გია ცაგარეიშვილი  - არ მგონია, რომ ვენეციის კომისია პოლიტიკურ სიბრტყეში უნდა შეიჭრას და ხელისუფლებას მიუთითოს, რომელი საკანონმდებლო აქტის მიღებაა სასარგებლო

არ მგონია, რომ ვენეციის კომისია პოლიტიკურ სიბრტყეში უნდა შეიჭრას და საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიუთითოს, რომელი საკანონმდებლო აქტის მიღებაა სასარგებლო - ასე რომ, ჩვენ რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ, - ეს განცხადება ფარული მოსმენა-მიყურადების შესახებ მიღებულ კანონპროექტზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა გააკეთა.

ცაგარეიშვილის აზრით, ვენეციის კომისიის მოსაზრებები სამართლებრივ შეფასებას არ შეიცავს და მათი კრიტიკა მხოლოდ კანონის მიღების მიზანშეწონილობას ანუ პოლიტიკურ მხარეს ეხება.

„ჩვენ ვენეციის კომისიისგან სამართლებრივ შეფასებებს ველოდებით ხოლმე. როდესაც პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზეა საუბარი, ნება გვიბოძეთ, რომ მათი დასკვნა შესაბამისად შევაფასოთ.

ჩვენს მიერ მიღებული კანონი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობას იოტისოდენადაც არ ლახავს. რაც შეეხება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას, აქ დღის წესრიგში სხვა საკითხი დგება და დავა პოლიტიკურ სიბრტყეში გადადის“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე განმარტებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მომეტებული საფრთხეები არსებობს და მმართველმა გუნდმა კანონის მიღებისას სწორედ მზარდი საფრთხეებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა.

„კანონპროექტი პირველ რიგში, სამართალდამცავთა თხოვნით შემუშავდა იმისთვის, რომ ამ სტრუქტურების თანამშრომლების მიერ ადამიანთა ავი ზრახვები უფრო ადვილად გამოვლინდეს. ეს ერთგვარად პრევენციული ღონისძიებაც არის, რათა ყველამ იცოდეს, რომ როცა დანაშაული იგეგმება, როცა მისი განხორციელება და აღსრულება ხდება, შესაბამისი ზომებიც იქნება გატარებული. მნიშვნელოვანია შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სახელმწიფოს უსაფრთხოებას დაიცავს. ჩვენ, პირველ რიგში, აქედან ამოვდივართ, როცა ამგვარ კანონპროექტებზე ვმსჯელობთ", - დასძინა ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისია მმართველი გუნდის მიერ ფარულ მოსმენა-მიყურადების შესახებ მიღებულ კანონს ნაჩქარევად მიღებულს უწოდებს და პარლამენტს მისი გადახედვისკენ მოუწოდებს.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებებით, სამართალდამცავ უწყებებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული მიყურადების განხორციელების ვადები ეზრდებათ. გარდა ამისა, იზრდება იმ დანაშაულების ჩამონათვალი, რომელთა გამოძიების დროსაც სამართალდამცავებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეუძლიათ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადო.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში