ქართული პრესის მიმოხილვა 15.09.2022

რით უპასუხებს რუსეთი უკრაინის კონტრშეტევას

რას გულისხმობს უკრაინელების მიერ დაწყებული ომის მესამე ფაზა და რა მთავარი უპირატესებობი აქვთ მტერზე

“დიდია ალბათობა ხანგრძლივი და ფართომასშტაბიანი დაპირისპირებისა” - გაგრძელდება თუ არა შეტაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

* * *

რით უპასუხებს რუსეთი უკრაინის კონტრშეტევას

“დასავლეთი მიიჩნევს, რომ უკრაინელებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი და არაა გამორიცხული, რომ მოსკოვმა უკრაინის კონტრშეტევას უპასუხოს. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსები ახლა გონზე მოსვლას ცდილობენ, ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტოროებზე თავდაცვით ზღუდეებს და რეზერვებს ქმნიან. ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის სამოქალაქო ობიექტების განადგურებაზე გადადიან, რათა მოსახლეობამ უკრაინის ხელისუფლებას კონფლიქტის დიალოგის გზით გადაჭრისკენ მოუწოდოს. ამასთან, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინა რუსეთის პასუხზე გულხელდაკრეფილი არ იჯდება და საპასუხოდ შესაძლოა მეორე ლოკაციაზე კონტრშეტევითი ოპერაცია წამოიწყოს. ამასობაში კი ლენდ-ლიზის პროგრამა სრულად ამოქმედდება და დასავლეთიდან იარაღი უწყვეტად მიეწოდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რით უპასუხებს რუსეთი უკრაინის კონტრშეტევას.

“უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ მიმდინარე თვეში უკრაინის ძალებმა ოკუპაციისგან დაახლოებით 8000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას ეხმიანება და აცხადებს, რომ მათ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, თუმცა წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა. კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ ახლა უკრაინის ომში გარდამტეხი მომენტი დგას, აშშ-ის ლიდერმა უპასუხა, რომ “ამჟამად ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. რთული სათქმელია”. “უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა”, - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა. პენტაგონის პრესმდივანმა, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა კი განაცხადა, რომ თუ ვინმეს გაუკვირდა კონტრშეტევაში უკრაინის წარმატება, ეს რუსები იყვნენ. მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე დაინახა უკრაინელების შესანიშნავი ადაპტირებისა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენების უნარი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინელებმა აჩვენეს შესანიშნავი ადაპტაციის უნარი და თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენების უნარი. ასე რომ, ჩვენთვის გასაკვირი არ არის, რომ ისინი ასე სწრაფად წავიდნენ წინ”, - აღნიშნა პეტ რაიდერმა. როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, რუსები უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის საპასუხოდ ახალ სტრატეგიაზე გადადიან, ესაა სტრატეგიული მნიშვნელობის სამოქალაქო ობიექტების განადგურება”, - განაგრძობს გამოცემა.

“რუსები ახლა სტრატეგიული მნიშვნელობის სამოქალაქო ობიექტების განადგურებაზე გადადიან, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოფიტონ და მოსახლეობას აიძულონ, რომ უკრაინის ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდონ. რუსები იტალიელ ფაშისტ გენერალ დუეს სტრატეგიას იყენებენ, რომლის მთავარი იდეა ისაა, რომ საჰაერო და სარაკეტო დაეტყმები მიაყენონ არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის მეშვეობით სახელმწიფოზე სერიოზული ზეწოლის ბერკეტი გქონდეს. ოკუპანტები სტრატეგიულ დარტყმებს უკვე ენერგომომარაგების ობიექტებზე ახორციელებენ. ამას შეგნებულად აკეთებენ, რადგან მოსალოდნელი ძალიან მკაცრი ზამთრის პირობებში, როცა რუსეთმა გაზის მიწოდება შეწყვიტა, ცდილობენ, რომ უკრაინა ენერგომომარაგების კუთხითაც სრულიად ჩახსნან. ფაქტიურად ენერგეტიკულ-ეკონომიკური ომი გამოუცხადონ. თუ უკრაინის მოსახლეობა გაზით და ნავთობით ვერ გათბება, რჩება ელექტროენერგია. რუსები კი ცდილობენ, რომ ამ მხრივაც პრობლემები შეუქმნან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრიას ვახტანგ მაისაია.

“რუსებმა თავდაცვითი ზღუდეების შექმნა დაიწყეს იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ აკონტროლებენ. ხარკოვის მთლიანი ოლქი გათავისუფლებულია, უკრაინელები ბოლომდე გავიდნენ, მაგრამ ხერსონის, დონეცკის, ლუგანსკის და ზაპოროჟიეს ოლქების გარკვეულ ტერიტორიებს კვლავ ოკუპანტები აკონტროლებენ და ზუსტად ამ ტერიტორიების გამყარება-გაძლიერება დაიწყეს. ამის პარალელურად კი დონეცკის ოლქში შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ. რუსებმა ამ ტერიტორიებზე გარკვეული სარეზერვო ძალები გადაისროლეს, რეზერვს, თავდაცვის ზღუდეებს ქმნიან და ცდილობენ, რომ იმ შოკის მერე, რაც მათ თუნდაც ხარკოვის ფრონტის მიმართულებით განიცადეს, რაღაცნაირად გონზე მოვიდნენ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ეს უკრაინამაც კარგად იცის, რომ რუსები გონზე მოსვლას ცდილობენ და ამისთვისაც ემზადებიან. ხარკოვში მათი გარღვევის სიღრმე 50-70 კილომეტრია, რაც საკმაოდ სერიოზულია. ამ შეტევის განვითარებას ცოტა შეჩერებაც სჭირდება და შესაძლოა უკრაინის მხარემ ოპერატიული პაუზა აიღოს იმისთვის, რომ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ძალები განათავსოს, ასევე მათ დანაკარგებიც ჰქონდათ და ამის შევსებასაც საჭიროებენ. ახლა უკრაინელები შეეცდებიან, რომ რუსებს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცენ, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით მეორე დარტყმის ხაზი გახსნან. დასავლეთიც რა თქმა უნდა ემზადება იმისთვის, რომ რუსეთი უკრაინას რაღაცით უპასუხებს. ოქტომბრიდან ლენდ-ლიზის სრული ამოქმედება დაიწყება და დასავლეთიც შეეცდება, რომ შეიარაღება უწყვეტად მიაწოდოს”, - დასძენს მაისაია.

რას გულისხმობს უკრაინელების მიერ დაწყებული ომის მესამე ფაზა და რა მთავარი უპირატესებობი აქვთ მტერზე

“სექტემბერში უკრაინის ძალებმა ოკუპაციისგან დაახლოებით 8 ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია უკვე გაათავისუფლეს. არსებობს მოლოდინი, რომ ხარკოვის ოლქის მთლიანად გათავისუფლება მოხდება. ასევე, შეტევები ხერსონის მიმართულებით მიდის, სადაც სასტიკი ბრძოლა ქალაქის ასაღებად გრძელდება. უკრაინელ სამხედროებს კი დეოკუპაციიდან რამდენიმე საათში ხარკოვის ოლქში ბუჩის მსგავსი სიტუაცია დახვდათ. ერთ-ერთ დასახლებაში ნაწამები 4 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. კიდევ ერთი სოფლის მოსახლეობამ კი უკრაინელ სამხედროებს თავად მიაწოდა ინფორმაცია დასახიჩრებული და შემდეგ დახვრეტილი ადამიანების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, დაღუპულები თავად ადგილობრივებმა, ერთ-ერთი სახლის ეზოში ჩუმად დაკრძალეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას გულისხმობს უკრაინელების მიერ დაწყებული ომის მესამე ფაზა და რა მთავარი უპირატესებობი აქვთ მტერზე.

“რამდენიმეთვიანი ოკუპაციის შემდეგ ხარკოვის ოლქის მოსახლეობის ოცნება ახდა, მათი სოფლები და ქალაქები რუსმა სამხედროებმა უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შედეგად დატოვეს. ადგილობრივები ასე ხვდებიან თავიანთ არმიას და ახლა რუსულ დროშებს ჯარისკაცებთან ერთად წვავენ. რუსეთის არმია ხარკოვის ოლქს ტოვებს, მაგრამ კრემლი ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ისევ იტოვებს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს. ხარკოვში ბოლო სარაკეტო თავდასხმას ისევ მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაშავებულები. ომის 202-ე დღეს რუსეთი მეზობელი ქვეყნის დაბომბვას, უკრაინა კი ტერიტორიების დასაბრუნებლად კონტრშეტევას განაგრძობს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, შეიარაღებულ ძალებს ისევ აქვთ წინსვლა ხერსონის ოლქში. დეოკუპირებულია დონეცკის რეგიონის ქალაქი სვეტოგორსკი, რომელსაც რუსი სამხედროები ივნისიდან აკონტროლებდნენ. ბრძოლები გრძელდება ლუგანსკის ოლქშიც. სწორედ დაბრუნებულ ტერიტორიებზე ისაუბრა ტრადიციულ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზეც გაამახვილა ყურადღება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინის ჯარის წინსვლის პარალელურად, ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებს ისევ ესვრიან. ერთ-ერთ ასეთ თავდასხმას დონეცკის ოლქში 5 ადამიანი შეეწირა, 9 კი მძიმედ დაიჭრა. რუსმა სამხედროებმა იერიში სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანეს სუმის ოლქშიც, დანგრეულია შენობები. აფეთქების ხმა ისმოდა ნიკოპოლშიც, სადაც უკრაინული მედიის ინფორმაციით, აგრესორებმა კასეტური ბომბები გამოიყენეს. “უკრაინის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ისადგურებს მშვიდობა და ცხოვრების ნორმალური რიტმი ბრუნდება”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებზე საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამხედროებთან და დროშასთან ერთად, გათავისუფლებულ რეგიონებში ბრუნდება ცხოვრების ნორმალური რიტმი. უკვე დაიწყო პენსიების გაცემა, ერთდროულად ხუთი თვის, იმ დროის, რა პერიოდშიც ვერ ვახერხებდით პენსიების დარიგებას ოკუპაციის გამო. ყველა პენსიონერი, რომელიც გათავისუფლებულ რეგიონებში ცხოვრობს, პენსიას მიიღებს. უკრაინა ყოველთვის ასრულებს სოციალურ პასუხისმგებლობას. ვმუშაობთ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორები იყვნენ თავისუფალი სამყაროს ყველაზე ძლიერი სუბიექტები, იმისთვის, რომ მრავალმხრივ და ორმხრივ დონეზე განსაზღვრული იყოს, ვინ, როგორ და როდის უნდა მოახდინოს რეაგირება იმ შემთხვევაში, მათ შორის სანქციებითა და იარაღის მიწოდებით, თუ უკრაინის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება”, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის თქმით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინელების მიერ დაწყებული კონტრშეტევებით ომის მესამე ფაზა დაიწყო. არსებობდა ვარაუდი, რომ ამ მესამე ეტაპს რუსები დაიწყებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ რუსებს ამის ძალა არ ეყოთ და ეს ინიციატივა უკრაინამ აიღო”, - დასძენს გამოცემა.

“რუსებს ჯარის გადაჯგუფება, მომზადება და შევსება უნდა მოეხდინა. გარკვეული ოპერატიული პაუზა აეღო და მესამე ფაზისთვის მომზადებულიყო, თუმცა ეს არ გააკეთეს. ამიტომაც შეცდნენ და ბრძოლა გააგრძელეს, ეს კი რაც დაუჯდათ, ვხედავთ. უკრაინამ შეტევა თავდაპირველად სამხრეთის მიმართულებაზე დაიწყო. შეტევა მიმდინარეობდა ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, უკრაინელებმა აქ რუსების თავდაცვა გაარღვიეს, თუმცა, რუსებმა უკრაინელების შეჩერება შეძლეს. ამიტომ უკრაინელებმა ბლიცკრიკის ეფექტით ჩრდილო -აღმოსავლეთის მიმართულებით წმენდა დაიწყეს. თამამად უნდა ითქვას, რომ რაც ვერ გააკეთეს რუსებმა, ის უკრაინელებმა შეძლეს. ასევე იყო ყურადღების გადატანის ეფექტი. ხერსონზე ეგონათ რუსებს დარტყმა იქნებოდა და საბოლოო ჯამში ხარკოვზე მოხდა”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ეს ერთგვარი მანევრია, რომელიც ძალიან კარგად მოქმედებს. უკრაინელები ფრონტის ხაზის შიდა წრიდან მოქმედებენ, ეს კი მათ უპირატესობას აძლევს, რომ მოულოდნელად და სწრაფად რუსებს თავს დაესხნენ და სპეცოპერაციის სახით მათი განდევნა მოახერხონ. მოწინავე რაზმებით მოქმედებდნენ, ტანკების გარეშე, ძალიან სწრაფად მსუბუქი დაჯავშნილი ტექნიკით. ვინაიდან აქ არ არსებობდა უწყვეტი ფრონტის ხაზი, ადვილად აღწევდნენ სიღრმეებში, ქაოსს და პანიკას ქმნიდნენ რუსულ ჯარში. ამჟამად უკრაინელებმა ფაქტიურად ხარკოვის ოლქი გაათავისუფლეს. რუსების საზღვართან გავიდნენ. კუპიანსკის აღებით უკრაინელებმა ყველა საკვანძო ხაზის კონტროლი დაიწყეს. თუმცა რუსებმა ხიდი ააფეთქეს და მდინარის გასწვრივ განლაგდნენ. ახლა გარკვეულ პაუზას უკრაინელები აიღებენ, რადგანაც, მათ ტერიტორია უკვე დაიკავეს. ამიტომ დაკავებული ადგილების გამაგრება და გაფართოვება მოუწევთ”, - განაგრძობს გენერალი.

“ამას ასევე საკომენდატო სამსახურის ამუშავება დასჭირდება, რაც გარკვეულ რესურსს მოითხოვს. კუპიანსკი ეს ის ქალაქია, სადაც თავის დროზე რუსებს ჩაბარდნენ. აქ მოსახლეობის ნაწილს რუსული პასპორტებიც აღებული ჰქონდათ, ამიტომ აქ სიფრთხილეა საჭირო. ვფიქრობ, რომ საშუალო უკრაინელი სამხედრო გაცილებით მომზადებულია, ვიდრე რუსები. დაწყებული გენერლებიდან რიგითებამდე დასრულებული... უკრაინელებმა ძალიან კარგად გამოიყენეს ტაქტიკური მანევრები, რის შედეგადაც მაღალი სამხედრო განათლება და პროფესიონალიზმი აჩვენეს. ძალიან კარგად იყენებენ დაზვერვას, რომელიც დასავლელი პარტნიორების მხრიდან არის მიწოდებული. კარგად იყენებენ ამ ტერიტორიის ლანდშაფტს, რომელიც სამხრეთისგან განსხვავდება. აქ არის მთები და ტყის გარკვეული ლანდშაფტი. იყენებდნენ ნისლიან დილას, რათა ფარულად გადაადგილებულიყვნენ”, - დასძენს კაპანაძე.

“დიდია ალბათობა ხანგრძლივი და ფართომასშტაბიანი დაპირისპირებისა” - გაგრძელდება თუ არა შეტაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

“სომხეთ-აზერბაიჯანის ირგვლივ შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ კონფლიქტს დასასრული არ უჩანს. ექსპერტი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ კვლავ იზრდება კონფლიქტის ფართო მასშტაბებში გადასვლის საფრთხე. მისივე თქმით, რუსეთის შუამდგომლობით გაწერილი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება არ არის ეფექტური, რის გამოც აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების სწრაფი რეაგირება. საყურადღებოა, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონთან დაკავშირებით, მცირე ზომის დაპირისპირება იშვიათობას არ წარმოადგენს. მცირე შეტაკებებს ხშირად ჰქონდა ადგილი, როგორც მანამდე, ისე განახლებულ მასშტაბურ ესკალაციამდე, რომელიც 2020 წელს შეწყდა. 13 სექტემბერს აზერბაიჯანის საზღვარზე განახლებულ დაპირისპირებაში სომხეთმა სულ ცოტა, 49 ჯარისკაცი დაკარგა. აღნიშნულზე განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “დიდია ალბათობა ხანგრძლივი და ფართომასშტაბიანი დაპირისპირებისა” - გაგრძელდება თუ არა შეტაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.

“სამშაბათს, დილის 5 საათზე აზერბაიჯანმა სომხეთის სამხედრო პოზიციების მისამართით, არტილერიით და მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღით, ინტენსიური ცეცხლი გახსნა გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით”, - აცხადებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო. აზერბაიჯანის თავდაცვა კი თავის მხრივ აცხადებს, რომ 50 ჯარისკაცი დაკარგა შეტაკებებში სომხეთის ჯარებთან. მათივე თქმით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფებმა საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციების დამაკავშირებელი გზები დანაღმეს. ბაქოს განცხადებით, სწორედ ამ “დივერსიული აქტების” აღმოსაფხვრელად, აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ მიღებულ ზომებს მოჰყვა ბრძოლა და დანაკარგი ორივე მხრიდან. მომხდარს მაშინვე მოჰყვა საერთაშორისო გამოძახილი, რომლითაც დაპირისპირებულ კავკასიურ მხარეებს ბრძოლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს. საფრანგეთმა გაავრცელა ცნობა, რომ პარიზი იწვევს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების გამწვავების გამო - საფრანგეთი ახლა გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგე თავმჯდომარეა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კონფლიქტის მხარეებს რუსეთი და აშშ-ი თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით უნდა მოგვარდეს. ამ პოზიციას ემხრობა აშშ-იც და აღნიშნავს, რომ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრა შეუძლებელია. ასევე, სომხეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ სიტუაციაზე ტელეფონით ისაუბრეს და სიტუაციის სტაბილიზების მიზნით ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას დაუკავშირდა და სომხეთს პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ასევე მოუწოდა ფაშინიანს შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებისკენ. ექსპერტი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ საფრთხე არ შემცირებულა და პირიქით, უფრო იზრდება”, - დასძენს გამოცემა.

“დაძაბული ვითარებაა, დიდია ალბათობა უფრო ხანგრძლივ და ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადავიდეს დაძაბულობა. როგორც ჩანს, გაწერილი არ არის ყველა ნიუანსი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაში, რომელიც დაიდო რუსეთის შუამდგომლობით. უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც სომხეთის შეიარაღებული ძალები არღვევენ ამ შეთანხმებას. საჭიროა სრულყოფილი სამშვიდობო ოპერაციების ორგანიზება, რომლებიც გამორიცხავს სამომავლოდ ამგვარ დაპირისპირებებს. ამასთან, პროცესში ჩართულია ბევრი მოთამაშე, გააქტიურდა თურქეთი და დაინტერესებულია რუსეთიც, მაგრამ ახლა ნაკლებად უნდა ჰქონდეს ვინმეს მისი იმედი. გარდა ამისა, არსებობს უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია რომელიც დაინტერესებულია სტაბილურობის შენარჩუნებით კავკასიაში. რამდენად შეაფერხებს დაპირისპირებულთა ქმედებებს მსგავსი ჩარევები, საეჭვოა, მაგრამ აუცილებელია მოქმედებები საერთაშორისო ორგანიზაციებისგან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო