ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2022

უკრაინის ახალი სამხედრო სტრატეგიული კამპანია - რაზეა წამსვლელი კრემლის ლიდერი თუ კიევი ანექსირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს

რა გზავნილებით ჩამოვიდა თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე

ბირთვული შანტაჟი და ნებისყოფაზე თამაში - “მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, საფრთხე არსებობს და ვერავინ იტყვის რას იზამს”

* * *

უკრაინის ახალი სამხედრო სტრატეგიული კამპანია - რაზეა წამსვლელი კრემლის ლიდერი თუ კიევი ანექსირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს

“რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსიასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ხელი უკვე მოაწერა, თუმცა ამის პარალელურად უკრაინა ახალი სტრატეგიული კამპანიის ფარგლებში ტერიტორიებს ისე სწრაფად იბრუნებს, რომ სამხედრო ანალიტიკოსთა გათვლებით, შესაძლოა ორ-სამ კვირაში ხერსონის გათავისუფლებაზე მიდგეს ჯერი და შემდეგ საკითხი ყირიმზეც დადგეს. ამასთან, რუსეთში გამოცხადებულმა ნაწილობრივმა მობილიზაციამ, რასაც პუტინი ამდენი ხანი თავს არიდებდა ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. მეტიც, როგორც გამოცემა “ფორბსის” რუსული რედაქცია კრემლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ამის შემდეგ ქვეყანა 600-700 ათასმა ადამიანმა დატოვა. ამის მიუხედავად, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ამტკიცებს, რომ მობილიზაციის ფარგლებში უკვე 200 ათასი ადამიანი მიიღეს და ნაწილები წვრთნებს გადიან, თუმცა, როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რუსეთში სამობილიზაციო მიმართულებითაც ელიტური კორუფცია ყვავის და ის რესურსი, რაც უნდა გამოეყენებინათ, ადგილობრივმა მაღალი თანამდებობის პირებმა მოიპარეს, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინის ახალი სამხედრო სტრატეგიული კამპანია - რაზეა წამსვლელი კრემლის ლიდერი თუ კიევი ანექსირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს.

“პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ოთხ კანონს, რომლებიც ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსიას. ხელშეკრულებებში აღნიშნულია, რომ “ფედერაციის ახალი სუბიექტების საზღვრები” განისაზღვრება იმ საზღვრებით, რომლებიც “არსებობდა მათი ფორმირებისა და რუსეთის ფედერაციაში მიღების დღეს”. რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი რეგიონების “ხელმძღვანელების არჩევამდე”, მათ პუტინის მიერ დანიშნული დროებითი მოვალეობის შემსრულებლები უხელმძღვანელებენ. უკრაინის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც ბათილად გამოცხადდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსიასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, უკრაინის ტერიტორია განუყოფელი და ხელშეუხებელია მის საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებში და უკრაინის სუვერენიტეტი ვრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე, 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის შესაბამისად. ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ უკრაინამ ახალი სამხედრო სტრატეგიული კამპანიის ფარგლებში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა და შესაძლოა მალე ყირიმის გათავისუფლებაზე გადავიდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინას ახალი სამხედრო სტრატეგიული კამპანია აქვს, რომელიც საკმაოდ მალე წამოიწყეს. დარტყმის ეპიცენტრი სამი მიმართულებით განავითარეს და გრავიტაციული ცენტრები საკმაოდ კარგადაა შექმნილი. შესაძლოა, უკვე იმაზე ვილაპარაკოთ, რომ უკრაინელები ოკუპირებული ყირიმის გათავისუფლებაზე გადავლენ. უკრაინელები განსაკუთრებით წარმატებით სამხრეთის მიმართულებაზე უტევენ და დაახლოებით ერთ-ორ კვირაში შესაძლოა ხერსონის აღებაზეც ვისაუბროთ. ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე ყირიმის დეოკუპაციის ოპერაციაზე გადადიან, რაც ყველაზე დიდი წარმატება იქნება. ფაქტობრივად, პუტინს ყველა იმ სტრატეგიულ გეგმას და ნეოიმპერიული ამბიციების რეალიზაციას ჩაუშლის. უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ნაბიჯებით პუტინის რეჟიმის დელეგიტიმიზაციას ახორციელებენ. რაზეც პუტინი ხელს აწერს, რომ ეს ტერიტორიები თითქოსდა რუსეთის შემადგენლობაში არიან, ეს ბრძანებულებები ფაქტიურად ფარატინა ქაღალდია, რომელსაც მნიშვნელობა მხოლოდ პუტინისთვის და მის გარემოცვისთვის აქვს. ამას ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით. საქმე უკვე იმ დონემდე მიდის, რომ უკვე ჩნდება საკითხი,იმასთან დაკავშირებით, თუ რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ პუტინი როდის უნდა გადააყენოს”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“რუსეთში სამობილიზაციო მიმართულებითაც ელიტური კორუფცია ყვავის, რაც ნიშნავს იმას, რომ სამობილიზაციო პოტენციალი, რომელიც “იქს-საათის” (საგანგებო ოპერაციისთვის მზადების დაწყების საათის) ამოქმედების შემთხვევაში უნდა გამოეყენებინათ, ეს ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკურმა და სამხედრო ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა და ოლიგარქიულმა ჯგუფებმა მოიპარეს. სამობილიზაციო რესურსების მოპარვა სახელმწიფოებრივი დანაშაულია და უკვე მაღალი დონის სახელმწიფო ელემენტებს ექმნებათ საფრთხე, ეს ძალიან საინტერესოა. მართალია შოიგუმ თქვა, რომ 200 ათასი ადამიანი გაწვეულიაო, მაგრამ რუსეთის შიარაღებული ძალები აქედან მაქსიმუმ 30 ათას ადამიანს მოამზადებენ, იმ რესურსებისა და მასშტაბურად მოპარული ქონებისა და მოწყობილობების კონტექსტში ამაზე მეტის მომზადება შეუძლებელია. 30 ათასი ადამიანი კი დაახლოებით ორი საარმიო კორპუსია და ომში მათი ჩართულობა უკრაინისთვის ზღვაში წვეთია”, - განაგრძობს ექსპერტი.

“ეს ორი მომენტი სამხედრო და პოლიტიკურ ძირითად პრინციპებს ძირს უთხრის და ამერიკული “ჰაიმარსებისა” და “ჰარპუნების” დარტყმების გარეშეც ბრძოლისუნარიანობისა და თავდაცვისუნარიანობის სისტემას ანადგურებს. ახლა საინტერესოა პუტინი რას იზამს ის შესაძლოა 1945 წლის აპრილი-მაისის დროინდელ ჰიტლერს დაემსგავსოს, როცა ამბობდა, რომ ჯადოსნური იარაღი ექნებოდა, რომელსაც ამერიკის, ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გამოიყენებდა ან დააშანტაჟებდა მათ. თუმცა, ჰიტლერისგან განსხვავებით, პუტინს საკმაოდ სერიოზული ბირთვული პოტენციალი აქვს. პუტინი ახლა ამ ერთი, მისთვის თავდაცვითი იარაღით რჩება და ეს შანტაჟი შესაძლოა არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ მის შიგნითაც ადგილობრივი რუსული პოლიტიკური ელიტების დასაშანტაჟებლად გამოიყენოს. პუტინმა ეს მომენტი უკვე აამოქმედა”, - დასძენს მაისაია.

რა გზავნილებით ჩამოვიდა თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე

“საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხების საკითხებში, ბონი დენის ჯენკინსი ეწვევა. ინფორმაცია ამის შესახებ ამერიკის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ "შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი თბილისს 5-7 ოქტომბერს ეწვევა. თბილისში ყოფნისას, იგი გახსნის და ძირითადად დაკვირვებას გამოთქვამს ბიოუსაფრთხოების ასოციაციის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის კონფერენციაზე კოვიდ-19-დან მიღებული გაკვეთილების შესახებ. მდივნის მოადგილე ასევე დაესწრება ორმხრივ შეხვედრებს”. აშშ-ის მაღალი რანგის მაღალჩინოსნის ჩამოსვლას უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში. მათი თქმით, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია და უკავშირდება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს. თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ორმხრივ შეხვედრებზე აშშ-ს მაღალჩინოსანსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეეხოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა გზავნილებით ჩამოვიდა თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში ჩამოდის იმის გასარკვევად “თუ საით მიდის ჩვენი ქვეყანა”. “შეხვედრა თუ პროტოკოლური და პროცედურული შინაარსის არ არის, აუცილებლად უნდა შეეხოს იმას, თუ საით მიდის ეს ქვეყანა, რა გვინდა, როგორ ვითარდება და ვინ მიგვაჩნია მეგობრად; ამის გასარკვევად ჩამოდის ეს ხალხი. განსაკუთრებით ელჩის განცხადების შემდეგ, რომ ვაშინგტონში მაღალი რანგის თანამდებობის პირებს აქვთ შეკითხვები, თუ რატომ არ ემიჯნება ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკას”" - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ შეხვედრებზე საუბარი შიდა პოლიტიკურ პროცესებს შეეხოს. “საქართველოს მთავრობის მიმართ აშშ-ს გარკვეული პრეტენზიები გააჩნია, ამიტომ ამ ვიზიტის მთავარი მიზანია ადგილზე დარწმუნდნენ რა კურსით მიდის ქვეყანა. არის საქართველო დასავლური სამყაროს ნაწილი თუ რუსეთის; ენდონ თუ არ ენდონ საქართველოს, არის თუ არა საქართველო მათთვის დასაყრდენი რეგიონში. ამის შემდეგ მოხდება გაანალიზება და ზუსტი დიაგნოზის დასმა. სახლი რომ ინგრევა და ბურჯს რომ ამოწმებენ ისე” - თქვა ზაქარეიშვილმა. მაღალი რანგის მაღალჩინოსნის ვიზიტს საქართველოში პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე რამდენიმე ვერსიით ხსნის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რამდენიმე ვერსია შეიძლება იყოს - პირველ რიგში ის, თუ როგორ მიდის დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში. ასევე, სამხედრო-პოლიტიკური საკითხები, თუნდაც რუსეთის თავდასხმა საქართველოზე, უკრაინაში მიღებული მარცხის გადასაფარად. ასევე, შიდა პოლიტიკური საკითხები. კერძოდ, ის ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც ამ ბოლო დროს გაისმის. ჩემი აზრით, თუ საქართველოს სურს იყოს აშშ-ს პარტნიორი, ხელისუფლება უნდა გაემიჯნოს ასეთ განცხადებებს” - მიიჩნევს ნიკა ჩიტაძე. ექსპერტი პეტრე მამრაძე კი დარწმუნებულია, რომ ეს ვიზიტი ხორციელდება რეგიონალურ ჩარჩოებში და არავითარი იატაქვეშა დინებები არ არის. “ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში ყოველთვის ეცნობიან ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს. რაც შეეხება ამ ვიზიტს, ეს ეხება ბიოუსაფრთხების საკითხებს და კონფერენცია ტარდება რეგიონულ ჩარჩოებში. ვიცით, რა გამოწვევებია დღეს რეგიონში და მთელს მსოფლიოში, რამდენად მაღალია ბირთვული საფრთხე, ეს საკითხებია მნიშვნელოვან და არავითარი სხვა იატაქვეშა დინებები აქ არ არის. არავითარი საუბარი საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით არ იქნება ხელისუფლებასთან, რადგან ეს აბსურდია. საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია”, - თვლის პეტრე მამრაძე. მისივე თქმით, ეს “კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პრმეირე-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან”, - დასძენს გამოცემა.

ბირთვული შანტაჟი და ნებისყოფაზე თამაში - “მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, საფრთხე არსებობს და ვერავინ იტყვის რას იზამს”

“ფრონტის ხაზზე უკრაინელები წინ ძალიან სწრაფად მიიწევენ - მათ მიერ გათავისუფლებული სოფლების თუ ქალაქების შესახებ ინფორმაცია საათობრივად იცვლება. რუსეთის მიერ ანექსირებული ხერსონის ოლქის კიდევ 12 დასახლება გათავისუფლებულია. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებს. საერთო ჯამში კი დეოკუპირებულია ოლქის 50-ზე მეტი ქალაქი და სოფელი. გათავისუფლებულია ასევე ხარკოვის ოლქის ბოროვას დასახლება. კიევის კონტროლს დაუბრუნდა ასევე სოფელი ბოგუსლავკა, სადაც მეომრებს ადგილობრივმა მოსახლეობამ ღირსეული დახვედრა მოუწყო. უკრაინული დროშა სამხედროებმა ხერსონის ოლქის დავიდოვ ბროდის დასახლებაშიც აღმართეს. მანამდე კი ამ ოლქებში რუსი აგრესორების პოზიციებზე მასირებული შეტევა განხორციელდა. მხოლოდ ავიაციის 9 დარტყმის შედეგად, ოკუპანტების 60-ზე მეტი ერთეული ტექნიკა, მათ შორის 31 ტანკი და 27 ჯავშანმანქანა განადგურდა. ლიკვიდირებულია 90-მდე რუსი სამხედრო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბირთვული შანტაჟი და ნებისყოფაზე თამაში - “მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, საფრთხე არსებობს და ვერავინ იტყვის რას იზამს”.

“რუსულმა ჯარებმა კამიკაძე დრონებით შეუტიეს კიევის ოლქის ქალაქ ბილაცერკვას. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებ. ცეცხლი გაუჩნდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. რუსულმა ძალებმა ავიაიერიშები მიიტანეს ხარკოვის ოლქზე. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სამრეწველო ობიექტები. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორია, ოკუპანტებმა სასაზღვრო ზოლის მიმართულებით 25-ჯერ გაისროლეს. რუსულმა ჯარებმა სარაკეტო თავდასხმები მიიტანეს მიკოლაევის და დნეპროპეტროვსკის ოლქების მიმართულებითაც. პარალელურად, ცნობილი ხდება დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ. თეთრი სახლის ინფორმაციით, ვაშინგტონი უკრაინას დამატებით 625 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო აღჭურვილობას გადასცემს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ფსევდო-რეფერენდუმებისგან ამ კვირას უკვე რამდენიმე ათეული დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის არმია სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს ქვეყნის სამხრეთით. ამის შესახებ მან საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დღეს ფრონტის წინა ხაზიდან კარგი ამბებია. მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში უკრაინის არმია საკმაოდ სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს, ჩვენი ქვეყნის სამხრეთით. კერძოდ, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია და სტაბილიზებულია დასახლებული პუნქტები – ლიუბიმოვკა, კეშჩენკოვა, ზოლოტაია ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, დავიდოვ ბროდი, დიდი და პატარა ალექსანროვკები. ეს არ არის სრული სია. ჩვენი მეომრები არ ჩერდებიან. მხოლოდ დროის საკითხია, როდის განვდევნით ოკუპანტებს მთელი ჩვენი მიწიდან”, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან ნებისმიერი სახის დიალოგს გამორიცხავს. უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ოფიციალურად ეწინააღმდეგება კრემლის ლიდერთან მოლაპარაკებების გამართვას”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ ბირთვული მატარებლის გაგზავნის ბრძანება გასცა. “თაიმსის” ინფორმაციით, უკრაინის საზღვრისკენ მიმავალი ბირთვული მატარებელი რუსეთის ცენტრალურ ნაწილში შენიშნეს. გამოცემის ცნობით, მატარებელი, დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ დირექტორატთან, რომელიც პასუხისმგებელია ბირთვულ საბრძოლო მასალაზე, მათ შენახვაზე, მოვლაზე, ტრანსპორტირებასა და დანაყოფებისთვის გაცემაზე. “თაიმსი” წყაროზე დაყრდნობით წერს რომ პუტინი მზადაა, ვითარების ესკალაციისთვის მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენოს. ბირთვული მატარებელი ერთადერთი საფრთხე არ არის, რაზეც საერთაშორისო პრესა წერს. დასავლეთისთვის კიდევ ერთი თავსატეხი ბაზირების ადგილიდან გაუჩინარებული ატომური წყალქვეშა ნავი “ბელგოროდია”, რომელიც ამერიკული დაზვერვის ვარაუდით რუსეთის მიერ შექმნილი ბირთვული იარაღის - “პოსეიდონის” ტორპედოს გამოსაცდელად გავიდა. წყაროს ცნობით, საფრთხეზე ნატომ მოკავშირეები უკვე გააფრთხილა”, - დასძენს გამოცემა.

“ნატო კი რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოცდისთვის შესაძლო მზადების ნიშნებს, ჯერჯერობით, ვერ ხედავს, მაგრამ ვითარებას ყურადღებით აკვირდება. “რუსეთის ბირთვულ ძალებში ვერანაირ ცვლილებას ვხედავთ, მაგრამ ნატო და ალიანსის წევრები ფხიზლად რჩებიან”, - განაცხადა ნატო-ს წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვართან ბირთვული მატარებლის მიტანა ერთადერთი კოზირის თამაშს ჰგავს, რადგანაც ომის წაგების პირას დგანან. ბარბაქაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ამით რუსეთს უნდა დასავლეთი “დუხიდან დააგდოს”, ან სადაც ვიწროა იქ გაწყდეს. გამოუვა, არის თუ არა შემსრულებული ეს უკვე სხვა საკითხია. ფაქტია, რომ სერიოზული საფრთხე არსებობს და მსოფლიო დიდი რისკის წინაშე დგას. უკრაინის ანექსიაც არ გამოუვიდა, მაგრამ ომი დაიწყო, ამიტომ პუტინის სიტყვების წაყრუება არ შეიძლება”, - წერს სტატიის ავტორი.

“პუტინის ბოლო დღეებში დაწყებული ბირთვული იარაღით შანტაჟი დასავლეთზე და უკრაინის ნებისყოფაზე თამაშია. ამით ფსიქოლოგიურად დასავლეთის გატეხვას ცდილობს. ხან ბირთვული მატარებელი გაადადგილა, ხან გემი გაუჩინარდა და ვითომ ვერ პოულობენ. ეს არის პუტინის სასოწარკვეთილი ადამიანის თამაში, რომელიც ბირთვული იარაღის სახით ბოლო კოზირის გათამაშებას ცდილობს. დასავლეთმა როგორც ღიად, ასევე კულუარულად გააფრთხილა პუტინი ამ ყველაფერს რა შედეგიც მოყვება, მაგრამ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. უკრაინის ანექსიაც არ გამოუვიდა, მაგრამ ხომ დაიწყო? ამიტომ საფრთხე არსებობს და ასე ხელაღებით ვერავინ იტყვის რას იზამს. რუსეთის ფორნტის ხაზი სრულიად იშლება და ეს ყველაზე კარგად ხარკოვის ოლქში გამოჩნდა. ამიტომ სიტუაცია კიდევ უფრო დარამატულად განვითარდება, რადგან რუსეთმა მობილიზაციასაც თავი ვერ მოაბეს და 3-შრიან თავდაცვის ზღუდესაც ვერ აგებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკია ბარბაქაძე.

“მსუბუქად შეჯავშნული ტექნიკით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკრაინელები სწრაფად იჭრებიან და ანადგურებენ რუსებს. ფლანგებიდან უტევენ და რუსები გადაწყობას ვეღარ ახერხებენ. ისინი უფროსის გადაწყვეტილებაზე არიან ჩამოკიდებული, სანამ მისგან ბრძანება მოუვათ, ჯარისკაცები არაორგანიზებულ გაქცევას იწყებენ. შემდეგ ფრონტის გასწორებას ვეღარ ახერხებენ და უკრაინელები მათ მიერ მიტოვებულ ადგილებს სწრაფად იკავებენ. უკრაინელებმა გარდა ლენდ-ლიზისა, რომელიც უკვე 1 ოქტომბერს ამოქმედდა, რუსების ძალიან ბევრი მიტოვებული ტექნიკა ხელთ ჩაიგდეს. ხერსონში წარმატება რამდენიმე საათების თუ არა, დღის ამბავია. უკრაინელები ბევრ ინფორმაციას მიზანმიმართულად კეტავენ და ეს ძალიან სწორი ტაქტიკაა. უკრაინამ ხერსონი თუ აიღო, ეს მისცემს შესაძლებლობას, რომ ოპერატიული გასასვლელი მოიპოვოს. საშულება ექნება, რომ შავ ზღვაზე გავიდეს. ასევე რუსებისთვის ძალიან დიდი ფსქოლოგიური დარტყმა იქნება”, - დასძენს პოლკოვნიკი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა