ვანო მაჭავარიანი - ლუკაშენკო თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია პუტინზე, რასაც მას პუტინი „სთხოვს“ იმას გააკეთებს

ლუკაშენკო თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია პუტინზე, რასაც მას პუტინი „სთხოვს“ იმას გააკეთებს, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც ის ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ადამიანებს, რომლებიც პირველივე დღიდან იყვნენ „ქართულ ოცნებაში“, ივანიშვილი იმასაც ეუბნებოდა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თემა დახურულია და აქ არანაირი პერსპექტივა არ არსებობს და თავი არ უნდა მოვიტყუოთ.

„რასაც ვუყურებთ, დღევანდელი „ქართული ოცნება“ ამ პოლიტიკას მიჰყვება. არანაირი ძალისხმევა ამ მიმართულებით საერთაშორისო არენაზე, ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში ჩვენ რეალურად ვერ დავინახეთ გარდა იმისა, რომ გვაქვს აღებული ყბადაღებული რეზოლუცია გაეროს გენერალურ ასამბლეაში, სადაც ლტოლვილების თემა იწევს და ეს არის ის რუტინა, რომ კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს საქართველომ, რომ ეს მაინც მისთვის მნიშვნელოვანია.

ყველა ქართველი პრეზიდენტი, იქნებოდა ეს სააკაშვილი თუ მარგველაშვილი, ცდილობდა პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან პირადი ურთიერთობა მაინც ისეთი ჰქონოდა, რომ მაგალითად თუ ეს ვიზიტი განხორციელდებოდა იმის გამო, რომ პუტინისგან იყო ზეწოლა, ახსნა- განმარტება ექნებოდა ან შემდგომ იქნებოდა გარკვეული განცხადება, სადაც ის საქართველოს მხარეს მიმართავს, ზოგად სურათს აფასებს და ამბობს, რომ არ არის სწორი, რომ აფხაზეთი საქართველოს გამოყოფილია, რომ ეს ხალხი უნდა დაბრუნდეს და მშვიდობა იყოს - საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა გააჟღეროს იმ არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში, რასაც ბელარუსი დღემდე აკეთებდა, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს, ზურაბიშვილს რაიმე ურთიერთობა ჰქონდეს ან ადამიანური, ან სახელმწიფო ლუკაშენკოსთან“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონოდა პირადი ურთიერთობა ლუკაშენკოსთან, ეს საუბარი აქამდე გაიმართებოდა და შესაბამისად ლუკაშენკოს გზავნილები ბიჭვინთიდან იქნებოდა გაცილებით სხვა.

„გასაგები იქნებოდა, რომ ის რუსეთის ზეწოლის ქვეშ არის. მთავრობასაც პრევენცია უნდა გაეკეთებინა.

პირველ რიგში უნდა იყოს წინასწარი კონსულტაციების მინისტრებს შორის და ამის შემდეგ უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება [ბელარუსის ელჩის გაძევების შესახებ]. თუ ჩვენ ვაძევებთ, ესე იგი წინასწარ ვიცით, რომ დიპლომატიური ურთიერთობები უნდა გაწყდეს, რადგან ბელარუსი აპირებს აფხაზეთის აღიარებას. ამაზე მინიშნება და განცხადება ლუკაშენკოს არ გაუკეთებია გარდა სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ გეოპოლიტიკურ საკითხებზე საუბრისა. სახელმწიფო იმიტომ ხარ, საგარეო უწყება იმიტომ გაქვს, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი იმიტომ გყავს, რომ დიპლომატიური ორმხრივი ურთიერთობები გამოიყენო იმისათვის, რომ გაარკვიო რა შემდგომ ნაბიჯებს აპირებს ბელარუსი“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ „მეგობრობის ხიდის“ აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო