სიახლე საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე

ქართული კომპანია „ნოვატეკ ინტერნეიშენალ“ და ისრაელის წამყვანი სამედიცინო-ტექნოლოგიური კომპანია Elsmed Healthcare Solutions, ბელგიურ კომპანია IBA-სთან (Ion Beam Applications S.A.) ერთად თბილისში რადიოფარმაცევტული საწარმოს შექმნას იწყებს.

პროექტი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობას ითვალისწინებს, საქართველოში პირველია და ის თბილისში განხორციელდება. ცენტრი სხვადასხვა სახის რადიოფარმაცევტულ პროდუქციას აწარმოებს.

პროექტირება, მშენებლობა, შემდგომი ექსპლუატაცია და საწარმოო პროცესები განხორციელდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სტანდარტების, აპარატურის მწარმოებელი, მსოფლიოში წამყვანი ბელგიური კომპანი IBA-ის რეკომენდაციების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.

“დღეისათვის რადიოფარმაცევტიკაში საჭიროა ფტორდეზოქსიგლუკოზის (FDG) უფრო მეტი რაოდენობის წარმოება შეზღუდულ დროში და ამასთანავე მრავალი სხვა შენაერთის გამოშვება იმავე დღის განმავლობაში. Cyclone® KIUBE - იდეალური გადაწყვეტილებაა, რომელიც რადიოიზოტოპების ფართო სპექტრის წარმოების საშუალებას იძლევა და PET რადიოფარმაცევტიკის ყველა მოთხოვნილებას უზრუნველყოფს”, - განაცხადა IBA RadioPharma Solutions-ის პრეზიდენტმა ბრუნო სკეტნერმა (Bruno Scutnaire).

„ნოვატეკ ინტერნეიშენალის“ გენერალური დირექტორი გიორგი ღლონტი ამბობს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია, რითაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოში მაღალტექნოლოგიური რადიოფარმაცევტული საწარმოს შექმნის პროექტს. გიორგი ღლონტის თქმით, პროექტი უნიკალურია იმითაც, რომ რადიოფარმაცევტული პროდუქციის ჩვენს ქვეყანაში წარმოება, მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველოში ბირთვული მედიცინის განვითარებას. აღნიშნული წამოწყება ასევე ხელს შეუწყობს პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის (PET-CT) ხელმისაწვდომობის ზრდას მოსახლეობისთვის, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიურ პაციენტთა დიაგნოსტირებას, მკურნალობის უფრო ზუსტი გეგმის შედგენის მიზნით. „ნოვატეკ ინტერნეიშენალის“ რადიოფარმაცევტულ საწარმოს შესაძლებლობა ექნება, სრულად დააკმაყოფილოს საქართველოს ბაზრის არსებული და სამომავლო მოთხოვნილებები, როგორც ფტორდეზოქსიგლუკოზის (18F-FDG), ასევე სხვა ხელოვნური რადიოაქტიური იზოტოპების, მათ შორის ფტორზე დაფუძნებულის, წარმოებისა და ადგილზე მიწოდების მხრივ.

ისრაელის კომპანია Elsmed Healthcare Solutions-ის გენერალური მენეჯერი ჰენ ლედერმანი (Hen Lederman) აღნიშნავს, რომ მოხარულია მონაწილეობა მიიღოს ასეთ უნიკალურ და სასარგებლო პროექტში. ჰენ ლედერმანის განცხადებით, Elsmed Healthcare Solutions-ის და IBA-ის ერთობლივ ძალისხმევას მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტი ექნება კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოში. ისრაელის მხარე დამატებით მონაწილეობას მიიღებს საწარმოს პროექტირებაში, ასევე ისრაელის წამყვან ბირთვული მედიცინის ცენტრებთან თანამშრომლობის საფუძველზე ოპერირებისათვის საჭირო პერსონალის სწავლებასა და მომზადებაში, განახორციელებს პროექტის მუდმივ მხარდაჭერას.

„ნოვატეკ ინტერნეიშენალ“ რადიოფარმაცევტული საწარმოს გახსნას 2024 წელს გეგმავს.

„Elsmed Healthcare Solutions“-ის შესახებ

Elsmed Healthcare Solutions წამყვანი კომპანიაა, რომელიც Turnkey პრინციპის საფუძველზე ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპლექსური სამედიცინო ცენტრების, მათ შორის ონკოლოგიური ცენტრებისა და სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო ობიექტების შექმნას მთელ მსოფლიოში. კომპანიის მისიას წარმოადგენს უახლესი და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების მიწოდება მოსახლეობისათვის სხვადასხვა ქვეყანაში. Elsmed Healthcare Solutions ფოკუსირებულია Turnkey სამედიცინო პროექტების შექმნაზე, მენეჯმენტსა და შემდგომ მომსახურებაზე, დაწყებული პროექტის შემუშავების ეტაპით და გაგრძელებული დაგეგმარებით, პროექტირებით, მშენებლობით, შესყიდვებით, ტექნიკური და სამედიცინო პერსონალის სწავლებით, სხვა რუტინული საქმიანობითა და აპარატურის რეალიზების შემდგომი მომსახურებით. კომპანიაში თავმოყრილია სხვადასხვა სფეროს საუკეთესო და მაღალკვალიფიციური პერსონალი, კერძოდ: არქიტექტორები, ინჟინრები, პროექტის მენეჯერები და კონსულტანტები, ფინანსური ექსპერტები, ტექნოლოგები და სამედიცინო ტექნიკოსები, ექიმები, რომლებმაც თავისი საქმიანობის განმავლობაში მრავალი სამედიცინო ცენტრის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო ასპარეზზე. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.elsmed-healthcare.com

IBA-ის შესახებ

IBA (Ion Beam Applications S.A.) სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში გლობალურ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც სპეციალიზებულია კიბოს დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ინტეგრირებული და ინოვაციური მეთოდების შემუშავებაზე. კომპანია ტექნოლოგიური ლიდერია მსოფლიოში პროტონული თერაპიის მიმართულებით, რომელიც დღეისათვის სხივური თერაპიის ყველაზე მოწინავე მეთოდია. IBA-ის გადაწყვეტილებები პროტონული თერაპიის სფეროში მოქნილი და ადაპტირებადია, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს არჩევანი გააკეთოს პროტონული თერაპიის უნივერსალურ ფართომასშტაბიან ცენტრებსა და კომპაქტურ გადაწყვეტილებებს შორის. კომპანია საქმიანობს რადიაციული დოზიმეტრიის მიმართულებითაც, ასევე აწარმოებს სამედიცინო და საწარმოო დანიშნულების სხივურ ამაჩქარებლებს. IBA-იმ, ბელგიაში მდებარე სათავო ოფისის და 1500 თანამშრომლის მეშვეობით, მრავალი პროექტი განახორციელა მსოფლიოს მასშტაბით. IBA წარმოდგენილია პან-ევროპულ საფონდო ბირჟაზე NYSE EURONEXT (IBA: Reuters IBAB.BR and Bloomberg IBAB.BB). მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.iba-worldwide.com

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა