„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გურიაში ლურჯი მოცვის პლანტაციისთვის 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა

„საქართველოს ბანკი“ აგრომიმართულების პროექტების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბანკთან თანამშრომლობით გურიაში, დაბა ლაითურში 16.4 ჰა ნაკვეთზე ლურჯი მოცვის პლანტაცია გაშენდება. კომპანია „ჯეობლუბერის“ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენებას გეგმავს. კომპანიის მიერ შესყიდულია მიწის ნაკვეთი, რომელშიც 217 000 ევროს ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის საბოლოო განხორციელების მიზნით „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 1.5 მლნ ლარია. ინვესტიცია ნაკვეთის აგროტექნიკურ ღონისძიებებს, ნაკვეთის დამუშავებას, და თანამედროვე ჯიშების ნერგების შესყიდვას მოხმარდება.

როგორც კომპანია „ჯეობლუბერის“ დირექტორმა თემურ ბიწაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს 2 ჭაბურღილის მოწყობა, რომელიც უწყვეტად მოამარაგებს ლურჯი მოცვის პლანტაციას სარწყავი წყლით.

„ოქტომბრის დასაწყისში მთლიანი ფართობი 16.4 ჰა უნდა იყოს მზად ნერგების დასარგავად, ველოდებით ნერგების მიღებას მსოფლიოს საუკეთესო სანერგეებისგან, როგორიცაა ესპანური ფოლკრიკი და ფრანგული მალტიბაი. წლის ბოლომდე კი უკვე შევძლებთ ნერგების დარგვას. პლანტაციების გაშენების შემდეგ ლურჯი მოცვის სრულ მსხმოიარობაში შესვლისას დაახლოებით 210-220 ტონა მოცვის მოსავალს ველით. ჩვენ ყველა დაგეგმილ სამუშაოებს ვახორციელებთ GlobalGAP-ის ექსპერტთან კონსულტაციების შესაბამისად, რათა შემდგომში მივიღოთ შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც გზას გაგვიხსნის პროდუქციის რეალიზაციისთვის ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა თემურ ბიწაძემ.

როგორც „საქართველოს ბანკის“ აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ნათია ღლონტმა აღნიშნა, მოცვი კენკროვან კულტურებს შორის საკმაოდ პოპულარულია ბოლო პერიოდში და აქტიურად გადის ექსპორტზეც.

„ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ დიდი პოტენციალის მქონე მიმართულებების გაძლიერებას. ამ მიზნით ჩვენს პარტნიორ კომპანია „ჯეობლუბერისთან“ ერთად, გურიაში, 16,4 ჰა-ზე მოცვის პლანტაცია გაშენდება. მოცვი კენკროვან კულტურებს შორის საკმაოდ პოპულარულია ბოლო პერიოდში და აქტიურად გადის ექსპორტზეც. ექსპორტის წილი წლიდან წლამდე იზრდება, რაც არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, საქართველოში მოცვის კიდევ უფრო მეტი წარმოება დაიწყოს და გაზრდილი რაოდენობით გავიდეს ექსპორტზე, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროკავშირში“,- განაცხადა ნათია ღლონტმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია