პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატურა წარადგინა

„ცოტნე ყავლაშვილი ნამდვილად მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე და მეორეს მხრივ, მაგალითი იმის, რომ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი საჯარო სამსახურში ფასდება საჯარო სამსახურში და ადამიანს კარიერული წინსვლის შესაძლებლობა აქვს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატურა წარადგინა.

შალვა პაპუაშვილმა მოქმედ გენერალურ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამ პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური გადავიდა ახალ ეტაპზე. აუდიტის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევებით, დასტურდება, თუ რამდენად ახალ სტანდარტზეა გადასული სამსახური. ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ, 2022 წელს ჩატარებული კვლევით, ის მაქსიმალური ოთხი ქულიდან 3.4 ქულით არის შეფასებული, ხოლო მსოფლიო ბანკის დამოუკიდებლობის ინდექსის მიხედვით, მაქსიმალური 10 ქულიდან 9.5 ქულით, რაც დიდი მიღწევაა და მინდა, ირაკლი მექვაბიშვილს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო მათი საქმიანობისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ცოტნე ყავლაშვილი, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, სფეროსთან დაკავშირებულ დეტალურ ცოდნას ფლობს.

„ცოტნე ყავლაშვილი არის ადამიანი, რომელმაც საჯარო სამსახურში 15 წლიანი გამოცდილება აქვს - დაწყებული სპეციალისტიდან, დამთავრებული მინისტრის მოადგილის თანამდებობით. ეს არის ნამდვილად მაგალითი იმის, რომ თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე და მეორეს მხრივ, მაგალითი იმის, რომ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი ფასდება საჯარო სამსახურში და ადამიანს აქვს შესაძლებლობა, კარიერული წინსვლის. გარდა ამისა, 2013 წლიდან ბატონი ცოტნე გახლავთ სახელმწიფო ხაზინის უფროსი. ამავე დროს, როგორც მინისტრის მოადგილე, ის კურირებდა საკითხებს, რომლებიც შეეხება აუდიტორულ საქმიანობას და აქედან გამომდინარე, მას აქვს დეტალური ცოდნა იმ სფეროსთან დაკავშირებით, რაზეც ის, როგორც სამსახურის ხელმძღვანელი არის წარდგენილი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კანდიდატურის მხარდაჭერისკენ როგორც უმრავლესობას, ასევე, ოპოზიციას მოუწოდა.

„მინდა, მოგიწოდოთ კოლეგებს, მხარი დაუჭიროთ ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას, როგორც უმრავლესობას, ისე ოპოზიციას, ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეს გახლავთ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი პარლამენტის თითოეული წევრისთვის და შესაძლოა, განსაკუთრებით, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, ამიტომ, იქნებოდა კონსტრუქციული თანამშრომლობის კარგი დასაწყისი, თუ მის კანდიდატურას ოპოზიციაც დაუჭერდა მხარს“ ,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას