არჩილ მორჩილაძე - ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში სახელმწიფო შესყიდვების უმეტესობა ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიფარმაციას და გაუმართლებლად ზრდის დაზღვევის ღირებულებას

რა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში სახელმწიფო ტენდერებს, რა გამოწვევები არსებობს და როგორია მათი მოგვარების გზები, ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელი არჩილ მორჩილაძე ესაუბრა.

- როგორ შეაფასებდით ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში სახელმწიფო ტენდერების მნიშვნელობას და რა გამოწვევებს ხედავთ ამ მიმართულებით?

- როგორც მოგეხსენებათ ჯანდაცვის მიმართულებით, კომპანიების მიერ მოზიდული პრემიის უდიდესი წილი სახელმწიფო ტენდერებზე მოდის, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ტენდერები კვალიფიციურად ჩატარდეს და სახელმწიფომ მაქსიმალურად ოპტიმალური დაფარვები შეისყიდოს.

ჯანდაცვის სამინისტრო ხშირად საუბრობს საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობაზე და ამავე დროს სხვა სახელმწიფო უწყებები ისეთ ტექნიკურ დავალებას ადგენს, სადაც მოთხოვნილია სამედიცინო ჩვენებისა და მკურნალობის მოქმედი პროტოკოლებით გაუთვალისწინებელი დაფარვები. რაც გაუმართლებლად ზრდის სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვაზე დანახარჯებს.

- უფრო მეტად, რომ დაგვიკონკრეტოთ რა მოთხოვნებზეა საუბარი?

- ყურადღებას გავამახვილებ მედიკამენტების ნაწილზე, წლების განმავლობაში ფიქსირდება მედიკამენტების ანაზღაურების მუხლით საკვები დანამატების და რიგი ისეთი ფარმაცევტული პროდუქტის ანაზღაურება, რომელიც არ არის აღიარებული სამკურნალო საშუალებად ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ როგორიცაა FDA (U.S. Food and Drag Administration) და EMA (European Medicines Agency).

როგორც მოგეხსენებათ, საკვები დანამატების გამოყენება არ არის გათვალისწინებული კლინიკური მდგომარეობების მართვის საერთაშორისო და ეროვნულ პროტოკოლებში. უფრო მეტიც, საქართველოში პოლიფარმაციის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები, ექიმის მიერ საკვები დანამატის სამკურნალოდ გამოწერას განიხილავს გადაცდომად და ასეთი შემთხვევები ექვემდებარება მონიტორინგს (01-9/ნ 15/08/2018 ბრძანება) ასევე აღსანიშნავია, რომ ე.წ ნებაყოფლობითი რეგისტრაციის წესით, საქართველოში წამლად არის რეგისტრირებული არცთუ მცირე ოდენობის ისეთი ფარმაცევტული პროდუქტებისა, რომლებიც მედიკამენტად აღიარებული არ არის საერთაშორისო ორგანიზაციების - FDA (U.S. Food and Drag Administration) და EMA (European Medicines Agency) -ს მიერ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ტექნიკურ დავალებებში ასეთი მოთხოვნები აძვირებს რა სადაზღვევო პროდუქტს არ ემსახურება უშუალოდ დაავადების სამკურნალო პროცესს. ამას გარდა, სახელმწიფო შესყიდვების პირობებით ამ პრეპარატების დაფინანსების მოთხოვნა, თანაც საბიუჯეტო თანხების ხარჯზე, ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიფარმაციის წახალისებას. იმავდროულად ამგვარი ქმედება წარმოადგენს პრობლემას მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხითაც, ვინაიდან არათანაბარ პირობებში ამყოფებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაზღვეულ სხვა ბენეფიციარებს, რომელთა სადაზღვევო დაფარვებში არ შედის საკვები დანამატების ანაზღაურება.

- თქვენ რა გამოსავალს ხედავთ?

- ამ საკითხზე ადრეც გვისაუბრია და ყველაზე კარგი გზა კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებაა.

ეს გაკეთდა ავტოდაზღვევის კუთხით, რამაც გაამართლა. მესამე წელია კონსოლიდირებულად ტარდება და ნაკლები პრობლემებია. ჩვენ ამის დადებითი გამოცდილება გვაქვს ავტომანქანების შესყიდვაზე, რაც სწორედ კონსოლიდირებული ტენდერით ხდება.

როდესაც დაზღვევის პირობები შეთანხმდება ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ვფიქრობთ ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია რამდენიმე ტიპის პაკეტის მომზადება, იმ ბიუჯეტების გათვალისწინებით, რაც აქვს თითოეულ შემსყიდველს და ვფიქრობ 15-20 ლოტის შედგენა წარმატებით შეიძლება. მომსახურებაც უფრო ხარისხიანი და ხარჯთეფექტური იქნება.

- საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის პორტფელში ჯანმრთელობის დაზღვევას რა წილი უკავია?

- ჩვენთან, ისევე როგორც სხვა კომპანიებში, ყველაზე დიდი წილი ჯანმრთელობის დაზღვევას უკავია. დაახლოებით 60-70%. 2017 წლიდან დღემდე, ჯანმრთელობის დაზღვევაზე ანაზღაურებული ზარალები ყოველწლიურად 8-9 მილიონ ლარს შეადგენს.

ოპერირების დაწყებიდან დღემდე ჩვენ კომპანიას მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით 40 მილიონ ლარზე მეტი აქვს ანაზღაურებული. ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით ჩვენ 2021 წელს გვყავდა 40 000 მდე დაზღვეული და 2022 წლის მონაცემებით მათი რიცხვი იგივე ფარგლებშია.

თეონა ციხიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო