ელენე ხოშტარია - ვახტანგ გომელაურმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ შეფთან შეხვედრა შედგა - ეს არის სახელმწიფოს ღალატი

პარტია „დროასლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, გუშინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შეფთან შეხვედრა შედგა.

როგორც ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არის სახელმწიფოს ღალატი.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ამ ყველაფერს წინ უნდა აღუდგნენ, ხოლო პოლიტიკოსებმა პერსონალური სანქციების დაწესებაზე იმუშაონ.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისგან და ამჟამად პოლიტპატიმარ, სოსო გოგაშვილისგან სრულიად შემაშფოთებელი ინფორმაცია მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს და რუსეთის სპეცსამსახურები ერთმანეთთან რეგულარულად თანამშრომლობენ და საიდუმლო შეხვედრები იმართება. ამასთანავე, ჩვენ მოვისმინეთ ძალიან დეტალური აღწერა ამ შეხვედრების ადგილის, გარემოებების, თუ როგორ მოხდა გამგზავრება, ვინ იყო, ვინ ჩამოვიდა და ა.შ. ეს არის ძალიან სარწმუნო ინფორმაცია და სწორედ ამას ადასტურებს ის, რომ გოგაშვილი დღეს ციხეში ზის სწორედ ამ ინფორმაციის გამჟღავნების გამო. ამის შემდეგ, გუშინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა და თავის დროზე, სუს-ის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ მსგავსი შეხვედრა იყო. ამასთანავე, მან დააფიქსირა საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია, რომ მსგავსი შეხვედრა პრობლემას არ წარმოადგენს და დანაშაული არ არის“, - განაცხადა ხოშტარიამ.

მისი შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რასაც რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში აკეთებს, ეს საკუთარი ქვეყნის ღალატია.

„მინდა ვუპასუხო გომელაურის კითხავს, არის თუ არა დანაშაული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შეფთან შეხვედრა. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მერვე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური, რომელსაც შექმნილი აქვს სასაზღვრო პოლიცია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არის კონკრეტულად დამნაშავე უწყება, რომელთანაც ურთიერთობები კანონით ისჯება. ასევე, მისი ქმედებები ჯდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის კონტექსტში და ის ჩადის დანაშაულს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. გარდა ღალატისა, ეს არის ღალატი სისხლის სამართლის კოდექსით, როდესაც მსგავსი შეხვედრები ხდება. ეს შეხვედრა ადასტურებს იმას, რომ სწორედ ამიტომ არ გამოვლენილა არცერთი რუსი ჯაშუში ამდენი ხნის განმავლობაში. სწორედ ეს ხნის იმას, რომ უკრაინა-რუსეთის ომში, რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველო პუტინის მხარეს არის. სწორედ ეს ხსნის იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა თავს ესხმის არა ოკუპანტს, არამედ ჩვენს პარტნიორებს, დასავლეთს, ელჩებს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან“, - განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, ეს საკითხი ასევე ჯდება პერსონალური სანქციების კონტექსტში, რომელზეც პარტია „დროა“ მუშაობს.

„გარდა ბიძინა ივანიშვილისა, ვმუშაობთ იმ გარემოცვაზე, რომელიც ხელს უწყობს ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან კონტაქტების გამყარებაში და რომელიც ხელს უწყობს ამ ოლიგარქიულ მმართველობას. ასევე, ეს ჩვენთვის უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი, რომ გავაკეთოთ დასკვნები, თუ რა ტიპის გუნდს, ბანდას აქვს ჩვენი სახელმწიფო მიტაცებული. შესაბამისად, უნდა ვიმოქმედოთ. არანაირი ილუზია არ გამაჩნია, რომ რაიმე სახის გამოძიება, რაიმე სახის პასუხისმგებლობა დადგება“,-განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ვლადიკავკაზში არ ყოფილა და არც „ეფ-ეს-ბეს“ გენერლებს შეხვედრია, რაც შეეხება ბელარუსს, მინსკში რამდენიმე ვიზიტი ჰქონია. „ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, მაგრამ მინსკში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ალბათ, 5-6 ვიზიტი მაქვს. არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ოფიციალურ შეხვედრებზე ჩავდიოდით და ვხვდებოდით ჩვენს კოლეგებს.

100 წლისთავი იყო, როდესაც მინსკში ჩასული იყო ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, რუსებიც, ფრანგებიც, გერმანელებიც. ზოგი პირველი პირი იყო, ზოგი მეორე. შეხვედრა პირისპირ არასდროს არ მქონია და ვიდეომასალაც ვერასდროს დაიდება.

იქ იყვნენ „ეფ-ეს-ბე“-ს ხელმძღვანელობაც ჩამოსული და მიულოცეს ბელარუსის ხელმძღვანელობას“, - განაცხადა გომელაურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო