზ ჯალიაშვილი (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
  20. დავით ჯანდიერი (იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე)
  21. კახა წიქარიშვილი (მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი).
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა