ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022

შესაძლოა თუ არა დაწესდეს რაოდენობრივი ლიმიტი, რამდენი ადამიანის მიღებას შეძლებს საქართველო რუსეთიდან

რატომ ჩავიდა ლუკაშენკო აფხაზეთში და რა შედეგი მოჰყვება ბელარუსის პრეზიდენტის მოულოდნელ ვიზიტს

რატომ ჟონავს გაზი “ჩრდილოეთ ნაკადი 1 და 2”-დან - დივერსია და ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე?

* * *

შესაძლოა თუ არა დაწესდეს რაოდენობრივი ლიმიტი, რამდენი ადამიანის მიღებას შეძლებს საქართველო რუსეთიდან

შესაძლოა თუ არა დაწესდეს რაოდენობრივი ლიმიტი, რამდენი ადამიანის მიღებას შეძლებს საქართველო რუსეთიდან “რუსეთში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია გრძელდება და პარალელურად იზრდება ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი. მეზობელი ქვეყნის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ომში გაწვევისგან თავის დაღწევის მსურველი რუსების რამდენიმე კილომეტრიანი რიგებია. ევროპული ქვეყნების პოზიცია რუსების მიღებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია - ფინეთმა, პოლონეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ განაცხადეს, რომ ქვეყანაში შესვლის მსურველ რუს მამაკაცებს ავტომატურ თავშესაფარს არ მისცემენ. გერმანიაში რუსი მოქალაქეების მიღების საკითხს განხილავენ, აშშ კი თავშესაფარს მისცემს ყველას, ვინც მობილიზაციას გაურბიან; ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შესაძლოა თუ არა დაწესდეს რაოდენობრივი ლიმიტი, რამდენი ადამიანის მიღებას შეძლებს საქართველო რუსეთიდან / “არ ვარ მომხრე ნაჯახის პრინციპით ჩავკეტოთ საზღვარი, მაგრამ, აუცილებლია კონტროლი” - ვახტანგ ძაბირაძე.

“ჩვენ მკაფიოდ განვასხვავებთ ერთის მხრივ რუსეთის მთავრობასა და შეიარაღებული ძალების ქმედებებს უკრაინაში და მეორე მხრივ რუს ხალხს, რომელთაგან ბევრმა ამ უსამართლო ომის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა. ჩვენ ვხედავთ ბოლო ორი დღის განმავლობაში და ასევე ვხედავთ, რომ რუსეთში საპროტეტსო აქციები გრძელდება. ამიტომ ყველას, ვინც თავშესაფარს ეძებს დევნისთვის, განურჩევლად მათი ეროვნებისა, შეუძლია მიმართოს აშშ-ს”, - განაცხადა თეთრი სახლის პრესპიკერმა, კარინ ჟან- პიერმა. მიიღებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვტილებას, რასაც ასე მოითხოვს ოპოზიცია, უცნობია; ცნობისთვის, 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველო-რუსეთის საზღვარს, ზემო ლარსს, ათასობით ადამიანი მოაწყდა. შსს განცხადებით, რუსეთიდან შემოსულთა რიცხვმა 40-45%-ით მოიმატა, თუმცა, ძალოვანი უწყების მიერ ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება ლარსის გამშვებ პუნქტზე ვითარების გასაკონტროლებლად”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ლარსის გამშვებ პუნქტზე ნაკადები გაზრდილია, დღის განმავალობაში, სტანდარტულად თუ იყო შემომსვლელი, რუსეთის ხუთი- ექვსი ათასი მოქალაქე, ბოლო პერიოდში 40-45-%ით გაიზარდა ამ ადამიანების რაოდენობა. შსს ყველაფერს აკეთებს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება. ვაკონტროლებთ იქ არსებულ ვითარებას. ლარსის გამშვებ პუნქტზე დამატებითი ძალები არიან”, - აცხადებს შსს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე. ოპოზიციური სპექტრისთვის, რომლისთვისაც საქართველოში შემოსვლაზე შეუზღუდავი რეჟიმი მიუღებელი და დაუშვებელია, მოითხოვენ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებას, როგორც ვადებში, ისე პირობებში”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენ ვითხოვთ რუსეთთან არა საზღვრის ჩაკეტვას, არამედ დარეგულირებას, არა ადამიანების შემოსვლის აკრძალვას, არამედ მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესებას, თავის დასაბუთებული გამონაკლისებით, ეს იქნება საქართველოს მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც რუსეთში არიან, პოლიტიკური დევნილები თუ ჰუმანიტარული და ჯანდაცვის მიზნებიდნ გამომდინარე. სავიზო რეჟიმი უნდა გამკაცრდეს, როგორც ვადებში, ისე პირობებში”, - აცხადებს “ლელოს” ერთ-ერთი წევრი დავით უსუფაშვილი. “ნაციონალური მოძრაობა” კი გამოდის ინიციატივით დაწესდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისას 1000-ლარიანი საოკუპაციო შენატანი. “ჩვენი პარტია და ფრაქცია გამოდის ინიციატივით, რომ “ოკუპაციის კანონში” შევიდეს ცვლილებები, რითაც გარანტირებული იქნება აღიარება იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და რუსეთი არის აგრესორი”, - აცხადებს “ნაცმოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება, მიგრაცია, მთელ რიგ რისკ ფაქტორებთან არის დაკაშირებული”, - დასძენს გამოცემა.

“არ ვარ მომხრე ნაჯახის პინციპით ჩავკეტოთ საზღვარი, მაგრამ აუცილებლია კონტროლი. უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს ზღვრული რაოდენობა, რამდენი ადამიანის მიღება შეგვიძლია. ის ადამიანები ვინც პირველ ტალღას შემოჰყვა, გამოექცნენ სანქციებს, არიან ინტელექტუალები და ფინანსურად უზრუნველყოფილი. ახლად შემოსული ნაკადი კი ომს გამოექცა და არავინ იცის რამდენ ხანს დარჩებიან და ფინანსურადაც რამდენად არიან უზრუნველყოფილი. ერთ კვირაში, როცა ჯიბეში ფული აღარ ექნებათ, არ გაუარესდება კრიმინალური მდგომარება? ამიტომ, ხელისუფლება არხეინად ვერ იქნება და ვერც საზოგადოება. არავის აქვს გარანტია, რომ მესამე და მეოთხე ტალღა არ იქნება. საფრთხეა, რომ აფხაზეთიდანაც ახალ- ახალი ნაკადები შემოვიდნენ. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს და ზედმიწევნით გააკონტროლოს საზღვარი, თითოეული ადამიანის შესწავლა უნდა მოხდეს, აღრიცხვაა საჭირო, ანკეტების შევსება და ა.შ”, - აცხადებს გამოცემის კორეპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ექსპერტი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ საზღვრის ჩაკეტვა პუტინს აძლევს ხელს, რადგან ეს ადამიანები გადასროლილი იქნებიან უკრაინაში. “ყაზახეთმა, მონღოლეთმა და სხვა ქვეყნებმა ფართოდ გაუღეს კარი რუსეთიდან გამოქცეულ ადამიანებს და დიდი ალბათობით ეს მობილიზაცია ჩაეშლება პუტინს. საზღვრის ჩაკეტვა მხოლოდ პუტინს აძლევს ხელს, რადგან ეს ადამიანები გადასროლილი იქნებიან უკრაინაში. ამ ხალხს, ვინც დღეს საქართველოში შემოდის, არ აწყობს პროვოკაცია. ეს სიტუაცია 7 თვეა გრძელდება და ერთი პროვოკაცია ყოფილა? 10 დღეში შემოვიდა 79 ათასი ადამიანი და იმავე პერიოდში გავიდა 62 ათასი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ რჩებიან და საქართველო მათთვის არის სატრანზიტო ქვეყანა. 16 ათასით სხვაობა შემოსულ და გასულს შორის საგანგაშო ციფრი არ არის. რა თქმა უნდა კონტროლი აუციელებლია საზღვარზე და ამას ჯერჯერობით უმკლავდება ხელისუფლება”, - მიიჩნევს პეტრეს მამრაძე, რომელიც დესტაბილიზაციის საფრთხეს გამორიცხავს”, - წერს სტატიის ავტორი.

რატომ ჩავიდა ლუკაშენკო აფხაზეთში და რა შედეგი მოჰყვება ბელარუსის პრეზიდენტის მოულოდნელ ვიზიტს

როგორი უნდა იყოს ოფიცილური თბილისისგან რეაგირება ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტზე? რას ნიშნავს ლუკაშენკოს მოულოდნელი ვიზიტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და აპირებს თუ არა ის მის აღიარებას. რას შეცვლის ეს საქართველოსა და ბელარუსიის ურთიერთობაში? რატომ გადადგა ახლა ლუკაშენკომ ეს ნაბიჯი? ანალიტიკოსები “რეზონანსთან” მიიჩნევენ, რომ პირველი არც ახლა ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, ბელარუსიის ელჩი ქვეყნიდან უნდა გააძევოს. ეს ქმედება ოფიცილური თბილისისგან რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, რათა სხვა ქვეყნის ლიდერებისთვის ეს წამახალისებელი საქციელი არ აღმოჩნდეს. მათი აზრით, იმედია ლუკაშენკო მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება და ის აფხაზეთის აღიარებაზე არ წავა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოსა და ბელარუსის დიპლომატიური ურთიერთობები დასრულდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ჩავიდა ლუკაშენკო აფხაზეთში და რა შედეგი მოჰყვება ბელარუსის პრეზიდენტის მოულოდნელ ვიზიტს.

“უკვე ცნობილი ხდება, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოში ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელორუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა. “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა. ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა”, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი ჩავიდა.ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. ბჟანიამ და ლუკაშენკომ ისაუბრეს “ორმხრივ თანამშრომლობაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზე, მიმოიხილეს საერთაშორისო მოვლენები, არსებული გამოწვევები და საფრთხეები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აღსანიშნავია რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს მასპინძლობს ბიჭვინთის იმ აგარაკზე, რომელიც, სავარაუდოდ, მალე პუტინის საკუთრებაში გადავა. “აფხაზეთი არის სამოთხე დედამიწაზე, ხალხი კი წმინდანები, ჩვენ გვინდა თქვენთან ავაგოთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ დავამყაროთ ძალიან სერიოზული ურთიერთობები”, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერ ასლან ბჟანიასთან ბიჭვინთაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ლუკაშენკომ განაცხადა, აფხაზეთთან სერიოზული ურთიერთობების დამყარება სურს”, - განაგრძობს გამოცემა.

“მე გამოცდილი ადამიანი ვარ, მრავალი წელია, პოლიტიკაში ვარ. ვისაუბროთ, ვიფიქროთ როგორ ვიცხოვროთ. მთავარი ის არის, რომ აქ ხალხი ღირსეულად ცხოვრობდეს, რადგან ეს სამოთხეა დედამიწაზე. საბჭოთა დროიდან მახსოვს, როცა აქ ვიყავი. ამიტომ, ჩვენ გვინდა დავამყაროთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები”, - აღნიშნა ლუკაშენკომ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. “გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინთან აფხაზეთის პრობლემები განვიხილეთ. ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება. მას დახმარება სჭირდება...“, - თქვა ლუკაშენკომ. საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში და აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრას აფასებს”, - დასძენს გამოცემა.

“მზადდება ახალი “სამოკავშირეო სახელმწიფო”, რომელშიც რუსები შეათრევენ ბელარუსს და ცდილობენ, შეათრიონ აფხაზეთიც, ალბათ ამაზეა ამ ეტაპზე ლაპარაკი. თუ ეს გაკეთდება, ალექსანდრე ლუკაშენკო შეეცდება თავიდან აიცილოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, მაგრამ რამდენად გამოუვა, სხვა ამბავია. ლუკაშენკო უკრაინაში მიმდინარე ომმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, ამიტომ მას პოლიტიკური მანევრირება უჭირს. დასავლეთისგან ხელნაკრავი ვეღარ იგებს რა ქნას, ეს კი, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, კონკრეტულად აფხაზეთის აღიარებაზე აისახება. ლუკაშენკოს ძალიან კარგად ესმის აფხაზეთის აღიარება მას რუსეთის ბანაკში სამუდამოდ გადაისვრის და საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭების შედეგად სრულ იზოლაციაში ექცევა. იმედი მაქვს, რომ მას გონიერება ეყოფა და აფხაზეთის აღიარებას დროში გაწელავს. თუ მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა, მაშინ ის თამაშობს და აღიარებას არ უნდა ველოდოთ. თუ მან აფხაზეთი მაინც აღიარა, ჩვენ გავწყვეტთ ბელორუსთან დიპლომატიურ ურთიერთობას, რაც მათ საბოლოოდ გადაისვრის ბნელ მხარეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

“ბელარუსში მანამდე ასეთი მკვეთრი ნაბიჯი არ გადაუდგიათ, არ ჩარეულან ომში და წითელი ხაზები არ გადაუკვეთიათ, ამის შემდეგ კი ამ რეჟიმის მობრუნება შეუძლებელი იქნება. ამიტომაც იმედი ვიქონიოთ, რომ ის თავს ასე არ გაიწირავს”, - დაასკვნის შარაშენიძე. ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი კი მიიჩნევს, რომ ლუკაშენკოს რა განზრახვაც არ უნდა ჰქონდეს აფხაზეთში ვიზიტისა, თბილისი მხრიდან მინიმუმ ნაბიჯებია გადასადგმელი. ანალიტიკოსი ამბობს, რომ შესაძლებელია განხილულ იქნას ბელარუსის ელჩის გაძევების საკითხი საქართველოდან, რადგან რეაგირების გარეშე ეს საკითხი არ უნდა დარჩეს. მისი აზრით, ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში ჩვენი ხელისუფლებისთვის რუსეთისგან კიდევ ერთხელ გაწნული სილაა. ნიშანი იმის, რომ საქართველოს სირაქლემას პოზაში ყოფნა არ შველის და იმ ილუზიის დასასრული, თითქოს რუსეთთან დათმობის პოლიტიკა მუშაობს”, - წერს სტატიის ავტორი.

“შეუძლებელია ჩვენი ხელისუფლება ასე დამალული დიდი ხანი იყოს. უბრალოდ გეოგრაფიას ვერ შეცვლი და გვინდა თუ არა ამ გეოპოლიიტკური დუღილის ნაწილი ვართ. შეუძლებელია რუსეთ-უკრაინის ომი და რეგიონში დაწყებული რყევები ჩვენზე არ აისახოს. ამის ნათელი მაგალითი კი ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტია. არ ვიცი მოჰყვება თუ არა ამას მისი მხრიდან აფხაზეთის აღიარება, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა პროცესია დაწყებული. ამიტომ სასწრაფოდ რაც უნდა გავაკეთოთ, ქვეყნიდან ელჩი უნდა გავაძევოთ. უნდა გავწყვიტოთ დიპლომატიური ურთიერთობები ბელარუსთან და მივიღოთ სხვა ზომებიც, რომელიც ამ დროს არის გასატარებელი. კონსულტაციებია დასაწყები დასავლეთის ქვეყნებთან, რომ ეს პროცესი არ გადაედოს სხვა ქვეყნებსაც. თუმცა როგორ მოხერხდება ეს კონსულტაციები ცოტა საეჭვოა. ყველა მიმართულებით ამის მცდელობა უნდა გვქონდეს. ახლა თუ ეს გავატარეთ, მსგავსი საქციელი სხვა ქვეყნებისგანაც არის მოსალოდნელი. ყველაზე მკაცრი რეაგირებაა საჭირო საქართველოს მხრიდან“, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბატიაშვილი.

რატომ ჟონავს გაზი “ჩრდილოეთის ნაკადის” მილსადენებიდან - დივერსია და ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე?

“რუსეთიდან მიმავალ გაზსადენებზე - “ჩრდილოეთ ნაკადი 1-სა” და “ჩრდილოეთ ნაკად 2-ზე” დაზიანება მოხდა, რის გამოც მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში გაჟონვა დაფიქსირდა. შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ორი გაჟონვაა - ერთი შვედეთის ეკონომიკურ ზონაში და ერთი დანიის ეკონომიკურ ზონაში. დასავლეთი რუსეთის მიერ მოწყობილ დივერსიაზე საუბრობს. ექსპერტთა შეფასებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს საფრთხე ემუქრებათ. დანიის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის გაუქმებული მილსადენიდან ბალტიის ზღვაში გაზის გაჟონვის შესახებ და გემებს გარკვეულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, “ჩრდილოეთის ნაკადი 1”-ის მილსადენის ოპერატორმა გაზსადენის ორივე ხაზზე წნევის ვარდნის შესახებ განაცხადა. ამასთან, შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციში გაზსადენიდან შვედეთისა და დანიის ტერიტორიულ წყლებში გაჟონვაზე საუბრობენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ჟონავს გაზი “ჩრდილოეთ ნაკადი 1 და 2”-დან - დივერსია და ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე?

“ორი გაჟონვაა - ერთი შვედეთის ეკონომიკურ ზონაში და ერთი დანიის ეკონომიკურ ზონაში. ისინი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან”, - ნათქვამია შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის პრესსპიკერის განცხადებაში. მისივე თქმით, გაჟონვა დანიის კუნძულ ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხდა. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. “გავაძლიერეთ დაკვირვება, რათა უზრუნველვყოთ, რომ არცერთი გემი არ მიუახლოვდეს ადგილს”, - განმარტა შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა. მომხდარის გამო ევროპელი დიპლომატები დივერსიის შესახებ საუბრობენ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დანიის თავდაცვის მინისტრთან, მორტენ ბოდსკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადის” მილსადენებზე მომხდარი გაჟონვა დივერსიული აქტია. “ჩვენი ძვირფასი მოკავშირე დანიის თავდაცვის მინისტრ მორტენ ბოდსკოვთან განვიხილეთ “ჩრდილოეთის ნაკადის” მილსადენებზე მომხდარი დივერსია. ვისაუბრეთ ნატო-ს ქვეყნებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე”, - დაწერა სტოლტენბერგმა “ტვიტერზე”. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აღნიშნულის გამო, შეშფოთებას ვერ მალავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია “ჩრდილოეთის ნაკადი 1” და “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მილსადენების დაზიანების გამო, რამაც ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში გაზის გაჟონვა გამოიწვია. “ეს ინციდენტები დამთხვევა არ არის და ყველას გვაზარალებს. ყველა არსებული ინფორმაცია მიანიშნებს, რომ ეს გაჟონვები არის მიზანმიმართული ქმედების შედეგი”, - წერს ბორელი “„ტვიტერზე”. მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ნებისმიერ გამოძიებას, რომლის მიზანი იმის გარკვევა იქნება, რა მოხდა და რატომ. “ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით ჩვენი მედეგობის გაზრდის მიზნით. ევროპის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნებისმიერი მიზანმიმართული დაზიანება ყოვლად მიუღებელია და მას მტკიცე და ერთიანი პასუხი მოჰყვება”, - წერს იგი. პარალელურად, გერმანული გაზეთი სახელწოდებით “ყოველდღიური სარკე” გერმანიის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ გაზსადენებზე წნევის დაცემის მიზეზი შეიძლება იყოს მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად დაზიანება, როგორიცაა დივერსია. ვერსიის დასადასტურებლად საჭიროა წყალქვეშა ნავებისა და მყვინთავების დახმარებით ზღვის ფსკერის შესწავლა”, - დასძენს გამოცემა.

“გერმანული გაზეთის ცნობით, ამჟამად განიხილება ორი ჰიპოთეზა: პირველის მიხედვით, გაზსადენები დაზიანდა უკრაინის ან მასთან დაკავშირებული ძალების მიერ, რათა რუსეთიდან გაზი ევროპაში მხოლოდ უკრაინული გაზსადენებით ან იამალის გაზსადენით, პოლონეთის გავლით მოხვდეს. მეორე ვერსიით, გაზსადენები რუსეთმა სხვისი სახელით დააზიანა, რათა დივერსიაში უკრაინა დაედანაშაულებინა, გამოეწვია ენერგოკრიზისის გამწვავება და, შესაძლოა, კიდევ უფრო გაეზარდა გაზის ფასი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” საუბრისას არ გამორიცხავს დივერსიის ვარიანტს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა შესაძლოა გარკვეული პრობლებები შეუქმნას დასავლეთს. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილიც ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს ევროპას გარკვეული დისკომფორტი შეუქმნას”, - წერს სტატიის ავტორი.

“არ არის გამორიცხული, რომ ინციდენტის მიზეზი დივერსია იყოს. სავარაუდოდ, რუსეთს სურს დააბინძუროს ბალტიის ზღვა და ევროპას ეკოლოგიური პრობლემები შეუქმნას. თუმცა, მეორე საკითხია, რომ რუსეთი დიდ იმედს ამყარებდა აღნიშნულ გაზსადენზე, რადგან მისი გამტარიანობის მოცულობა დაახლოებით 55 მილიარდი კუბური მეტრია. რუსეთი დამატებითი შემოსავლის მიღებას ელოდა, ამიტომ არც ის არის გამორიცხული, კიდევ მოხდეს რაიმე ინციდენტები ამერიკისთვის გარკვეული მინიშნების გასაგზავნად. დიდი ალბათობით, მიმდინარე პროცესი დასავლეთის დაშინებას ემსახურება, რუსეთი ცდილობს ევროპულ სახელმწიფოებს დაანახოს, რომ მას შეუძლია გარკვეული ეკოლოგიური ზიანი მიაყენოს მათ . ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე კი ყველაზე მეტად ბალტიისპირეთის ქვეყნებს ემუქრება. ეს არის: შვედეთი, დანია, ფინეთი და გერმანია, ის ქვეყნები რომლებიც ბალტიის ზღვას ეკვრიან გვერდს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ეს თავად რუსების მიერ განზრახ ჩადენილის ჰგავს, რადგან მათ ევროპისთვის გაზის მიწოდების შესაფერხებლად გასამართლებული საბაბი ჰქონდეთ. კრემლისთვის დამახასიათებელია მსგავსი რამ. ეს არაერთხელ გაუკეთებიათ საქართველოსთვისაც, სანამ ქვეყანა აზერბაიჯანული გაზით მომარაგებას დაიწყებდა. როგორც კი საქართველო გადადგამდა რუსეთის საწინააღმდეგოდ რაიმე ნაბიჯს, მაშინვე ხდებოდა ავარიები, ტერორისტული თავდასხმები და ა.შ. ეს ვითარება ძალიან ჰგავს იმ სიტუაციას, თუმცა რთულია რაიმეს მტკიცება. რაც შეეხება ეკოლოგიური კატასტროფის შექმნის საფრთხეს, არ მგონია, რომ სიტუაცია ასე გართულდეს და ამას რაიმე მწვავე შედეგები მოჰყვეს, გარდა იმისა, რომ ევროპას გაზი სრულფასოვნად არ მიეწოდება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა