პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საქმიანობის 6 თვის ანგარიში წარადგინა. აღნიშნულ პერიოდში უწყებამ მონაცემთა დამუშავების კანონიერების 76 შემოწმება ჩაატარა და პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 70 ფაქტი დაადგინა.

უფრო ვრცლად, რა საქმიანობა განახორციელა სამსახურმა საანგარიშო პერიოდში, რა პროგრესია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების მიმართულებით და რა გეგმა აქვს უწყებას საქმიანობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, ლელა ჯანაშვილს ესაუბრა.

- 6 თვეა, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დამოუკიდებელი უწყების ფორმატით საქმიანობს - გვითხარით, რა გაკეთდა საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით და რა არის ის მთავარი საკითხები, რაც აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სამსახურის მთავარ მიღწევებად შეგიძლიათ დაასახელოთ?

- ჩვენი უმთავრესი მიზანია საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის დამკვიდრება და საზოგადოების ინფორმირებულობა. ამ მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა; ვახორციელებთ და ვგეგმავთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ სხვადასხვა აქტივობას; კერძო და საჯარო სექტორში, ასევე სამართალდამცავ ორგანოებში ჩატარდა არაერთი ტრენინგი; გადამზადდა ნოტარიუსთა კორპუსი ─ 270 ნოტარიუსს ჩაუტარდა ტრენინგი და სპეციალურად მათთვის შეიქმნა შესაბამისი მოდული. ასევე, აქტიურად ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვახორციელებთ საჯარო ლექციების ციკლს, რომელიც ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებს და ეს შეხვედრები ღიაა საზოგადოების ფართო წრისთვის. აღსანიშნავია, რომ სამსახური აქტიურად მართავს რეგიონულ შეხვედრებს საჯარო მოხელეთათვის. უკვე ვეწვიეთ 6 რეგიონს და შევხვდით 300-მდე საჯარო მოხელეს და გავაცანით პერსონალურ მონაცემთა კანონიერი დამუშავების ძირითადი პრინციპები, საფუძვლები და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები. ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორში მონაცემთა დამუშავების კანონიერების საკითხი. ჩვენი სამსახური ახორციელებს არა მარტო შემოწმებას, არამედ საკონსულტაციო მიმართულებითაც მუშაობს. საანგარიშო პერიოდში გაწეულ კონსულტაციათა ნიშნული საგრძნობლად გაზრდილია. კონსულტაციის მიღების მიზნით გვიკავშირდებიან მოქალაქეები, კერძო და საჯარო სექტორის, სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლები.

6 თვის განმავლობაში ჩვენი სამსახური ორიენტირებული იყო არა მხოლოდ ინსპექტირებაზე, არამედ საგანმანათლებლო მიმართულებაც ჩვენი მთავარი ფუნქცია გახლავთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ დავაფუძნეთ ინგლისურ-ქართულენოვანი სამართლის ჟურნალი ─ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქართული სამართლის ჟურნალი“, რაც უმნიშვნელოვანესია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქართული სამართლის განვითარებისთვის. ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია. ჟურნალის მთავარი რედაქტორი მე გახლავართ. სარედაქციო კოლეგიაში წარმოდგენილნი არიან ევროპის მოწინავე უნივერსიტეტების აკადემიური წრის წარმომადგენლები, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროს აღიარებული სპეციალისტები და მეცნიერ-მკვლევარები. აღსანიშნავია ქართველ მეცნიერთა ─ გერმანიის შტაინბეის უნივერსიტეტის რექტორის, თსუ პროფესორის გიორგი ხუბუას, თსუ პროფესორ პაატა ტურავას მონაწილეობა და მხარდაჭერა აღნიშნული ჟურნალის დაფუძნებაში.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო დონეზე სამსახურის ინსტიტუციურ ცნობადობასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს. ამ 6 თვის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. ხელი მოვაწერეთ ხორვატიის საზედამხედველო ორგანოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი პროგრამების განხორციელებას და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლას. უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ 7 ოქტომბერს, ქ. რომში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს შორის.

სამსახურს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაა. მაგალითად, „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ასამბლეასთან“ (“Global Privacy Assembly”) მჭიდრო ურთიერთკავშირი დავამყარეთ, კერძოდ, ახალი ზელანდიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთან ერთად ორგანიზაციის ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეობითა და მექსიკისა და დიდი ბრიტანეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან ერთად, ასამბლეის სამდივნოს შესარჩევი კომისიის წევრის სტატუსის მოპოვებით. მიმდინარე წლის 24-28 ოქტომბერს ქ. სტამბოლში გაიმართება „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ასამბლეის“ საერთაშორისო, რიგით 44-ე კონფერენცია, რომელშიც სამსახური მიიღებს მონაწილეობას. ყოველდღიურად ვიღებთ მოწვევებს არაერთ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რაც მნიშვნელოვანია სამსახურის საერთაშორისო ცნობადობის ზრდის თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ 17-18 ნოემბერს საქართველოში პირველად გაიმართება „ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრა“. ეს გახლავთ ევროპის საზედამხედველო მონაცემთა სამსახურების ერთგვარი ქსელი. აღნიშნულ სამუშაო შეხვედრაზე ყოველწლიურად იკრიბებიან საზღვარგარეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები და განიხილავენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შეხვედრის მასპინძელი წელს საქართველო იქნება.

- საქმიანობის დასაწყისშიც აღნიშნავდით, რომ საზოგადოებაში არსებობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის პრობლემა, შესაბამისად, სამსახურისადმი მიმართვაც იყო ნაკლები. კვლავ თუ დგას ეს პრობლემა - როგორია მოქალაქეთა მომართვის სტატისტიკა ბოლო 6 თვეში?

- აღსანიშნავია, რომ გასული წლისა და მიმდინარე წლის 6 თვის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გაზრდილია სამსახურის მიმართ მოქალაქეთა მომართვა და ინსპექტირების რაოდენობა.

ასევე, სამსახური საკონსულტაციო რეჟიმში სამსახური აქტიურად მუშაობს ─ კონსულტაციებს გავცემთ როგორც საჯარო და კერძო დაწესებულებისთვის, ისე სამართალდამცავი უწყებისთვის. მომართვის რაოდენობას რაც შეეხება, საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა მიიღო 244 განცხადება/შეტყობინება, რომელთაგან 129 (53%) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო დაწესებულებებში, 55 (23%) — საჯარო უწყებებში, ხოლო 60 (24%) — სამართალდამცავ ორგანოებში.

- რაც შეეხება მოქალაქეთა მომართვებზე სამსახურის რეაგირებას - რამდენი ინსპექტირება განახორციელა თქვენმა სამსახურმა 6 თვეში, რამდენი კანონდარღვევა გამოვლინდა და მათგან რამდენ შემთხვევაში დაეკისრა კანონდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი, რამდენი გაფრთხილება გაიცა და რამდენი რეკომენდაცია?

- ჩვენ არაერთ შემოწმებას ვატარებთ გეგმური ინსპექტირების ფარგლებში. აღნიშნული არის უმნიშვნელოვანესი საკითხი იმდენად, რამდენადაც განვსაზღვრეთ გეგმური ინსპექტირების სამიზნე ჯგუფები, კერძოდ: ქალები, არასრულწლოვანები და მიგრანტები. სწორედ მიგრანტთა უფლებების დაცვის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქართველოს საზედამხედველო ორგანოს არსებობის ისტორიაში პირველად ახორციელებს თურქეთში საქართველოს გენერალური საკონსულოს შემოწმებას. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს არსებობის ისტორიაში არასდროს მომხდარა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემთა უფლების დაცვის საკითხის ასე სიღრმისეულად შესწავლა. ასევე, გეგმური ინსპექტირების ფარგლებში, შემოწმების ჩატარებას ვგეგმავთ იმ ქვეყანებში, სადაც საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციის დიდი მაჩვენებელია.

რაც შეეხება სტატისტიკას, გასული 6 თვის განმავლობაში სამსახურმა ჩაატარა მონაცემთა დამუშავების კანონიერების 76 შემოწმება (ინსპექტირება), მათგან 43% (33) გეგმურად ჩატარდა, ხოლო 57% (43) ─ არაგეგმურად. სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 70 ფაქტი. სამსახურის მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 62% (44) შემთხვევა შეეხებოდა კერძო სექტორში, 29% (20) — საჯარო სექტორში, ხოლო 9% (6) — სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას. გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთაგან 41 პირს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა, ხოლო 24 პირს — გაფრთხილება.

სამსახურმა გასცა ჯამში 78 დავალება და რეკომენდაცია, რომელთაგან 41% (32) მიემართებოდა კერძო დაწესებულებებს, 49% (38) — საჯარო დაწესებულებებს, ხოლო 10% (8) — სამართალდამცავ ორგანოებს.

რაც შეეხება კონსულტაციებს, იგი გაიცემა როგორც ზეპირი (სატელეფონო და პირადი შეხვედრების ფორმატში), ასევე წერილობითი ფორმით. საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ გაცემული კონსულტაციები შეეხებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონიერების კონტროლს (1627 კონსულტაცია), ასევე სხვა სამართლებრივ საკითხებს (19 კონსულტაცია).

- 12 ევრორეკომენდაციიდან მეოთხე პუნქტი შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იმ რესურსებით აღჭურვას, რომლებიც სამსახურის მანდატს შეესაბამება და მის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. კონკრეტულად რა კეთდება აღნიშნული პუნქტის და შესაბამისად, სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის?

უაღრესად მნიშვნელოვანია სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება. შესაბამისად, პარლამენტს წარვუდგინეთ სამსახურის ინსტიტუციური განვითარების ჩვენი ხედვა. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის მიღება. ასევე, სამსახური, გაზრდილი მომართვის საფუძველზე, საჭიროებს საკადრო რესურსის გაზრდას. ამისთვის უნდა შეიქმნას გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტი. ასევე, სამსახური საჭიროებს გაძლიერებას ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით. რეგიონული დაფარვა სამომავლო გეგმის განსაკუთრებული პრიორიტეტია. აღსანიშნავია, რომ ბათუმში გადმოგვეცა ოფისი და მომავალი წლიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის წარმომადგენლობა იქნება აჭარის რეგიონში. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რამდენადაც მანამდე რეგიონული ოფისი საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის არცერთ საზედამხედველო ორგანო არ ჰქონია. ეს არსებითად გაზრდის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის ხარისხს რეგიონებში, განსაკუთრებით კი აჭარაში, სადაც მომართვის მაჩვენებელი საკმაოდ დიდია.

„ინტერპრესნიუსი“

ლიკა რუაძე

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა