ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს.

„გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინთან აფხაზეთის პრობლემები განვიხილეთ. ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება. მას დახმარება სჭირდება, რათა ეს აყვავებული მიწა, ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს, ნორმალურად ცხოვრობდეს“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ბელარუსია და რუსეთი კოორდინაციას უწევენ თავიანთ ქმედებებს.

„დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვნახეთ რა გახდა მსოფლიო. მშვიდად ცხოვრების უფლებას არ მოგვცემენ. ამიტომ, მეგობრებთან ურთიერთობა უნდა გავამყაროთ“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ „მეგობრობის ხიდის“ აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.

„მე გამოცდილი ადამიანი ვარ, მრავალი წელია, პოლიტიკაში ვარ. ვისაუბროთ, ვიფიქროთ როგორ ვიცხოვროთ. მთავარი ის არის, რომ აქ ხალხი ღირსეულად ცხოვრობდეს, რადგან ეს სამოთხეა დედამიწაზე, ხალხი კი - წმინდანები არიან. საბჭოთა დროიდან მახსოვს, როცა აქ ვიყავი. ამიტომ, ჩვენ გვინდა ავაგოთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.