ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება

ვითარებაში, როცა კრემლის მიერ გავლენის სფეროებად განსრულიყო ქვეყნებში რუსეთის განდევნის პროცესი მიმდინარეობს, შეიძლება ცალსახად თქმა, რომ საქართველოს პოზიცია გაუგებარია როგორც ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის

ჩვენი პარტნიორებისთვის გაუგებარია თუ რატომ არ ავლენს აქტიურობას საქართველოს ხელისუფლება ისეთ საკითხში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი კონცეფციის ფორმირებას ეხება.

რჩება შთაბეჭდილება, ივანიშვილს და მის გუნდსაც მიაჩნიათ, რომ მათი პოლიტიკური მომავალი, ანუ ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივება „რუსეთთან ფრთხილი“ პოზიციით შეიძლება იყოს მიღწეული

ევროკავშირი, ნატო და აშშ წლებია ელოდება საქართველოს ხელისუფლების ხედვას მათ როგორ წარმოუდგენიათ შავი ზღვის უსაფრთხოების ახალ სისტემაში საქართველოს როლი და ადგილი. გასაგებია, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ სურს რუსეთის გაღიზიანება, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ ამ თემაზე ქართულ მხარეს სამუშაო დონეზეც არ აქვს დაწყებული მუშაობა

უკრაინაში მიმდინარე ომისა და მსოფლიოში მომხდარი ცვლილებების ფონზე ამ პროცესებში საქართველოს ხელისუფლების გაუგებარი პოლიტიკა ბევრ ჩვენს დასავლელ პარტნიორს უჩნდება კითხვა - უნდა კი საქართველოს იყოს იყოს ევროპისა და ევროპული უსაფრთხოების ნაწილი?

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება ომის დეკლარირების ტოლფასია. ეს შეიძლება აფხაზებსა და ოსებსაც შეეხოთ. აფხაზებისა და ოსებისთვის ისიც ცხადი უნდა იყოს, რომ რუსეთის დამარცხებას პირდაპირი გავლენა ექნება მათ ბედ-იღბალზე. ეს ის თემაა, რაზეც უნდა ფიქრობდნენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელმძღვანელობები

ევროპული უსაფრთხოების სისტემაში თავისი ადგილის მოძებნით თბილისმა სოხუმსა და ცხინვალს უნდა აჩვენოს, რომ დასავლეთის უსაფრთხოების სისტემაში მას აქვს ადგილი, გარანტიები, რომელსაც ის მოიპოვებს დასავლეთთან თანამშრომლობით. ეს კი უსაფრთხოების გარანტია იქნება როგორც აფხაზებისთვის, ისე სამხრეთელი ოსებისთვის

თუ ოპოზიციამ უარი არ თქვა არარეალისტურ გეგმებზე, ოპოზიციის ლიდერებმა გვერდზე არ გადადეს ამბიციები და არ გაერთიანდნენ, ეს საშუალებას მისცემ „ოცნებას“ თქვას, რომ ის უალტერნატივო ძალაა

სიახლე უნდა ჰქონდეს ოპოზიციას ახალი, კომპეტენტური პოლიტიკური პოლიტიკურის შერჩევაში. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ამ ომის სავარაუდო შედეგები არის უნიკალური შესაძლებლობა ოპოზიციამ სწორად განსაზღვროს თავისი დღის წესრიგი

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უშიშროების მდივნის ყოფილ მოადგილეს ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.

- ბატონო ვანო, ბევრი აქტუალური თემაა, რაზეც ღირს და აუცილებელიცაა მსჯელობა, მაგრამ უკრაინის ომმა მსოფლიო პოლიტიკაში ისეთი ტექტონიკური ძვრები გამოიწვია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა სულ მეტად ხდება აქტუალური.

ვითარებაში, როცა აშშ და დასავლეთი ასე თანმიმდევრულად და აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, საუბრობენ იმ შეცდომებზე, რომელიც აშშ-მ და კოლექტიურმა დასავლეთმა საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელს შეცდომები დაუშვეს, იყო მოლოდინი, რომ ამ პროცესების ფონზე საქართველოს პოზიცია უფრო აქტიური და გასაგები იქნებოდა როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ისე ჩვენი საზოგადოებისთვის. სამწუხაროა, რომ ეს ასე არაა.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მსოფლიოში მომხდარი სერიოზული ცვლილებების ფონზე სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება საქართველოს საგარეო პოლიტიკას?

- მთავარი და ყველასთვის ნათელია ის, რომ უკრაინის ომმა დაამსხვრია მითი რუსეთის ჯარის უძლეველობაზე. რუსეთის გეგმა რამდენიმე დღეში აეღო კიევი და შემდგომ უკრაინა, მის მხარეს გადავიდოდა უკრაინაში მცხოვრები რუსი ეროვნების მოსახლეობა, უბრალოდ არ შედგა. ის გეოპოლიტიკური სივრცე, რომელიც რუსეთმა თავისი პრივილიგირებული გავლენის ზონად განსაზღვრა, ასევე აღმოჩნდა მითი. ეს ჩვენ უკრაინაში დავინახეთ ღიად.

სსრკ-ს ყოფილ დანარჩენ ქვეყნებში, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე კავკასიაში რუსული გავლენების სრული ჩამოშლა ხდება. ამის მაგალითია ყარაბაღის კონფლიქტის განვითარება, ყაზახეთის პოზიცია უკრაინის საკითხში.

ვითარებაში, როცა კრემლის მიერ გავლენის სფეროებად განსაზღვრულ ქვეყნებში რუსეთის განდევნის პროცესი მიმდინარეობს, და ეს ეხება რუსეთის ეკონომიკურ, სამხედრო, ენერგეტიკული გავლენებისგან გათავისუფლებას. მეტიც, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ხდება რუსეთის მსოფლიო ეკონომიკური, ფინანსური, სატრანსპორტო პროექტებიდან იზოლაცია, შეიძლება ცალსახად თქმა, რომ საქართველოს პოზიცია გაუგებარია როგორც ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

ასეა, რადგან საქართველო მიჰყვება დინებას, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპასთან და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, მაგრამ, მეორე მხრივ ვხედავთ, რომ ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება ცალსახადაა უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით მეტწილად იზიარებს რუსულ ნარატივს, და უამრავ საბაბს იგონებს ასე ვიფიქროთ.

ცხადია ისიც, რომ ამ თემებზე ყურადღების გამახვილებას „ქართული ოცნება“ შიდაპოლიტიკური მოხმარებისთვის იყენებს. ამის კარგი მაგალითია ის, რომ ხელისუფლების მტკიცებით დასავლეთი აიძულებს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას.

შესაძლოა, ამგვარი რიტორიკა გასაგები იყოს ჩვენი პარტნიორებისთვის, მაგრამ, ჩვენი პარტნიორებისთვის გაუგებარია თუ რატომ არ ავლენს აქტიურობას საქართველოს ხელისუფლება ისეთ საკითხში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი კონცეფციის ფორმირებას ეხება.

ეს ის თემაა, რომელშიც საქართველოს, როგორც შავი ზღვის ქვეყანას ევროპული უსაფრთხოების სისტემაში თავისი კონკრეტული როლი უნდა ჰქონდეს. ევროპული უსაფრთხოების ახალ სისტემაზე მუშაობს ევროკავშირი, აშშ, ნატო და ჩვენ ამ პროცესში უნდა ვიყოთ ჩართული.

ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ იმას, რომ მმართველი გუნდი ღიადაა გადასული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ შეტევაზე იმ მიზეზით, რომ თითქოს დასავლეთი და განსაკუთრებით აშშ ცდილობენ საქართველომ რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსნას.

ეს რომ სრული აბსურდია, ამას ყველა უარყოფს, მაგრამ ხელისუფლება ამ მოსაზრებას დროდა დრო იმეორებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ცალსახად უშვებს დიდ შეცდომას.

როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას ეშინია მათი პარტიის რეალური ლიდერის, ივანიშვილის, რომელსაც რუსეთში საქმიანობისას რუსეთის ხელისუფლებასთან და პუტინთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. რჩება შთაბეჭდილება, ივანიშვილს და მის გუნდსაც მიაჩნიათ, რომ მათი პოლიტიკური მომავალი, ანუ ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივება „რუსეთთან ფრთხილი“ პოზიციით შეიძლება იყოს მიღწეული.

- შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი კონცეფციის ფორმირებაზე მუშაობა ახსენეთ. ვიცით რომ ამ თემაზე აშშ-ს კონგრესს გადაწყვეტილება აქვს მიღებული. მხედველობაში მაქვს შავ ზღვაში აშშ-ს გააქტიურება. საუბარია იმაზე, რომ შავი ზღვა უნდა გახდეს ევროპული უსაფრთხოების ნაწილი.

სწორად გავიგე, შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი კონცეფციის ფორმირების საკითხებზე მუშაობაში საქართველო არაა ჩართული?

- შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობა წლებია მიმდინარეობს. საქართველოს მიღებული აქვს შეთავაზება წარუდგინონ პარტნიორებს თუ როგორ ხედავს საქართველოს ხელისუფლება შავი ზღვის უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში საქართველოს ადგილსა და როლს მოკავშირეებთან ერთად.

ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს იმ რკინის ფარდის მიღმა, რომელსაც რუსეთი იმ სივრცეზე ჩამოშვებას ცდილობს, რომელსაც თავისი გავლენის სფეროდ მოიაზრებს. ეს რომ ასეა, უკრაინის ომმა ყველა დაარწმუნა. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს ჩამოშვებული რუსული რკინის ფარდის ფარგლებში, ანუ რუსული გავლენის სფეროში.

საუბარია იმაზე, თუ რამდენად მზადაა საქართველოს პორტების ინფრასტრუქტურა ნატოსა და ევროპული უსაფრთხოების საერთო სისტემაში თავისი ადგილი იპოვოს და ჰქონდეს. ამის მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლდათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

რა თქმა უნდა, მას კომერციული დანიშნულება ჰქონდა, მაგრამ ასევე ჰქონდა ძალიან კონკრეტული სტრატეგიული მნიშვნელობა. ანაკლიას შეეძლო შეეტანა თავისი წვლილი შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემაში. ასე ფიქრობენ ევროკავშირში, ნატოში და აშშ-ში.

ევროკავშირი, ნატო და აშშ წლებია ელოდება საქართველოს ხელისუფლების ხედვას მათ როგორ წარმოუდგენიათ შავი ზღვის უსაფრთხოების ახალ სისტემაში საქართველოს როლი და ადგილი. გასაგებია, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ სურს რუსეთის გაღიზიანება, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ ამ თემაზე ქართულ მხარეს სამუშაო დონეზეც არ აქვს დაწყებული მუშაობა.

ეს კი ჩვენ პარტნიორებს საქართველოსთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს უჩენს. უკრაინის ომის ფონზე ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების საუბარი და საზოგადოებისთვის დროდა დრო ნეიტრალიტეტის შეთავაზება ამგვარ კითხვებს კიდევ უფრო ამრავლებს.

- სოხუმის დაცემის 29 წელთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ერთი სიტყვითაც არ უხსენებია რუსეთი, როგორც ოკუპანტი ქვეყანა, რომლის მხარდაჭერითა და აქტიური მონაწილეობით დაიგეგმა და განხორციელდა 1993 წლის სოხუმის ტრაგედია.

რუსეთის მიმართ სიფრთხილე გასაგებია, მაგრამ, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მსოფლიოში მიმდინარე უსერიოზულეს ცვლილებებთან დაკავშირებით მკაფიოდ არ ჩანს არა მხოლოდ უკრაინის ომთან, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია.

სავარაუდოდ, რა შეიძლება იფიქრონ ამაზე ერთი მხრივ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ხოლო მეორე მხრივ ოპონენტებმა სოხუმსა და ცხინვალში?

- ის რომ დასავლეთმა შეცდომები დაუშვა საქართველოსთან მიმართებაში, ვიცით, მაგრამ დასავლეთს ეყო იმის გამბედაობა, რომ ეს ეღიარებინა. ამ თემაზე ჩვენ მოვისმინეთ მკაფიო პოზიციები ისეთი ქვეყნებიდანაც კი როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი.

რუსული იმპერიული და აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნები არა მხოლოდ კონსოლიდირებული არიან, არამედ აცხადებენ, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინაში მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. ვხედავთ, რომ ისინი ამისთვის ბევრს აკეთებენ.

უკრაინაში მიმდინარე ომისა და მსოფლიოში მომხდარი ცვლილებების ფონზე ამ პროცესებში საქართველოს ხელისუფლების გაუგებარი პოლიტიკა ბევრ ჩვენს დასავლელ პარტნიორს უჩნდება კითხვა - უნდა კი საქართველოს იყოს იყოს ევროპისა და ევროპული უსაფრთხოების ნაწილი?

ვიმეორებ, არავის სთხოვს საქართველოს რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ომში ჩართვას, ჩვენგან ითხოვენ პოლიტიკის განსაზღვრას. მათ ესმით, რომ საქართველოს რუსული აგრესიის შემთხვევაში დაუცველია, უკრაინისათვის რესურსების მიწოდების ფონზე დასავლეთი ამ ეტაპზე არაა მზად სამხედრო თვალსაზრისით დაიცვას საქართველო.

მაგრამ, ეს ხელს არ უნდა უშლიდეს იმ პროცესში საქართველოს ჩართულობას, რომელსაც ევროპულ უსაფრთხოებაზე დასავლეთში დაწყებული დიალოგი ჰქვია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს სჭირდება აღმოჩნდეს დასავლური უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ.

ხელისუფლება ამ თემებზე მოსახლეობას გულწრფელად უნდა ესაუბროს თუ რა ხდება ამ მიმართულებით. ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოებამ და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლებისაგან უნდა მოისმინოს სწორი გზავნილები და არა იმის მტკიცება, რომ თურმე დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს.

ამგვარ გზავნილებს ჩვენგან დასავლეთში ელიან, რომ საქართველო არ ჩამორჩეს პროცესებს. დიდი ალბათობით რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, ამ დამარცხების შედეგი იქნება ის, რომ უკრაინა გახდება დასავლური სამყაროს ნაწილი, რა თქმა უნდა, მას მიჰყვება მოლდოვაც.

თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ იაქტიურა იყოს უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

უკრაინის ომმა ყველას დაანახა, რომ რუსეთი უძლეველი ქვეყანა არაა, როცა მას მოწინააღმდეგედ ჰყავს დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი უკრაინა. დიდი ალბათობით უკრაინა თავის ტერიტორიაზე დაამარცხებს რუსეთს. მობილიზაციის გამოცხადებით პუტინმა პრაქტიკულად აღიარა, რომ მის მიერ უკრაინაში დაწყებული სპეცოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა.

მობილიზაციის გამოცხადება ომის დეკლარირების ტოლფასია. ეს შეიძლება აფხაზებსა და ოსებსაც შეეხოთ. აფხაზებისა და ოსებისთვის ისიც ცხადი უნდა იყოს, რომ რუსეთის დამარცხებას პირდაპირი გავლენა ექნება მათ ბედ-იღბალზე. ეს ის თემაა, რაზეც უნდა ფიქრობდნენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელმძღვანელობები.

ევროპული უსაფრთხოების სისტემაში თავისი ადგილის მოძებნით თბილისმა სოხუმსა და ცხინვალს უნდა აჩვენოს, რომ დასავლეთის უსაფრთხოების სისტემაში მას აქვს ადგილი, გარანტიები, რომელსაც ის მოიპოვებს დასავლეთთან თანამშრომლობით. ეს კი უსაფრთხოების გარანტია იქნება როგორც აფხაზებისთვის, ისე სამხრეთელი ოსებისთვის.

ჯერ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით რაიმეს თქმა ძალიან ადრეა, მაგრამ, ფაქტია, რომ საქართველო უნდა იყოს მზად გაიძლიეროს პოზიციები დასავლეთში. დღეს საქართველო არის სუსტი, მას დღეს ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრების ადამიანებისთვის და მათი ხელმძღვანელობებისთვის არაფერი ახლის შეთავაზება არ შეუძლია.

ეს რომ ასე იყოს, საქართველო მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული იმ საერთაშორისო პროცესებში, მოლაპარაკებებში, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდება და რეალურად იქნება მსოფლიოში უსაფრთხოების ახალი სისტემა. ამ სისტემაში უნდა იქნას გაწერილი საქართველოს როლი და ადგილი. ეს იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი როგორც აფხაზებისთვის, ისე სამხრეთელი ოსებისთვის.

სხვა შემთხვევაში ისევ მოვხდებით იმ დინებაში, რომელიც საქართველოსთვის საინტერესო არ იქნება, რადგან ყველაფერი დარჩება ისე, როგორც ახლაა.

- საშინაო პოლიტიკაში ვითარება როგორც მინიმუმ სახარბიელო არ არის. ვერ იდგმება ნაბიჯები ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად, ოპოზიცია ერთმანეთს რადიკალიზმში ეჯიბრება, ფაქტია, რომ ოპოზიციის ლიდერები აქტიური და ეფექტური მოქმედების დღის წესრიგს ვერ ქმნიან.

ამას ემეტა „ნაცმოძრაობაში“ დაწყებული ბრძოლა თუ ბრძოლის იმიტაცია, მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებები, რომ კარგი იქნება თუ „ნაციონალები“ დაიშლებიან და ასე შემდეგ.

ამ და კიდევ სხვა პრობლემების გამო როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- კობახიძის პროგნოზები „ნაცმოძრაობის“ დაშლასთან დაკავშირებით გადაჭარბებული და რეალობისგან საკმაოდ შორსაა. ვხედავთ, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო ისეთი სწორი პოლიტიკის ჩამოყალიბება და გაერთიანება, რომელიც იქნებოდა ოპოზიციის წარმატების ფორმულა.

ქუჩამ ბევრჯერ აჩვენა რომ მზად არის „ქართულ ოცნებას“ უთხრას - ნახვამდის!“. სანამ ოპოზიცია არ ჩამოყალიბდება იმ ლიდერზე, ან ლიდერთა ჯგუფზე, რომელიც იქნება ოპოზიციის გამაერთიანებელი და მისაღები ქუჩისთვის, მანამდე ბევრი არაფერი შეიცვლება ოპოზიციაში.

სხვა შემთხვევაში, ის, რაც ახალ ხდება ოპოზიციურ ფლანგზე, დარჩება ოპოზიციის კიდევ უფრო დაშლის საფუძველი. ეს კიდევ უფრო გაართულებს ქვეყნის მდგომარეობას, რადგან ოპოზიციაში არსებული ვითარება შედეგის მომტანი ქვეყნისთვის აშკარად დამაზიანებელი აღმოჩნდება.

თუ ოპოზიციამ უარი არ თქვა არარეალისტურ გეგმებზე, ოპოზიციის ლიდერებმა გვერდზე არ გადადეს ამბიციები და არ გაერთიანდნენ, ეს საშუალებას მისცემ „ოცნებას“ თქვას, რომ ის უალტერნატივო ძალაა.

2020-ში არჩევნების დასრულების მეორე დღიდან „ქართული ოცნება“ საარჩევნო რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას. მისი რიტორიკა დამყარებულია შიშზე. ჯერ იყო საზოგადოებას „ნაციონალების“ დაბრუნებით აშინებდნენ, ახლა ქვეყნის ომში ჩართვით აშინებენ.

„ქართული ოცნების“ შიშზე აწყობილ სტრატეგიაზე უწევს ოპოზიციას თავის მართლება რომ ოპოზიცია ომის თემასთან დაკავშირებით არაფერ შუაში. ამის პარალელურად ვხედავთ, რომ ოპოზიცია თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს.

სიახლე უნდა ჰქონდეს ოპოზიციას ახალი, კომპეტენტური პოლიტიკური პოლიტიკურის შერჩევაში. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ამ ომის სავარაუდო შედეგები არის უნიკალური შესაძლებლობა ოპოზიციამ სწორად განსაზღვროს თავისი დღის წესრიგი.

გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობისთვის მთავარია საქართველომ არ დაკარგოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა და არ აღმოჩნდეს კიდევ ერთხელ რუსეთის გავლენის ქვეშ. ეს არის ის მთავარი, რასაც მთელი ოპოზიციური სპექტრი სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გონივრულად უნდა მიჰყვებოდეს.

ამ იდეების რეალიზაციისთვის ოპოზიციამ უნდა შეძლოს საზოგადოებაში არარეალისტური მოლოდინების გარეშე მეტი ადამიანის მოზიდვა და საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია.

საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს, რომ ახალი ლიდერებით ოპოზიცია არის „ოცნების“ რეალური ალტერნატივა და მას შეუძლია არჩევნებში გამარჯვება და „ოცნებას“ აღარ ექნება ქვეყნის ერთპარტიულად მართვის საშუალება, რითაც საზოგადოების „ჩვენიანებად“ და „დანარჩენებად“ დაყოფა ქვეყანაში დასრულდება.

"ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა