ორგანიზატორების შეფასებით, “ქართული ღვინის ფესტივალი" შედგა და დღეს ნამდვილი დღესასწაული იყო

ორგანიზატორების შეფასებით, “ქართული ღვინის ფესტივალი" შედგა და დღეს ნამდვილი დღესასწაული იყო

“ქართული ღვინის ფესტივალი" შედგა - ნამდვილი დღესასწაული იყო,- ამის შესახებ ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამარ ასაბაშვილმა ფესტივალის დასრულების შემდეგ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისი თქმით, პოსტპანდემიური პერიოდის მიუხედავად, სტუმრების ინტერესი ფესტივალის მიმართ არ დამცხრალა და ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.

“ვულოცავ ღვინის ყველა მოყვარულს დღევანდელ დღეს. ეს დღე ნამდვილად შედგა. ნამდვილი დღესასწაული იყო. მოსულ სტუმრებს შორის იყვნენ როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები. მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა მარნის მიერ წარმოდგენილ პროდუქტს. გარდა ღვინისა, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჩირი, ხელნაკეთი ნივთი და ა.შ. სტუმრებს ჰქონდათ საშუალება, რომ მიეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა გათამაშებაში. თუ გავითვალისწინებთ პოსტპანდემიურ პერიოდს, სტუმრების მხრიდან ინტერესი არ დამცხრალა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს ტრადიცია კვლავ გაგრძელდეს და ფესტივალი ღვინის მოყვარულებს მომდევნო წელსაც შევთავაზოთ”,- განაცხადა თამარ ასაბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, შარდენზე “ქართული ღვინის ფესტივალი” გაიმართა. სიონის ქუჩაზე მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში ქართული ღვინისა და ქართული წარმოების პროდუქტების დეგუსტაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სხვადასხვა გასართობი პროგრამა- მიმების შოუ, დრამების შოუ, ოჩოფეხები, ცეცხლების შოუ.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა როგორც ქართული ფოლკლორული ანსამბლების, ისე ქართული ბენდებისა და უცხოური მუსიკის შემსრულებლების კონცერტი. ასევე, მოეწყო “კოკა-კოლას” გათამაშება, სადაც გამარჯვებულს სასაჩუქრე ყუთი გადაეცა. რიგით მეოთხე “ქართული ღვინის ფესტივალი” პანდემიის გამო ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართა.

ფესტივალის სპონსორი იყო „კოკა-კოლა“, ფესტივალის პარტნიორები კი იყვნენ “პალიტრა ჰოლდინგი“, „მეიდან ჯგუფი“, პრემიუმ ხარისხის ღვინის შესაფუთი მასალების მიმწოდებელი კომპანია „ვაინპაკი“ და „თბილისის ღვინის მუზეუმი“.