ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო

იმაზე, თუ რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთიდან საქართველოში მიგრანტთა რიცხვის ზრდა, „ინტერპრესნიუსი“ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ოთარ ჯანელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ოთარ, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა ნაკადი არ წყდება.

უცნაურია, რუსეთიდან მოდიან ადამიანები, ვინც სულ ცოტა ხნის წინ მხარს უჭერდა პუტინის მიერ დაწყებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ძნელად თუ მოიძებნება ისტორიაში მაგალითები, როცა ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტები იმ ქვეყანაში მიდიოდნენ რომლის ნაწილი მათ ქვეყანას ოკუპირებული აქვს.

მიგრანტთა მასშტაბი იმდენად დიდია, რომ დამკვირვებელთა უმეტესობა საფრთხეებზე საუბრობს. საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ მანამდე, იმაზე გვინდა გესაუბროთ, რაც ახლა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ხდება.

გასულ საუკუნეში რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოში მრავლად იყვნენ მიგრანტები რუსეთიდან. საუბარია იმ ეპოქაზე, რომლის შესწავლას თქვენ არა ერთი კვლევა მიუძღვენით. საინტერესო იქნება ასევე ისტორიული პარალელების თემაზე თქვენი აზრის მოსმენაც.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში მიგრანტებად ჩამოსვლას უკავშირდება?

- საქართველოში რუსი მიგრანტების მომრავლება რომ რუსეთში კარგი ცხოვრებითა არაა გამოწვეული, ფაქტია. ეს იმ საშინელების შედეგია, რაც რუსეთის ფედერაციამ წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ თებერვალში.

21-ე საუკუნეში ყოვლად გაუმართლებელია ერთი სუვერენული სახელმწიფოს მიერ მეორე სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე უაზრო ბრალდებით შეჭრა. რუსეთს როგორც სჩვევია, ომს ომის სახელსაც არ არქმევს და მას სპეცოპერაციას უწოდებს. ისევე, როგორც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას „მშვიდობის იძულების ოპერაცია“ დაარქვა და არა ომი. ასეთი რამ რუსეთის ხელისუფლებებს და მათ პოლიტიკას სჩვევია.

რაც შეეხება რუსეთის მობილიზაციით გამოწვეულ ქაოსსა და საქართველოში რუსეთიდან მიგრანტთა ნაკადებს. რუსეთის ისტორიაში საყოველთაო მობილიზაცია სულ ორჯერ - პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას და მეორედ გერმანიის სსრ კავშირზე თავდასხმისას გამოცხადდა.

ახლანდელი მობილიზაცია საყოველთაო არაა, მხოლოდ ნაწილობრივია, მაგრამ მაინც ხომ მობილიზაციაა. ოფიციალურად ვიცით, რომ აპირებენ 300 ათასი ახალწვეულის შეკრებას, მაგრამ ვრცელდება ინფორმაციაც, რომ მობილიზაცია არანაკლებ ერთ მილიონამდე ადამიანს შეეხება.

საინტერესოა, რომ მობილიზაცია რუსეთის ფედერაციაში გამოცხადდა 21 სექტემბერს - მშვიდობის საერთაშორისო დღეს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი სხვა დღის წესრიგით ცხოვრობს, ვიდრე დანარჩენი ცივილიზებული სამყარო.

მობილიზაციისადმი დამოკიდებულებაში კარგად ჩანს საზოგადოების მორალური სულისკვეთება. განსხვავებით დღევანდელისაგან, 1941 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 5,3 მილიონი ადამიანი იყო მობილიზებული. მაშინ ხალხი არ იმალებოდა, თუმცა გასაქცევიც არსად ჰქონდა. ძალიან ცოტა იყო იმათი რიცხვი, ვინც დეზერტირობდა. იმ ომში ხალხი მიდიოდა რწმენით, ბევრი შიშით, მაგრამ უმეტესობა მაინც პატრიოტული სულისკვეთებით იყო გამსჭვალული. ახლა რუსეთში ამის მსგავსი არაფერი ხდება.

ასეა, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მმართველობის დროს, ისტორია აქციეს პოლიტიკისა და მომავალი თაობების პატრიოტული აღზრდის ნაწილად. ამ საქმეში პუტინის ხელისუფლება უამრავ თანხას ხარჯავს, მაგრამ რა შედეგი მიიღეს, კი ვხედავთ. საქართველოში შემოსული მიგრანტები, ძირითადად ახალგაზრდები, გაურბიან ომს თავისი სიცოცხლის გადასარჩენად. ესაა არსებითი, და არა ის, რომ მათი უმეტესობა გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

საქართველოში შემოსული მიგრანტები, ძირითადად ახალგაზრდები გაურბიან ომს თავიანთი სიცოცხლის გადასარჩენად. ესაა არსებითი, და არა ის, რომ მათი უმეტესობა გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ

რაც შეეხება მიგრანტთა სიმრავლეს. რა თქმა უნდა, მათი სიმრავლე და ნაკადი თუ იქნა უკონტროლო, საქართველოს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. არადა ჩვენს ქვეყანას გამოწვევები ისედაც არ აკლია. რუსები სხვა ქვეყნებშიც გარბიან, მაგრამ, საინტერესოა რატომ მორბიან საქართველოში?

როგორც ჩანს, ისინი საქართველოში თანადგომას მოელიან. არ ვიცი, მათ იციან თუ არა, მაგრამ საქართველო არასდროს ყოფილა რუსული ისტერიით გამორჩეული ქვეყანა. აქ არასდროს ყოფილა რუსოფობია.

მე-19 საუკუნის პირველ მესამედშიც კი, როცა აჯანყება აჯანყებაზე ეწყობოდა რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ, მაშინაც კი, არ ყოფილა საყოველთაო ანტირუსული განწყობები. რომ შეიპყრობდნენ რუს ჯარისკაცებს, მათ არ ხოცავდნენ, მეტიც, ზოგიერთი ოჯახი ამ ადამიანებს იფარავდა კიდეც.

ქართველი ხალხი რუსეთზე არასდროს გაბოროტებულა. არ ვიცი ეს რით შეიძლება აიხსნას. აცნობიერებდნენ, რომ ხალხი სხვაა და სახელმწიფო სხვა, თუ რაში იყო საქმე. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ის, რომ მითი ორი რუსეთის შესახებ ჩამოყალიბდა და ლამის დღემდე არსებობს საქართველოში, ეს ფაქტია.

- რუსეთის მოქალაქეების სიმრავლით გამოწვეულ საფრთხეებზე ახლა ბევრი საუბრობს. თქვენ რა საფრთხეებს ხედავთ?

- საფრთხე რამდენიმე თვალსაზრისით შეიძლება იყოს. ჯერ ერთი, მიგრანტთა დიდ ნაკადში ვინ რა მიზნით მოდის, ამის გარკვევა საზღვარზე ძნელია, მაგრამ ამას ჭირდება კონტროლი. ამისთვის მზად უნდა იყვნენ სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები. რამდენად შევძლებთ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ საამისოდ მზადყოფნა რომ უნდა იყოს, ორი აზრი არ არსებობს.

მიგრანტთა სიმრავლემ შესაძლოა გამოიწვიოს უმართავი ვითარება იმ თვალსაზრისით, რომ ამდენ ადამიანს დაბინავება უნდა, ხელშეწყობა უნდა. თანამედროვე საერთაშორისო კანონმდებლობა კი იმგვარია - თუ მიიღებ, უნდა მოუარო

მიგრანტთა ნაკადები შესაძლოა იყვნენ სხვა ქვეყნებიდანაც. ირანში იმდენად რთულდება ვითარება, არაა გამორიცხული ირანიდან შემოვიდეს ტალღა. თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არ შეწყდა დაპირისპირება, არაა გამორიცხული ამ ქვეყნებიდანაც შემოვიდნენ მიგრანტები. ამან შესაძლოა გამოიწვიოს უმართავი პროცესები, რადგან ჩვენს ქვეყანას გაუჭირდება გაურთულებლად დაძლიოს ეს მასშტაბური გამოწვევა. ამდენ ადამიანს ხომ დაბინავება ჭირდება, მიხედვა უნდა. თანამედროვე საერთაშორისო კანონმდებლობა კი იმგვარია - თუ მიიღებ, უნდა მოუარო.

- ბევრი ამ თემაზე მსჯელობისას საუბრობს დემოგრაფიულ, ეკონომიკურ პრობლემებზე, რადგან როგორც ვნახეთ, რუსი მიგრანტების უმრავლესობა ჯიბეგამოღლეტილი ნამდვილად არაა...

- დიახ, გეთანხმებით, ასეა და ეს დემოგრაფიულ და ეკონომიკურ პრობლემებზეც აისახება. დიახ, უმეტესობა შეძლებული ადამიანები არიან.

თუ შევადარებთ 1918-1920 წლებში საქართველოში რუს მიგრანტებსა და დღევანდელ რეალობას, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც ბევრი ჩამოვიდა, ისინი მართლაც გაურბოდნენ რეჟიმსა და სამოქალაქო ომს. ანუ ისინი იყვნენ ისინი, ვისაც ბოლშევიკური რეჟიმი მართლაც დევნიდა.

1921 წელს, როცა რუსეთი საქართველოს ჯარით მოადგა, თბილისთან ომის დროს ქართულმა შენაერთებმა 1000-მდე ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. ამ ტყვეებს უპოვეს წერილები, რომელიც უნდა გაეგზავნათ თავიანთ ოჯახებში. ერთ-ერთ წერილში ასეთი რამ ეწერა: ჩვენ ყველას თან მოგვაქვს ტომრები, რადგან იმედებით გვკვებავდნენ, რომ საქართველოში ვიპოვით სამოთხეს. დაგვპირდნენ, მთელი კვირა თბილისის გაძარცვის ნებას გაძლევთ, იქ მდიდარი ბურჟუები არიან და ყველაფერი უნდა წავართვათო.

მაშინ ასეთი გაუბედურებული ხალხი მოდიოდა. ახლა მოდის ის, ვისაც ფული აქვს და ხედავს რუსეთში საფრთხეებს. თუ გასული საუკუნის 20-იან წლებში რუსეთიდან ჩამომსვლელი რუსები საქართველოდან რაიმეს წაღებაზე ოცნებობდნენ, ახლა ჩამომსვლელებს თავისი ფინანსებით იოლად შეუძლიათ საქართველოში დამკვიდრება.

თუ გასული საუკუნის 20-იან წლებში რუსეთიდან ჩამომსვლელი რუსები საქართველოდან რაიმეს წაღებაზე ოცნებობდნენ, ახლა ჩამომსვლელებს თავისი ფინანსებით იოლად შეუძლიათ საქართველოში დამკვიდრება

ჩვენი კანონმდებლობა არ კრძალავს მათ მიერ უძრავი ქონების შეძენას და ბიზნესის დარეგისტრირებას. როგორც ვიცით, ბევრმა შეიძინა ბინა და დაარეგისტრირა ბიზნესი. ეს ტენდენცია რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებამდეც საგრძნობი იყო. ცნობილია, რომ საქართველოში რეგისტრირებულია სულ მცირე 7 ათასი კომპანია, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნით. ამ კომპანიების ნაწილი მონაწილეობს და არცთუ იშვიათად იმარჯვებს კიდეც სახელმწიფო ტენდერებშიც.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახლა საქართველოში მიგრანტად დარჩენილია რუსეთის 43 ათასი მოქალაქე. შემოსულია გაცილებით მეტი, მაგრამ დარჩენილია ამდენი. პატარა საქართველოსთვის ეს 43 ათასიც ცოტა არ არის. და ეს ხდება იმ ვითარებაში, როცა სხვადასხვა გარემოებათა გამო საქართველოდან არ წყდება ჩვენი მოქალაქეების გასვლა. ასეთ ფონზე ამდენი უცხოს შემოსვლა, რა მიზნით, ეს კიდევ სხვა საკითხია, რა თქმა უნდა, პრობლემებს კიდევ უფრო გაზრდის.

- არ ვიცოდი, მხოლოდ ახლახან გავიგე, რომ სწორედ 20-იან წლებში ჩამოსულ მიგრანტებს უკავშირდება ის, რომ თბილისის ბაზარს დღესაც დეზერტირების ბაზარი ჰქვია...

- დიახ, ასეა. 20-იან წლების დასაწყისში თბილისში ბევრი რუსი ეროვნების ჯარისკაცი დეზერტირობდა. რა თქმა უნდა, მათ ეკონომიკურად უჭირდათ და თუ რამ ჰქონდათ გაჰქონდათ რკინიგზის სადგურთან ახლოს ბაზარში და ყიდდნენ და ეს ბაზრის სახელწოდებაზეც აისახა.

რუსი ჯარისკაცების ქცევა ყოველთვის აუტანელი იყო ადგილობრივებისთვის. ზუსტად 20-იან წლებში, ისევე როგორც მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოში რუსებს არ ჰქონდათ კარგი სამხედრო ინფრასტრუქტურა და ჯარისკაცებს ასახლებდნენ ქართველების ოჯახებში.

ნიკო ნიკოლაძის მამულშიც, დიდ ჯიხაიშში ჩაასახლეს ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფი. შემორჩენილია დოკუმენტური მასალა, რომელიც კარგად ასახავს მათ ქცევას. ნიკო ნიკოლაძის შვილები უგზავნიან მამას წერილს, რომელიც იმ პერიოდში უცხოეთში იყო, თუ როგორ გაძარცვეს ამ ჯარისკაცებმა მათი სახლ-კარი: წაიღეს ყველაფერი, ქვეშაგებლები, თეთრეული, ჯამ-ჭურჭელი და სხვა რამ, რისი წაღებაც შეიძლებოდა. ასეთი რამ რუსი ჯარისკაცებისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. მათი ასეთი ქმედება წარმოაჩენდა რუსი ჯარისკაცებისა და მთლიანობაში იმ ხალხის ბუნებას, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ.

- რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანმა რუსი მიგრანტებისთვის საზღვარი ჩაკეტა. ბალტიის ქვეყნებს, ფინელებს მათთვის ჩაკეტილი აქვს საზღვარი.

ყაზახი ექსპერტების მტკიცებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყაზახეთში 1 მილიონ 500 ათასზე მეტი რუსი მიგრანტია შესული. მათივე თქმით, რა თქმა უნდა, ყველა ყაზახეთში არ დარჩენილა, მაგრამ ყაზახეთმა გაამკაცრა ამ ქვეყანაში მათი შესვლა.

როდესაც ყველა საუბრობს რუს მიგრანტებზე, როგორც საფრთხეზე, ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს რომ არ დგამს, ფაქტია.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს?

- ამაზე თავად ხელისუფლებამ უნდა გიპასუხოთ. საინტერესოა როგორი იქნება ეს პასუხი.

გარედან დაკვირვება გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ რაღაც ზომები უნდა იყოს მიღებული. შეიძლება თუნდაც დროებით სავიზო რეჟიმი დაწესდეს ან კონტროლი გამკაცრდეს, ანდა ის კანონი ამოქმედდეს სრულად, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, თუ კანონი არ მოქმედებს, მაშინ მის არსებობას რა აზრი აქვს.

არ ვიცი რა გათვლა აქვს ხელისუფლებას. შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ თუ ასე ფართოდ გავუღებთ კარს რუსეთის მოქალაქეებს, შეიძლება შეწყდეს ბორდერიზაცია, ან მავთულხლართების ქვეყნის სიღრმეში გადმოწევა. მაგრამ, ის, რომ ამის სანაცვლოდ ჩვენ ვინმე ან აფხაზეთს ან ცხინვალის რეგიონს დაგვიბრუნებს, ფუჭი მოლოდინი მგონია

თუ არსებობს, მაშინ მისი მუხლები სრულად უნდა მიუსადაგონ რუსეთიდან შემომსვლელებს. დარწმუნებული ვარ, ამ ხალხში ბევრი იქნება ისეთი, ვინც აფხაზეთში, ან ცხინვალის რეგიონში საქართველოს კონტროლირებული ტერტორიებიდან არ იქნება შესული.

არ ვიცი რა გათვლა აქვს ხელისუფლებას. შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ თუ ასე ფართოდ გავუღებთ კარს რუსეთის მოქალაქეებს, შეიძლება შეწყდეს ბორდერიზაცია ან მავთულხლართების ქვეყნის სიღრმეში გადმოწევა. მაგრამ, ის, რომ ამის სანაცვლოდ ჩვენ ვინმე ან აფხაზეთს, ან ცხინვალის რეგიონს დაგვიბრუნებს, ფუჭი მოლოდინი მგონია.

- იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ჩეკისტური მეთოდებით იმართება, გასაკვირი ისაა, რომ თუნდაც ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მათ თავად არ ჩაკეტეს თავისი ქვეყნის საზღვრები.

ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთის ხელისუფლებას თავად აწყობს ქვეყნიდან იმ მოქალაქეების გასვლა, ვინც მის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი?

- როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით მართავს პროცესებს. დაღესტანში საპროტესტო აქციების რამდენიმე შემთხვევა, ანაც ინგუშეთში ანალოგიური ამბები, ანაც მოსკოვსა და პეტერბურგში ქუჩაში გამოსული რამდენიმე ასეული ადამიანი, ბევრს არაფერს არ ნიშნავს.

უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო

თუ რუსეთში ომის საწინააღმდეგო მოძრაობები აზვირთდა, გადაიზარდა მასშტაბურ აქციებში, მაშინ რუსეთის ხელისუფლებას მართლა გაუჩნდება საფრთხე და სხვა ზომებზე გადავლენ. მათ საზღვრების ჩაკეტვა თავადაც შეეძლოთ აქამდე. რა გათვლები აქვთ მათ ამ მიმართებით, ძნელია რაიმე კონკრეტულის თქმა.

რაც თქვენ თქვით, არც ესაა გამოსარიცხი, მაგრამ, ჩვენ ჩვენი უნდა ვიდარდოთ. ჩვენ რა გათვლა გვაქვს და საერთოდ გვაქვს კი საერთოდ რამე გათვლა? ესაა საინტერესო და მთავარი.

შესაძლოა, ხელისუფლება თავისი გათვლების საჯაროდ წარმოჩენას ერიდება ან თვლის, რომ ეს საჭირო სულაც არაა. მაგრამ, უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო.

- ფაქტია, რომ რაც უფრო ცუდად წავა რუსეთში საქმე, რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელ მოქალაქეთა ნაკადი მოიმატებს. ამისთვის ქვეყანა, როგორც მინიმუმ, უნდა ემზადებოდეს.

თქვენი დაკვირვებით, რატომაა რომ ამ თემაზე ხელისუფლება არ საუბრობს და არც არაფერს აკეთებს?

- შესაძლოა, სავარაუდო პასუხი იყოს ასეთი - არაა გამორიცხული, რადგან ეს თემები ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, სახელმწიფო ერიდება ყველაფრის აფიშირებას, მაგრამ საქმეს აკეთებს. თუმცა, ჩვენ უნდა ვხედავდეთ მოქმედების გარკვეულ შედეგებს. თუ რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტთა პროცესი ისეთი ქაოსური და უმართავი დარჩა, როგორიც ახლაა, ქვეყანას კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნება.

"ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება