ირაკლი კობახიძე - სჯობს, არახამიამ გახსნას კარტები და ეს ორი საკითხი გააერთიანოს - დაშანტაჟების მიზანი რომ არის „მეორე ფრონტი“, ეს თქვას პირდაპირ, კაცურად

სჯობს, არახამიამ გახსნას კარტები და ეს ორი საკითხი გააერთიანოს - დაშანტაჟების მიზანი რომ არის „მეორე ფრონტი“, ეს თქვას პირდაპირ, კაცურად, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების სიის გამოქვეყნებას, სადაც ბიძინა ივანიშვილიცაა შეყვანილი.

კობახიძის თქმით, ახლა უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტო უნდა იყოს დაკავებული “უმძიმესი კორუფციით, რომელიც დღეს უკრაინაშია”.

“უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტო უნდა იყოს დაკავებული უმძიმესი კორუფციით, რომელიც დღეს უკრაინაშია, ამის მაგივრად სხვა რაღაცით არიან დაკავებულები. როგორც ჩანს, არ აღელვებთ საკუთარ ქვეყანაში კორუფცია, რომელშიც მაღალჩინოსნებიც არიან გახვეული. დიდი ხანია არახამიამ დააანონსა, რომ ამას აპირებდნენ - ელენე ხოშტარიამ დადო სია და ზუსტად იგივე სია დაიდო უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ. ეს კოორდინაცია როგორ ხდება, ამაზე ჩვენი ეჭვები გვაქვს, თუმცა ბოლომდე კარტებს, ბუნებრივია, არ გავშლით. ხედავთ, რომ არახამია, ერთი მხრივ, დანილოვის და პოდოლიაკის ხელით გვირჩევს, რომ ომში ჩავერთოთ, “მეორე ფრონტი” გავხსნათ, მეორე მხრივ კი ცდილობს, დაგვაშანტაჟოს სანქციებით. ჯობს, გახსნას კარტები და ეს ორი საკითხი გააერთიანოს - დაშანტაჟების მიზანი რომ არის “მეორე ფრონტი”, ეს თქვას პირდაპირ, კაცურად. ქართველ ხალხს უნდა უთხრან ეს, რატომ ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს სანქციებით და მეორე ხელით რატომ ითხოვენ “მეორე ფრონტის” გახსნას, ამაზე ქართველ ხალხს ესაუბრონ, ღირსეულები თუ არიან. მაგრამ მათ ღირსება არ აქვთ. არახამიას ღირსება ვიცით, რაც არის. გააერთიანონ ორი მოთხოვნა - შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მათივე მოთხოვნა “მეორე ფრონტის” გახსნასთან დაკავშირებით, თუ გაბედავენ, ძალიან კარგი იქნება. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი და შეიძლება ქართველმა ხალხმა რჩევაც მისცეს ბიძინა ივანიშვილს - თუ გავხსნით “მეორე ფრონტს” და ომში ჩავერთვებით, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილს პრობლემები აღარ ექნება თავის მილიარდ დოლართან დაკავშირებით, მეორე მხრივ კი, ქართველ ხალხს უნდა, რომ ვიბრძოლოთ ბოლო ქართველამდე და შევეწიროთ ამ ომს. მოდით, ღიად დაისვას ეს საკითხი. ამას ვურჩევდი არახამიას, ნაცვლად გვერდითი შანტაჟისა, თქვას, რომ იმიტომ აშანტაჟებს ივანიშვილს, რომ სურს „მეორე ფრონტის“ გახსნა, რაც არაერთხელ მოითხოვეს დანილოვის და პოდოლიაკის პირით. ასეთ შემთხვევაში მათი საქციელი იქნება ღირსეული, მაგრამ მათ ღირსეულ ქმედებებს არ ველოდებით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძის განცხადებით, უკრაინის მხრიდან სანქციებზე წასვლა სასოწარკვეთილი ნაბიჯი იქნება.

“როდესაც არის კითხვა, არის თუ არა საფრთხე, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში, რათა გვთხოვოს ომის დაწყება, ამას გამოვრიცხავ. ამ კაცს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ქვეყნის წინააღმდეგ და არც ამ შემთხვევაში გადადგამს. ამაში ყველა აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. განსხვავებით არახამიასგან, რომელიც უსამშობლო კაცია, ივანიშვილმა კარგად იცის სამშობლოს ფასი, ამიტომ ვერანაირი შანტაჟი და მუქარა მას ვერ აიძულებს, რომ ნაბიჯი გადადგას “მეორე ფრონტის” მიმართულებით, რაც არის მათი გაცხადებული მიზანი. ამაზე ღიად საუბრობდნენ დანილოვი და პოდოლიაკი, ახლა შანტაჟით ცდილობენ აქეთკენ წაიყვანონ საქმე, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. რაც შეეხება ფორმალურ სანქციებს, როდესაც ადამიანის დაშანტაჟება გინდა, ფორმალური სანქცია არ არის ეფექტიანი საშუალება. ადამიანს თუ დასჯი, იმას ვეღარ დააშანტაჟებ, ამიტომ არაფორმალური სანქციაა ამ კუთხით უფრო ეფექტიანი, რაც შვეიცარიაში ხდება. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან იქნება ერთგვარი სასოწარკვეთილი ნაბიჯი სანქციებზე წასვლა, ლოგიკურად, ეს ასე არ უნდა მოხდეს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების ნუსხაში შეყვანილია: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტიტე მამაცაშვილი, ირაკლი რუხაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორჟევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს