უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სიის მიხედვით, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც შეიძლება სანქციებს დაექვემდებარონ, უკვე 19 ათასამდე გაიზარდა. სწორედ ამ სიაში არიან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოებული ადამიანები.

თუმცა როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამ სიის შემუშავების პროცესში მონაწილე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის წარმომადგენელმა, სვიტლანა მუსიიაკამ განაცხადა, სანქცირებულთა საბოლოო სიის დამტკიცებამდე ბევრი სამართლებრივი პროცედურაა გასავლელი, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო სიის შემადგენლობა შეიცვლება.

ვინ მონაწილეობს სასანქციო სიის შედგენაში, რა არგუმენტების საფუძველზე მოიაზრებენ კონკრეტული ადამიანების დასანქცირებას და რა პროცედურებია გასავლელი იქამდე, სანამ პირს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს უკრაინული მხარე სანქციებს დაუქვემდებარებს, სასანქციო სიასთან დაკავშირებულ საკითხებზე სვეტლანა მუსიიაკა ინტერვიუში საუბრობს.

- მინდა გკითხოთ, რა პრინციპით მიმდინარეობს სანქციების სიაზე მუშაობა, რომელიც უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული?

- სანქცირების პროცესი უკრაინის კანონმდებლობით რეგულირდება. ახლა ჩვენ გვაქვს სანქციების სიის შედგენის საწყისი ეტაპი - ეს არის ე.წ. სანქციების სია კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მიერ. სწორედ მათ შეადგინეს პიროვნებებისა და იურიდიული პირების სია, რომლებიც შეიძლება გახდნენ სანქციების სამიზნეები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მიერ სიაში შეყვანილი ყველა ადამიანი დასანქცირდება. ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელიც დაფუძნებულია ანალიზზე, შესწავლილ დოკუმენტაციაზე. აქედან გამომდინარე, გამოითქმის ვარაუდი, რომ ეს ადამიანები ან იურიდიული პირები უნდა იყვნენ სანქცირებულთა სიაში. ამის შემდეგ გადავდივართ იურიდიულ ეტაპზე. სანქციების შესახებ უკრაინის კანონის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტმა და სხვა სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურმა, ეროვნული ბანკმა წინადადებით უნდა მიმართონ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს, რათა მან გაავრცელოს სანქციები ადამიანებსა და იურიდიულ პირებზე. ეს საბჭო განიხილავს ამ წინადადებას და ეთანხმება ან არ ეთანხმება მას იმის მიხედვით, რამდენად მყარი სამართლებრივი საფუძველი აქვს ამას. შემდეგ ეტაპზე უკვე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო თავის გადაწყვეტილებას წარუდგენს პრეზიდენტს და მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია სანქციების სიასთან დაკავშირებით სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება. მხოლოდ მისი გადაწყვეტილება აღინიშნება, როგორც ლეგალური პროცესის დასაწყისი ადამიანების ან იურიდიული პირების სანქცირებისთვის.

ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ეს ფართო სია, არის საწყისი ეტაპი.

- მსურს დაგაკონკრეტებინოთ, რამდენი პირი შედის საწყის ეტაპზე შემუშავებულ სიაში?

- ეს სია გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე - War and Sanctions და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის უკვე დასანქცირებულთა სია. არსებობს ორი ფართო კატეგორია - იმ პირების, რომლებიც უკვე არიან სანქციების ქვეშ და მათი სია, ვინც შეიძლება მოექცნენ სანქციების ქვეშ. რაც შეეხება იმ ადამიანების სია, რომლებიც შესაძლოა დაექვემდებარონ სანქციებს, აქ არის, დაახლოებით, 19 ათასი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან და სხვა ქვეყნებიდან. მინდა გითხრათ, რომ ეს 19 ათასი პირი უკვე არის ჩვენი შესწავლის შედეგი. ჩვენ შესასწავლი კიდევ უფრო ფართო სია გვქონდა ათასობით ადამიანითა და იურიდიული პირით. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ბევრი ორგანიზაცია, ბევრი ადამიანი, ექსპერტი მუშაობს უკრაინაში ამ მიმართულებით. არიან ანალიტიკური-კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ენერგოსექტორის სანქციების მიმართულებით, საბანკო სექტორის მიმართულებით. ასე რომ, საწყისი შესასწავლი მასალა კიდევ უფრო ფართოა და ეს 19 ათასი ადამიანი არის ის, ვინც შეიძლება იყოს სანქცირებული. ჩვენ შევისწავლეთ ყველა მტკიცებულება, შევამოწმეთ დოკუმენტაცია, შევისწავლეთ კავშირები და მხოლოდ ამის შემდეგ შევძელით გვეთქვა, რომ, დიახ, ეს, დაახლოებით, 19 ათასი ადამიანი უნდა იყოს სანქციების ქვეშ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე.

- თქვენ წარმოადგენთ არასამთავრობო ორგანიზაციას. საინტერესოა, თქვენთან ერთად კიდევ ვინ მუშაობს ამ სასანქციო სიის შედგენის საწყის ეტაპზე ?

- როგორც აღვნიშნე, ამ სფეროში ბევრი აქტორი გვყავს, მათ შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, გამომძიებელი ჟურნალისტები, ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციები, სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში მოიცავენ და ზოგ შემთხვევაში არ მოიცავენ მაღალჩინოსნებს. რთულია ამ პროცესში მონაწილეების სრული სიის ჩამოთვლა, რადგან ძალიან ბევრი ჩვენგანი მუშაობს ამაზე. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ყოველთვის არის რუსეთი და შემდეგ უფრო დაკვირვებით ვსწავლობთ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებთანაც მყარი კავშირები იკვეთება.

- ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს 12 მოქალაქე გყავთ შეყვანილი იმ სიაში, რომელიც გამოქვეყნებულია კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე. მათზე რისი თქმა შეგიძლიათ...

- მე შევხედე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებებს სანქციებთან დაკავშირებით და ისინი არ ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ანუ სანქციები არ არის დაწესებული საქართველოს მოქალაქეებზე და შეიძლება არც დაწესდეს, თუმცა კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ფართო სიაში არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, არის ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა ადამიანი, მაგრამ, კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ან მისი ახლო გარემოცვა აუცილებლად იქნება სანქცირებული. ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდია.

- საინტერესოა, დაიწყო თუ არა სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც დასანქცირებულთა საბოლოო სია შეიძლება გამოიკვეთოს?

- ჩვენ ჯერ არ ვიცით, რადგან ეს გასაიდუმლოებული ინფორმაციაა. ყველა ეს შეთავაზება და გადაწყვეტილება გასაიდუმლოებულია და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილება, როდესაც პრეზიდენტი გამოაქვეყნებს დადგენილებას სანქციების სიასთან დაკავშირებით.

მხოლოდ მას შემდეგ გავიგებთ, ვინ დასანქცირდა ჩვენ მიერ შემუშავებული ფართო სიიდან, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ არ გვეცოდინება თუ რამდენი ადამიანის დასანქცირება იყო შეთავაზებული საწყის ეტაპზე ანუ არ გვეცოდინება შეთავაზება გაკეთდა 1000 ადამიანზე და მათგან მხოლოდ 15 დასანქცირდა თუ შეთავაზებული 1000-ვე ადამიანს დაეკისრა სანქციები.

- თქვენ ახსენეთ მტკიცებულებები, რომლებიც მოიძიეთ და შეისწავლეთ საწყის ეტაპზე სიის შედგენისას. შეგიძლიათ გაიხსენოთ, რა სახის მტკიცებულებებზეა საუბარი თუნდაც ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში?

- ვისურვებ, რომ არ დავკონკრეტდე პერსონალიებზე, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენ გვქონდა კვლევის ფართო კატეგორია. მაგალითად, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპლექსი. ჩვენ გავეცანით კორპორაციას, იურიდიულ პირებს და უფრო დაკვირვებით შევისწავლეთ მათი მენეჯმენტი, კავშირები, ხელმძღვანელი პირები. ამის შემდეგ შევამოწმეთ, ეს ადამიანები შედიან თუ არა სანქცირებულთა სიაში, რადგან თუ ეს თავდაცვის ინდუსტრიაა, აუცილებლად უნდა იყოს სანქცირებულთა სიაში.

- გასაგებია, რომ ახლა საწყისი ეტაპის სამუშაოებს აწარმოებთ, თუმცა საინტერესოა, თუ გაქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, მიდის თუ არა მუშაობა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, რომ უკრაინის სანქცირებულთა სიაში შესულებს მათაც დაუწესონ სანქციები?

- ჩვენ ვმუშაობთ ძირითადად უკრაინულ სანქციებზე, თუმცა ისინი შეიძლება გადაიკვეთოს კიდეც ევროპულ სანქციებთან. ყველაფერი დამოკიდებულია სამართლებრივ საფუძვლებზე. ის, რასაც ჩვენ განვიხილავთ არსებით სამართლებრივ საფუძვლად უკრაინაში, შესაძლოა, არ იყოს სამართლებრივი საფუძველი სანქციებისთვის სხვადასხვა იურისდიქციაში. ეს ველი დაკავშირებულია ერთმანეთთან, თუმცა აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ერთი უდრის მეორეს.

ჩვენი პრიორიტეტი იმის უზრუნველყოფაა, რომ ყველა, ვინც მხარს უჭერს ომს, უნდა იყოს სანქცირებული. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ერთ-ერთი იმ მცირე ეფექტურ ზომათაგან, რომელიც შეგვიძლია მივიღოთ, რათა სულ მცირე რთული გავხადოთ ომის წარმოება რუსეთისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ რამდენიმე მიმართულებით და რამდენიმე სფეროში ვმუშაობთ. ერთი არის იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინული სანქციები ყოვლისმომცველი, ლეგალური საფუძვლის მქონე და ეფექტურია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს მოკავშირეებთან და ვცდილობთ ჩვენი სასანქციო პოლიტიკის გათანაბრებას, ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ შეუძლებელი იყოს სანქციებისთვის თავის არიდება სხვა იურიდიული პირის დარეგისტრირებით სხვა იურისდიქციაში და ლოჯისტიკური ჯაჭვის შექმნა სხვა ქვეყნების გავლით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

- შეგიძლიათ გვითხრათ, რას მოიცავს თავად ეს უკრაინული სანქციები?

- ეს ყველაფერი ჩვენი კანონმდებლობით არის განსაზღვრული. დაახლოებით 10 სხვადასხვა ზომის მიღება არის შესაძლებელი ამ კანონმდებლობის მიხედვით, სანქცირებულთა წინააღმდეგ. დაწყებული აქტივების გაყინვით, უკრაინაში შესვლის შეზღუდვით, ეს, ასევე, მოიცავს ბიზნესკავშირების დაბლოკვას უკრაინულ იურიდიულ პირებთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში გაყინული აქტივები უკრაინის სასარგებლოდ იქნას გამოყენებული, თუ ამისთვის არსებითი სამართლებრივი საფუძველი იარსებებს.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა