ეკა ადამია - გულის თანდაყოლილი მანკის ქირურგიულმა მკურნალობამ რეფერალური მომსახურების პროგრამიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადმოინაცვლა

ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ეკა ადამიას განცხადებით, გულის თანდაყოლილი მანკის ქირურგიულმა მკურნალობამ რეფერალური მომსახურების პროგრამიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადმოინაცვლა, რაც დაფინანსებას გულისხმობს.

როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრეს-კლუბში განმარტა, 18 წლამდე ასაკის მოსახლეობას, ასაკით პენსიონერ ვეტერანებს, შშმ პირებს სრულად უფინანსდებათ ეს ოპერაცია.

ეკა ადამიას თქმით, საპენსიო ასაკის მოსახლეობას 90%-ით უფინანსდება, ხოლო სხვა დანარჩენს 70%-ით.

„მოგახსენებთ იმ სიახლეების შესახებ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელდა. პირველი, ეს არის გულის თანდაყოლილი მანკის ქირურგიული მკურნალობა, რომელმაც რეფერალური მომსახურების პროგრამიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადმოინაცვლა. ბენეფიციარებს უფრო სწრაფად და მარტივად შეუძლიათ ამ სერვისის მიღება. გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა არის ძალიან ძვირადღირებული, მოიცავს კათეტერიზაციის ოპერაციებს, ასევე ქირურგიულ მკურნალობას. კათეტერიზაციის ფასი 2 ათასიდან 10 ათას ლარამდე მერყეობს. ქირურგიული მკურნალობის შემთხვევაში, 7 ათასიდან 50 ათას ლარამდე. მნიშვნელოვანია, რომ 18 წლამდე ასაკის მოსახლეობას, ასაკით პენსიონერ ვეტერანებს, შშმ პირებს სრულად უფინანსდებათ ეს ოპერაციები. საპენსიო ასაკის მოსახლეობას უფინანსდება 90%-ით, ხოლო სხვა დანარჩენს 70%-ით. სხვა გადასახადისგან ნებისმიერი მოქალაქე არის თავისუფალი და მხოლოდ თანადაფინანსების კონკრეტულ წილს იხდის, რაც კონკრეტული ტარიფის ფარგლებში არის შემოსაზღვრული“,-განაცხადა ადამიამ.

მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, არის ის, რომ მოიხსნა რიგი შეზღუდვები გარკვეული კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რაც კარდიოვერტერ- დეფიბრილატორის დაფინანსებას შეეხებოდა.

როგორც ეკა ადამიამ აღნიშნა, თუ აქამდე ის გათვალისწინებული იყო მიზნობრივი და ასაკობრივი კატეგორიის მოსარგებლეებისთვის, ივნისის თვიდან ხელმისაწვდომი სხვა ნებისმიერი მოქალაქისთვის გახდა.

„მინისტრის გადაწყვეტილებით, ეს შეზღუდვა მოიხსნა და ძვირადღირებული ხელსაწყო, რომელიც სახელმწიფოს მიერ შეისყიდება, სრულიად უფასოდ გადაეცემა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება დაუდგება. ასევე მოიხსნა შეზღუდვა აბლაციაზე, რომელიც გამონაკლის შემთხვევებში იყო გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის პირობებით“,-განაცხადა ადამიამ.

მისი განმარტებით, მოქალაქეებმა ამ სერვისებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიხადონ დამატებითი გადასახადი.

როგორც ეკა ადამიამ აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართონ და თუკი რაიმე გადაცდომა იქნება, უწყება პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებათ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო