ოზურგეთში 55 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს

ოზურგეთში 55 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს თავს საკუთარ სახლში დაესხნენ. მოტივი ჯერჯერობით უცნობია. დაჭრილი მამაკაცი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც ,,ინტერპრესნიუს“ კლინიკის დირექტორმა დავით მდინარაძემ განუცხადა, მამაკაცს ჭრილობები სხეულის ზედაპირზე ბასრი საგნით აქვს მიყენებული. მისი შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ირკვევა, რომ დაჭრილი მამაკაცი ორი დღის წინ ოზურგეთში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ბიძაა. დაჭრილი მამაკაცის ახლობლები ვარაუდობენ, რომ იგი გიგა როყვას ნათესავმა შურისძიების მიზნით დაჭრა.
„შემთხვევა მის საკუთარ სახლში მოხდა. დილით ადრე მიაკითხეს. ის სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ მოკლული გიგა როყვას ნათესავმა დაჭრა. შემთხვევას არავინ შესწრებია. მიაკითხეს და ნახეს ამ მდგომარეობაში", - განაცხადა დაჭრილი მამაკაცის ახლობელმა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 120- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
























