ანდრო გოცირიძე -  გოგაშვილთან დაკავშირებით რატომ არ იმუშავა სპეცსამსახურში მიღების, სამსახურის გავლის წესმა? სად არის პარტიული ლიდერების, სპეცსამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის პოლიტიკური თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა?

უკრაინის ფრონტებზე არსებული ვითარება რას უქადის რუსეთს, უკრაინასთან გართულებული ურთიერთობების ფონზე როგორ შეიძლება აისახოს რუსეთის სავარაუდო მარცხი საქართვლოზე, მსოფლიოში მომხდარი ცვლილებების ფონზე სამეზობლოში გართულებულ ვითარებაში როგორი უნდა იყოს საქართველოს როლი, ვითარებაში, როცა უკრაინა ყველაფრის დაბრუნებას აპირებს, რაც რუსეთმა წაართვა, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკა, ასევე საშინაო პოლიტიკის სხვა აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

- ბატონო ანდრო, უკრაინის ფრონტებზე რუსული აგრესიის მეშვიდე თვეს უკრაინის სასარგებლოდ საკმაოდ საინტერესოდ და დინამიურად ვითარდება მოვლენები.

ფაქტია, რომ უკრაინული კონტრშეტევა თითქმის ყველა მიმართულებით გახლავთ არა მხოლოდ რუსული სამხედრო ძალების, არამედ რუსული სპეცსამსახურების მარცხი. უკრაინის წარმატებები რომ კიდევ უფრო თვალსაჩინო და ხელშესახები იქნება, უკვე ცხადადაც კი ჩანს.

რას უქადის მოვლენათა ამგვარი განვითარება რუსეთს?

უკრაინასთან გართულებული ურთიერთობების ფონზე როგორ შეიძლება აისახოს რუსეთის სავარაუდო მარცხი საქართვლოზე? ვგულისხმობ შესაძლებლობებს, გამოწვევებსა და რისკებს...

- უკანასკნელ დღეებში უკრაინამ მართლაც შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია. სამხრეთის მიმართულებაზე შეტევის ორგანიზებით მიიზიდა რუსული შეიარაღებული ძალები, რითაც სწრაფი უპირატესობა მოიპოვა ხარკოვის მიმართულებაზე და მნიშვნელოვანი ტერიტორიები გაათავისუფლა ოკუპანტისგან.

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა უკვე დაეუფლა ამ ომში ინიციატივას და რუსეთის დამარცხება ახლოვდება. მართალია, უკრაინის ამ წარმატებით ომი არ დასრულდება ერთ ან რამდენიმე კვირაში, არც თვეში, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რესურსი, განახორციელოს უკრაინის ერთი ნაწილის ოკუპაცია.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სისტემა წონასწორობიდან ხშირად უმნიშვნელო ბიძგით გამოდის ხოლმე და შემდეგ დომინოს პრინციპი მოქმედებს - შესაძლოა, რუსული ფრონტი ერთ დღეში ჩამოიშალოს, მაგრამ ეს ომი აუცილებლად რუსეთის მარცხით დასრულდება და ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, სახელმწიფო მზად იყოს ამისათვის.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სისტემა წონასწორობიდან ხშირად უმნიშვნელო ბიძგით გამოდის ხოლმე და შემდეგ დომინოს პრინციპი მოქმედებს - შესაძლოა, რუსული ფრონტი ერთ დღეში ჩამოიშალოს, მაგრამ ეს ომი აუცილებლად რუსეთის მარცხით დასრულდება და ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, სახელმწიფო მზად იყოს ამისათვის

ამისათვის კი კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რას შეიძლება ეწოდოს რუსეთის დამარცხება. ზოგადად, ასეთ მასშტაბურ მოვლენებს, ტექტონიკურ ძვრებს არ შეიძლება ცალსახა შედეგები ჰქონდეს ან პოზიტიური ან ნეგატიური კონტექსტით.

როგორც წესი, ასეთ დროს რელიეფი იცვლება, სადაც ბზარები ჩნდება, გარკვეული შესაძლებლობის ფანჯრები იღება ან იხურება და ქვეყნის პოლიტიკური ძალების, უპირველესად კი ხელისუფლების მართვის ხელოვნებაზეა დამოკიდებული, ახალი რეალობა ქვეყნისთვის პოზიტიურ განვითარებას მოიტანს თუ ნეგატიურს.

საუკუნეების მანძილზე, სამხედრო მარცხს რუსეთში დეზინტეგრაციული პროცესები და შიდა არეულობები მოჰყვებოდა ხოლმე. ასე იყო 1905 წელს, იაპონიასთან მარცხის შემდგომ, პირველ მსოფლიო ომში დამარცხებას კი საერთოდ იმპერიის ნგრევა და პროლეტარიატის დიქტატურა მოჰყვა. ავღანეთში განცდილმა სამხედრო მარცხმა კი დიდწილად განაპირობა საბჭოთა კავშირის - რუსეთის იმპერიის ახალი სახის ნგრევა.

ბუნებრივია, საქართველოსთვის რუსეთის დასუსტება ცალსახად პოზიტიური მოვლენაა, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს იმ რისკების და საფრთხეების გათვალისწინება, რაც ამ პროცესს აუცილებლად მოჰყვება. ასეთებად შეიძლება მოვიაზროთ წარმატებული ომით სახის შენარჩუნების რუსული პრაქტიკა, შიმშილითა და ეკონომიკური სიდუხჭირით გამოწვეული მოსახლეობის დიდი ნაკადების მიგრაცია საქართველოსკენ, რუსეთზე დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკის კოლაფსი, რუსეთში მომუშავე ქართველების ფინანსური ინიექციების მოშლა, მათი სპონტანური დაბრუნება საქართველოში, რადიკალურად განწყობილი ჩრდილოკავკასიური გარემო, სადაც რადიკალური ისლამი იკიდებს ფეხს და სხვა.

- საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის.

როგორც ჩანს, უკრაინის ომის ფონზე მსოფლიოში მომხდარი გეოპოლიტიკური ცვლილებები უკვე აისახა სამხრეთ კავკასიაზე, და ახლა რაც ხდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ამ ცვლილებების იურიდიულად და სამართლებრივად გაფორმების პროცესის ბოლოს წინა პერიოდია.

ცხადია, როცა ასეთი სერიოზული ცვლილებები ხდება ჩვენს სამეზობლოში, სულ უფრო აქტუალური ხდება ამ პროცესებში საქართველოს ადგილისა და როლის თემა. მსოფლიოში მომხდარი ცვლილებებისა და სამეზობლოში გართულებული ვითარების ფონზე როგორი უნდა იყოს საქართველოს ადგილი და როლი?

- აზერბაიჯანი წლების მანძილზე ავითარებდა სამხედრო შესაძლებლობებს და ემზადებოდა სამხედრო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ხელისუფლების სწორმა ნაბიჯებმა, თურქეთთან უაღრესად მჭიდრო თანამშრომლობამ, რუსეთის დასუსტებამ, ევროპის ენერგეტიკულმა კრიზისმა, სადაც აზერბაიჯანი სანდო და საჭირო პარტნიორად წარმოჩინდა, ბაქოს საშუალება მისცა ესარგებლა მომენტით და წარმატებისთვის მიეღწია.

თუკი აზერბაიჯანი თურქეთთან სახმელეთო საზღვარს გახსნის, დროთა განმავლობაში ეს გზა ცენტრალური აზიის ენერგორესურსების ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი მიმართულება გახდება. როგორც ცნობილა, ეს ფუნქცია საქართველოსთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თუკი აზერბაიჯანი თურქეთთან სახმელეთო საზღვარს გახსნის, დროთა განმავლობაში ეს გზა ცენტრალური აზიის ენერგორესურსების ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი მიმართულება გახდება. როგორც ცნობილა, ეს ფუნქცია საქართველოსთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ჩვენი ქვეყანა არ, ან ვერ გახდა რეგიონის მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა, სამწუხაროდ, პოლიტიკური მიზეზების გამო, ვერც სატრანზიტო შესაძლებლობები განვავითარეთ და ღრმაწყლოვანი პორტის ფლობის შესაძლებლობაც დროში არცთუ საიმედოდ გაიწელა, რეგიონისთვის მეტად უცხო წყობას, საქართველოს სავარაუდო სავიზიტო ბარათს -დემოკრატიას, რომელიც ჩვენი ერთადერთი მიბმა იყო დასავლურ სამყაროსთან გაურკვეველი ღირებულებებზე დაფუძნებულ რუსული წარმოშობის „სუვერენულ“ დემოკრატიაში ვცვლით.

ამ და სხვა მიზეზების გამო, რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში მიმდინარე ტექტონიკურ ძვრებს, რამაც, სხვათა შორის, ნეგატიურ შედეგებთან ერთად, შესაძლებლობების ფანჯარაც გააჩინა, სტრატეგიულ პარტნიორებთან ახალ პროექტებსა თუ ინტეგრაციის სქემებზე მუშაობით კი არა, მათთან არამეგობრული პოლემიკით შევხვდით.

კიდევ ერთხელ: ამ ტურბულენტურ გარემოში საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციაა, რისი მყარი წინაპირობაც დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაა, ყოველგვარი „ქართული სპეციფიკის“ გათვალისწინების გარეშე.

ამ ტურბულენტურ გარემოში საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციაა, რისი მყარი წინაპირობაც დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაა, ყოველგვარი „ქართული სპეციფიკის“ გათვალისწინების გარეშე

სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს ყველა პარტნიორი, დავასრულოთ პოლარიზაცია და კონცენტრაცია ისეთ პრობლემებზე მოვახდინოთ, როგორიცაა დეოკუპაცია, დემოკრატიის მშენებლობა, ინტეგრაციის პროცესები, სატრანზიტო ფუნქციის გამყარება და სხვა.

20-25 წელიწადში მსოფლიოს წინაშე სულ სხვა ამოცანები იდგება, არქტიკის, კოსმოსის, ახალი რესურსების, ენერგიებისა და ტექნოლოგიების ათვისების თვალსაზრისით და შესაძლებლობის ეს გახსნილი ფანჯარა შეიძლება უკანასკნელიც იყოს. არსებობს რისკი, რომ საქართველო მუდმივად დარჩეს განვითარებაშეფერხებულ პერიფერიად, სადაც გაურკვეველი რეჟიმები ჩაანაცვლებენ ერთმანეთს.

არსებობს რისკი, რომ საქართველო მუდმივად დარჩეს განვითარებაშეფერხებულ პერიფერიად, სადაც გაურკვეველი რეჟიმები ჩაანაცვლებენ ერთმანეთს

- რაც უფრო ლოგიკურ კონტურებს იძენს უკრაინაში რუსული აგრესიის საბოლოო სურათი, მით უფრო მეტად აქტუალური ხდება რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტის საკითხი.

დიდია იმის ალბათობა, რომ როგორც ჩვენი ევროპელი და განსაკუთრებით ამერიკელი პარტნიორები ამბობენ, ამ საკითხების დრო უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ აუცილებლად დადგება.

არადა, ფაქტია, რომ კონფლიქტების თემა ის საკითხია, რომელიც მოითხოვს საზოგადოების, ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსოლიდირებულ პოზიციასა და ქმედებებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ შესაძლებლობების ფანჯარა რომ ცხადად გაიხსნას, ოკუპირებული ტერიტორიების თემის გადასაწყვეტად არც ხელისუფლებაა მზად, არც ოპოზიცია და არც საზოგადოება.

უკვე ვიცით, რომ უკრაინა არ გაჩერდება მანამ, სანამ არ დაიბრუნებს ყველაფერს, რაც მას წაართვეს. ჩვენ რას ვაპირებთ? ჩვენთან რა ჩანს? თუ არ ჩანს, თქვენი აზრით რატომ?

- სამწუხაროდ, არსებობს აღქმა, რომ ამ მხრივ სახელმწიფოს არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია. დეკლარირებული ძალის არგამოყენების პოლიტიკა შესაძლოა საკმარისი იყოს წინასაარჩევნო რიტორიკისთვის, მაგრამ წლების მანძილზე ამას თუ შესაბამისი ნაბიჯები ან გეგმები მაინც არ მოჰყვა, მაშინ ის უფრო უძლურების დემონსტრირებას ჰგავს.

ზოგადად, „რბილი ძალა“ იმ პირობებში მუშაობს, თუკი მის უკან ძლიერი სამხედრო მანქანა დგას და ობიექტს არჩევანის საშუალება აქვს, დაჰყვეს ინტეგრაციულ პროცესებს თუ გარისკოს ამ მანქანასთან კონფრონტაცია.

მცდარია განცდა, რომ რუსეთის რეგიონიდან გასვლასთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი თავისთავად მოგვარდება. რუსეთი რომც დაიშალოს, ჩრდილოკავკასიაში მნიშვნელოვანი ძალა რჩება, რომლებმაც, მართალია რუსეთის ორგანიზებით, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ იომეს და ხვალ, რუსეთის არყოფნის პირობებში ვის გაუჩნდება პრეტენზია მაგალითად, აფხაზეთის „მიერთებისკენ“ რთული სათქმელია.

გამოსავალი ისევ და ისევ დეპოლარიზაციასა და ამ საკითხის გარშემო ყველა პოლიტიკური ძალის კონცენტრაციაშია. ეს კი არ გამოდის, რადგან დემოკრატიულ განვითარებაში უკუსვლა გვაქვს, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების განმსაზღვრელად „შუა გაკრეფის“ პოლიტიკაა აღიარებული, რაც ანტაგონისტურ ჯგუფებს წარმოქმნის, პოლარიზაციას აღრმავებს და დეოკუპაციის, სეპარატისტული რეგიონების რეინტეგრაციის თემატიკას დღის წესრიგიდან აძევებს.

გადავხედოთ საქართველოს რეალობას კრემლის მიერ აშენებული ახალი ბერლინის კედლის მეორე მხრიდან? ჩანს კი იქედან მშვიდობიანი თანაცხოვრების შანსი, როდესაც აქ განსხვავებულის მიმართ ძალადობა ჩვეულ ფორმადაა მიღებული და წახალისებული?

„მშვიდობიანი დაბრუნების“ გასაღები არის დემოკრატიული, განვითარებული, ძლიერი ეკონომიკის და სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყანა სადაც ნებისმიერ ეთნიკურ, რელიგიურ, ფილოსოფიურ, სექსუალურ თუ სხვა ნიშნით გაერთიანებულ ჯგუფს უსაფრთხო, ღირსეული და ჰარმონიული ცხოვრების, კეთილდღეობის მიღწევის საშუალება აქვს.

გადავხედოთ საქართველოს რეალობას კრემლის მიერ აშენებული ახალი ბერლინის კედლის მეორე მხრიდან? ჩანს კი იქიდან მშვიდობიანი თანაცხოვრების შანსი, როდესაც აქ განსხვავებულის მიმართ ძალადობა ჩვეულ ფორმადაა მიღებული და წახალისებული?

- სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა მუშაობა დაიწყო. ვიცით, რომ წლის ბოლომდე უნდა გავითვალისწინოთ 12 ევროპული რეკომენდაცია, თუ გვინდა ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მოსმენების კანონზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების არაფრად ჩაგდება, ომბუდსმენის არჩევის წესში გაუგებარი ცვლილებების შეტანა, ელექტრონული არჩევნების ჩატარების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნის საკუთარ ინიციატივად გასაღება, აღარაფერს ვამბობ ხელისუფლების მტკიცებაზე რომ ქვეყანაში ოლიგარქი ივანიშვილი კი არა ხაზარაძე-ჯაფარიძე, კეზერაშვილი და სააკაშვილი ყოფილან, არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ევროპული რეკომენდაციები სრულად შესრულდება.

თქვენზე რა შთაბეჭდილებას ტოვებს ევროპულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტში პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე იწილო-ბიწილო?

- სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის სიმძიმის ცენტრი დღეს პარლამენტში არ არის და ეს უმნიშვნელოვანესი ასპარეზი იაფფასიანი შოუს ფუნქციასაც კი აღარ ასრულებს. საპარლამენტო რესპუბლიკისთვის ეს რამდენად სავალალოა, თავად განსაჯეთ.

წარმოიდგინეთ, ქვეყნის მთავარი სპეცსამსახურის უმაღლესი რანგის მოხელე დაკავებულია. მივყვეთ მთავრობის პოზიციას - იგი სახელმწიფო საიდუმლოებას ყოველდღე გასცემს, არსებობს ეჭვები მის უკანონო გამდიდრებაზე, საუბარია ან მინიშნებებია მტრულ სახელმწიფოსთან მის კავშირზე და პარლამენტში ამაზე მოსმენაც კი არ ჩატარებულა, შესაბამისი მინისტრიც კი არ დაუბარებიათ, დეპუტატებს შეკითხვაც კი არ გასჩენიათ.

სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის სიმძიმის ცენტრი დღეს პარლამენტში არ არის და ეს უმნიშვნელოვანესი ასპარეზი იაფფასიანი შოუს ფუნქციასაც კი აღარ ასრულებს. საპარლამენტო რესპუბლიკისთვის ეს რამდენად სავალალოა, თავად განსაჯეთ

ეს იმიტომ, რომ მთავრობის ძალაუფლების წყარო პარლამენტში არჩეული დეპუტატების მეშვეობით საქართველოს მოქალაქეები არ არიან და მთავრობა თავს ანგარიშვალდებულად არ გრძნობს მათ წინაშე.

რაც შეეხება ევროინტეგრაციის პროცესს, არსებობს განცდა, რომ რეკომენდაციების შესრულებაც ზუსტად ისევე იქცევა პოლიტიკური მოწინააღმდეგის განადგურების, ძალადობის კონსოლიდაციის, პოლარიზაციის გაღრმავების ინსტრუმენტად, როგორც აქამდე არაერთი საჭირბოროტო საკითხი ქცეულა.

დღევანდელი პერსპექტივიდან წარმოუდგენელი ბოროტებაა, მაგალითად, მოახერხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაგდება, რომელიც ამ რთულ ეტაპზე არა მარტო ცენტრალური აზიის ენერგომატარებლების გადასაზიდად იქნებოდა მნიშვნელოვანი, არამედ, შესაძლოა, უსაფრთხოების ერთერთი გარანტიც ყოფილიყო. პრინციპში, სწორედ ამგვარი პროექტებია საქართველოს უსაფრთხოების ქვაკუთხედი.

არადა, როგორც პორტის შემთხვევაში, ასევე აქაც, მმართველ ძალას უნდა მოეხერხებინა და გვერდზე გადაედო განსხვავებები, გამოერთო მოღალატის ძებნის რეჟიმი და მოეხდინა ევროპული იდეის გარშემო ყველა დასავლური ძალის კონსოლიდაცია.

არადა, როგორც პორტის შემთხვევაში, ასევე აქაც, მმართველ ძალას უნდა მოეხერხებინა და გვერდზე გადაედო განსხვავებები, გამოერთო მოღალატის ძებნის რეჟიმი და მოეხდინა ევროპული იდეის გარშემო ყველა დასავლური ძალის კონსოლიდაცია

- თქვენი სპეციალობიდან გამომდინარე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის გოგაშვილის თემას გვერდს ვერ აუვლით.

გოგაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები უამრავ პასუხგაუცემელ კითხვებს აჩენს. არც კი მინდა დავიჯერო, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე ისეთი სპეცსამსახური გყავს, რაც გოგაშვილისგან გვესმის.

„ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ - „რუსული საფრთხე რეალურია“. რჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნისთვის საფრთხე ჩვენი სპეცსამსახურების საკმაოდ დიდ ნაწილშია.

რეალურად რა მდგომარეობაა ქვეყნის სპეცსამსახურებში და გოგაშვილის საქმემ რა გვაჩვენა?

- „გოგაშვილის საქმე“ მართლაც ინდიკატორია იმისა, თუ სადამდე მიჰყავს სახელმწიფო სპეცსამსახურების პოლიტიზებას. თუკი სიტუაციას ჯაშუშური ფილმების რომანტიკულ საბურველს მოვხსნით, რა გვრჩება ხელში?

მოდით, ისევ ხელისუფლების ვერსიას მივყვეთ და დავეთანხმოთ მათ დაშვებებს: პარტიული ნიშნით სპეცსამსახურში მივლენილი პიროვნება იერარქიულ საფეხურებს სუს-ის პირველ მოადგილემდე გაიარა ყოველგვარი ფილტრის გარეშე, ამ პერიოდში დააგროვა სავარაუდოდ დაუსაბუთებელი ქონება, სავარაუდოდ უკანონოდ და ყოველგვარი კონტროლის გვერდით ავლით, აგროვებდა და ინახავდა ოპერატიულ მონაცემებს, საიდუმლო მასალებს, განსაკუთრებული მნიშვნელობის ინფორმაციას, რომელთანაც სამსახურებრივად მიუწვდებოდა ხელი და ეს ყველაფერი ხდებოდა ისე, რომ ვერც საკადრო და ვერც შიდა უსაფრთხოების სტრუქტურები ამას წინ ვერ აღუდგნენ.

ახლა, როდესაც ის სისტემაზე თუ სახელმწიფოზე განაწყენდა, ეტაპობრივად აქვეყნებს ტყუილ-მართალს და ამით განუზომლად აზარალებს როგორც სპეცსამსახურს, მის ფარულ თუ ღია კონტინგენტს, ასევე მეზობლებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას და სახელმწიფო კონსტიტუციურ წყობას.

გასულ კვირას მან რუსულ სპეცსამსახურთან კონტაქტების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ახლა ალბათ პარტნიორი სპეცსამსახურები ელიან, რომ რომელიმე მომავალ კვირას მათთან კონტაქტების შესახებ შეიტყობს საზოგადოება და მოწინააღმდეგე.

თავად განსაჯეთ, რა პერსპექტივა აქვს ამგვარი სპეცსამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობას. ეს თანამშრომლობა გარდა სემინარებისა და კონფერენციებისა, ერთობლივ ღონისძიებებს ითვალისწინებს საერთაშორისო ტერორიზმის, ტრანსნაციონალური კრიმინალის და თუნდაც რუსული აგრესიის წინააღმდეგ. თავად ფიგურანტის მორალურ მხარეზე მსჯელობა ჩემი კომპეტენცია ვერ იქნება, მაგრამ აი ეს როგორ მოხდა?

რატომ არავინ დაინტერესდა გოგაშვილის გამდიდრების კანონიერებით, როდესაც ეს ინსაიდერული საფრთხის ძირითადი ინდიკატორია და ამაზე ინფორმაცია წლებია ვრცელდებოდა? როგორ გაიარა ეს იერარქიული კიბე, ვინ იყო რეკომენდატორი, რატომ არ იმუშავა სპეცსამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესმა?

პასუხი ერთია- მხოლოდ იმიტომ, რომ ის პარტიის მიერ იყო რეკომენდებული და პარტიული „პოლიტრუკის“ ფუნქციას ასრულებდა იქ. სად არის პარტიული ლიდერების, სპეცსამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის პოლიტიკური თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა?

რატომ არავინ დაინტერესდა გოგაშვილის გამდიდრების კანონიერებით, როდესაც ეს ინსაიდერული საფრთხის ძირითადი ინდიკატორია და ამაზე ინფორმაცია წლებია ვრცელდებოდა? როგორ გაიარა ეს იერარქიული კიბე, ვინ იყო რეკომენდატორი, რატომ არ იმუშავა სპეცსამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესმა?... სად არის პარტიული ლიდერების, სპეცსამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის პოლიტიკური თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა?

გასაკვირი ამ ყველაფერში მხოლოდ ის არის, რომ ხელისუფლება ამაზე პასუხისმგებლობის აღებას კი არა, ელემენტარული ბოდიშის მოხდასაც არ აპირებს, ისე „შეაჩეჩა“ გოგაშვილი ოპოზიციას. მარტივი შეკითხვაა: როგორ დაუშვა სპეცსამსახურმა წლების მიმდინარე ეს პროცესი, როდესაც ყოველგვარი იურიდიული, ნორმატიული, ტექნიკური საშუალება არსებობს ამის პრევენციისა?

სხვათა შორის, ეს შეკითხვა რომ უპასუხოდაა დარჩენილი ეს მარტო ხელისუფლებაში თვითკრიტიკის არარსებობის ბრალი არ არის. ხშირად ოპოზიციასაც უჭირს სწორი კითხვების დასმა და პასუხების მიღების ორგანიზება.

გასაკვირი ამ ყველაფერში მხოლოდ ის არის, რომ ხელისუფლება ამაზე პასუხისმგებლობის აღებას კი არა, ელემენტარული ბოდიშის მოხდასაც არ აპირებს, ისე „შეაჩეჩა“ გოგაშვილი ოპოზიციას. მარტივი შეკითხვაა: როგორ დაუშვა სპეცსამსახურმა წლების მიმდინარე ეს პროცესი, როდესაც ყოველგვარი იურიდიული, ნორმატიული, ტექნიკური საშუალება არსებობს ამის პრევენციისა?

როდესაც ამაზე ვსაუბრობ, არ მინდა დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოს შესწავლის საგნად არ მიმაჩნდეს რუსულ ეფ-ეს-ბე-სთან კონტაქტი. სპეცსამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში ბევრი ისეთი ქმედება არსებობს, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის გამჭვირვალე არ და ვერ იქნება. ამისთვის არსებობს ნდობის ჯგუფი, საგამოძიებო უწყებები, თუმცა ჩვენში მათ მიმართ ნდობა დაბალია და არ არსებობს განცდა, რომ ეს გამოძიება მეტნაკლებად ობიექტურად ჩატარდება.

უფრო მოსალოდნელია, რომ გოგაშვილის საქმეს პოლიტიკური ჯგუფები გავლენის გასაფართოებლად, პოლიტიკური ოპონენტის გასანადგურებლად გამოიყენებენ, უსაფრთხოების სისტემა კი ისევ ისეთივე განეიტრალებული დარჩება. ამის ერთადერთი მიზეზი კი მმართველი პარტიის საჯარო სამსახურთან შეზრდა და ამ უკანასკნელის პოლიტიზებაა.

სახელმწიფოსთვის რა შედეგები მოაქვს ამ ყველაფერს? სწორედ პოლიტიზებული სპეცსამსახურის არარეალისტურ პროგნოზებზე დაყრდნობით ელოდა კრემლი უკრაინაში ერთკვირიან „გასეირნებას“, პასუხად კი რუსი სამხედროების და სავარაუდოდ პოლიტიკური ელიტის სასაფლაო მიიღო.

ასეთივე დამღუპველი იქნება სისტემის დღევანდელი მდგომარეობა საქართველოსთვის და ამაზე ვინმემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა