მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი

პარტია“ ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე უკრაინის ომის, პუტინის მიმართ დასავლეთის გამწვავებული რეაქციის და შანხაის სამიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის შეცვლილი გეგმების შესახებ საუბრობს.

- ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა დასავლეთის ლიდერების შეფასებები რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით, რა აღმოჩნდა მათთვის „წითელი ხაზი“, რის გამოც დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სრულიად შეიცვალა?

- შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთი უფრო და უფრო ხისტი ხდება რუსეთის მიმართ. ეს ძალიან კარგად ჩანს მათი ლიდერების გამკაცრებულ გამონათქვამებში, ასევე იარაღის და ფულადი დახმარებების გაზრდილ რაოდენობაში, რასაც უკრაინა იღებს. უნდა ითქვას, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას დასავლეთი თავდაპირველად სიფრთხილით შეხვდა. იყო შედარებით რბილი რეაქცია, შეზღუდული დახმარება უკრაინის მიმართ, მაგრამ შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა და უმძიმესმა ფაქტებმა, მთლიანად შეცვალა დასავლეთის დამოკიდებულება უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმართ.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს უკრაინელი ხალხის და მათი პრეზიდენტის გმირული და თავდადებული ბრძოლა საკუთარი სამშობლოს დასაცავად. ეს იყო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი. სწორედ ამან განაპირობა „რამშტაინის“ ფორმატის ჩამოყალიბება და აქტიურობა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უკრაინის სამხედრო დახმარებაში. ის რომ კიევი არ დაეცა და უკრაინის არმიამ დაიცვა დედაქალაქი, რასაც დასავლეთი უწინასწარმეტყველებდა, მეტიც, კიევიდან დიპლომატიური მისიებიც კი გაიყვანეს, აღმოჩნდა გადამწყვეტი დასავლეთისთვის.

პირველი, რამაც ევროპა აიძულა გადაედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკრაინის დასახმარებლად, იყო რუსეთის სასტიკი ქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვების მიმართ. ამ ომის განმავლობაში რუსეთი მუდმივად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, დასახლებულ პუნქტებს, რასაც მოჰყვა დიდი რაოდენობით უდანაშაულო მსხვერპლი მოსახლეობაში. როგორც ცნობილია, რუსეთმა უკრაინიდან იძულებით გაიყვანა ძალიან ბევრი ბავშვი, რაც პრაქტიკულად არის ტერორისტული აქტის ტოლფასი. ბუჩაში და მარიუპოლში ადამიანების წამების ფაქტები, აღმოჩენილი სამარხები, დასავლეთისთვის გახდა „წითელი ხაზი“.

დასავლეთის რეაქციის გამკაცრებაში დიდი როლი ითამაშა პუტინის პოლიტიკურმა შეცდომებმა. ასეთი იყო პუტინის და შემდგომ მისი გარემოცვის მხრიდან გაჟღერებული ბირთვული იარაღის მუქარა და იმის ხაზგასმა, რომ ეს არ არის ბლეფი. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ენერგოშანტაჟი, გაზის მიწოდების შეჩერება, გაზსადენების დაზიანება.

პუტინის ყველაზე დიდ პოლიტიკურ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს, ის ფსევდორეფერენდუმები, რაც ჩაატარა რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რასაც მოჰყვა ამ ტერიტორიების „ზარ-ზეიმით“ მიერთება. ამან დასავლეთს არ დაუტოვა საშუალება აერჩია შედარებით რბილი პოზიცია, რამაც განაპირობა დღეს მაქსიმალურად ხისტი დამოკიდებულება კრემლის მიმართ. ამ გადაწყვეტილებით რუსეთმა სრულიად გააშიშვლა მის მიერ მანამდე ჩატარებული ანალოგიური რეფერენდუმები დონეცკში, ლუგანსკში და ყირიმში. ზუსტად იგივე კონტექსტში ჯდება ყველა ის კვაზიარჩევნები თუ ფსევდო რეფერენდუმები, რაც განახორციელა კრემლმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს ანალოგიები არის იარაღი საქართველოს მთავრობისთვის მაქსიმალურად გამოიყენოს შექმნილი მდგომარეობა საერთაშორისო ასპარეზზე, რათა კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი, რომ ყველა „არჩევნები“ რომელიც ჩატარდა რუსეთის არმიის და კრემლის პროპაგანდისტების მიერ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არის სრული ფიქცია.

- პუტინმა მხარდამჭერები თითქმის სრულად დაკარგა, შეიძლება ეს გახდეს გარდამტეხი ფაქტორი ამ ომის მიმდინარეობაში?

- შეიძლება ითქვას, რომ პუტინისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი“. მან სამარყანდში დაინახა, რომ იმ პოლიტიკური შეცდომების გამო, რაც დაუშვა დარჩა მოკავშირეების გარეშე. პუტინს ჰქონდა ძალიან მძიმე შეხვედრები იმ ქვეყნების პრეზიდენტებთან, ვისაც თავის თანამოაზრეებად მიიჩნევდა. მან ამ სამიტზე არა თუ მხარდაჭერა მიიღო რომელიმე მათგანისგან, მეტიც, მოუწია საკმაოდ მძიმე განცხადებების მოსმენა. ამის შემდეგ პუტინმა მკვეთრად შეცვალა ომის მიზანი და ტემპი. უნდა ითქვას, რომ 24 თებერვლის შემდეგ ბევრჯერ შეიცვალა ომის მიზანი. თავიდან ეს იყო კიევის აღება და პროპაგანდისტულად გაჟღერებული დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და ნატოს საზღვრების შორს გადაწევა, რასაც დღეს რუსეთი აღარც კი ახსენებს. შანხაის სამიტის შემდეგ პუტინმა გამოაცხადა „ნაწილობრივი“ მობილიზაცია, ჩაატარა რეფერენდუმები და მიიერთა ოკუპირებული ტერიტორიები. პარალელურად დაიწყო დასავლეთის ბირთვული იარაღით დაშინება. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ აიძულოს უკრაინა დაიწყოს საზავო მოლაპარაკებები და როგორმე „გამოივაჭროს“ ოკუპირებული ტერიტორიები, რომელთა მიერთებაც ცოტა ხნის წინ საზეიმოდ გამოაცხადა.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ დასავლეთში მაინც არის ძალები, რომელთა მიზანია ომის შეჩერება უკრაინის ინტერესების დათმობის ხარჯზე, თუმცა ეს ძალები უფრო და უფრო უმცირესობაში ხვდებიან. პუტინმა იმდენად უგუნური ნაბიჯები გადადგა ამ ომის დაწყებით, შემდგომ მისი მიმდინარეობის დროს, რომ დასავლეთის ლიდერებისგან მოლაპარაკებების პროცესში მას უკვე აღარ ექნება არანაირი მხარდაჭერა. ამაზე მეტყველებს ის, რომ დასავლეთმა გაამკაცრა რიტორიკაც და დამოკიდებულებაც. როგორც ჩანს, პუტინთან ურთიერთობას უკვე ერიდებიან არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ აზიის ქვეყნების ლიდერები, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა სამარყანდში. ჩინეთის ლიდერის დამოკიდებულება კარგად ჩანს იმ განცხადებებში, რომელიც გამოაქვეყნა კრემლმა და ჩინეთის საგარეო უწყებამ. პუტინის დითირამბებს ჩინეთის და სი ძინ პინის მიმართ მოჰყვა ძალიან მშრალი, მოკლე და ზედმეტად ფორმალური პასუხი ჩინეთის ლიდერისგან. ამ განცხადებაში მხოლოდ ერთხელ იყო ნახსენები, რომ ჩინეთი და რუსეთი არიან პარტნიორები, ისიც სატელეფონო საუბრების კონტექტსში. ამ განცხადებით ნათლად ჩანს, რომ სი ძინ პინი უკმაყოფილოა ამ ომის მიმდინარეობის გამო. ომის დაწყების შემდეგ რადიკალურად არის შეცვლილი ჩინეთის რიტორიკა. თავიდან მაინც ჩანდა ფრთხილი კეთილგანწყობა რუსეთის მიმართ, სულ ახლახან კი ჩვენ ვნახეთ, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს წარმომადგენელმა ორჯერ განაცხადა, რომ უკრაინა არის მათი სტრატეგიული პარტნიორი. ასევე ძალიან შერბილდა თავდასხმები ჩინეთის მხრიდან ნატო-ს და ამერიკის მიმართ, ჩინეთი აშკარად გადაიხარა უკრაინის მხარეს. ამაზე მეტყვლებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რიტორიკა. 16 სექტემბერს მათ განაცხადეს, რომ ჩინეთს აქვს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა უზბეკეთთან, რაც შეეხება რუსეთს, ის ახსენეს მონღოლეთთან კონტექსტში, რომ ჩინეთს აქვს სტრატეგიული კომუნიკაცია და პარტნიორობა რუსეთთან კოორდინაციის დარგში, რაც სრული გაურკვევლობაა და რუსეთისთვის მონღოლეთის დონეზე დაყენებას ნიშნავს. ამას ისიც ემატება, რომ ჩინეთისგან ბელარუსმა მიიღო პარტნიორობის უფრო მაღალი სტატუსი, ვიდრე რუსეთმა, რაც სილის გაწვნაა პუტინისთვის.

რუსეთს გამოეცალა მთავარი დასაყრდენი ჩინეთის სახით. მძიმე განცხადება გაკეთდა ინდოეთის პრემიერ- მინისტრის მხრიდანაც, რომელმაც პუტინს სამარყანდში უთხრა, რომ მან ომი არასწორ დროს და არასწორ ადგილას დაიწყო. ერთადერთი ქვეყანა, ვინც რჩება პუტინის მხარდამჭერად არის ირანი, რომელიც თავად არის სანქცირებული დასავლეთის მიერ. რა რჩება პუტინს? იმ საშინელი ფინანსური კრიზისის და პერსპექტივის ფონზე, რაც არის რუსეთში, პუტინი ყველანაირად შეეცდება საზავო ხელშეკრულებაზე დაითანხმოს უკრაინა. დასავლეთის შანტაჟით, ის შეეცდება როგორმე წამოიყვანოს უკრაინა ზავზე და ამ პროცესში გამოიყენოს ყველა ბერკეტი და შესაძლებლობა, რაც გააჩნია დასავლეთში, დაწყებული გაეროს გენერალური მდივნით დამთავრებული რომის პაპით და თურქეთის აქტიურობით. სავარაუდოდ, პუტინს გაუჭირდება ამ გეგმის განხორციელება. დასავლეთმა ახლა ზუსტად იცის, რომ საბოლოოდ უნდა გამოასწოროს ის შეცდომები, რასაც წლების განმავლობაში უშვებდა რუსეთთან და რომ, სწორედ ახლაა ამისთვის შესაფერისი დრო. დიდი ალბათობით რუსეთში მომზადდება პუტინის ჩანაცვლების პროცესი, რაც უკვე დაწყებულია რუსულ ელიტაში და რასაც ალბათ, დასავლეთიც შეუწყობს ხელს, მით უფრო, რომ როგორც უკრაინელები აცხადებენ, ისინი მოლაპარაკებებზე დასხდებიან ყველასთან, გარდა პუტინისა. დასავლეთს რჩება ერთადერთი გზა, ყველაფერი გააკეთოს პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის და იმისთვის, რომ რუსეთს არ ჰქონდეს ბირთვული სახელმწიფოს სტატუსი. დასავლეთმა კარგად იცის, რომ რუსეთის დენუკლეარიზაცია, ბირთვული იარაღის გარეშე დატოვება იქნება გარანტია, რომ რუსეთმა მომავალში აღარ იფიქროს აგრესიასა და მეზობელი ქვეყნების ექსპანსიაზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო