აჭარის უმაღლესი საბჭოს სამი კომიტეტის სხდომაზე  2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა მოისმინეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს სამი კომიტეტის სხდომაზე  2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა მოისმინეს

უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება მიმოიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი მოხსენება კანონმდებლებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოუდგინა.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, რესპუბლიკური ბიუჯეტი ორი კვარტლის შემოსულობების ნაწილში 108,9 %-ით, ხარჯვითში კი 82 %-ით შესრულდა და ყველა დაგეგმილ პროექტზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა.

ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით საანგარიშო პერიოდში არსებულ ვითარებაზე თანამოხსენება კომიტეტის წევრებმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისაგან მოისმინეს. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, წელს საგრძნობლად გაიზარდა ყველა პროგრამის ბიუჯეტი და შესაბამისად, ამ პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობაც.

„სხდომაზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ნინო ნიჟარაძემ და მისმა მოადგილემ - ედუარდ ნაკაშიძემ წარმოადგინეს. როგორც აღინიშნა, მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში, ეკომიგრანტებისთვის 38 სახლია შესყიდული, წლის ბოლომდე კი, მათი რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.

ჯაბა ფუტკარაძე, დღესვე, ამავე მოხსენებით წარსდგა უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზეც. ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების შემდეგ, მომხსენებელმა რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

წარმოდგენილი მიმოხილვა ორივე კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს, რის შემდეგაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტმა, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლების მზადყოფნისა და საგანმანათლებლო პროცესის განახლების თაობაზე, ინფორმაცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის - მაია ხაჯიშვილისგან მოისმინეს.

მინისტრის განცხადებით, აჭარაში ყველა სკოლა მზადაა სასწავლო პროცესის დაწყებისთვის, ერთადერთი, რომელშიც სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სწავლა ოქტომბერში განახლდება, ქალაქ ბათუმის მეორე საჯარო სკოლაა. აქ მიმდინარე სამუშაოები დასრულების ფაზაშია. კომიტეტების სხდომებზე განხილული საკითხები ცნობად მიიღეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.