გორის მერია - მუნიციპალიტეტის დაფინანსებით „ნეოლაბი - ადგილობრივი ახალგაზრდების წარმატების ლაბორატორია გორის მუნიციპალიტეტში" მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით საგანმანათლებლო პროექტი „ნეოლაბი - ადგილობრივი ახალგაზრდების წარმატების ლაბორატორია გორის მუნიციპალიტეტში" ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტი, რომლის ფარგლებშიც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები სპეციალური სასწავლო კურსის საშუალებით ჟურნალისტურ უნარებს სწავლობენ, ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის" ფარგლებში ფინანსდება.
„სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. ექვსთვიან პროექტში მონაწილეობენ კონკურსის წესით შერჩეული ახალგაზრდები. მათ მიღებული ცოდნის რეალიზებაში ყოველკვირეული გადაცემა „ნეოლაბი" ეხმარება.
გადაცემის საშუალებით, ახალგაზრდები თანატოლებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებულ, მათთვის საჭირო პროექტებსაც აცნობენ.
ყველა მონაწილეს კურსის გავლის დამადასტურებელი სათანადო სერტიფიკატი გადაეცემა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
























