Euronews ბათუმს, როგორც ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებას, ვრცელ სიუჟეტს უძღვნის

გავლენიანი ტელეკომპანია „Euronews“ ბათუმს, როგორც ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებას, ვრცელ სიუჟეტს უძღვნის. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ბათუმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი არის ქალაქი, რომელმაც ბოლო წლებში წარმოუდგენელი მეტამორფოზა განიცადა, ტურიზმის განვითარებისთვის ყველაფერი გააკეთა და ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად იქცა“, - ასე იწყებს ბათუმზე საუბარს ჟურნალისტი.
სიუჟეტში მთავარი ყურადღება აჭარაში ტურიზმის, ბიზნესისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ბათუმის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას ეთმობა.
„აქ სიძველე და თანამედროვეობა სრულყოფილ ჰარმონიაშია შერწყმული. ძველი ქალაქის ქუჩები და მოედნები, სადაც შეგიძლიათ ისტორია სრულად შეიგრძნოთ, კონტრასტშია ზღვის სანაპიროზე მდებარე უზარმაზარ, მდიდრულ ცათამბჯენებთან. სხვა მიზეზებთან ერთად, შავი ზღვის მარგალიტი ასევე არის ქვეყნის ნომერ პირველი ბიზნეს ლოკაცია, მისი გეოგრაფიული მდებარეობის, სერვისებისა და ინფრასტრუქტურის წყალობით,“ - აგრძელებს ბათუმზე საუბარს ჟურნალისტი, რომელმაც გარდა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისა, რეგიონში ახალი ტურისტული პროდუქტით კანიონინგით ისარგებლა.
„აჭარის მდიდარი ბიომრავალფეროვნება, მისი დაცული ტერიტორიებითა და იუნესკოს სტატუსის მქონე ეროვნული პარკებით, თავის თავს შესანიშნავად ასახავს. ბათუმიდან სულ რაღაც 30 წუთში მანქანით ულამაზესი ბუნებით გარშემორტყმულ თვალწარმტაც გარემოში შეგიძლია აღმოჩნდეთ. აქ შეგიძლიათ ლაშქრობა, ფრინველებზე დაკვირვება, ჯომარდობა, ცხენებით გასეირნება ან სრულიად ახალი აქტივობა კანიონინგი გამოსცადოთ, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ. კაპნისთავის კანიონი თავისი შვიდი ჩანჩქერით ბოლო თვეების განმავლობაში აღიჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რათა დამთვალიერებლებს საშუალება მიეცეთ ამ ეტაპისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გარე აქტივობით დატკბნენ“.
რეპორტაჟში ჟურნალისტი ჩინცია რიცი ბათუმში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი პროექტებზე საუბრობს. მათ შორისაა ბათუმის ახალი სტადიონი და ხელოვნური კუნძულის პროექტი.
„და სწორედ ინფრასტრუქტურაზე ზრუნავს ყველაზე მეტად ადგილობრივი ხელისუფლება. ეს არის სტრატეგია, რომელიც ახალ ინვესტორებს იზიდავს, აძლიერებს ეკონომიკას და ქალაქის საერთაშორისო რეპუტაციას ზრდის. ამის მაგალითია ბათუმის ახალი სტადიონი („აჭარაბეთ არენა“). ობიექტი, რომელიც 30 მილიონ ევროზე მეტი დაჯდა და 2023 წელს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის რამდენიმე მატჩს უმასპინძლებს. კიდევ ერთი მასიური პროექტი, რომლითაც მთავრობა ძალიან გატაცებულია, არის ბათუმის ხელოვნური კუნძული. პროექტი ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის შექმნას გულისხმობს, რომელიც ქალაქის ზღვისპირა ზონაში თანამედროვე კურორტის განვითარებას ხელს შეუწყობს“.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შესახებ მომზადებული სიუჟეტი მსოფლიოს 160 ქვეყანაში „ევრონიუსის“ მილიონობით მაყურებელმა იხილა. ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სექტემბერში სტუმრობდნენ.
























