ვიტალი ბალა - პენტაგონში ოპერატიული ხელმძღვანელობა შეიქმნება და აშშ ასე გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებას - ის მოლოდინები, რომელიც კიევს რამშტაინ-5-ის წინ ჰქონდა, შეუძლებელია არ გამართლდეს

უკრაინის ფრონტებზე არსებულ ვითარებასა და რამშტაინ-5-ის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ სიტუაციის მოდელირების სააგენტოს დირექტორს, უკრაინელ პოლიტოლოგს, ვიტალი ბალას ესაუბრა.

- ბატონო ვიტალი, "რამშტაინი-5"-ის შედეგების შესაჯამებლად დაგიკავშირდით, მაგრამ, რადგან უკრაინის ფრონტებზე უკრაინულმა ჯარმა წარმატებული ოპერაციები განახორციელა, საუბარი ამ თემით უნდა დავიწყოთ.

თქვენ როგორ შეაფასებთ უკანასკნელ დღეებში უკრაინის ფრონტებზე უკრაინული ძალების აქტიურობის შედეგებს?

- უკანასკნელ დღეებში უკრაინული ძალების კონტრშეტევები მართლაც წარმატებულია, თუმცა, უკრაინული შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე არ არიან გადასულები. რაც ხდება, სამხრეთსა და აღმოსავლეთში ცალკეულ მონაკვეთებზე წარმატებით ჩატარებული სამხედრო ოპერაციებია.

აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინულმა ძალებმა საკმაოდ შეძლეს წინ წაწევა. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქ ბალაკლიაზე, მიუახლოვდნენ ქალაქებს კუპიანსკ, გრუშევკას, იზუუმის მიმართულებაზე გვაქვს წარმატებები. გარდა ამისა, ქალაქ სლავიანსკთან გადალახეს მდინარე სივერსკი-დონეცკი და დაიკავეს პოზიციები. აღმოსავლეთ მიმართულებაზე სამ დღეში თითქმის 50 კილომეტრით წაიწიეს წინ.

პუტინის განცხადებაზე, რომ რუსეთს ომი უკრაინაში ჯერ არ დაუწყია, უკრაინული პასუხია ასეთია - უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება დაიწყო

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, სექტემბრიდან უკრაინულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს დაახლოებით 1000 კვადრატული კილომეტრი. შეიძლება ითქვას, რომ ფრონტის ხაზზე, დადებითი ტენდენციების გამო, მთელ უკრაინაში კარგი განწყობა სუფევს.

ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ესმის, რომ საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ საკმაოდ შორია. პუტინის განცხადებაზე რუსეთს ომი უკრაინაში ჯერ არ დაუწყია, უკრაინული პასუხი ასეთია - უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება დაიწყო.

რაც ფრონტის ხაზზე ხდება მიუთითებს უკრაინული ძალების ხელმძღვანელობის კომპეტენტურობაზე. იმედი მაქვს, რომ ხერსონის გათავისუფლება ახლა მხოლოდ დროის საკითხია.

- "რამშტაინ-5" დასრულდა. თქვენ როგორ შეაფასებთ "რამშტაინ-5"-ის შედეგებს?

- თავიდანვე უნდა ითქვას, რომ რამშტაინის საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც უკრაინის შეიარაღებით უზრუნველყოფის საკითხებითაა დაკავებული, 50 ქვეყნამდე გაიზარდა. თუ რამშტაინის პირველ შეხვედრაში მონაწილეობას 40 ქვეყანა იღებდა, ახლა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მზად არიან სამხედრო თვალსაზრისით დაეხმარონ უკრაინას გაზრდილია. გვაქვს იმედი, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.

ჩემი აზრით, "რამშტაინ-5"-ის ყველაზე იმედის მომცემი შედეგი გახლავთ პენტაგონის ხელმძღვანელის ოსტინის განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ და სხვა ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას გრძელვადიან პერსპექტივაშიც აღმოუჩენენ. საუბარია იმაზე, რომ ეს დახმარება უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებისა და მასში უკრაინის გამარჯვების შემდეგაც გაგრძელდება.

აშშ და სხვა ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას გრძელვადიან პერსპექტივაშიც აღმოუჩენენ. საუბარია იმაზე, რომ ეს დახმარება უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებისა და მასში უკრაინის გამარჯვების შემდეგაც გაგრძელდება

ყველას ესმის, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასჭირდება დახმარება, რომ რუსული აგრესიის განმეორების შემთხვევაში მან დამოუკიდებლად შეეძლოს წინააღმდეგობის გაწევა და თავის დაცვა. სავარაუდოდ, ასეთ დახმარებას უკრაინა აშშ-საგან ომის შემდეგ 10 წელი მიიღებს.

საუბარია იმაზე, რომ უკრაინულ ჯარში გატარდება სრულფასოვანი რეფორმა, უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი გაიმართება, თან ისე, რომ მას შეეძლება თავად აწარმოოს იმ ტიპის იარაღი, რომელიც მას აგრესორი მეზობლისგან თავდაცვისთვის დასჭირდება.

ასევე საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების სწავლებებზე და ასე შემდეგ. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ იგი ომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება. გარდა ამისა, საუბარი იყო იმაზე, რომ აშშ უკრაინას 675 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება და ეს დახმარება მთლიანად მოხმარდება უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

"რამშტაინ-5"-ის შეხვედრის პარალელურად კიევში იმყოფებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, შემდეგ იყო აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიდეოკონფერენცია ნატოსთან და ევროკავშირთან, რომლის ფარგლებშიც ასევე ისაუბრეს უკრაინასთან მიმართებაში აშშ-სა და ევროკავშირის სამომავლო გეგმებზე.

რაც შეეხება "რამშტაინ-5"-ს, მისი დასრულების შემდეგ კონკრეტული და ხმაურიანი განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა, იყო განცხადებები უკრაინასთან ორმხრივ თანამშრომლობაზე აშშ-ს, ფინეთის, გერმანიის ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან. ეს განცხადებები უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებას უკავშირდება.

ჩემი აზრით, ყველაფერი რაც ომში უკრაინის გამარჯვებას ეხება, სწორი მიმართულებით ხდება. რამშტაინის პირველი შეხვედრა 24 აპრილს გაიმართა და ის იყო გადამწყვეტი მომენტი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.

თუ მანამდე საუბრობდნენ უკრაინა-რუსეთის სამხედრო კონფლიქტის მოსკოვთან სავარაუდო მოლაპარაკებებით დასრულებაზე, ახლა საუბარია იმაზე, რომ უკრაინა-რუსეთის ომში რუსეთი უნდა დამარცხდეს. "რამშტაინ-5"-მა დაადასტურა, რომ უკრაინა მოკავშირეებთან ერთად რუსეთის დასამარცხებლად იმოქმედებს.

"რამშტაინ-5"-მა დაადასტურა, რომ უკრაინა მოკავშირეებთან ერთად რუსეთის დასამარცხებლად იმოქმედებს

- "რამშტაინ-5"-ის გამართვამდე საუბარი იყო იმაზე, რომ რამშტაინის საკოორდინაციო ჯგუფი გააგრძელებს საქმიანობას, მაგრამ უკრაინის სამხედრო ტექნიკით უზრუნველსაყოფად პენტაგონში შეიქმნება ოპერატიული ხელმძღვანელობა.

საუბარი იყო იმაზე, რომ აშშ უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს, ასევე "ფ-16" ტიპის თვითმფრინავებსა და თანამედროვე ტანკებს. გასაგებია, რომ ამ ტიპის ინფორმაციები არ საჯაროვდება, მაგრამ, თქვენი ინფორმაციით, ამ თვალსაზრისით რა სიახლეებია?

- კარგია, რომ ამ ტიპის ინფორმაცია საჯარო სივრცეში არ ხვდება. უნდა გვესმოდეს, რომ ომია და ომს თავისი კანონები აქვს. სხვათა შორის, ომის დროს საინფორმაციო პოლიტიკასაც თავისი კანონები აქვს.

მიუხედავად ამისა, პირველად ითქვა, რომ უკრაინა სუპეს ზუსტ ესკალიბრებს მიიღებს. სხვათა შორის, როგორც ამბობენ, ისინი უკვე უკრაინას მიეწოდა და მიწოდება გრძელდება.

დიახ, სხვადასხვა წყაროებით დასტურდება, რომ რამშტაინის საკოორდინაციო ჯგუფი გააგრძელებს საქმიანობას, მაგრამ პარალელურად უკრაინის სამხედრო ტექნიკით უზრუნველსაყოფად პენტაგონში შეიქმნება ოპერატიული ხელმძღვანელობა. დარწმუნებული ვარ, რომ პენტაგონში ოპერატიული ხელმძღვანელობა შეიქმნება და აშშ ასე გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებას. ის მოლოდინები, რომელიც კიევს "რამშტაინ-5"-ის წინ ჰქონდა, შეუძლებელია არ გამართლდეს.

პენტაგონში ოპერატიული ხელმძღვანელობა შეიქმნება და აშშ წარმატებით გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებას. ის მოლოდინები, რომელიც კიევს "რამშტაინ-5"-ის წინ ჰქონდა, შეუძლებელია არ გამართლდეს

ის, რომ "რამშტაინ-5"-ის დასრულების შემდეგ ამის შესახებ არაფერი თქმულა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რეალურად არაფერი ხდება.

- "რამშტაინ-5"-ის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ პირველად აღიარა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსული სამხედრო ბაზების აფეთქებები უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს.

არადა, გვახსოვს, რომ ამ აფეთქებების შემდეგ ოფიციალური კიევი არ ადასტურებდა, რომ ეს უკრაინის გაკეთებული იყო.

ახლა რას შეიძლება ნიშნავდეს და რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ პირველად აღიარა რომ ყირიმში აფეთქებები მისი ორგანიზებულია?

- ჯერ საკის აეროპორტის დაბომბვის, შემდეგ კიდევ სხვა სამხედრო ობიექტების დაბომბვის შემდეგ რუსეთის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ ეს აფეთქებები გაუფრთხილებლობის შედეგი იყო.

არადა, ყველასთვის ცხადი იყო, რომ ყირიმში სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების უკან უკრაინის ძალები იყვნენ. როგორც ჩანს, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა ისევ აპირებს ყირიმში რუსულ სამხედრო ბაზებზე იერიშების მიტანას და შემდეგ რომ მოსკოვში ისევ გაუფრთხილებლობაზე არ ისაუბრონ, კიევში გაკეთდა ეს განცხადება.

მოსკოვში უნდა იცოდნენ, რომ უკრაინას უკვე შესწევს ძალა გაანადგუროს რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა ყირიმში

გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ოფიციალური კიევის ამ განცხადებას რუსეთის ხელმძღვანელობასა და მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზანი ჰქონდა. ფაქტია, რომ ასეთი განცხადებები მოწინააღმდეგის დემორალიზაციას იწვევს. გარდა ამისა, მოსკოვში უნდა იცოდნენ, რომ უკრაინას უკვე შესწევს ძალა გაანადგუროს რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა ყირიმში.

- "რამშტაინ-5"-ის ჩატარებამდე იყო საუბრები, რომ აშშ უკრაინას იმ ტიპის საარტილერიო სისტემებს მიაწვდიდა, რომელიც 300 კილომეტრზე სწვდება სამიზნეს. თუ გაქვთ ინფორმაცია, ეს საკითხი რამშტაინზე უკრაინისთვის დადებითად გადაწყდა?

- როგორც "რამშტაინ-5"-ის დასრულების შემდეგ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, უკრაინისთვის არტილერიის მიწოდებაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

როგორც ჩანს, ამ საკითხის გადაწყვეტა აშშ-ზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი მაშინ გადაწყდება, როცა პენტაგონში უკრაინის სამხედრო იარაღით უზრუნველყოფის ოპერატიული ხელმძღვანელობა შეიქმნება და იგი რეალურად დაიწყებს ფუნქციონირებას.

ამის შემდეგ საუბარი იქნება არა მხოლოდ არტილერიაზე, არამედ თვითმფრინავებსა და ტანკებზე. აუცილებელი არაა ახლა უკრაინას მისცენ "ფ-16"-ის ტიპის თვითმფრინავი. ახლა საკმარისი იქნებოდა "მი-29", რომელიც ყოფილი ვარშავის ხელშეკრულებაში შემავალ ქვეყნებს აქვთ.

ოპტიმიზმის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ უკრაინის პარტნიორებს კარგად ესმით, იმისთვის რომ უკრაინამ ომი მოიგოს, მას გრძელ დისტანციაზე სამიზნის განადგურების საშუალება უნდა ჰქონდეს

კარგია, რომ აშშ ახლა ცდილობს დაეხმაროს უკრაინას. მაგრამ, უკრაინამაც უნდა იფიქროს თავისი სამხედრო მრეწველობის განვითარებაზე. ახლა ფაქტია, რომ გრძელ დისტანციაზე სამიზნის მიწვდენის საკითხში უკრაინა რუსეთთან მიმართებაში აშკარად აგებს. რუსებს შეუძლიათ უკრაინაში 2 ათას კილომეტრზე მიწვდენენ სამიზნეს. და ეს მაშინ, როცა უკრაინას სამიზნეს შეუძლია მისწვდეს 80, ან უკეთეს შემთხვევაში 200 კილომეტრზე.

ამ თვალსაზრისით ოპტიმიზმს ვინარჩუნებ. ოპტიმიზმის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ უკრაინის პარტნიორებს კარგად ესმით, იმისთვის რომ უკრაინამ ომი მოიგოს, მას გრძელ დისტანციაზე სამიზნის განადგურების საშუალება უნდა ჰქონდეს.

- თუ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ისე წარმატებით გააგრძელეს ომის წარმოება, როგორც სექტემბრის პირველ რიცხვებში შეძლეს, უკრაინას თავისი ტერიტორიების დეოკუპაციის თვალსაზრისით თვის ბოლომდე შესაძლოა ხელშესახები შედეგი ჰქონდეს...

- ამ თემაზე სხვადასხვა პროგნოზები კეთდება. დამკვირვებელთა ნაწილი ამბობს, რომ ამ თვის ბოლომდე შეიძლება გვქონდეს ხელშესახები შედეგი. მეორე ნაწილის ვარაუდით, - წლის ბოლომდე. ანუ, წლის ბოლომდე უკრაინამ შეძლოს იმ პოზიციებზე გასვლა, რომელიც ომის დაწყებამდე, 24 თებერვლამდე გვქონდა.

ომის თეატრზე უკრაინის წარმატებები დამოკიდებულია პარტნიორების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ვადებსა და რაოდენობაზე

მაგრამ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ვადებში და რამდენ იარაღს მიიღებს უკრაინა მოკავშირეებისაგან. პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის სამხედრო საჭიროებებისთვის კონგრესისაგან 11, 7 მილიარდი აშშ დოლარი მოითხოვა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კიევში ყოფნისას თქვა უკრაინისთვის დამატებით კიდევ რამდენიმე მილიარდის გამოყოფაზე.

ვიმეორებ, ომის თეატრზე უკრაინის წარმატებები დამოკიდებულია პარტნიორების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ვადებსა და რაოდენობაზე.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს