ხატია დეკანოიძე - უკრაინის მიერ ივანიშვილის სასანქციო ნუსხაში შეყვანა ნიშნავს იმას, რომ მისი მოქმედებები უკრაინის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგია

მესმის, რომ ხელისუფლების მიერ გაცხადებული სპეკულაციები იქნება ზუსტად ისეთი, რომ უკრაინას ეროვნული ინტერესები დაუკავშირონ ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ უკრაინის ეროვნული ინტერესებია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სანქციების ქვეშ მოხვდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადების შემდეგ მმართველი გუნდის შეფასებებს, რომ „არახამია "ნაციონალური მოძრაობის" უკრაინული ფილიალია“.

დეკანოიძის თქმით, ივანიშვილის დასანქცირებაზე დღეს უკვე USAID-ის სერიოზული ანგარიშიც საუბრობს და ამიტომ საგულისხმოა, რომ ის ნამდვილად არის რუსულ კავშირებში გახვეული.

„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არაფორმალურ მმართველობაში გადასული ბიძინა ივანიშვილის ასეთ ნუსხაში შეყვანა უკრაინის მიერ, ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მისი მოქმედებები არის უკრაინის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგი. როდესაც უკრაინაში რუსეთის აგრესიაა და ამ მძიმე ვითარებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ახლა უკვე არაფორმალური მმართველი და გავლენიანი ადამიანი, სანქციათა ნუსხაში ხვდება, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი ჩვენი ქვეყნისთვის. სამწუხაროა იმ კონტექსტში, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან სანქცირებულთა ნუსხაში, განსაკუთრებით უკრაინისთვის ასეთ მძიმე პერიოდში.

ნებისმიერ შემთხვევაში ივანიშვილის დასანქცირებაზე დღეს უკვე საუბრობს USAID-ის სერიოზული ანგარიში. ამიტომ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არის რუსულ კავშირებში გახვეული და ეს კაშირები არ ემსახურება რეგიონში უსაფრთხოებას“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კითხვაზე, რა მტკიცებულებები არსებობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქცირების სიაში მის შესაყვანად, დეკანოიძე ამბობს, რომ „ეს არის ივანიშვილის პირადი კავშირები რუსეთთან და საქართველოს სახელმწიფოს ჩამოცილება უკრაინის ეროვნულ ინტერესებთან“.

„ორი განზომილებაა - ბიძინა ივანიშვილის პირადი კავშირები ევტუშენკოვთან, რომელიც იყო გამოქვეყნებული კორუფციის სააგენტოს ვებ-გვერდზე. მეორე განზომილება არის ბიძინა ივანიშვილის გავლენა საქართველოს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე არაფორმალური მმართველობის პირობებში, როდესაც მისი გადაწყვეტილებით, საქართველო არ უერთდება საერთაშორისო სანქციებს. მათ შორის საქართველოსთან მიმართებით წარმოიშვა ბევრი კითხვის ნიშანი, ასრულებს თუ არა საერთაშორისო ვალდებულებებს. ამიტომ, ეს არის მისი პირადი კავშირები რუსეთთან და საქართველოს სახელმწიფოს ჩამოცილება უკრაინის ეროვნულ ინტერესებთან - ამ ორი განზომილების მიხედვით გვესმის, რატომ შეიყვანეს ივანიშვილი ნუსხაში“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების ნუსხაში შეყვანილია: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტიტე მამაცაშვილი, ირაკლი რუხაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორჟევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე.

საკითხზე დავით არახამიამ განაცხადა, რომ აღნიშნული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარ სააგენტოს წარმოადგენს.

„როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან. მუშაობას ვაგრძელებთ. ძვირფასო ქართველებო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით“, - განაცხადა დავით არახამიამ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის შეფასებებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დავით არახამია აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ადამიანია, რომელიც საქართველოსა და უკრაინას შორის უერთიერთობას აზიანებს. „ის არის "ნაციონალური მოძრაობის" უკრაინული ფილიალი“,- ამბობს ქადაგიშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საგარეო პოლიტიკა არ არის აცდენილი ერთმანეთს - დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უარყოფის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის გარეშე არ მიღებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2024
ახალ სტრატეგიულ პერიოდში „პაშა ბანკი საქართველო“ მიზნად ისახავს, გახდეს ერთ-ერთი მთავარი არჩევანი ადგილობრივი კორპორატიული მომხმარებლებისთვის