შალვა პაპუაშვილის განცხადება ცოტა პროვოკაციული და გამაღიზიანებელი იყო. მაშინ, როცა შეთანხმება და ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერა დიდი მიღწევაა, ამ მიღწევას უნდა გაუფრთხილდეს „ქართული ოცნება“ და განსაკუთრებით, პარლამენტის თავმჯდომარე,- ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ კონსულტაციებში ჩაერთვებიან სწორედ ის საპარლამენტო ჯგუფები, რომლებმაც სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებასთან დაკავშირებით დამატებით სამუშაო იქნება განსახორციელებელი. კორძაია იმედს გამოთქვამს, რომ კონსულტაციები შედგება და მათ მოსაზრებებს გაითვალისწინებენ.
„მესამე მოსმენითაც დავუჭირე მხარი პროექტს კომიტეტზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებასთან დაკავშირებით დამატებით ძალიან ბევრი იქნება სამუშაო, რომ არ დარჩეს შენიშვნები შეფასებასთან დაკავშირებით. შემფასებელი ჯგუფის შეფასების წესზე მგონია, რომ ძალიან დეტალურად გვაქვს სამუშაო, რადგან კანდიდატებს არ უნდა დარჩეთ შთაბეჭდილება, რომ რაღაც არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, სამუშაო უნდა გაგრძელდეს შემფასებელთა ჯგუფთან მიმართებით და შეფასების წესთან დაკავშირებით. არანაირი გარანტია არ მქონდა, რომ რეგლამენტშიც გაითვალისწინებდნენ ჩემს შენიშვნებს, მაგრამ რადგან ჩაწერეს, რომ კონსულტაციებით მოხდება ეს ყველაფერი, მაქვს მოლოდინი, რომ ეს კონსულტაციები იქნება“, - განაცხადა კორძაიამ.