გიორგი დოხტურიშვილი - ჩემთვის პატივია, მონაწილე გავხდე ისეთი დიდი საქმის, როგორიც ახალგაზრდა პროზაიკოსების ხელშეწყობა და გვერდში დგომაა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, ლიტერატურული პრემია დაწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლაურეატის დაჯილდოების ცერემონია დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
პრემია ახალგაზრდა პროზაიკოსს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მკვიდრს, დათია ბადალაშვილს გადაეცა.
„ბასილ მელიქიშვილის პრემიას ყოველწლიურად, 2 ოქტომბერს, მწერლის დაბადების დღეს, კომპეტენტური ჟიური, 35 წლამდე პროზაიკოსს გადასცემს. ჩემთვის ორმაგად საამაყოა ეს დღე, რადგან ბასილ მელიქიშვილი წარმოშობით სწორედ ქვემო ქართლიდან იყო. მინდა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს მწერალთა შემოქმედებით კავშირს, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას,“ - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.
























