მამუკა მდინარაძის განცხადება არასამთავრობო სექტორზე არის ტყუილი და ეს არის მცდელობა, რომ როგორც პუტინის რეჟიმში ხდება არასამთავრობო სექტორის დათრგუნვა და პრესინგი, ასევე მოხდეს საქართველოში, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჩიხლაძის თქმით, ხელისუფლებას არასამთავრობო სექტორის შეზღუდვა სურს.
„ხელისუფლებას ყველაფერი იქით მიჰყავს, რომ არასამთავრობო სექტორის მიმართ იგივე შეზღუდვები და რეპრესიები ჰქონდეთ, რაც რუსეთშია, რაც დაიწყო პუტინმა ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე წელში, როცა შეიზღუდა როგორც დაფინანსება, ასევე მათი საქმიანობა, დაერქვათ აგენტები და ა.შ. მდინარაძის განცხადება, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალე არ არის, არის სრული ტყუილი, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის ვებგვერდზე შეგიძლიათ შეხვიდეთ, სადაც აბსოლუტურად გამჭვირვალედ დევს როგორც დაფინანსება, ისე შესრულებული და მიმდინარე პროექტები, ასევე რას ეხება ეს პროექტები და რა ოდენობით ფინანსდება. ასე რომ, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ტყუილი და ეს არის მცდელობა, რომ როგორც პუტინის რეჟიმში ხდება არასამთავრობო სექტორის დათრგუნვა და პრესინგი, ასევე მოხდეს საქართველოში",- განაცხადა ჩიხლაძემ.
ცნობისათვის, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველამ უნდა იცოდეს საიდან ფინანსდებიან არასამთავროვო ორგანიზაციები. მისი თქმით, ფული, რომლითაც ისინი ფინანსდებიან, ტექნიკური მთავრობის კამპანიის დასაგეგმად მიემართება.