მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერი პედაგოგებს შეხვდა

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ღვაწლმოსილ და წარმატებულ პედაგოგებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, 6 ამაგდარ პედაგოგს პერსონალური სამკერდე ნიშანი გადაეცა, ხოლო ქალაქის სხვადასხვა სკოლებიდან წლის საუკეთესო პედაგოგებს - სიგელები და ფულადი ჯილდო.
"ჩვენს პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ. ეს დღე ტრადიციულად აღვნიშნეთ და ქუთაისის სკოლების ათეულობით გამორჩეულ მასწავლებელს შეხვედრა მოვუწყვეთ.
საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი ხანგრძლივი და განსაკუთრებული წვლილისთვის სამკერდე ნიშნები 6 ამაგდარ პედაგოგს გადავეცით, ასევე წლის საუკეთესო პედაგოგები დავაჯილდოეთ. ვისაუბრეთ წარმატებებსა და გამოწვევებზე, რომლებსაც ერთად და ღირსეულად დავძლევთ.
მინდა, თითოეულ მათგანს, ამ მუხლჩაუხრელი შრომისთვის, მადლობა ვუთხრა. მათ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა ყოველთვის ექნებათ!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
























