ირაკლი ზარქუას შეფასებით, საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი არ არსებობს

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი არ არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში საგამოძიებო კომისია მაშინ იქმნება, როდესაც არსებობს საფუძველი, რომ ამა თუ იმ საქმეს სრულყოფილად არ გამოიძიებენ.

„ჩვენს მოსახლეობას სჯერა, რასაც ვაკეთებთ. საფუძველი არ არსებობს, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას. შოუები დადგან და სამადაშვილებმა, მასხარებმა იხტუნაონ, ასე არ გამოვა. ჩვენ გვაქვს 12 პუნქტიანი გეგმა, რომლის მიმართულებითაც ქმედითი ნაბიჯები გადავდგით. ვისაც უნდა, კეთილი ინებონ და შემოუერთდნენ“,-განაცხადა ზარქუამ.

როგორც მან აღნიშნა, ახლა არის მცდელობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „ჩირქი მოსცხონ“, რაც ირაკლი ზარქუას თქმით, არ გამოუვათ.

„რადიკალურმა ოპოზიციამ, მათ შორის მასთან აფილირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ფასიანმა ლობისტებმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში ვერ მოახერხეს რევოლუციის მოწყობა. მათი მცდელობა იყო ერთი- სააკაშვილის აქ შემოპარვა, გახსოვთ ის პერიპეტიები, რაც იყო, სწორედ ბატონმა გომელაურმა შეძლო მის გუნდთან ერთად, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ძალოვანს, მან შეძლო ამ ქაოსის ჩვენი ქვეყნისთვის თავიდან აცილება. მეორე მცდელობა ჰქონდათ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში- ხალხის მობილიზება, დაპირისპირება, აქაც „კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ“, ესეც ბატონი გომელაურის დამსახურებაა სუს-ის სამსახურთან და მის ხელმძღვანელთან ერთად. ახლა დღის წესრიგში ამოიღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მისი ლიდერები, ხელმძღვანელები, სუს-ის ხელმძღვანელი, ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი, უწყების თანამშრომლები რამენაირად ლაფში ამოსვარონ და რამენაირად ჩირქი მოსცხონ. ამ მტრების გულის გასახეთქად ვიტყვით - ამ ქვეყანაში რომ არის მშვიდობა, პრემიერ ღარიბაშვილის, უშუალოდ გომელაურის და მისი მაგარი გუნდის, სუს-ის ხელმძღვანელის, ბატონი ლილუაშვილის და მისი თანამშრომლების დამსახურებაა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც რაც არ უნდა შეთხზას, ამ შეთხზული ისტორიებით ჩირქს ვერ მოსცხებენ. ჩემი ქვეყანა დღემდე არის მშვიდად, ომი არ მიმდინარეობს, რისი მცდელობაც ჰქონდათ. მომეცით უფლება, ვირწმუნო გომელაურის და პრემიერ ღარიბაშვილის“,- განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, პარტია „ლელო" ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, "ლელო" დღესვე დაიწყებს კონსულტაციებს სხვა საპარლამენტო ფრაქციებთან საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, რომ პარლამენტის წევრების ხელმოწერების საჭირო რაოდენობა შეგროვდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს