ზურა ბატიაშვილი - რუსეთში მობილიზაცია არაპოპულარული გადაწყვეტილებაა, რადგან ნებისმიერ რუს იმპერიალისტს „იმპერიის დიდების“ აღდგენა სურს დივანზე წამოწოლილს და არა ისე, რომ საკუთარი სიცოცხლე შესწიროს

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია არის იმის აღიარება, რომ რუსეთის ომი უკრაინასთან წარუმატებელია, რომ მათ დაკარგეს ათეულობით ათასი ჯარისკაცი და სჭირდებათ ცოცხალი ძალის შევსება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურა ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზურა ბატიაშვილის შეფასებით, ეს ძალზედ არაპოპულარული გადაწყვეტილებაა და რისკზე წასვლა არის პუტინის მხრიდან, რადგან დიდი ალბათობით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს უკმაყოფილებას და სავარაუდოდ საპროტესტო გამოსვლებსაც გამოიწვევს.

„რუსეთში მობილიზაცია ძალზედ არაპოპულარული გადაწყვეტილებაა, რადგან ნებისმიერ რუს იმპერიალისტს „იმპერიის დიდების“ აღდგენა სურს ტელევიზორის წინ დივანზე წამოწოლილი და არა ისე, რომ საკუთარი სიცოცხლე შესწიროს ამ ომს. რუსეთში არსებობს მობილიზაციის ცუდი გამოცდილებაც, როდესაც პირველ მსოფლიო ომში გაწვეულმა რუსებმა რევოლუცია მოუწყვეს ნიკოლოზ მეორეს. ასევე არის ასეთი პრობლემა - რუსეთს აღარ დარჩა ის ოფიცრები, რომელთაც შეუძლიათ 300 000 ადამიანის მომზადება. მათ სჭირდებათ შესაბამისი მომზადება და ფრონტის ხაზზე ისე გაშვება. ეს ოფიცრები ან დაეხოცათ, ან ახლაც იბრძვიან ამ ომში. რეალურად ეს იმის აღიარებაც არის, რომ რუსეთისთვის საკუთარი მოქალაქეები მხოლოდ საზარბაზნე ხორცია და მეტი არაფერი. გრძელვადიან პერსპექტივაში პუტინი არ აპირებს დათმობაზე წასვლას, მაგრამ იმის მტკიცებულებაც არის, რომ ეს ყველაფერი დასრულდება მისი სრული კრახით. ჩვენთვის მთავარია, რომ პუტინის კრახი გადაიზარდოს რუსეთის კრახში, რადგან ჩვენთვის პრობლემა მხოლოდ პუტინი არ არის. პუტინამდეც გვახსოვს რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა თუნდაც აფხაზეთში“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ის ასევე შეეხო პუტინის დღევანდელ მიმართვაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დონბასის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონებში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

„ე.წ. რეფერენდუმებს რაც შეეხება, ეს რუსული იდეოლოგიის და ნარატივის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად იქცა. არავის სჯერა ამის და ეს ყველაფერი უკანონოა. არავინ შეეგუება არც უკრაინაში და არც დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროში ამ ე.წ. რეფერენდუმებს და მის შედეგებს. ეს არის მცდელობა იმისა, რომ ტერიტორიები გამოაცხადოს რუსეთის ტერიტორიებად და შემდეგ გაამართლოს თავისი ქმედებები, თითქოს რუსეთზე მოხდა თავდასხმა და ის იძულებულია, რომ თავი დაიცვას“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

ამასთან, ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ბირთვული შანტაჟის ამოქმედების და ამ გამწვავებაზე წასვლის შემთხვევაში, დასავლეთის მხრიდან პუტინის ლიკვიდაციის საკითხი დადგება.

„ბირთვულ შანტაჟს ის დიდი ხნის განმავლობაში აკეთებს და ყველამ კარგად იცის, რომ ამას დასავლეთის მხრიდან მოჰყვება ძალზედ მკაცრი რეაგირება. თუ პუტინი ამ გამწვავებაზე წავა, მაშინ დასავლეთის მხრიდან მისი ფიზიკური ლიკვიდაციის საკითხი დადგება“, - აღნიშნა ზურა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს გავრცელებულ საჯარო ვიდეომმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება.

დადგენილება ითვალისწინებს დამატებით ზომებს სახელმწიფო თავდაცვის ბრძანების შესასრულებლად.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება