ეს ხელს შეუშლის საქართველოს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ ამ ტიპის კორუფცია წინააღმდეგობაში მოდის და სერიოზულ პრობლემებს ქმნის, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა, გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ USAID-ის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
გიორგი რუხაძის განცხადებით, არ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ანგარიშსაც „ქართული ოცნება“ ენდობა რუსეთის გარდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია USAID-ის ანგარიში, სადაც საუბარია მაღალი დონის კორუფციაზე. ეს ასევე შეუშლის ხელს საქართველოს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ ამ ტიპის კორუფცია წინააღმდეგობაში მოდის და სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
ხელისუფლებამ სხვა რა უნდა თქვას, ხომ არ იტყვის, რომ კორუმპირებულები ვართო და ბოდიშიო, მაგრამ მე მინდა საზოგადოებას დავუსვა ერთი კითხვა, ბოლო ერთი რეზოლუცია მითხარით ან ევროპარლამენტის ან რომელიმე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ან „გამჭვირვალობის“ ან რომელიმე, რომელსაც ეთანხმება საქართველოს ხელისუფლება. არაფერს არ ეთანხმება, ხომ შეიძლება, რომ რაღაცას მაინც დაეთანხმოს საერთაშორისო დოკუმენტს, ეს უბრალოდ სასაცილოა, ყველა როგორ ცდება. როგორ წარმოგიდგენიათ, ეს ჯანმრთელი პროცესია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში ხედავს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელს? ევროპარლამენტს რეზოლუცია „ნაცმოძრაობამ“ მიაღებინა USAID-ის ანგარიშიც „ნაცმოძრაობის“ და არასამთავრობო ორგანიზაციების ნახელავია, ამერიკის საელჩო რომ განცხადებებს აკეთებს, აქაც თურმე ვიღაცები ურევიან. ხომ შეიძლება დედამიწის ზურგზე არსებობდეს ერთი რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც დაეთანხმება „ქართული ოცნება“ მოსკოვისა და რუსეთის გარდა?“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
გიორგი რუხაძემ გადაცემაში უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ 12 ქართველის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სანქცირების სიაში შეყვანასაც გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, თუ საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ აღნიშნულ პირებს კავშირი არ აქვთ რუსეთთან, მაშინ ამის მტკიცებულებები უნდა წარადგინონ და უკრაინული მხარე ბოდიშს მოიხდის.
„რადგან უკრაინელებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ადამიანები ხელს უშლიან უკრაინის ინტერესებს და ხელს უწყობენ რუსეთის ინტერესებს, მე უბრალოდ არ მაქვს არანაირი მიზეზი ვიფიქრო, რომ მათ რამე სხვა ინტერესი აქვთ. ხალხი ომშია, ვის ცალია ხიდაშელისთვის ან თუნდაც უჩა მამაცაშვილისთვის.
არ ვიცი უკრაინული მხარე აჭარბებს თუ არ აჭარბებს, მაგრამ მე პირადად მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. თუ ვინმე ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს, ეს არის ივანიშვილი და მისი გარემოცვა და საქართველოს ხელისუფლება. შესაბამისად, რა გასაკვირია? ის, რომ ივანიშვილი ოლიგარქია და რუსეთთან კავშირშია და ის, რომ ის რუსი ბიზნესმენია ამას ჩემი მტკიცება რად უნდა?
თუ საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ეს ადამიანები არ იმსახურებენ და არაფერ შუაშია არ არიან, ამ ხალხს რუსეთთან საერთოდ კავშირი არ აქვთ, არც რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობენ, მაშინ უნდა წარადგინოს ამის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთები და მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინული მხარე ბოდიშს მოიხდის“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში - „კლეპტოკრატიის აღმოფხვრის შესაძლებლობის ფანჯრების წართმევა“ - საქართველოში 2003 წლის “ვარდების რევოლუციის“ შემდგომი რეფორმები ქვეყნის კლეპტოკრატიისგან გათავისუფლების კარგ მაგალითად არის დასახელებული. 2012 წლის შემდგომ პერიოდზე ნათქვამია, რომ „უმდიდრესმა ოლიგარქმა სახელმწიფო დაატყვევა“.