ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს - ეს არის ნონსენსი, ამ ინსტიტუტის და მისი წარმომადგენლის სირცხვილი, როდესაც თქვენ ელემენტარულ კონსტიტუციურ ანა-ბანაში ვერ ერკვევით

ეს არის ნონსენსი, ეს არის წარმოუდგენელი, ეს არის ამ ინსტიტუტის და მისი წარმომადგენლის სირცხვილი, როდესაც თქვენ ელემენტარულ კონსტიტუციურ ანა-ბანაში ვერ ერკვევით, - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც მან ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა, ამით ისინი შეურაცხყოფას აყენებენ არა მხოლოდ უმრავლესობის წევრებს, არამედ საქართველოს მოსახლეობას.

„კონსტიტუციურ სამართალში აღიარებული აქსიომაა, რომ აქ ხდება არა მხოლოდ ფარატინა დოკუმენტის გამოგზავნა საქართველოს პარლამენტისთვის, არამედ საუბარია მოტივირებულ შენიშვნებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პრეზიდენტის შეყოვნებითი ვეტოს უფლება, როდესაც პრეზიდენტს შეუძლია შეაჩეროს კანონის ამოქმედება, დაუბრუნოს მოტივირებული შენიშვნები საქართველოს პარლამენტს და შემდგომ უკვე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე. ეს არის კონსტიტუციური დოგმა, ეს არის საკანონმდებლო მოთხოვნა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა წარმომადგენლობამ ელემენტარულ დონეზეც კი ვერ უზრუნველყვეს. ასევე, კონსტიტუციური მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტი იმ მოწყობის ფარგლებში, რა მოწყობაც ჩვენს ქვეყანაშია, მოკლებულია უფლებამოსილებას, ვიწრო პოლიტიკური მიზნებით იხელმძღვანელოს და ვიწრო პოლიტიკური, პარტიული ინტერესებით მიიღოს გადაწყვეტილება ვეტოს დადების დროს. ამიტომ, ბატონო გიორგი, თქვენ და საქართველოს პრეზიდენტსაც შევახსენებ, რომ ვეტო შებოჭილია კონსტიტუციური პრინციპებით. თქვენ ვალდებული იყავით, მოტივირებული შენიშვნები სწორედ კონსტიტუციური პრინციპების ფარგლებში დაგეწერათ და არა ისე, როგორც თქვენ ბრძანეთ. სამწუხაროდ, ეს იყო მხოლოდ წმინდა პოლიტიკური აქტი. ეს არის ნონსენსი, ეს არის წარმოუდგენელი, ეს არის ამ ინსტიტუტის და მისი წარმომადგენლის სირცხვილი, როდესაც თქვენ ელემენტარულ კონსტიტუციურ ანა-ბანაში ვერ ერკვევით და არა მხოლოდ ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებთ“,-განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც ვინმე მხოლოდ განმარტებითი ბარათით სპეკულირებს, ეს არის სირცხვილი.

გარდა ამისა, ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა.

„როდესაც ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კადრულობენ და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ რამეს საყვედურობენ, ამაზე მეტი პარადოქსი არ არსებობს. ამ ხალხს 2012 წლამდე ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონით ჰქონდა რეგულირებული უმდაბლესი სტანდარტით ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ფურცელზე რეგულირებული. ე.წ. კასრები, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ტერორი, რასაც ისინი აკეთებდნენ, ბატონ გოცირიძეს ეტყობა, ეს პერიოდი ახსოვს, სიმ-ბარათებს როგორ იღებდნენ და როგორ დებდნენ, რომ თუ ვინმეს შეხვდებოდნენ და გაესაუბრებოდნენ, ეს ყველაფერი შესაბამისი სამსახურების ხელში არ ყოფილიყო. ამ ხალხს ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების სტანდარტის ასამაღლებლად და ირიბი ჩვენების საფუძველზე ასამართლებდნენ ხალხს“,-განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა