გარდაბნის მერმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს

გარდაბნის მერმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, მერის მოადგილემ ფუად მირზოევმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მიხეილ გედეხაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და პირველკლასელებს მთავრობის საჩუქარი, პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა მოსწავლეებს უსურვა, რომ სკოლაში გატარებული წლები გამორჩეულად საინტერესო პერიოდი იყოს.

,,მინდა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცო მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც პირველ ნაბიჯს გადადგამენ თავიანთი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისათვის. გისურვებთ, რომ სკოლაში გატარებული წლები ყოფილიყოს გამორჩეულად საინტერესო პერიოდი თქვენს ცხოვრებაში“, – აღნიშნავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლებში ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, კვლავ უზრუნველყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვა საჭირო რესურსების, ჰიგიენური საშუალებებისა და ინვენტარის მარაგით. გარდა ამისა, წელსაც გაგრძელდება სკოლებში უსაფრთხო გარემოს სისტემური მონიტორინგი როგორც სამინისტროს წარმომადგენლების, ასევე ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან.

2022–2023 სასწავლო წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს 1212 პირველკლასელი ეყოლება.