დავით უსუფაშვილი - პარადოქსული რამ ხდება, გასაგებია, რაც არის გამიზნული: კომისია ომბუდსმენის კანდიდატებს შეარჩევს, შემდეგ ფრიდონ ინჯია ვინმეს დაასახელებს, “ოცნება“ კანდიდატს მხარს დაუჭერს და ყველა იქნება მხიარული

პარადოქსული რამ ხდება - ჩვენ ახლა კანონს იმ ადამიანისთვის ვიღებთ, რომელმაც განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არ გვჭირდება - გასაგებია, რაც არის გამიზნული: კომისია სახალხო დამცველის კანდიდატებს შეარჩევს, შეფასებებს დაუწერს, შემდეგ ბატონი ფრიდონ ინჯია ვინმეს დაასახელებს, “ქართული ოცნება“ ოპოზიციის მიერ დასახელებულ კანდიდატს მხარს დაუჭერს და ყველა იქნება მხიარული - პოლიტიკურ „ტრიუკებში“ ჩვენც რაღაც გაგვეგება! - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ლელოს“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

ამასთან, როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი სახალხო დამცველის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს იმ პირობით, თუ პროექტი მეორე მოსმენით განხილვის დროს ჩასწორდება.

როგორც უსუფაშვილმა ამ კონტექსტში განმარტა, თუკი სახალხო დამცველის არჩევის “სუპერდემოკრატიული“ წესი და პროცედურაა შემოთავაზებული, გაუგებარია, რატომ არის ის ერთჯერადი წესი და რატომ რეგულირდება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით და არა პარლამენტის რეგლამენტით.

“როდესაც ვამბობ, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით ხმას მივცემ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმდენად მიამიტი ვარ, ვერ ვხვდებოდე, რომ ამ პროექტის შემქმნელთა კეთილშობილური მიზანი ის არ იყო, როგორ მივეხმაროთ ოპოზიციას უკეთესი კანდიდატურის შერჩევაში. არც ისაა მიზანი, კანდიდატებს ჩვენ არ დავასახელებთო... მახსენდება ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში არდასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატი, როცა მერე იმ კანდიდატის ნაცვლად, ბილბორდებზე “ქართული ოცნების“ ლიდერების პორტრეტები ვიხილეთ. როგორც სალომე ზურაბიშვილი იყო უმრავლესობის მიერ არდასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატი, ახლაც გასაგებია...“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას ომბუდსმენის პოსტზე კონსტიტუციური უფლებამოსილებით აღჭურვილი ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელსაც ადამიანის უფლებების გარდა, სხვა არაფერი აინტერესებს. მისი თქმით, სახელმწიფო სწორედ ადამიანის უფლებებზე უნდა დაშენდეს.

“ამიტომ პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმაც ამიტომ ჩაწერეს 12-პუნქტიან რეკომენდაციებში. დამოუკიდებელ პერსონაზე გაამახვილეს ყურადღება. ამ ქვეყანაში არ არსებობდა ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი შერჩეული სახალხო დამცველი ბოლომდე მოსწონდა ხოლმე. ამ თანამდებობაზე ვინც არ უნდა დანიშნულიყო, მისი საქმიანობის წესი განაპირობებდა იმას, რომ ის ხელისუფლების ოპონენტი იყო. ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომლის გააზრების გარეშე ევროპაში ადგილს ვერ დავიმკვიდრებთ, ჩვენთან ჯერ კიდევ კითხვის ქვეშ დგას - კერძოდ ის, თუ რა არის ომბუდსმენის ფუნქცია. ყველა მმართველი პარტია სახალხო დამცველს იმას უკიჟინებდა: - კი მაგრამ ჩვენს უფლებებს როდის დაიცავ, ოპონენტების უფლებებს რომ იცავო. არადა, სახალხო დამცველი მოგონილია იმიტომ, რომ ადამიანები ხელისუფლების მხრიდან მათი უფლებების შეზღუდვისგან დაიცვას. ადამიანის უფლებების დაცვა ნიშნავს ადამიანის დაცვას სახელმწიფო ინსტიტუტებისგან და როდესაც მმართველი პარტიები სახელისუფლო ინსტიტუტებთან იგივდებიან, ამას სუპერ პერსონალურად აღიქვამენ - თუ პოლიციამ ვინმეს უფლება შელახა ან რაიმე უფლება სხვაგან შეილახა, ამას პერსონალურად აღიქვამენ. მოქმედი ომბუდსმენის მიმართ არსებული “საოცარი“ რიტორიკა სწორედ ამის შედეგია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო