ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2022

საერთაშორისო რეაქცია პუტინის გადაწყვეტილებაზე - “უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების პასუხი უნდა იყოს მოწინავე სამხედრო აღჭურვილობის უწყვეტი ნაკადი”

ოპოზიცია საპროტესტო ტალღიდან ალიანსების შექმნაზე გადადის

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებით საქართველოს ეკონომიკა კიდევ იხეირებს, თუმცა შემოსული რუსები ახლა უკვე დიდი ხნით დარჩებიან

* * *

საერთაშორისო რეაქცია პუტინის გადაწყვეტილებაზე - “უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების პასუხი უნდა იყოს მოწინავე სამხედრო აღჭურვილობის უწყვეტი ნაკადი”

“რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების საკითხს შემაშფოთებელ ესკალაციას უწოდებენ დასავლელი დიპლომატები. ევროკავშირიში მიიჩნევენ, რომ პუტინი უკრაინაში ძალიან სარისკო ბირთვულ თამაშს აწყობს, ამასთან ისინი განიხილავენ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლის გზებს. ევროკომისია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლა უნდა განახორციელოს, რათა მან მსგავს უგუნურ ქმედებებზე აიღოს ხელი. “პუტინი ბირთვულ აზარტულ თამაშს აწყობს. ის ბირთვულ ელემენტს მისი ტერორის არსენალის ნაწილად იყენებს, ეს მიუღებელია”, - განაცხადა ევროპული კომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ. მანვე განმარტა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკვე გამართეს საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც გაიმართა დისკუსია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაგრძელებაზე ევროკავშირის რეაგირებასთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საერთაშორისო რეაქცია პუტინის გადაწყვეტილებაზე - “უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების პასუხი უნდა იყოს მოწინავე სამხედრო აღჭურვილობის უწყვეტი ნაკადი”.

“ეს მოიცავს აგრესიის ყველა ასპექტს, ჩადენილ დანაშაულებს, რეფერენდუმებს, მასობრივი საფლავების აღმოჩენებს”, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ ყალბ და უკანონო რეფერენდუმებს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჯილიან კიგანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება შემაშფოთებელი ესკალაციაა. მისი თქმით, პუტინის მხრიდან მუქარები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. “აშკარაა, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ. თქვენ იცით, ჩვენ არ ვაკონტროლებთ სიტუაციას და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის აკონტროლებს სიტუაციას. ეს არის აშკარად ესკალაცია”, - განაცხადა კიგანმა. აღნიშნულზე საუბრობს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრიც, ბენ უოლესის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება მობილიზაციის გამოცხადების შესახებ არის იმის აღიარება, რომ მისი უკრაინაში შეჭრა მარცხს განიცდის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მან და მისმა თავდაცვის მინისტრმა საკუთარი ცუდად აღჭურვილი ათიათასობით მოქალაქე გაგზავნეს სიკვდილზე. ვერავითარი მუქარა და პროპაგანდა ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ უკრაინა იგებს ამ ომს, საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია და რუსეთი ხდება გლობალურად გარიყული”, - ამბობს ის. ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია ხელს შეუწყობს ახალი “საზარბაზნე ხორცის” მომარაგებას თითქმის განადგურებული შენაერთების შესავსებად. არვიდას ანუსაუსკასის განცხადებით, ეს ნაწილობრივი მობილიზაცია იმის ნიშანია, რომ მოსკოვი სავალალო სიტუაციაშია. “პუტინის “გამარჯვების სამდღიანმა ომმა” მობილიზაციის ეტაპს მიაღწია. ასე რომ, საკმაოდ ცუდი სიტუაციაა.. პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია დღეიდან ხელს შეუწყობს ახალი საზარბაზნე ხორცის მომარაგებას თითქმის განადგურებული შენაერთების შესავსებად და ძველი ტანკებით ცუდად გაწვრთნილი ჯარების ახალი ტალღის გაგზავნას”, - აცხადებს ლიეტუვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი. მანვე აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი არის რუსეთის მცდელობა, შეინარჩუნოს ზეწოლა უკრაინულ ძალებზე”, - განაგრძობს გამოცემა.

“საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების პასუხი უნდა იყოს მოწინავე სამხედრო აღჭურვილობის უწყვეტი ნაკადი იმ ერისთვის, რომელიც იცავს თავს გენოციდისგან”, - აღნიშნა მან. პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს უკრაინაში აშშ-ის ელჩიც, ბრიჯიტ ბრინკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მობილიზაციის გამოცხადება, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი რეფერენდუმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის სისუსტისა და მარცხის ნიშნებია. “ყალბი რეფერენდუმები და მობილიზაცია რუსეთის სისუსტისა და მარცხის ნიშნებია. შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიას უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიაზე და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება”, - აცხადებს დიპლომატი. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი ამბობს, რომ მისი ქვეყანა უარს აცხადებს თავშესაფარი მისცეს რუსებს, რომლებიც ქვეყანას მობილიზაციის გამოცხადების გამო დატოვებენ. მინისტრმა გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები დაასახელა”, - დასძენს გამოცემა.

“რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების საკითხს ნიდერლანდებისა და ჩეხეთის ხელისუფლებაშიც გამოეხმაურნენ. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ მობილიზაციის გამოცხადება პანიკის ნიშანია. “მობილიზაციის გამოცხადება და რეფერენდუმების ჩატარებისკენ მოწოდება პანიკის ნიშანია. მისი რიტორიკა ბირთვულ იარაღზე არის ის, რაც აქამდე არაერთხელ გვსმენია. ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილი რიტორიკის ნაწილია”, - აღნიშნა რუტემ. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა კი ფიქრობს, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინაში დაწყებული ომის შემდგომი ესკალაციის მცდელობა. “ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდგომი ესკალაციის მცდელობაა და კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი ერთადერთი აგრესორია. საჭიროა უკრაინის დახმარება და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე”, - დაწერა მან “ტვიტერში”. მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა, პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი. მისივე თქმით, პუტინი ცდილობს, ომში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაებას”, - წერს სტატიის ავტორი.

“დანაშაულებრივი ომი უარესდება, ღრმავდება და პუტინი ცდილობს მასში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვას. პუტინს სურს, ამ სისხლში ასობით ათასი ადამიანი ამოსვაროს”, - განაცხადა ნავალნიმ. აგრეთვე, რუსეთის ომის საწინააღმდეგო კოალიცია “ვესნამ” საზოგადოებას გამოცხადებული მობილიზაციის გასაპროტესტებლად ქუჩის აქციებისკენ მოუწოდა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ათასობით რუს მამაკაცს “ხორცსაკეპ მანქანაში ჩაყრიან, ახლა ომი ყველას სახლსა და ყველას ოჯახში მოვიდა”, - თქვეს ომის საწინააღმდეგო კოალიციაში. ცნობისთვის, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსული მედია იმ შეზღუდვებზე წერს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ამოქმედდება. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება სამობილიზაციო რესურსის ერთი პროცენტი. “ინსაიდერის” ცნობით, პუტინის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოქმედი კანონით რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არიან, საცხოვრებელი ადგილიდან ნებართვის გარეშე გამგზავრება ეკრძალებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია შეეხება დაახლოებით 300 000 ადამიანს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ოპოზიცია საპროტესტო ტალღიდან ალიანსების შექმნაზე გადადის

“როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ქართულ პოლიტიკურ სცენაზე უახლოეს პერიოდში, არის თუ არა სიახლე პოლიტმარკეტინგის თვალსაზრისით და გაჩნდება თუ არა ახალი კონფიგურაციები, ეს კითხვები საზოგადოებაში კვლავ აქტუალურია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა 4 ოპოზიციური პარტიის კოალიციად ფორმირების შესახებ; “სტარტეგია აღმაშენებელი”, “ლელო”, “გირჩი” და “დროა” კოალიციას ქმნიან. პოლიტიკურ სპექტრში პროცესების დაწყებას დადებითად აფასებენ პოლიტოლოგები, თუმცა, ახალი ალიანსების გაჩენას ამ ეტაპზე გამორიცხავენ, რადგან არჩევნებამდე დიდი დროა. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პოლიტიკურ სპექტრში დღეს არსებულ სიტუაციას დრამატულს უწოდებს და აცხადებს, რომ პარტიები ამომრჩეველს არანაირ სიახლეს არ სთავაზობენ და ძველ მეთოდებს იყენებენ. ექსპერტი პეტრე მამრაძე კი აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში პარტიები ერთმანეთთან იდეის გარშემო არ ერთიანდებიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოპოზიცია საპროტესტო ტალღიდან ალიანსების შექმნაზე გადადის.

“ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი საზოგადოებას ახალს ვერაფერს სთავაზობს, გარდა იმისა, რომ ქუჩაში გამოვლენ და ჩაანაცვლებენ “ოცნებას”, “წავიდეს ის და მოვალ მე” არასწორი მიდგომაა, ამიტომაც ვერ არწმუნებენ საზოგადოებას მხარი დაუჭიროს. ოპოზიციას ამ ეტაპზე არც გამორჩეული ლიდერი ჰყავს, რომელიც პროცესებს გაუძღვება. რაც შეეხება მოსახლეობის განწყობებს, ოპოზიცია ამას არ ითვალისწინებს და საკუთარი სურვილის შესაბამისად მოქმედებს. შენ რაც გინდა ის მოახვიო მთელ საზოგადოებას, არასწორია. საზოგადოება შეიძლება ყველა ინფორმაციას არ ფლობს რა ხდება პოლიტიკაში, მაგრამ კარგად ხვდება, რომ ხელისუფლება იბრძვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ოპოზიცია კი ხელისუფლებაში მოსასვლელად, საზოგადოება კი ნაკლებად აინტერსებთ. ანუ, იგივე ჭაობშია, რაც იყო 30 წლის წინ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“კარგია ძვრები რომ დაიწყო, მხედველობაში მაქვს განცხადება, რომ 4 ოპოზიციური პარტია კოალიციას ქმნის. ასეთი ალიანსები ძირითადად არჩევნების წინ იქმნება, თუმცა არჩევნებისთვის მზადება აქედანვე უნდა დაიწყონ. ფაქტია და საზოგადოებაც ხვდება, რომ ამ კოალიციაში წამყვანი მაინც იქნება “ნაცმოძრაობა”, რადგან დასახელებული პირები, ვაშაძე, ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ. “ნაცმოძრაობა”, რომელიც სავარაუდოდ მომავალ არჩევნებში ოპოზიციკური პარტიებიდან ყველაზე მეტ ხმას აიღებს, თავის პირობებს ისევ წამოაყენებს და პატარა პარტიები მას უნდა დაემორჩილონ. ამიტომ გაერთიანებებთან, კოალიციებთან, ალიანსებთან მიმართებაში პოლიტიკური პარტიების მხრიდან უნდა გაკეთდეს კარგი ანალიზი. პოლიტიკურ პარტიებს სჭირდებათ მეტი ფიქრი და არა ენის ჭარტალი”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“ქართული პოლიტიკისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო განხვავებული დაჯგუფებების გაერთიანება, რადგან იციან, რომ მარტო ვერაფერს გახდებიან. არავინ იდეის გარშემო არ ერთიანდება. ვინ იყო ვაშაძე, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე და სხვები, “ნაცმოძრაობის” წევრები. “ნაცმოძრაობა” კი ერთადერთი პარტიია, რომელიც არჩევნების წაგების შემიდეგ არ გაქრა და დარჩა ოპოზიციაში, რადგან სააკაშვილი ინარჩუნებდა ბირთვულ ამომრჩეველს. ვინც სააკაშვილისგან დისტანცირდა, ყველა ჩაფლავდა. ახლა სააკაშვილი ციხეშია და ბერკეტები ხალში აღარ უჭირავს, ეს მელიაც ჩაფლავდა, ამიტომ ეს “ნაცების” ნამსხვრევები ფიქრობენ როგორი კონფიგურაცია შექმნან, რომ გადარჩნენ. ასეთ კონფიგურაციებს არჩევნებამდე კიდევ ვნახავთ, მთავარია ერთმანეთში მოილაპარაკონ. ასე, რომ დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მხოლოდ ერთი სიახლეა - “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა. ქარიზმატული ლიდერი, როგორიც სააკაშვილი გახდა ყველასთვის, დღევანდელ ოპოზიციაში არ ჩანს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებით საქართველოს ეკონომიკა კიდევ იხეირებს, თუმცა შემოსული რუსები ახლა უკვე დიდი ხნით დარჩებიან

“მას შემდეგ, რაც პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა გლობალური ეკონომიკა კიდევ ერთი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ცხადია, ეს კიდევ უფრო გაართულებს ისედაც მყოფე მდგომარეობას, იმოქმედებს ეკონომიკაზე, ინვესტიციებზე, გადაზიდვებზე, სურსათის იმპორტზე და ა.შ. “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია მიუხედავად არსებული ვითარებისა შესაძლოა თუ არა, რომ საქართველომ უკვე დაუფარავად გამოცხადებული ომის პირობებში ზარალზე მეტი სარგებელი მიიღოს? გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და ისედაც დაძაბული მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. აქამდე, მიუხედავად არსებული ვითარებისა, საქართველო მაინც ცდილობდა სარგებლის მიღებას ტვირთების მოძრაობის, ტურიზმის და ექსპორტის მიმართულებით. რა იქნება მომავალში, ეს უკვე ძნელი სათქმელია. თუკი ქვეყანამ მშვიდობა შეინარჩუნა, შესაძლოა, ახალი პერსპექტივებიც კი გამოჩნდეს. როგორც ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რაც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებით საქართველოს ეკონომიკა კიდევ იხეირებს / თუმცა ქვეყანაში უკვე შემოსული რუსები ახლა უკვე დიდი ხნით დარჩებიან და აქედან ფეხს არ მოიცვლიან.

“თუ კიდევ გააგრძელა რუსეთმა ანექსია, ეს მეტად გამოიწვევს დასავლეთთან სანქციების გაძლიერებას და უფრო გააუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას. იმ ფონზე, რომ რუსეთი სანქცირებულია და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ანუ აზიასა და დასავლეთს შორის ვეღარ იქნება დამაკავშირებელი რგოლი, ამ შემთხვევაში საქართველოს დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავისი გეოპოლიტიკური და გეოფრაფიული მდეობარეობიდან გამომდინარე, რაც აშკარად გამოსაყენებელია. მაგალითად, ყაზახეთმა გადაწყვიტა არა რუსეთის გავლთით, არამედ საქართველოს გავლით, ევროპაში ტვირთი გაიტანოს, რაც ძალიან დადებითია ქვეყნისთვის. აზიის ქვეყნები იწყებენ ალტერნატიული გზების ძიებას, თუ როგორ გაიტანონ ან შემოიტანონ საქონელი ევროპაში. ორ კონტინენტს შორის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იქნება საქართველო. ეს დიდი შანსია ჩვენთვის, თუმცა შესაძლებობა უნდა გამოვიყენოთ, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის სწრაფად მოწესრიგებით და ასევე ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მაკალათია.

“მისივე აზრით, ანაკლიის პორტის პროექტი აქამდე რომ აშენებულიყო, ქვეყანას კიდევ უფრო წაადგებოდა. სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთის ახალ ნაბიჯს კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოჰყვეს და უფრო მეტადაც დაიძაბოს მსოფლიოში მდგომარეობა, მაგრამ ნაკლებად საეჭვოა, რომ საქართველომ, როგორც რეგიონში მშვიდობის გამტარებელმა ქვეყანამ, დადებითზე მეტი უარყოფითი მიიღოს. ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობის გამო, ჩვენი როლი ძალიან იზრდება. ფინანსისტი ნიკა შენგელიაც მიიჩნევს, რომ ახლანდელი მდგომარეობა ქვეყანისათვის დადებითი ეფექტის მომტანი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება ასოცირდება იმასთან, რომ თითქოსდა ხალხი მოაწყდება საქართველოს, არადა, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება არის საკმაოდ ძვირი. კანონის მიხედვით, ახლა იზღუდება 18-დან 65-წლამდე მოსახლეობის ქვეყნიდან გადინება რუსეთიდან. ამიტომ აქ თუ ვინმე ჩამოსვლას მოასწრებს, იქნებიან აუცილებლად შეძლებული რუსები. არ ვფიქრობ, რომ დიდი რაოდენობით ჩამოვლენ, თუმცა ეკონომიკურად ეს იქნება ისეთივე დადებითი ეფექტის მომტანი ეკონომიკისთვის, როგორიც უკვე მივიღეთ. ფული შემოვიდა, რაც ძირითადად იხარჯებოდა მოთხოვნაში, ხოლო ამის საშუალებით ქვეყნის ეკონომიკა მივიდა ორნიშნა ზრდამდე. თუ პოლიტიკურად ვინმე რამეს ფიქრობს, არ ვიცი, მაგრამ უარყოფითი ეფექტი, შეიძლება ის იყოს, რომ რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა გაიზრდება საქართველოში. კანონის მიხედვით, თუ მამაკაცი შემოსულია საქართველოში (18-დან 65 წლამდე) ფაქტობრივად ის აქედან უკან ვეღარ დაბრუნდება. ამჟამინდელი ბრძანება დიდხანს იმოქმედებს რუსეთში. ომს გამოქცეული ამ ასაკის მამაკაცები ყველანი დარჩებიან საქართველოში, ხოლო თანხის შემოდინების მხრივ დადებითი ტენდენცია გაგრძელდება და ლარის კურსზეც პოზიტიურად აისახება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთას საუბრისას ნიკა შენგელია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა