ამირან გამყრელიძე - ჩემთან მიმართებაში ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას დელიკატურად რომ ვთქვა, ცოტა კორექტულობა აკლდა - მე სახელმწიფო პენსიას არ ვიღებ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომ ის „დამსახურებულ პენსიაზე გავიდა“ კორექტული არ იყო. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

რაც შეეხება კითხვას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შემდეგ, მიიღო თუ არა შეთავაზება, საჯარო სექტორში დარჩენილიყო, გამყრელიძის თქმით, „ოფიციალური შემოთავაზება არ ყოფილა, თუმცა იყო მინიშნება, რამეს ხომ არ ისურვებდა მაღალი ეშელონებიდან“.

„რაც შეეხება განცხადებას, რაც გაკეთდა, დელიკატურად რომ ვთქვა, ალბათ, ცოტა კორექტულობა აკლდა. მინდა დავიჯერო, რომ უფრო იმპულსური იყო. მე თვითონ გახლდით მინისტრი და ჯანდაცვის არცერთ მინისტრზე ცუდი არაფერი მითქვამს არასდროს და არც დღევანდელ მინისტრზე ვიტყვი რაიმეს, თუმცა იმ გამოთქმაში ცოტა მეტი კორექტულობა იყო საჭირო. მე 10 წლის წინ სხვა, საერთაშორისო დაგროვებითი პენსია დამენიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციში მუშაობის გამო, ამიტომ სახელმწიფო პენსიას ვერ მივიღებ. სხვათა შორის, პენსიაზე რომ უნდა გავსულიყავი, სწორედ მაშინ, 2012 წელს შემომთავაზეს ხელმეორედ ჯანდაცვის მინისტრობა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, კითხვაზე, როგორ შეაფასებს ზურაბ აზარაშვილის მიერ ჯანდაცვის სექტორის მართვის დღევანდელ პოლიტიკას, მათ შორის, კოვიდ კლინიკების მკაცრ კონტროლს და მისივე განცხადებას კლინიკების მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით, გამყრელიძემ განმარტა, რომ ურჩევდა მინისტრს, საუბარი სამედიცინო პერსონალის მიმართ მადლობით დაეწყო.

„მე არ მიყვარს, როდესაც ჩემს კოლეგებზე ვსაუბრობ. “საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო“. ახალგაზრდა კაცია, გასაგებია, რომ ჯანდაცვის სექტორში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა. მენეჯერული გამოცდილება აქვს. მე ვურჩევდი, რომ ამ განცხადებამდე მადლობა გადაეხადა სამედიცინო საზოგადოებისთვის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საზოგადოებაა და რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა და ითამაშებს ქვეყნისთვის განსაკუთრებულ მდგომარეობებში, რომელიც ბოლო სამი წელი იყო პანდემიის პირველ ხაზზე. პანდემია ჯერ არ დასრულებულა, კაცმა არ იცის, რა და როგორ იქნება. გასაგებია, რომ უმრავლესობა ვემხრობით, რომ ვირუსი კიდევ უფრო დასუსტდება და იქცევა ენდემურ ვირუსად, შეიძლება მიუახლოვდეს სხვა კორონავირუსებს, რომლებიც საზოგადოებას არ აწუხებენ. მე მაინც მადლობით დავიწყებდი... კოვიდი იგივეა, რაც ომი. რა თქმა უნდა, გამოყოფილი თანხა უნდა გაკონტროლდეს, მისი ხარჯვა უნდა იყოს ხარჯთეფექტური. ის ხარჯები, რაც გამოიყოფა, მიზნობრივად უნდა იხარჯებოდეს. აქ ბევრი პრობლემა არსებობს, მინისტრმა ხომ თავად უარყო, რომ ეს მილიარდი არ გაფლანგულა. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ მას როგორ მინისტრს, მის კრიტიკას არ დავიწყებ, მაგრამ პანდემიაზე დანახარჯი საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით გაცილებით ნაკლებია ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში. ციფრებს მინისტრი უფრო ფლობს, პანდემიის დროს ხარვეზები დარწმუნებული ვარ, იყო და იქნებოდა, მაგრამ არ ვფიქრობ ამხელა თანხის გაფლანგვასთან და უყაირათოდ ხარჯვასთან გვქონოდა საქმე“ -აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემული ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე