ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022

გია ხუხაშვილი - “ივანიშვილი ვაჭრობს და ვაჭრობს ძალიან ცუდად, ფაქტობრივად, ქვეყნის მომავლით”

მობილიზაცია, “რეფერენდუმები” და ომი - რუსებს ლიმანთან და ხერსონთან სერიოზული პრობლემები აქვთ

“პუტინი და რუსული სამხედრო აზროვნება ცაიტნოტშია” - ლაშა ბერიძე

რუსეთი საზღვრებს კეტავს და სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებისთვის ემზადება

ლევან ცუცქირიძე - “რუსეთის მოსახლეობა ახალ რეალობაში იღვიძებს: უახლოვდება თუ არა პუტინის რეჟიმი დასასრულს”

* * *

გია ხუხაშვილი - “ივანიშვილი ვაჭრობს და ვაჭრობს ძალიან ცუდად, ფაქტობრივად, ქვეყნის მომავლით”

“ჩვენ რომ გვყავდეს ხელისუფლება, რომელსაც აქვს ფასეულობათა სისტემა, მყარი ორიენტირები ან გრძელვადიანი ამოცანები და მიზნები, მაშინ პრემიერის ამ გამოსვლას წონა ექნებოდა, მაგრამ სინამდვილეში გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია დილას ერთი თქვას, საღამოს კი საკუთარი ნათქვამის საპირისპირო პოზიციაზე აღმოჩნდეს, თან გაკვირვებულმა იკითხოს, დილას როდის ვთქვი განსხვავებული რამეო? მოკლედ, საქმე გვაქვს პრინციპებისა და ღირსებისგან დაცლილ ხელისუფლებასთან. ის ორიენტირებულია მხოლოდ ძალაუფლებაზე და არა აქვს გრძელვადიანი ამოცანები. მისთვის მნიშვნელოვანია სიტუაციაზე მორგება. დღეს ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ქამელეონის პოლიტიკა ტარდება”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გაქცევა პუტინისგან ანუ უქმნის თუ არა საფრთხეს საქართველოს რუსი მიგრანტების დიდი ტალღა?!

“ივანიშვილის მთავარი ამოცანაა თვითგადარჩენა - სიცოცხლის, კეთილდღეობისა და ძალაუფლების შენარჩუნება. მეტი ამოცანა რეალურ ხელისუფალს არა აქვს. შესაბამისად, ღარიბაშვილის ვითომ პროდასავლურ რიტორიკას არ უნდა მივანიჭოთ დიდი მნიშვნელობა. გავიხსენოთ, პრემიერს გზად გაეროსკენ მათი პარტიის წარმომადგენელმა ოთხეულმა (ილუზიაა, რომ ისინი სადღაც წავიდნენ) როგორ დააწია, აგრესიულად ანტიდასავლური მორიგი განცხადება. ასე რომ, მის გამოსვლას არ მივაქცევდი ყურადღებას, იქაც დიდად არავინ უსმენდა. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ევროპაშიც მშვენივრად იციან, სინამდვილეში რაც ხდება საქართველოში. ეს უფრო ჩვენი საზოგადოების “დაბოლებაზე” ორიენტირებული განცხადებები იყო. რეალურად არაფერი იცვლება... ეს რომ ნამდვილად ასეა, საქართველო-რუსეთის საზღვარზე რაც ხდება, იმითაც ნათელია. ვინმეს აქვს ილუზია, რომ 12-პუნქტიანი პირობები შესრულდება და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი მართლაც გაიმართება?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “სხვათა შორის, ბოლო ხანს ისმის ვარაუდები, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა გაუშვან თანამდებობიდან...” - პასუხობს:

“ლოგიკური ვარაუდია. უახლოეს ისტორიას თუ გადავხედავთ, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრების ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ გაათავისუფლეს, ან როგორც თვითონ ამბობდნენ, გადადგნენ. თუ პოლიტიკური ლოგიკით ვიმსჯელებთ, ვერაფერს გამოვრიცხავთ, მით უფრო, რომ ღარიბაშვილის გადაყენებისთვის დღეს გაცილებით მეტი მიზეზი აქვს იმას, ვის ხელშიც არის რეალური ძალაუფლება. იმიტომ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს შტატებში ვიზიტისას მაღალი დონის შეხვედრები არ ჰქონია. როგორ მოიქცევა ხელისუფალი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამის პროგნოზირება ძნელია, გააჩნია, რომელ ფეხზე ადგება”...

“ერთია, პოლიტიკური ლოგიკა და კანონზომიერება, და მეორე, რა ხდება ივანიშვილის თავში. მას დიდი არჩევანიც აღარ აქვს. “ქართულმა ოცნებამ” დიდი სტერილიზაცია განიცადა. ვთქვათ, გაუშვა ღარიბაშვილი, ვინ უნდა დასვას მის ადგილას? უკვე აღარ იცის, როგორი პოლიტიკა გაატაროს. ისევ იძახოს, პროდასავლელი ვარო და თან რუსეთს თვალი უპაჭუნოს, თუ რა ქნას! იმასაც ხვდება, რომ ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. ეს ომიც აღარ დასრულდა, რომ ვითარებაში უკეთ გარკვეულიყო. დღეს ივანიშვილი საკუთარი შიშების და შფოთვის მძევალია. მას არა აქვს დასავლეთთან ურთიერთობის ნეგატიური გამოცდილება. აქამდე დასავლეთმა ყველაფერი აპატია და ყველაფერზე თვალი დაუხუჭა, თან ხედავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას დღეს სერიოზული პრობლემები აქვთ, კონცენტრირებული არიან უკრაინაზე და ამასთანავე, უფრთხილდებიან საქართველოსთან ურთიერთობას, შიშობენ, რომ უკიდურესი კრიტიკით მეტად არ უბიძგონ რუსეთისკენ, აი, ამ ყველაფრის გაანალიზების შედეგად ივანიშვილი ვაჭრობს და ვაჭრობს ძალიან ცუდად, ფაქტობრივად, ქვეყნის მომავლით. სხვაგვარად არც შეუძლია, ალბათ, რადგან მისი მსოფლმხედველობა რუსეთში ჩამოყალიბდა. მიაჩნია, რომ ძალაუფლების სტრუქტურა ისეთი უნდა იყოს, როგორიც რუსეთში უნახავს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“თანაც გაითვალისწინეთ, როცა მან რუსეთში წარმატებას მიაღწია, ყველა თვითგადარჩენისა და თვითდამკვიდრების რეჟიმში მუშაობდა. მე როგორც ვხედავ, მისთვის, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, რომ რუსეთი შეიძლება ამ ომში დამარცხდეს. გაგახსენებთ, ომის დაწყების პირველ ხანებში ხელისუფლება პირდაპირ გვამზადებდა “ტრაქტატი 2”-ისთვის მთელი თავისი პროპაგანდისტული ნარატივით. ხელისუფლებაში დარწმუნებული იყვნენ, რომ უკრაინის ომი სწრაფად დამთავრდებოდა, რუსეთი გაიმარჯვებდა და საქართველოს მეორე დღესვე შესთავაზებდა ტრაქტატის მსგავს დოკუმენტზე ხელის მოწერას. ისინი ამისთვის გვამზადებდნენ. შემთხვევითი არ იყო ერეკლე მეორის თემის წამოწევა, მასთან დაკავშირებული მითოლოგიის კიდევ უფრო გაბერვა. ჩვენში, ფაქტობრივად, იმ ვითარების მოდელირება ხდებოდა, რომლის დროსაც საზოგადოებაში უნდა დამკვიდრებულიყო აზრი, რომ მალე ერეკლეს დილემის წინაშე დავდგებოდით”, - თვლის რესპონდენტი.

“ეს პროგნოზი არ გამართლდა, მაგრამ ხელისუფლებაში დღესაც არ არიან ბოლომდე დარწმუნებული, რომ რუსეთი დამარცხდება. მოკლედ, არ დამდგარა ის კრიტიკული მომენტი, როდესაც ხელისუფალი დარწმუნდება, რომ რუსეთი აგებს. ეს მომენტი რომ დადგება, მერე შეიძლება პოზიცია რადიკალურად შეიცვალონ. ახლა კი ცდილობენ რაღაც ბალანსი დაამყარონ - ერთდროულად დასავლური და ანტიდასავლური რიტორიკით. რაც მთავარია, ოპოზიცია თავისი სისუსტით ამაში ძალიან ეხმარება, რის შედეგადაც ხელისუფლებას სავაჭრო დიაპაზონი საკმაოდ ფართო აქვს. დასავლეთში ფიქრობენ, გასაგებია, “ქართული ოცნება” ვირეშმაკობს, მაგრამ სხვა რა გამოსავალი გვაქვსო. ქვეყანაში ძლიერი პოლიტიკური ალტერნატივა ვერ ყალიბდება, რაც გააჩენს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების შესაძლებლობას”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“ საქართველოში ყოფნის 360-დღეიანი ვადა არა ხანგრძლივი, არამედ უსასრულოა. საქმე ის არის, რომ როდესაც რუსეთის მოქალაქეს თითქმის მთელი წლით ვუშვებთ ქვეყანაში, მას შეუძლია წლის ბოლოს გადაკვეთოს აზერბაიჯანის ან სომხეთის საზღვარი, ისადილოს, მერე ისევ გადმოვიდეს უკან და კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივოს საქართველოში ცხოვრების უფლება. რუსეთის მოქალაქეების პირველი ნაკადი, რომელიც რუსეთიდან ომის დაწყებიდან მალევე შემოვიდა, რამდენიმე სეგმენტად იყოფოდა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ტურისტული მიზნით ჩამოვიდნენ, უფრო მეტნი იყვნენ ადამიანები, რომელთაც რუსეთში შეექმნათ პრობლემები, მათ შორის ბიზნესში, და იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც ჩამოვიდნენ აბსოლუტურად კონკრეტული მიზნებით - მათი ამოცანა იყო აქ შექმნილიყო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ რუსეთის პრობლემები გადაეწყვიტათ, მათ შორის სანქციების გვერდის ავლით ფინანსური ნაკადების მართვა. მათ ეს ინფრასტრუქტურა საქართველოში შექმნეს და დღემდე მოქმედებენ. ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, რაზეც საქართველოს სახელმწიფომ თვალი დახუჭა და ამგვარად რუსეთისთვის დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ეკონომიკურ ომში რუსეთის მხარეს აღმოჩნდა”, - განმარტავს ექსპერტი.

“დღეს ეს სურათი შედარებით დაიწმინდა - ის ხალხი, რომელიც ახლა შემოდის ქვეყანაში, არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ომში წასვლა. ის კი არა, რომ რუსეთის პოლიტიკას არ ეთანხმებიან, არამედ ომში მონაწილეობის ეშინიათ და ტოვებენ რუსეთს, რათა არ მოხვდნენ “ხორცსაკეპში”. ჩვენს ხელისუფლებას აქვს კარგი შანსი, რომ ჩაკეტოს საზღვარი. ამჯერად რუსეთს ეს არ ეწყინება. ეტყვიან, რომ მათ მობილიზაციაში უწყობენ ხელს. თუ არ ჩაკეტავენ, მაშინ ფილტრაცია მაინც მოახდინონ, შეავსებინონ დოკუმენტი, რომლითაც შემომსვლელები აღიარებენ, რომ არ სურთ ომში წასვლა და გააკეთებენ განაცხადს პოლიტიკური დევნილის სტატუსის მოთხოვნით. ასე, როგორც რუსეთს, ისე დასავლეთს დოკუმენტირებულად ავუხსნით ჩვენს პოზიციას. თუმცა ამაზე საქართველოში არავინ ლაპარაკობს. ჩვენი პოლიტიკის უბედურება ის არის, რომ არც ერთი მხარე არ მსჯელობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მთავარია, რომ რაღაც მოსწონთ ან არ მოსწონთ. არადა, პოლიტიკა მოწონება-არმოწონებით არ იწარმოება. პოლიტიკა იწარმოება რაციონალური გათვლით და სახელმწიფოებრივ სარგებელზე ორიენტაციით. ამ მხრივ ჩვენი პოლიტიკური ელიტა აბსოლუტურ კატასტროფაშია. არავინ აფასებს პროცესებს სახელმწიფო სარგებლის პრიზმაში, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“გარდა ამისა, გვაქვს წმინდად დემოგრაფიული პრობლემა. დარწმუნებული ვარ, თქვენ გარშემოც ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ქვეყნიდან. ბოლო ხანს გაძლიერებულია ემიგრაციული პროცესები, რაც საქართველოს უახლოეს ისტორიაში უმძიმეს წლებშიც კი ასეთი ინტენსიური არ ყოფილა. ამასთან, ერთი კვარტალის სტატისტიკით, სიკვდილიანობა ბევრად აღემატება შობადობას. ამის პარალელურად ქვეყანაში შემოდის ათასობით რუსი. თუ ეს დინამიკა გაგრძელდა, მივიღებთ ძალიან სერიოზულ დემოგრაფიულ პრობლემებს. კითხვა მაქვს: დღეში 1500 მანქანას რომ უშვებენ, ვინმე ამოწმებს ამ ხალხს “ოკუპაციის შესახებ” კანონის შესაბამისად? დარწმუნებული ვარ, არავინაც არ ამოწმებს. ფაქტობრივად, კანონის მოთხოვნებზე თვალს ხუჭავენ ჩვენი სასაზღვრო და საბაჟო სამსახურები. ძალიან ბევრი ამგვარი საკითხია, რაც, ფაქტობრივად, წყალს ამღვრევს, რომელშიც ვიღაც თევზს იჭერს. შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ჩაბუდებულია სისტემური აგენტურა, რომელიც ამ ყველაფერს შეგნებულად უწყობს ხელს. გარდა ამისა, ხელისუფლებაში არიან ჭკუამოკლე, ბრიყვი ადამიანები, რომლებიც ამაზე აწყობენ ბიზნესს, ბიზნესს უძრავ ქონებაში, ამ ხალხის ლეგალიზაციასა და რეგისტრაციებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ...” - ამბობს გია ხუხაშვილი.

“კიდევ ერთი პრობლემაა ყოველდღიურად ამდენი მანქანის რუსეთიდან შემოსვლა. ისედაც რა დღეშია დედაქალაქი ამ საცობების გამო და კიდევ ეს მანქანები ემატება. თან გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში რეგისტრირებულ მანქანებზე ვრცელდება ქვეყნის კანონმდებლობა და თუ რამეს ვაშავებთ, ვისჯებით კიდეც, მაგრამ ამისგან სრულიად გათავისუფლებულია უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მანქანები. რასაც უნდა დააშავებენ და პასუხს არ აგებენ. ამით კიდევ მეტად აძლიერებენ შექმნილ ქაოსს. ესეც კი ვერ გადაწყვიტეს აქამდე, რომ მოძებნონ თუნდაც დროებითი რეგისტრაციის რაღაც ფორმა და მექანიზმი, რომლითაც უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მანქანების მეპატრონეები დაემორჩილებიან საქართველოს კანონმდებლობას. საბოლოოდ, თუ ყველა კომპონენტს შევაჯამებთ, ის, არც დღეს ხდება, ეს არის დიდი პრობლემა, ჩვენი ხელისუფლება კი გვარწმუნებს, არაფერი ხდებაო. თურმე როდესაც ვაპროტესტებთ რუსების შემოსვლას, ქვეყნის განვითარებას ვუშლით ხელს. დიდი ბოდიში, მაგრამ თუ ჩვენი ინტეგრაციის ხარისხი რუსეთთან ასეთი მაღალია და საქართველოს ეკონომიკური განვითარება რუს მიგრანტებზეა დამოკიდებული, მაშინ უკვე ოკუპირებული ვყოფილვართ და ეგ არის”, - დასძენს ექსპერტი.

მობილიზაცია, “რეფერენდუმები” და ომი - რუსებს ლიმანთან და ხერსონთან სერიოზული პრობლემები აქვთ

“შეიტანს თუ არა ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია ფრონტის ხაზზე გარდატეხას და რატომ გადაწყვიტა მან ყველაზე არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება? სამხედრო ანალიტიკოსები “რეზონანსთან” საუბრისას ამას განწირული ადამიანის ბოლო ქმედებას უწოდებენ. პარალელურად კი ფრონტზე მოვლენები რუსებისთვის არცთუ სახარბიელო მიმართულებით ვითარდება. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, კრემლი იძულებული გახდა მობილიზაცია გამოეცხადებინა, რადგან ამხელა ფრონტის ხაზის გაკონტროლება არსებული რესურსით არ შეუძლია. მათი შეფასებით, პუტინი ამაში მაშინ დარწმუნდა, როცა ხარკოვის ოლქი უკრაინელებმა მცირე ძალებით 5 დღეში აიღეს. ამიტომ ეს მობილიზაცია რუსებს სუსტი წერტილების ამოვსების საშუალებას მისცემს. თუმცა არსებობს საფრთხე, რომ მას “აფეთქება” ქვეყნის შიგნით ელის. ამიტომ პუტინი რისკავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მობილიზაცია, “რეფერენდუმები” და ომი - რუსებს ლიმანთან და ხერსონთან სერიოზული პრობლემები აქვთ.

“რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას, ხერსონში უკრაინას რუსები მარყუჟში ჰყავთ მოქცეული და შეტევას აგრძელებს. რუსულ და უკრაინულ “ტელეგრამ” არხებში გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები, რომ რუსულ სარდლობას ხერსონიდან ჯარის გაყვანა სურდა, მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა ამაზე გადაჭრით თქვა უარი. ამის პარალელურად რუსეთი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას არ წყვეტს, მათ შორის ირანული წარმოების თვითმკვლელი დრონებით შაბათსა და კვირას იერიში მიიტანეს ოდესაზე. ქალაქის ცენტრში ადმინისტრაციულ შენობას სამჯერ დაარტყეს. ოკუპანტებმა იერიშები მიიტანეს სუმზეც. რუსული ძალების მიერ იერიშები განხორციელდა ზაპოროჟიეზეც. ყოველივე ამის ფონზე, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში მიმდინარეობს ე.წ. რეფერენდუმები რუსეთთან მიერთების საკითხზე, რომლებიც 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდება. პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე ამბობს, რომ ახლა ფრონტის ხაზზე თუ რა ხდება და რა სიტუაციაა, რეალური სურათი დიდად არავინ იცის. უკრაინელები ხერსონის მიმართულებით აქტიურობენ, მაგრამ რეალურად რა სურათია არავინ საუბრობს და ესეც უკრაინის მხრიდან ტაქტიკური მანევრია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახლა პუტინის მაქსიმალური მიზანია ხერსონი და სხვა დაკავებული ტერიტორიები შეინარჩუნოს, მინიმალური მიზანი კი 24 თებერვლამდე მიტაცებული ტერიტორიების შენარჩუნებაა. ხერსონთან ახლა უკრაინას რუსების 25 000-იანი შენაერთი მარყუჟში ჰყავს მოქცეული. რუსებმა თუ იმათ გამოყვანაზე არ იზრუნეს, ტყვედ ჩავარდნა ემუქრებათ. უნდა დაყარონ იარაღი და სანამ მდინარე თბილია ცურვით და სხვა საშუალებებით გამოიყვანონ. ახლა მთავარი აქცენტი ხერსონზე აქვს უკრაინას გაკეთებული. არსებობს ვარაუდი, რომ ის დაარტყამს რუსებს ზაპროჟიეს ან ხერსონის მიმართულებიდან. ორივე შემთხვევაში რუსებს მძიმე სურათი აქვთ. ამიტომაც ცდილობს პუტინი მობილიზაციას, რომ ამ ფრონტის ხაზის ჩამოშლა დააზღვიოს. რუსების მობილიზაცია უკრაინას ამოცანას ურთულებს, მაგრამ ეს არ არის გადაუწყვეტელი ამოცანა. ერთი თვე მაინც უნდა, რომ ფრონტის ხაზზე ამ მობილიზაციის შედეგი ვიხილოთ. მიუხედავად ამისა, უკრაინა, ოპერატიული სიღრმიდან გამომდინარე, რუსებს სუსტ წერტილს მაინც ყოველთვის უპოვის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკია ბარბაქაძე.

“კრემლში იმედი აქვთ, რომ ამ მობილიზაციის საშუალებით გადააგორებენ ზამთარს, რის შემდეგაც ძალთა გადაჯგუფების საშუალება მიეცემათ. მობილიზაციას პუტინისთვის ექნება უარყოფითი შედეგებიც. ერთი ის, რომ ეს ჯარი არის მოუმზადებელი. ამიტომ იმ შედეგს ვერ მიიღებს, რასაც ის ელის. მეორეც, აქ დიდი კორუფციული გარიგებები წავა - ომში წასვლისგან თავის არიდების მიზნით დიდი აღებ- მიცემობაა დაწყებული. რაც მთავარია, რუსეთის საზოგადოებაში გაჩნდა უკმაყოფლება და შიში, რომელიც შესაძლოა ეს სერიოზულ არეულობაში გადაიზარდოს. განსაკუთრებით ეს საფრთხე კავკასიაში არსებობს. დივანზე წამოწოლილი რუსები ომს ემხრობოდნენ და კომპიუტერზე კაკუნით პუტინის ყველა გადაწყვეტილებას ამართლებდნენ. ახლა კი უკვე იგრძნეს, რომ 300 000 გასაწვევი ადამიანი ხორცის მასაა, რომელიც პუტინს არ ადარდებს”, - დაასკვნის ბარბაქაძე. გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი და “ჯეოქეისის” ანალიტიკოსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ახლა უკრაინელები გარკვეულ ლოკალურ მიმართულებებზე კონტრშეტევებს ახორციელებენ, თუმცა ეს არ არის ის ოპერტიული ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა, რაც უკრაინას თავისი ტერიტორიების დაბრუნების საშალებას მისცემს. ამისთვის უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება როგორც ხალხის მობილიზება, ასევე აღჭურვილობის დამატება”, - დასძენს გამოცემა.

“დიდი იმედი მაქვს, როდესაც 1-ლი ოქტომბრიდან ლენდ-ლიზი სრულად ამოქმედდება და უკრაინა ამ აღჭურვილობას მიიღებს. მას პირადი შემადგენლობა დღეისთვის არ აკლია. ის ახერხებს, რომ მობილიზაცია რუსებზე ოპერტიულად და ეფექტიანად განახორციელოს. უკრაინელებმა რუსების შეტევა შეაჩერეს და აქეთ ჩაიგდეს ინიციატივა ხელში. თუმცა იმისთვის, რომ კონტრშეტევითი დარტყმა განახოციელონ, აღჭურვილობა სჭირდებათ. ყველა ნიშანი არის იმისა, რომ დასალეთს უკრაინის დახმარება უნდა. პრობლემა არის ის, თუ დასავლეთი უკრაინის გამაჯვებად რას ჩათვლის. მე ეჭვით ვუყურებ იმ გარემოებას, რომ უკრაინამ ყველა დაკარგული ტერიტორია რომც დაიბრუნოს, ომი დასრულდება. ამიტომ რუსეთზე პოლიტიკურ ზეწოლასაც დიდი მნიშვნელობა აქვს“, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ჩანს, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ პუტინი დაარწმუნა, რომ ის ძალები, რომელიც ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფება, აბსოლუტურად არ შეესაბამება არსებულ მასშტაბებს. ეს შეუსაბამობა პუტინმა ხარკოვის ოლქში მომხდარი ამბის შემდეგ შეიგნო - რომ ამ რაოდენობის ჯარს ამხელა ტერიტორიის დაცვა არ ძალუძს. მეორე ისაა, რომ პუტინი ამ მობილიზაციით წარუმატებლობას აღიარებს. მესამე ისაა, თუ რამდენად შეძლებს რუსეთი ამხელა მასის აღჭურვას, მომზადებას, შეიარაღებას. ამას სჭირდება ოფიცრები, იარაღი, მომზადება, სასწავლო ცენტრები და ა.შ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესენი არ არიან იმ ხარისხის მეომრები, რომლებიც კონფლიქტის საწყის ეტაპზე იყვნენ ჩართული საბრძოლო მოქმედებებში. ამიტომ ეს არ იქნება იმ დონის ხელშესახები ძალა, რომ ომში გარდატეხა შეიტანოს”, - განაგრძობს გენერალი.

“შეტევისთვის ცოცხალი ძალის დიდი რაოდენობა 21-ე საუკუნეში ნაკლებ ეფექტიანია. თუმცა თავდაცვის ორგანიზებისთვის ეფექტი ექნება. ამიტომაც რუსეთის მთელი სტრატეგია იმაზეა მიმართული, რომ დაკავებული ტერიტორიები გაამაგრონ. რუსული სარდლობა ხალხის მასის სიმჭიდროვით არსებულ ხვრელებს ამოავსებს და ამხელა ფრონტზე აღარ ექნება სუსტი რგოლები, რომ უკრაინელებმა გაარღვიონ. თუმცა ამ მობილიზაციის შედეგად ორ ეფექტს ველოდები. ერთი, რომ ეს ომი თავად რუსეთში პოპულარული აღარ იქნება. უკვე პოპულარობას კარგავს, მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება. მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ უკრაინა მზად უნდა იყოს ომის გახანგრძლივებისათვის, რადგან ხალხის დიდი მასის ფრონტზე მოხვედრა ომის მსვლელობას ნამდვილად გააჭინაურებს“, - თვლის ვახტანგ კაპანაძე.

“პუტინი და რუსული სამხედრო აზროვნება ცაიტნოტშია” - ლაშა ბერიძე

“ ეს მობილიზაცია უფრო პოლიტიკური ნაბიჯია და ვფიქრობ, მას გადამწყვეტი ეფექტი არ ექნება. რეზერვისტი, 300 ათასი იქნება თუ 300 მილიონი, მნიშვნელობა აღარ აქვს. ამ ომში პირველივე დღიდან აკლდა რუსეთს მომზადებული ჯარისკაცები, პირადი შემადგენლობა. ახლა, როცა უპირატესობამ ნელ-ნელა უკრაინის მხარეს გადაინაცვლა, მას შეუძლია დაბომბოს რუსული ქვედანაყოფები. რუსეთს ყველაზე მეტად ქვეითი ჯარი უჭირს, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს, ვერ მოქმედებენ - კოლონა ჩამოქვეითდებოდა თუ არა, ქაოსი იწყებოდა. მობილიზაცია ეფექტური რომ იყოს და ეს ხალხი საზარბაზნე ხორცი არ გახდეს, უნდა გყავდეს მომზადებული და აღჭურვილი რეზერვი. ასეთ ხალხს მოკლე დროში შეუძლია ჩადგეს ფორმაში და დაიცვას სამშობლო. რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ სარეზერვო ქვედანაყოფები არ ჰყოლია, რაც ჰყავდა, უკვე გამოიყენა. ეს ხალხი მხოლოდ და მხოლოდ სამობილიზაციო რესურსია”, - აცხადებს სამხედრო ექსპერტი, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პუტინი და რუსული სამხედრო აზროვნება ცაიტნოტშია”.

“როდესაც ჩვენ ავღანეთის ომში ვგზავნიდით ქვედანაყოფებს, ისინი ექვსთვიან მომზადებას გადიოდნენ ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორების კოორდინირებული მოქმედებით. უკრაინის ომი გაცილებით რთული და სასტიკია, ვიდრე ავღანეთის. ვთქვათ, შეკრიბეს ეს ხალხი და თუ მათ მომზადებას დაიწყებენ, რამეს რომ მიაღწიონ, მინიმუმ, 6 თვე სჭირდებათ. 300 ათასი არარეალური, გაბუქებული ციფრია. 100 ათასი კაცი რომ მოამზადონ, 3 ან 5 კარგად მომზადებულ ქვეით ჯარისკაცზე ერთი ინსტრუქტორი უნდა გათვალო, ესე იგი, 6 თვის განმავლობაში 100 ათასი კაცი რომ მოამზადო, 20 ათასი ინსტრუქტორი გჭირდება. 20 ათასი ინსტრუქტორი რუსებმა სად ჯანდაბაში უნდა ნახონ? ასეთი ხალხი რომ ჰყოლოდათ, მათი ჯარი ასეთი მოუმზადებელი არ იქნებოდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვფიქრობ, პუტინი და რუსული სამხედრო აზროვნება ცაიტნოტშია. ახლა ამ ომის დროს მოინდომეს რეფერენდუმის ჩატარება უკრაინის ოკუპირებულ ოლქებში, რომ თქვან, ეს რუსეთია და თუ თავს დაგვესხმებით, ატომურ ბომბს გამოვიყენებთო. ეს ძალზე მიამიტური აზროვნებაა, ბირთვულ შანტაჟთან გვაქვს საქმე. ბირთვული იარაღის გამოყენება ხომ ურთიერთდანგრევის პრინციპზეა დამყარებული. ბირთვული შეკავება დამყარებული არ არის თავდაცვაზე, ბირთვული შეკავება ნიშნავს იმას, რომ უნდა გაიგო, რომ ვიღაც ბირთვულ იარაღს იყენებს და უნდა დაასწრო. ამ ომში ვხედავთ, რუსეთი რამხელაზე ჩამორჩება ტექნოლოგიებით ყველას. პუტინს უნდა ესმოდეს, რომ თუ ამ ვერაგობას დააპირებს, დიდი ალბათობით, იარაღის გამოყენებას დაასწრებენ”, - მიიჩნე4ვს ექსპერტი და შეკითხვაზე - “დავუშვათ, პუტინმა გაბედა და უკრაინას დაარტყა, რა იქნება მსოფლიოს პასუხი?” - პასუხობს:

“მთელი დასავლეთის სპეცსამსახურები ცდილობენ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვებას. რუსეთი არაერთხელ მკაცრად გააფრთხილეს, როცა ის ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრებოდა. ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში ისიც გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. აშშ-ს ეს საჯაროდ არ განუცხადებია, მაგრამ აშკარად მიანიშნებს, რომ მზად არის თავადაც გამოიყენოს. თუ რუსეთი გადაწყვეტს უკრაინას დაარტყას, დარწმუნებული ვარ, პირველად მას მოხვდება გვერდებში. პუტინი რანაირ გიჟადაც უნდა გვეჩვენებოდეს, მთლად ისეთი გიჟიც არაა, რომ ბირთვული იარაღი გამოიყენოს. დიახ, ეცდება ყველა დააშინოს, არ შემოგვიტიოთ, თორემ ამას ვიზამო, მაგრამ უკრაინელები არ გაჩერდებიან.”

“იმის შიშით, რომ საბჭოთა კავშირს ბირთვული იარაღი ჰქონდა, მისთვის ყველაფერი არ დაუთმიათ, პირიქით, მარტივ მამრავლებად დაშალეს. ასე რომ, ბირთვული ომი შანტაჟია და რეალისტურად არ მიმაჩნია. რუსეთმა ბირთვული იარაღი შეიძლება მაშინ გამოიყენოს, თუ უკრაინელები პირდაპირ რუსეთს შეუტევენ. ჩემი აზრით, ახლა უკრაინა გააგრძელებს წნეხს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებაზე. რუსეთს არა ჰყავს საჭირო რაოდენობის მომზადებული პირადი შემადგენლობა, რომ ეს ყველაფერი დიდი ხნით შეაკავოს, მობილიზებული ხალხი კი ამ მებრძოლებს ვერ ჩაანაცვლებს. ბირთვული შანტაჟის მიუხედავად, რუსეთს გაცილებით მეტი პრობლემა თვით ქვეყანაში ექნება, მობილიზაციის გამოცხადება ერთია, მისი შესრულება - მეორე. რუსეთიდან მომდის ინფორმაცია, რომ თავდაპირველად კავკასიელებსა და ბურიატებს გაიწვევენ. საწყენია, მაგრამ რუსებს ყველაზე მეტი საზარბაზნე ხორცი ჩრდილო კავკასიაში ჰყავთ. როდესაც დიდ ქალაქებს მიადგებიან, წინააღმდეგობა მერე ნახეთ. პუტინს ძალიან რთულ სოციალურ პრობლემებთან ექნება საქმე, ამიტომ ატომურ ბომბებზე “ბლატაობას” უნდა შეეშვას”, - დასძენს ლაშა ბერიძე.

რუსეთი საზღვრებს კეტავს და სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებისთვის ემზადება

“მომავალ კვირას რუსეთში, სავარაუდოდ, სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდება და გასაწვევი ასაკის მამაკაცებს ქვეყნის დატოვება ოფიციალურად აეკრძალებათ. ამის შესახებ რამდენიმე რუსული რესურსი წერს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო სათათბიროში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ამან შესაძლოა რუსეთში საპროტესტო აქციები, პუტინის რეიტინგის დაცემა, კრემლში სიტუაციის დაძაბვასა და სახელმწიფო გადატრიალებაც კი გამოიწვიოს. გამოცემა “უტრო ფევრალიას” ინფორმაციით, სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება იგეგმება უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში - ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდის, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებში, ასევე დიდ ქალაქებში - მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინგბურგში, ნიჟნი ნოვგოროდში, ნოვოსიბირსკსა და ყაზანში. ამავე წყაროს ცნობით, ამ ოლქებსა და ქალაქებში გამოცხადდება კომენდანტის საათი, რომელიც 22:00-დან დაიწყება. გასაწვევი ასაკის - 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს კი, ქვეყნის დატოვებასთან ერთად, რუსეთის რეგიონებს შორის გადაადგილებაც აეკრძალებათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსეთი საზღვრებს კეტავს და სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებისთვის ემზადება.

“უტრო ფევრალია” წერს, რომ საზღვარი გასაწვევი ასაკის მამაკაცებისთვის 27 სექტემბრიდან ჩაიკეტება. მათივე ცნობით, ამ თარიღის შესახებ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე თავად რუსი მესაზღვრეები ეუბნებიან არაოფიციალურად რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ გადიან. გამოცემა “მედუზას” ინფორმაციით კი, 18-დან 60 წლამდე რუსი მამაკაცებისათვის საზღვარი 28 სექტემბრიდან დაიკეტება. “მედუზა” რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საზღვრის ჩაკეტვა უკრაინის 4 ოლქში ე.წ. რეფერენდუმების დასრულების შემდეგ მოხდება. ცნობისათვის, ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან მიერთების შესახებ “რეფერენდუმები” 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდება. ამავე წყაროს ცნობით, რუსეთში იგეგმება გამსვლელი ვიზის შემოღება, რომლის გარეშეც რუსეთის მოქალაქეები საზღვარგარეთ გასვლას ვერ შეძლებენ. ასეთი ვიზები კომისარიატებში გაიცემა, თუმცა, ამ ვიზის ასაღებად კომისარიატში მისულმა მამაკაცებმა შეიძლება ვიზის ნაცვლად ჯარში გაწვევის უწყება მიიღონ. ვახტანგ მაისაიას აზრით, რუსეთში არსებულ ისედაც რთულ ვითარებას საზღვრების ჩაკეტვა და საომარი მდგომარეობის გამოცხადება კიდევ უფრო დაძაბავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პუტინი აპირებს, რომ რუსეთში გამოაცხადოს სამხედრო მდგომარეობა. ამით მას საშუალება ეძლევა რუს მოქალაქეებს, რომლებიც გაწვევას ექვემდებარებიან, აუკრძალოს საზღვრის გადაკვეთა და რუსეთის დატოვება. ამის გამო რუსეთში გაჩნდება საკმაოდ მასშტაბური პროტესტის ტალღა. არავის არ სურს წასვლა ომში, განსაკუთრებით კი თანამედროვე რუსებს. მით უფრო, რომ არ არის გამოკვეთილი რისთვის უნდა იბრძოლონ რუსეთის მოქალაქეებმა უკრაინის წინააღმდეგ. დიდი ალბათობით, შესაძლებელია აღნიშნულმა გამოიწვიოს საპროტესტო აქციები, დაძაბულობა კრემლში, პუტინის რეიტინგის დაცემა და მისი გადაყენებაც კი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ლევან ცუცქირიძე - “რუსეთის მოსახლეობა ახალ რეალობაში იღვიძებს: უახლოვდება თუ არა პუტინის რეჟიმი დასასრულს”

“პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება არის სიგნალი, რომ რუსეთმა ამ ექვსი თვის განმავლობაში ვერც ერთი მიმართულებით ვერ მიაღწია წარმატებას. უკვე ნათელია, რომ უკრაინაში ვეღარ გაიმარჯვებს და იმ ამოცანებს ვერ შეასრულებს, რაც პუტინმა 24 თებერვალს გამოაცხადა. შეუძლებელია! ნაწილობრივი მობილიზაციის მიზანია რუსული არმიის დანაკარგის შევსება, ახალი ძალებით შეეცდებიან ფრონტის სტაბილიზაციას. გაწვეულების მომზადებას რამდენიმე თვე სჭირდება, მით უფრო, რუსული ლოჯისტიკის ძალიან მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით. რუსეთის მოსახლეობა ახალ რეალობაში იღვიძებს”, - აცხადებს ორგანიზაცია “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი და “საქართველოს ევროპული პლატფორმის” თანადამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით უახლოვდება თუ არა პუტინის რეჟიმი დასასრულს.

“აქამდე პუტინსა და მოსახლეობის საშუალო ფენას შორის ერთგვარი ჩუმი კონსენსუსი იყო - პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის ავანტიურები მათ არ შეეხებოდათ, ფულის კეთების საშუალება ექნებოდათ და სანაცვლოდ მის პოლიტიკურ ინტრიგებში არ ჩაერეოდნენ. ეგონათ, პუტინი რუსეთის ენერგორესურსებითა და სხვა ფაქტორებით, თუნდაც ბირთვული იარაღით, “უძლეველი რუსული არმიითა” და სამხედრო ტექნიკით მსოფლიოს დააშანტაჟებდა და პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილში თავისუფლად იმოქმედებდა. ასე არ მოხდა და კონსენსუსიც დაირღვა. საომარი პროცესები ისე არ წარიმართა, როგორც ელოდნენ, ომი მათ სახლებამდეც მივიდა, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა. პუტინი ისეთმა ადამიანებმაც გააკრიტიკეს, რომლებიც ამ ექვსი თვის განმავლობაში მას ძლიერ მმართველსა და სტრატეგს უწოდებდნენ. მთლიანობაში პუტინის სისტემა დასასრულს უახლოვდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ცუცქირიძე.

“პეტერბურგის ხელმძღვანელობამ მობილიზაციის კვოტა ვერ ან არ შეასრულა, მაგრამ ამას მკაცრი რეაგირება არ მოჰყოლია. ესე იგი, დიდ ქალაქებს მაინც ანგარიშს უწევენ. ალბათ, ასევე იქნება მოსკოვშიც. აქცენტს უფრო რუსეთის შორეულ აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაზეა გადაიტანენ, რაც ეთნიკური დისკრიმინაციაა. სამაგიეროდ, გავლენიანი კავშირების მქონე პირები იოლად არიდებენ თავს სამხედრო სამსახურს. ბევრს ნაყიდი აქვს ყალბი ცნობა ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. კორუმპირებული გენერლები ყოველთვის რუსული ჯარის უკურნებელი სენი იყო, რაც კიდევ უფრო გაძლიერდება. ასეთ დაჭაობებულ სახელმწიფოში არმიაში მიდიან უპატრონოები. უმრავლესობისთვის ის ანაზღაურება, რასაც უხდიან, ბევრს ნიშნავს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რუსეთი დაწესებული სანქციებით, ევროპისა და ამერიკის მიერ მისი იზოლაციის შემდეგ იმ საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩა, "უმცროსი პარტნიორი" გახდა. საერთაშორისო არენაზე რუსეთის გავლენის შემცირება და დაკნინება კიდევ და კიდევ გაგრძელდება. დასავლეთსაც და ამერიკასაც ნაწილობრივ მობილიზაციაზე ძალიან მშვიდი და გონივრული რეაქცია ჰქონდათ, უკვე აშკარაა, რისი თავიც აქვს რუსეთს. ამასთან, ნაწილობრივი მობილიზაცია ფრონტზე გავლენას ვერ მოახდენს. რაც შეეხება ბირთვული იარაღით დამუქრებას, დასავლეთში ეს განცხადებაც მშვიდად მიიღეს. კრემლში სიგნალები იგზავნება, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ტაქტიკური მცირე ზომის ბირთვული იარაღის გამოყენებას. ამასთან, ბირთვული იარაღის გამოყენებას ერთი პირი ვერ გადაწყვეტს. ეს საკითხი სამხედრო ხელმძღვანელობამაც უნდა განიხილოს. ეს ერთი ან რამდენიმე წუთის საქმე არ არის და ძალზე პრიმიტიული მოსაზრებაა, გაბრაზებულმა და ჩიხში მოქცეულმა პუტინმა შეიძლება უეცრად გადაწყვიტოს ღილაკს ხელი დააჭიროს და ბომბები უკრაინის მიმართულებით გაუშვასო. თუმცა რუსეთი ამით ვაჭრობას და დასავლეთის შეშინებას არ შეწყვეტს. უკრაინელების შეშინება უკვე არ გამოვა. შესაძლოა კი არ შეეშინდეთ - მათი საბრძოლო სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდეს”, - მიიჩნევს EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი.

“დღეს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია ხვალ სრულ მობილიზაციას არ გამორიცხავს. პუტინმა ყველა პირობა დაარღვია, მათ შორის თებერვლის ბოლოს ნათქვამი, მობილიზაცია არ იქნებაო. რუსული ოპოზიციური მედიის ცნობით, ამ ბრძანებას საიდუმლო ნაწილი აქვს, სადაც მითითებულია, რომ 300 ათასი კი არა, მილიონი კაცის მობილიზაციაა საჭირო. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, მათ შორის ჩვენი ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. “უფასო ლანჩი” არ არსებობს - მისი საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს. თუ ჯიბეში რუსეთის პასპორტი უდევთ და ამ დოკუმენტით სარგებლობდნენ, ისიც არ უნდა გაუკვირდეთ, რომ ხვალ მათაც მიიღონ სამხედრო გაწვევა. რუსეთის ხელმძღვანელობა აუცილებლად ეტყვის, ამდენი წლის განმავლობაში გიცავდით, ქართველებისგან გადაგარჩინეთ, ახლა კი თქვენი სისხლით გადაიხადეთო. უფრო მძიმე ვითარებაა ცხინვალის რეგიონში, რადგან ისინი მსახურობენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და ბევრი დაიღუპა კიდეც”, - ამბობს ლევან ცუცქირიძე.

“ახლა ჩვენს სახელმწიფოს აქვს ბრწყინვალე შანსი, რომ აფხაზებსა და ოსებს დავანახოთ, სინამდვილეში რა გვსურს - მხოლოდ ტერიტორია კი არა, მათთან თანაცხოვრება, მათი კეთილდღეობა, მშვიდობა და განვითარება. შესაძლოა პირდაპირი ნაბიჯების გაკეთება ჯერ ნაადრევია, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ უკრაინაში ომის კვალდაკვალ აქამდე არსებული რუსული წესრიგი ირღვევა. ამის ნათელი მაგალითია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები, სადაც აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლენა ძლიერდება. ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის ვითარებაც უკიდურესად მძიმეა. არაფერს ვამბობთ იმაზე, რა ხდება აღმოსავლეთ ევროპაში, მოლდოვაში, უკრაინაში. რუსული ძალა სუსტდება, ირღვევა და მას სხვა ძალები ავსებენ. საერთაშორისო პოლიტიკაში ვაკუუმი არ არსებობს, ძალიან სწრაფად ივსება. სამხრეთ კავკასიაში რუსული გავლენის შესუსტება მხოლოდ დროის ამბავია, რადგან თამაშის წესებს უკვე თურქეთი ადგენს”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ამას საზოგადოების ერთი ნაწილი საფრთხედ აღიქვამს...” - პასუხობს:

“სინამდვილეში, რეგიონში თურქეთის გაძლიერება დასავლურ გავლენას ნიშნავს, რადგან ეს ქვეყანა სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით არის დასავლეთი. თურქეთი ნატოს წევრი და ევროკავშირში გაწევრების მსურველი ქვეყანაა. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან უთანხმოების მიუხედავად, ის სახელმწიფოებრივად დასავლური არქიტექტურის ნაწილია... ძალიან ბეჯითად უნდა ვიმუშაოთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე და იმავდროულად, ოკუპირებულ რეგიონებს ახალი რეალობიდან გამომდინარე ველაპარაკოთ ერთობლივ გეგმებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, უსაფრთხოების მექანიზმებზე”.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება