მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ე.წ. მოსმენების კანონის წინააღმდეგ კრიტიკა გამართლებული არ უნდა იყოს, რადგან მის საწინააღმდეგოდ „რეალური არგუმენტი არ არსებობს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ე.წ. მოსმენების კანონის წინააღმდეგ კრიტიკა გამართლებული არ უნდა იყოს, რადგან „მის საწინააღმდეგოდ რეალური არგუმენტი არ არსებობს“.

ამის შესახებ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „მოსმენების კანონის“ შესახებ აშშ-ის საელჩოს შეფასებაზე „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებას.

სარჯველაძის თქმით, საელჩოს განცხადებაზე ღიად ვერ ისაუბრებს, თუმცა ამბობს, რომ „ამ საკითხს ოპოზიცია მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე იყენებს“.

„ვერ შევძლებ, რომ ღიად ვისაუბრო ამ საკითხებზე, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ოპოზიცია ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ხელოვნურად, საკუთარი მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე იყენებს. ცდილობენ, ამაზე ხელი მოითბონ, არც თუ ისე კეთილსინდისიერად - ეს არის ანგარიშგასაწევი და საყურადღებო. მითუმეტეს, რომ არავის დავეთანხმები, ვინც იტყვის, რომ „მოსმენების კანონთან“ დაკავშირებით არსებობს ეჭვები ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობის თვალსაზრისით. ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. მართალია ითქვა, რომ თავდაპირველი განხილვები დაჩქარებული იყო, მაგრამ იყო სრულფასოვანი. მეორე ეტაპზე კი, ვეტოს დაძლევის პროცესში, დაახლოებით 6 საათიანმა საკომიტეტო განხილვამ და პლენარულ სხდომაზე დებატებმა სრულფასოვნად წარმოაჩინა, რომ ე.წ. მოსმენების კანონპროექტების საწინააღმდეგოდ, რეალური არგუმენტი არ არსებობს. არავითარი ევროპული სტანდარტი არ უარესდება. ცალკეული გადაწყვეტილებები, რომელსაც ეს კანონპროექტი ასახავს, განპირობებულია ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად. აიხსნა, რით არის ნაკარნახები ეს გადაწყვეტილება. ის არაფრით ლახავს ზღვარს, რასაც ევროპული საუკეთესო სტანდარტი ჰქვია. აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის წინააღმდეგ კრიტიკა გამართლებული არ უნდა იყოს“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. ოთხეულის შეფასებით, აშშ-ის საელჩოს განსაკუთრებული ძალისხმევა სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგაა მიმართული. მათი თქმით, აშშ-ის საელჩოს უსაფუძვლო თავდასხმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონზე შემთხვევითი სულაც არ არის და საელჩოს განსაკუთრებული ძალისხმევა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ არის მიმართული.

რაც შეეხება აშშ-ის საელჩოს განცხადებას, აღნიშნულია, რომ „მოსმენების კანონი“ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აშორებს და უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა