ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. დაპირიპირება კურორტ გომისმთის განაშენიანების გეგმას მოჰყვა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით მჟავანაძის განცხადებით, გომისმთაზე უკანონოდ მოხდა მიწების დაკანონება. მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გურიაში მყოფმა იუსტიციის მინსტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ყველა მსურველს შეეძლო მიწის დარეგისტრირება. მჟავანაძის თქმით, ამის შემდეგ დაიწყო მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება, თუმცა როგორც ის აცხადებს, არჩევნების დასრულებისთანავე ამ ადამიანებს იბარებენ პროკურატურაში. მისივე თქმით, კურორტის განვითარებას ხელს უშლიან ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივი წევრები.
ბრალდებას მწვავე რეაქცია მოჰყვა მმართველი გუნდიდან.
,,კურორტი ფაქტიურად გაწირეს და ამის ნათელი მაგალითი არის წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადება, ეს მოხდა ჯერ კიდევ 2020 წლის 3 აგვისტოს, მაშინ როდესაც ის ავიდა გომის მთის დასათვალიერებლად და გასცა ბრძანება, პრაქტიკულად დააკანონა უკანონობა და ადამიანებს საშუალება მისცა ხმების სანაცვლოდ იქ მიეთვისებინათ მიწები. ეს ბოროტად გამოიყენა ,,ქართული ოცნების" ადგილობრივმა წრმომადგენლებმა. მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს პირდაპირ დეკლარაციაში უწერია მივითვისეო და ეს სახელმწიფომ დაურეგისტრირა. პროკურატურის გავრცელებულ მეორე განცხადებას ვკითხულობთ, სადაც 24 ადამიანს ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს. ვინც ,,ქოცი“ იყო დაურეგისტრირეს და ვინც არ მოეწონათ იმათ კიდევ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრეს. ეს არის დანაშაული, დანაშაული არ უნდა წაახალისო“, - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით მჟავანაძემ.
ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების გამო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. შესვენების შემდეგ კი საკრებულოს წევრებმა გომისმთის სივრცითი დაგეგმარების კონცეფცია დაამტკიცეს. მერის მოადგილის გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ცდილობს სხდომის ნორმალურ მსვლელობას ხელი შეუშალოს.
"ნაციონალური მოძრობა" ეს დესტრუქციული ძალა ყოველთვის ცდილობს არეულობა შემოიტანოს საკრებულოს სხდომაზე და ნორმალურ მსვლელობას შეუშალოს ხელი. მათი განცხადებები და აქტივობები ტყუილზეა აგებული. დღესაც ამის მოწმე გავხდით. სხდომაზე განიხილება ბიუჯეტის ზრდა, რომელიც 60 მილიონს გადააჭარბებს, ასევე სოციალური მეწარმეების ხელშეწყობის პროექტი და სხვადასხვა მნიშვენლოვანი საკუთხები რაც მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის აუცილებელია. ამის გადაფარვის მიზნით აწყობენ პროვოკაციებს. თუმცა ჩვენ ამ საკითხს ადეკვატურად გავცემთ პასუხს. არაერთი შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობს სხდომა, როდესაც დესტრუქტიული ძალა შეურაცხყოფას აყენებს სხვადასხვა პიროვნებას. შესაბამისად მათი მხრიდან ზრდილობაზე საუბარი ზედმეტია. რაც შეეხება გომისმთას UNDP-სთან თანამშრომლობით მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი და შეიძინა გომისმთის განვითარების გეგმა. რომლის კონცეფციის პირველი ეტაპი წარმოდგენილია დღეს საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად. შემდეგი ეტაპია მისი დეტალური გეგმა, იქ იქნება განხილული ყველა ქონებრივი საკითხი. თუ დარღვევაა შესაბამისი ორგანოები შესაბამის მოქმედებებს გაატარებენ კანონით დადგენილი ყველა პროცედურის გათვალისწინებით",- განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.
























