ილია დარჩიაშვილი - გერმანია არის ქვეყანა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და მის სწრაფვას, რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მოვილაპარაკეთ, რომ საქართველო იქნება გერმანიის საერთაშორისო დღის წესრიგში, რაც ვფიქრობ, დაგვეხმარება ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელოთ ძალიან აქტიური მუშაობა, იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია გავხადოთ კიდევ უფრო ძლიერი, შედეგზე ორიენტირებული , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგასთან ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე, ისევე როგორც გერმანიის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ქართულმა მხარემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ქმედებების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ და მმართველმა გუნდმა განახორციელა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.

„გერმანული მხარისთვის ნათელი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალური ინკლუზიურობის დაცვით, ეს პროცესი მიიყვანოს ბოლომდე. რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგისგან გვქონდა სრული მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ საქართველო იყოს აქტუალური მათ საგარეო პოლიტიკაში და გერმანიამ მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი ასევე გაუსვა ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობას.

„მქონდა პატივი, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მომეწერა მემორანდუმისთვის, რომელიც გააძლიერებს გერმანიასა და საქართველოს შორის კულტურული მიმართულებით თანამშრომლობას. კომისია, რომლის მუშაობის შედეგითაც მივიღეთ აღნიშნული მემორანდუმი შეიქმნა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს. ეს მემორანდუმი იქნება ჩვენი თანამშრომლობის ახალი მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოებასა და დამეგობრებას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველოს პირველი დიპლომატის თქმით, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

მისი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

„ჩვენ ამ მიმართულებითაც გვექნება გერმანიის მხარდაჭერა, ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს, რომ რეგიონში შევინარჩუნოთ მშვიდობა და დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი რეგიონი კიდევ უფრო უსაფრთხო და მიმზიდველი გავხადოთ“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს