ალექსანდრე თვალჭრელიძე - შემოდგომის ბოლოს რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდოთ სახელისუფლებო "ლიდერშიფში“

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, მეშვიდე თვეა მძვინვარებს ომი უკრაინაში. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა.

აშშ და კოლექტიური დასავლეთი, მცირე გამონაკლისების გარდა, რუსეთს მსოფლიო ბაზრებზე წვდომას უზღუდავენ. როგორც ამბობენ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები სრულად მალე ამოქმედდება და რუსეთისთვის საკმაოდ მტკივნეული იქნება.

ფაქტია, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ წარმოებულ ეკონომიკურ ომში არ მონაწილეობს. გასაგებია რატომაც, დიდია ალბათობა, რომ თავად დავზარალდეთ. სხვათა შორის, ამას აშშ-სა და ევროპაში გაგებით ეკიდებიან კიდეც.

მაგრამ, ცუდი ისაა, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა საგრძნობლადაა გაზრდილი. ყველაზე სახიფათო ამ პროცესში ისაა, რომ როცა კოლექტიური დასავლეთი რუსეთისაგან დისტანცირებას ცდილობს, საქართველო ეკონომიკურად სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული რუსეთზე.

მეტიც, დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ „რუსეთთან დასავლეთის ეკონომიკურ ომში საქართველო მონაწილეობს, მაგრამ არა დასავლეთის მხარეს, რასაც ვაცხადებთ, არამედ რუსეთის მხარეს“ თქვენ როგორ შეაფასებდით 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ზრდას?

- თქვენს მიერ ნახსენებ დამკვირვებელთა აზრი მცდარია და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ, არა ეკონომიკურ, არამედ სოციალურ პრობლემასთან. მოგეხსენებათ, კომუნისტური რეჟიმის დამხობის წინ ჩვენი „საქმიანი ადამიანების“, საწარმოთა დირექტორების, მომმარაგებლების, უბრალოდ გლეხების თუ მცირე არტელების მფლობელების საასპარეზო არეალს სწორედ რუსეთის უზარმაზარი ტერიტორია შეადგენდა.

თქვენს მიერ ნახსენებ დამკვირვებელთა აზრი მცდარია და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ, არა ეკონომიკურ, არამედ სოციალურ პრობლემასთან

დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ, ომისა და უმწვავესი ეკონომიკური კრიზისის ქარცეცხლში გახვეული საქართველო ერთ მილიონამდე ადამიანმა დატოვა, მათ შორის 800 ათასი რუსეთში დასახლდა. ამ ადამიანებს შორის ძალიან მაღალია აფხაზეთიდან, განსაკუთრებით ოჩამჩირიდან, გალიდან, გაგრიდან და სოხუმიდან გადახვეწილების პროცენტი.

30 წლის განმავლობაში ამ ადამიანებმა შეიქმნეს ცხოვრების გარკვეული კომფორტი და პირიქით, საქართველოში დარჩენილ ნათესავებს ეხმარებოდნენ, განსაკუთრებით ფულადი გზავნილების სახით. ამ ადამიანებში არც თუ პატარაა მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესების მფლობელებისა და აქციონერების რიცხვი.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი რუსეთში საქმიანობენ, მათ კავშირი საქართველოსთან არ დაუკარგავთ და შეიქმნა ერთგვარი სოციალურ-ეკონომიკური წონასწორობა.

ამა წლის 24 თებერვალს ეს წონასწორობა მთლიანად დაირღვა და ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა დაიწყო საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრი.

მაგრამ მათ თავისი ავუარების გატანის არავითარი შესაძლებლობა არა აქვთ, ჯერ ერთი, ეკონომიკური სანქციებისა და საბანკო სვიფტის არარსებობის, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურების უხისტესი „მეთვალყურეობის“ გამო.

მაშინ ამოძრავდა სანათესავო და საძმაკაცო არაფორმალური ჯგუფები და რუსეთიდან გაიზარდა როგორც ფულადი გზავნილების, ასევე ექსპორტის ოდენობა. პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი რუსეთში თითქმის არ ბრუნდება და სახსრები გროვდება საქართველოში „რუსი ქართველების“ ბიზნესის წამოსაწყებად.

მე პირადად ოციოდე ასეთ ადამიანს ვიცნობ, ბევრზე კი გამიგია. შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია - რაც გაიზრდება ეკონომიკური ბრუნვა რუსეთთან, მით უარესია რუსეთისთვის - იქიდან ნელ-ნელა ხდება აქტივების გადინება.

შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია - რაც გაიზრდება ეკონომიკური ბრუნვა რუსეთთან, მით უარესია რუსეთისთვის - იქიდან ნელ-ნელა ხდება აქტივების გადინება

აღარაფერს ვამბობ „კარგ“ რუსებზე, რომლებსაც პუტინის რეჟიმის პირობებში სული ეხუთებათ. არაფერს ვამბობ დასავლური კომპანიების რუს თანამშრომლებზე, რომელთა დიდი ნაწილი კომპანიებმა საქართველოში გადმოიყვანა და აქედან ცდილობენ ბიზნესს რუსეთთან.

ასე რომ, მგელი არც ისეთი სახიფათოა, როგორც თავს გვაჩვენებს.

- უკრაინის გამო დასავლეთსა და რუსეთს შორის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების ნაწილია ისიც, რომ ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა შეზღუდეს თავის ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების შესვლა.

ამ თემაზე გერმანიის კანცლერისა და ევროკავშირის წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეზე არ გავრცელდება ვიზების შეწყვეტა. მაგრამ, ევროკავშირის ქვეყნები საკმაოდ გაამკაცრებენ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას.

ვითარებაში, როცა რუსეთის მოქალაქეების 65% კვლავ მხარს უჭერს პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს, უცნაურიც კია, რომ საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის არ ამკაცრებს ორ ქვეყანას შორის მიმოსვლას.

უკვე ვიცით, რომ თუ რუსეთის მოქალაქე საქართველოში 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების საკუთრებას შეიძენს, საკუთრების შემძენსა და მისი ოჯახის წევრებს საქართველოში ბინადრობის მიღებისა და შენგენის ზონაში გადაადგილების საშუალება ექნებათ.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2015 წელს კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის ვადა 3 თვიდან 6 თვემდე გაეზარდათ, სულ უფრო ცხადი გახდება, რომ რაც უფრო გაუარესდება რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, საქართველოში მით მეტი რუსეთის მოქალაქე ჩამოვა.

თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების საემიგრაციო პოლიტიკას რუსეთის მოქალაქეების მიმართ?

- ძალიან გამიჭირდება თქვენ კითხვაზე პასუხის გაცემა, ვინაიდან ხელი არ მიმიწვდება სტატისტიკურ მონაცემებზე. აღვნიშნავ მხოლოდ რამდენიმე გარემოებას.

პირველი. თქვენ სიტყვებს ნაწილობრივ ეწინააღმდეგება თქვენივე სააგენტოს მიერ გუშინ ტრაბზონში რუსეთის კონსულის გავრცელებული განცხადება, სადაც იგი რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ქართველი მებაჟეები სარფიდან უყოყმანოდ აბრუნებენ ყველა ჩრდილო კავკასიაში, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, ყირიმში მცხოვრებ რუსული პასპორტების მფლობელს. მოგეხსენებათ, ჩვენ ერთიანი საბაჟო პოლიტიკა გვაქვს, ეს კი ნიშნავს, რომ საზღვარზე ხდება რუსეთის მოქალაქეთა დიფერენცირება.

ჩემთვის ცხადია, რომ რუსების ამ ნაკადში აშკარად გამორეულია შპიონები, მაგრამ ჩვენ არც ერთი შპიონის დაკავების შესახებ არ გვსმენია, რაც ძალიან შემაშფოთებელია

მეორე. საიმიგრაციო პოლიტიკა ფაქიზი ინსტრუმენტია, რაზეც, თუნდაც, თქვენს მიერ ნახსენები ოლაფ შოლცის სიტყვებიც მოწმობს. მე არ ვიცი, როგორია ჩვენი სახელმწიფოს, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურების პოლიტიკა. ცხადია, რომ ასეთი პოლიტიკა არსებობს, მაგრამ რამდენად იგი ეფექტურია, ვერ გეტყვით, სანამ 2022 წლის სტატისტიკური მონაცემები არ შეჯამდება.

ჩემთვის ცხადია, რომ რუსების ამ ნაკადში აშკარად გამორეულია შპიონები, მაგრამ ჩვენ არც ერთი შპიონის დაკავების შესახებ არ გვსმენია, რაც ძალიან შემაშფოთებელია.

- ფაქტია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 6 500-მდე კომპანია დააფუძნეს, მარტის თვიდან საქართველოში 700 მილიონ აშშ დოლარამდეა გადმორიცხული. საკმაოდ მაღალია იმ პირთა რაოდენობა, ვინც საქართველოში საკუთრება შეიძინა.

როგორც ამბობენ ბათუმსა და თბილისში სარესტორნო ბიზნესში წარმატებით საქმიანობენ, უკვე არა როგორც თანამშრომლები, არამედ მფლობელ-დამსაქმებლები. ვიცით, რომ სექტემბრიდან თბილისსა და ბათუმში რამდენიმე რუსული კერძო სკოლა და ბაღი გაიხსნება.

ბევრი კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თურმე საქართველოში 3 ათასზე მერი აი-ტი სპეციალისტია ჩამოსული. არადა, დემოკრატიულ ქვეყნებში მაღალი დონის აი-სპეციალისტებს თავისი ქვეყნების შსსა-სა და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის რეჟიმში უწევთ საქმიანობა.

ძალიან კი მინდა ჩვენს სპეცსამსახურები მაღალ დონეზე იყვნენ და რუსი მოქალაქეების სიმრავლე პრობლემას არ წარმოადგენდეს, მაგრამ, როცა ვიცით, სუს-ის უფროსის მოადგილე გოგაშვილს ამ ორგანოდან როგორ გამოჰქონდა ინფორმაციები, დიდი იმედი არ შეიძლება გვქონდეს რომ ამ სისტემაში ყველაფერი რიგზეა.

საქართველოსნაირ ღარიბ-ღატაკ ქვეყანაში, თქვენ რა ტიპის საფრთხეებს ხედავთ იმ ქვეყნიდან მოქალაქეების შემოდინებაში, როგორც ჩვენთვის, ოკუპანტი-რუსეთია, რომლის მოქალაქეები აცხადებენ, რომ არც იციან, რომ მათი ქვეყანა, საქართველოსთვის ოკუპანტია?

- შპიონებზე უკვე ვისაუბრეთ. მათ აი-ტი სპეციალისტებიც მივუსადაგოთ, ოღონდ არა უცხოურ კომპანიებში მომუშავეები, არამედ „ფრი-ლანსერები“.

საქართველოში რამდენიმე ასეული ათასი კომპანიაა და 6 500 რუსული ბიზნესი ამინდს ვერ შეცვლის. ეს არასასიამოვნოა, მაგრამ არა დრამატული. ნახეთ, რუსული კომპანიების ოდენობა თუნდაც ფრანგულ ნიცაში.

არა მგონია, რომ რუსული კომპანიების ოდენობა ზვავისებურად გაიზარდოს, ნახეთ, როგორია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სულისკვეთება. იმასაც გეტყვით, რომ პატრიოტი და წესიერი უძრავი ქონების სააგენტოები რუსებს უძრავი ქონების შეძენაში დიდ დაბრკოლებებს უქმნიან, მაგრამ ასევე დიდია იმ კომპანიების წილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ფულს სუნი და ეროვნება არა აქვს.

არა მგონია, რომ რუსული კომპანიების ოდენობა ზვავისებურად გაიზარდოს, ნახეთ, როგორია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სულისკვეთება. იმასაც გეტყვით, რომ პატრიოტი და წესიერი უძრავი ქონების სააგენტოები რუსებს უძრავი ქონების შეძენაში დიდ დაბრკოლებებს უქმნიან, მაგრამ ასევე დიდია იმ კომპანიების წილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ფულს სუნი და ეროვნება არა აქვს

ისე კი, პრობლემა ამ რუსებში არაა, პრობლემა პუტინის ფენომენშია. დამარცხდება პუტინის რეჟიმი უკრაინაში, ყველაფერი კარგად იქნება, გაიმარჯვებს - დაიწყება მესამე მსოფლიო ომი.

და მაშინ, როგორც წერდა ნიკოლოზ ბარათაშვილი: „მაგრამ, თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს,/მაშინ ვიღამ თქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..“ ეს კარგად აქვთ გააზრებული თუნდაც G7 ქვეყნების ლიდერებს და ისინი მიეხმარებიან უკრაინას, სანამ ეს საჭირო იქნება.

- ივლისში ქვეყანამ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ევროკავშირმა ამ სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი რეკომენდაციები გამოგვიგზავნა.

ხელისუფლების, ოპოზიციისა და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის რეაქციის გათვალისწინებით იყო მოლოდინი, რომ ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია ერთად ეფექტურად იმუშავებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.

მმართველმა გუნდმა არა მარტო უარი თქვა პრეზიდენტის მიერ დანიშნულ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე, არამედ განსაზღვრა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სია, თუ ვის შეეძლო ამ პროცესში მონაწილეობა.

ერთ თვეზე მეტია პარლამენტში მუშაობენ მმართველი გუნდის მიერ შექმნილი კომისიები 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად. პარალელურად, არასამთავრობო სექტორი ამზადებს თავის პროექტებს. როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად არსებულ არსებულ ვითარებას და ზოგადად, საშინაო პოლიტიკაში არსებულ სურათს?

- „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მე ჩვენი პოლიტიკოსები იმის და მიუხედავად, რომელ პარტიას წარმოადგენენ, ორკებს შევადარე: არა სიმახინჯის გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი თავის მიერ შექმნილ ფსევდოსამყაროში ცხოვრობენ და სულაც არ ადარდებთ ქართველი კაცის სულისკვეთება.

მე ჩვენი პოლიტიკოსები იმის და მიუხედავად, რომელ პარტიას წარმოადგენენ, ორკებს შევადარე: არა სიმახინჯის გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი თავის მიერ შექმნილ ფსევდოსამყაროში ცხოვრობენ და სულაც არ ადარდებთ ქართველი კაცის სულისკვეთება

ბორჯომში ხანძარი იყო, ეკოლოგიური კატასტროფა, გსმენიათ ჩვენი პოლიტიკოსების გამონათქვამი? კიდევ ერთიც, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ჩვენმა პოლიტიკოსებმა და, როგორი დასანანიც არ უნდა იყოს, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა, დაკარგეს ერთმანეთთან საუბრის კულტურა.

ნეობოლშევიკურმა პრინციპმა „ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია“ მოიცვა ჩვენი პოლიტიკური სივრცე. რაღაც თქვა სახალხო დამცველმა, რაც „ქართულ ოცნებას“ არ მოეწონა, იგი უმალვე „ნაციონალური მოძრაობის“ ომბუდსმენი გახდა. ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილი - „ნაცმოძრაობის პრეზიდენტი.“

და პირიქით, ბიძინა ივანიშვილი თურმე ყოველდღე პუტინს ებაასება და მის დაკვეთებს ასრულებს. სასაცილოა ეს ყველაფერი, პირველკლასელთა გასართობი, მაგრამ ეს არის ჩვენი პოლიტიკური ელიტის ინტელექტუალური დონე და რა გინდა, რომ ქნა?

- არადა, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველაზე აქტუალური თემაა, როგორ შეძლებს საქართველო ევროპული რეკომენდაციების შესრულებას.

მმართველი გუნდის მტკიცებით, იგი ყველაფერს აკეთებს მათ შესასრულებლად. ოპოზიციური სპექტრი, რომელიც საპარლამენტო კომისიებში იღებს მონაწილეობას, და ოპოზიციის ის ნაწილიც, რომელიც საპარლამენტო კომისიებში მუშაობისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული, თვლიან, რომ ხელისუფლებას არა აქვს არანაირი პოლიტიკური ნება, რომ შესრულდეს ევროპული რეკომენდაციები.

ამ თემაზე ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა ნატა საბანაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ხელისუფლების მთელი პოლიტიკური მატრიცა სამი ძირითადი გზავნილისგან შედგება - უნდა ვლანძღოთ და პრეტენზიები წავუყენოთ დასავლეთს, ენის მოჩლექით ველაპარაკოთ რუსეთს, იმიტომ რომ ომი არ გვინდა, და - დავიცვათ ივანიშვილის კეთილდღეობა“.

მალე პარლამენტი მუშაობას დაიწყებს. წესით, ევროპულ რეკომენდაციების შესრულება უნდა იყოს მისი საზრუნავი.12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს?

- ქალბატონი ნატალი საბანაძე, როგორც იგი თავის თავს ელჩობის პერიოდში ეძახდა, მრავალი წელი ელჩი იყო. იგი თავისი ნებით არ გადამდგარა, მაგრამ მაშინვე, როგორც კი კერძო პირი გახდა, დაიწყო ზუსტად იმ პოლიტიკის კრიტიკა, რომელსაც იგი მრავალი წელი ემსახურებოდა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე მას არ ვეთანხმები, მაგრამ ნებისმიერ კრიტიკოსს კრიტიკის მორალური უფლება უნდა ჰქონდეს.

ეს ისე, ალუზიები. ახლა სერიოზულად. ნუ გგონიათ, რომ ყველაფერი ისე მარტივადაა, როგორც ამას ქალბატონი ნატა გვეუბნება. პრობლემა უფრო რთულია და უფრო სახიფათო.

პირველი. ჩვენი დასავლელი მეგობრების კრიტიკა, რასაკვირველია, შეიძლება, მაგრამ არა იმ ბავშვური საბაბით, როგორც ამას ხუნდაძე-სუბარ-ყაველაშვილ-მაჭარაშვილის განცხადებებში ვკითხულობთ.

რასაკვირველია, ომში საქართველოს ჩათრევა ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ნამდვილად არ სურთ, პირიქით, უნდათ შეიქმნას წინაპირობები საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად. უშეცდომო არავინაა და ჩვენ დასავლელი მრჩევლების შეცდომებზე გვისაუბრია.

რასაკვირველია, ომში საქართველოს ჩათრევა ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ნამდვილად არ სურთ, პირიქით, უნდათ შეიქმნას წინაპირობები საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად. უშეცდომო არავინაა და ჩვენ დასავლელი მრჩევლების შეცდომებზე გვისაუბრია

მეორე. არა მგონია, რომ ასეთი კრიტიკა „ქართული ოცნების“ წევრთა უმეტესობაში სიმპათიებს იწვევდეს. მიმაჩნია რომ ეს ერთ-ერთი ლიდერის, და არა ბიძინა ივანიშვილის, გაუგებარი აკვიატებაა. მოგეხსენებათ, ვისი. მიმაჩნია, რომ შემოდგომის ბოლოს რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდოთ სახელისუფლებო ლიდერშიფში.

მესამე. როცა „ორ ზღვას შუა საომარი ლელოა“, მოწინააღმდეგეთა შორის გავლა ისე, რომ არ დაზარალდე, ტალეირანის დონის პოლიტიკაა, რასაც ჩვენი ქვეყნის ლიდერებს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ამიტომ ამ ტიპის ნეიტრალიტეტი მეტად სახიფათოა.

დაბოლოს, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების გრაფიკი ნამდვილად დაიდება, მაგრამ ექნება მას ფორმალური თუ არსებითი სახე, მომავალი გვიჩვენებს. როცა გეგმა დაიდება, მაშინ გავაანალიზოთ სიღრმისეულად.

12 პუნქტიანი გეგმის შესრულების გრაფიკი ნამდვილად დაიდება, მაგრამ ექნება მას ფორმალური თუ არსებითი სახე, მომავალი გვიჩვენებს. როცა გეგმა დაიდება, მაშინ გავაანალიზოთ სიღრმისეულად

- გვერდს ვერ აუვლით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ქართული საზოგადოების ნაწილში ანტიდასავლური განწყობების ზრდას. უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიაში მსხვერპლის, უკრაინისა და ამ ქვეყნის პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი ხელისუფლების ლანძღვა-გინებას.

პრორუსული განწყობების ალტ-ინფოს პროპაგანდისტულმა არხმა მუშაობა კი შეწყვიტა, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ მათი ფუნქცია თავის თავზე აქვთ აღებული სულ ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ სახეებს, ახლა მმართველი გუნდიდან წამოსულ ხუნდაძე-სუბარ-ყაველაშვილ-მაჭარაშვილს.

მათი მხრიდან აშშ-ს ელჩ კერი დეგნანზე თავდასხმების სერიამ ისეთი „მწვერვალები“ დაიპყრო, რომ ალტ-ინფოსაც კი გადააჭარბეს ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ რიტორიკაში.

ხუნდაძე-სუბარ-ყაველაშვილ-მაჭარაშვილის განცხადებებისთვის შესაძლოა დიდი მნიშვნელობა არ მიგვექცია, მაგრამ, ფაქტია, რომ მათ განცხადებებს სულ უფრო ხშირად ეთანხმება მმართველი გუნდის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ხუნდაძე-სუბარ-ყაველაშვილ-მაჭარაშვილის ანტიამერიკული რიტორიკა და ამ საკითხებში მმართველი გუნდის ლიდერშიფის პოზიციების პრაქტიკული თანხვედრა?

- თქვენ მართალი ბრძანდებით, ხუნდაძე-სუბარ-ყაველაშვილ-მაჭარაშვილის განცხადებებისთვის ყურადღების მიქცევა დროის ფლანგვაა, წაიკითხეთ თუნდაც კელი დეგნანის ძალიან კარგად ჩამოყალიბებული პასუხები. უდავოა, რომ ანტიდასავლური განწყობები ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში ნამდვილად ყოველთვის არსებობდა, ხმის ამოღების ეშინოდათ.

უდავოა, რომ ანტიდასავლური განწყობები ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში ნამდვილად ყოველთვის არსებობდა, ხმის ამოღების ეშინოდათ

ახლა, როცა ჩვენ პოლიტიკოსებს ერთმანეთის ლანძღვა-გინების გარდა დრო არაფერზე რჩებათ, ამ ჯგუფებმაც წამოყვეს თავი. მათ სამოქალაქო სექტორმა უნდა უპასუხოს.რაც შეეხება რიტორიკის თანხვედრას, მე წინა კითხვაზე პასუხის დროს ჩემი პროგნოზი გაგიჟღერეთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო