ნუგზარ კოხრეიძე - სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, ჩემი მიზანი იქნება მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მეტი მუშაობა რეგიონში, მეტი ნეიტრალურობა

სახალხო დამცველობა 19 ადამიანს სურს. კანდიდატების შემფასებელმა კომისიამ 19-ვე მსურველზე შეფასებების მომზადება უკვე დაიწყო. ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატი, არასამთავრობო ორგანიზაცია, სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე, ნუგზარ კოხრეიძე საკუთარ გამოცდილებაზე, ხედვებზე, შანსებზე საუბრობს და ამასთან, მიმდინარე პროცესებს აფასებს.

- უპირველესად გვითხარით, რატომ გადაწყვიტეთ სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება. მოგვიყევით თქვენზე, რა გამოცდილება გაქვთ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში?

- პირველ რიგში მიმაჩნია, რომ ამ ინსტიტუციაში სხვადასხვა მიმართულებით არის საჭირო ცვლილება და გაუმჯობესება. ინსტიტუცია არის, მაგრამ მისი გაძლიერება და მეტი დამოუკიდებლობის მოპოვებაა აუცილებელი. აღნიშნულ გარემოებაზე საუბრობს ევროკავშირიც, რადგან სახალხო დამცველის საკითხი ევროკავშირის 12 პუნქტის ერთ-ერთი შემავალი პირობაა და მე ვფიქრობ, რომ ეს 12 პუნქტის აღსრულება მნიშვნელოვანი საკითხია. აგრეთვე, ჩემი მონაწილეობა განპირობებულია მკაფიო ხედვით, სახალხო დამცველის ინსტიტუცია უფრო დამოუკიდებელი და სახალხო დამცველი უფრო ნეიტრალური ფიგურა გახდეს. რა თქმა უნდა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ 12 პუნქტის შესრულებაში მონაწილეობაც მნიშვნელოვანი მოცემულობაა.

მეორე მიზეზია სურვილი, რეგიონები რაც შეიძლება მეტად იყვნენ ჩართული საქართველოში მიმდინარე პროცესებში - ახლა პროცესებთან მიმართებით მათი პასიურობა საგრძნობია, რაც მრავალი ფაქტორითაა გამოწვეული. მე მინდა, თუნდაც ჩემი მაგალითით, რაღაც მოტივაცია მივცე სხვა რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ ისინიც იყვნენ აქტიურები ამ პროცესში. მე ვიქნები სახალხო დამცველი, რომელიც ბევრს იმუშავებს რეგიონებზე და გააძლიერებს რეგიონულ თანამშრომლობას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

მესამე: მე ვთვლი, რომ საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს დაგროვილი, რომელიც შესაძლებლობას მაძლევს, ვიყო კარგი სახალხო დამცველი. მე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება მაქვს, რაც ვფიქრობ, რომ საკმარისზე მეტი გამოცდილებაა იმისათვის, რათა სახალხო დამცველობას თავი გავართვა.

- ცნობილია ის კრიტერიუმები, რასაც კომისია შეფასებების მომზადებისას უნდა დაეყრდნოს. ესენია: კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, მაღალი რეპუტაცია, სათანადო პროფესიული ცოდნა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონა. რამდენად აკმაყოფილებთ აღნიშნულ კრიტერიუმებს და ზოგადად, როგორ აფასებთ საკუთარ შანსებს?

- მე ჩემს თავს შევაფასებდი, როგორც დამოუკიდებელს, მაღალი რეპუტაციის მქონეს და ა.შ. რა თქმა უნდა, შედარებითია ყველაფერი, გააჩნია, სად მოღვაწეობ. ჩემი გამოცდილება დაკავშირებულია იმერეთის რეგიონთან, ქუთაისთან, დასავლეთ საქართველოსთან, ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებენ, მე ნაკლებად მიცნობენ და ალბათ, ის ორგანიზაციებიც, რომლებიც მეტ-ნაკლებად ჩართულები არიან ამ პროცესში. ნამდვილად არის პოტენციალი რეგიონებში და არიან ადამიანები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ, შესაძლებლობები, პოტენციალი და მართლაც შეუძლიათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა. მე ვგეგმავ ამ მოცემულობის ცვლილებას შევუწყო ხელი.

მე არ ვარ დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. რა თქმა უნდა, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობითი ხასიათის სამუშაო მაქვს გაწეული, მაგრამ როგორც ასეთი, მათთან დაკავშირებული არ ვარ. რაც შეეხება მაღალ რეპუტაციას - იმ წრეში, სადაც მე ვტრიალებ და ვისთანაც მითანამშრომლია, ვთვლი, რომ მაქვს მაღალი ნდობა.

რაც შეეხება შანსებს - მე ვფიქრობ, რომ დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ არის სახალხო დამცველის არჩევის პროცესი, როდესაც პოლიტიკურ მოთამაშეებს კონსენსუსის მიღწევა სჭირდებათ, კანდიდატების მრავალფეროვნება მეტ შანსს იძლევა იმისათვის, რომ პროცესი გარკვეულ მცირე ვერსიებში არ ჩაიკეტოს. რაც უფრო მეტად არის კანდიდატების მრავალფეროვნება, მით უფრო შესაძლებელია, პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის გარკვეული კონსენსუსი შედგეს, თუ ისინი, რა თქმა უნდა, ამას ობიექტურად მიუდგებიან. ამ კუთხით, შანსი 19-ვე კანდიდატს აქვს.

- როგორც ცნობილია, თქვენმა ორგანიზაციამ „თაობათა დიალოგმა“ თქვენი მხარდამჭერი კამპანია დაიწყო. გვითხარით, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს პროცესი და რა გავლენას მოახდენს მხარდაჭერების შეგროვება ომბუდსმენის არჩევის პროცესში, იმიტომ რომ კანდიდატებზე შეფასებებს 9-კაციანი ჯგუფი ამზადებს...

- პირველ რიგში ვიტყვი, რომ მე თავად არ დამიწყია ეს კამპანია. ის დაიწყეს იმ ადამიანებმა, რომლებთანაც მე მრავალი წელია ვმუშაობ. ისინი მიცნობენ როგორც დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და პროფესიონალ ადამიანს. მათ გაუხარდათ ჩემი ამ პროცესში მონაწილეობა, მათ უნდათ, რომ გავიმარჯვო და გარკვეულწილად ჩათვალეს, რომ ამ პროცესში ქმედითად უნდა მიეღოთ მონაწილეობა. შესაბამისად, წამოიწყეს აღნიშნული მხარდამჭერი კამპანია. მე ვფიქრობ, რომ ამ კამპანიას მორალური და საზოგადოებრივი ასპექტები უფრო აქვს, იმიტომ, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, გადაწყვეტილება პარლამენტში მიიღება. მადლიერი ვარ ყველა იმ რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციის, რომელმაც მხარი დამიჭირა. რამდენადაც ვიცი, 52-მა ორგანიზაციამ გამოხატა სურვილი, რომ ჩემი კანდიდატურისთვის საჯაროდ დაეჭირა მხარი, რაც ფრიად სასიამოვნო და საპასუხისმგებლო მოვლენაა.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ის ძირითად პრინციპები, რითაც სახალხო დამცველმა უნდა იხელმძღვანელოს, როგორი უნდა იყოს სახალხო დამცველი? თქვენი ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში, რას შეცვლით აპარატის საქმიანობაში, რა იქნება ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც იმუშავებთ?

- თუ როგორი უნდა იყოს სახალხო დამცველი, ეს უკვე კომისიის პირობებში არის გაწერილი და მე აბსოლუტურად ვეთანხმები. სახალხო დამცველად ჩემი არჩევის შემთხვევაში კი 3 ძირითადი ხედვა გამაჩნია, თუმცა აქვე დათქმას გავაკეთებ, რომ უახლოეს პერიოდში ვაპირებ ჩემი ხედვები სხვადასხვა ორგანიზაციას, სხვადასხვა პლატფორმაზე გავაცნო, ამაზე ვიმსჯელო და შემდეგ უკვე პროგრამის საბოლოო ვერსია წარმოვადგინო წერილობითი სახით.

ჩემი პირველი ხედვა ეს არის თვითონ სახალხო დამცველის ინსტიტუციონალური გაძლიერება და ამ კუთხით ყურადღებას ვამახვილებ რეკომენდაციების შესრულებაზე მთავრობის მხრიდან. ჩვენ უნდა გავმართოთ დისკუსიები, თუ როგორ მოვახერხოთ სახალხო დამცველმა შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა, ნეიტრალურობა, ობიექტურობა ისე, რომ მისი რეკომენდაციები, რომელსაც ის სხვადასხვა უწყების მიმართ გასცემს, იყოს აღსრულებული. მეორე ნაწილი ეს არის უფლებათა დაცვითი სივრცის არეალის გაშლა. მაგალითად, გარემოსდაცვითი საკითხების, შრომითი უფლებების მიმართულებით კიდევ უფრო შეიძლება გაშლა. მნიშვნელოვანია რეგიონული ოფისების გაძლიერება, მათი მეტი რესურსებით აღჭურვა და უფრო აქტიური ჩართულობა რეგიონულ და ადგილობრივ საკითხებში ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში. მესამე საკითხი ეს არის სახალხო დამცველის კომუნიკაცია საზოგადოებასთან, იმიტომ, რომ სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ამით ახდენს ის გარკვეულწილად მორალურ ზეწოლას ხელისუფლებაზე, რომ მისი რეკომენდაციები იყოს აღსრულებული. ამ მიმართულებით მე ვაპირებ ვიყო უფრო დამოუკიდებელი, უფრო ნეიტრალური და უფრო აქტიური საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით. შეხვედრები და საუბრები ჩვენი საზოგადოების ყველა ჯგუფთან აუცილებლად მიმაჩნია. დიალოგის წარმოება ჩვენი საზოგადოების ყველა ნაწილთან ვალდებულება იქნება ჩემთვის. არ უნდა დარჩეს საზოგადოების ნაწილი, ვისთვისაც მე აღქმული ვიქნები ვინმეს კონკრეტულ სახალხო დამცველად და არა ყველა მათგანის. ეს დიდი ამოცანაა, მაგრამ საკმარისი გამოცდილება გამაჩნია ამ საკითხში.

- აქვე მინდა გკითხოთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ სახალხო დამცველის 3 კანდიდატზე. როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, NGO-ებმა ომბუდსმენის თანამდებობაზე 3 კანდიდატი „კლანურად“ შეარჩიეს და ისინი არ აპირებენ ამ კანდიდატებზე მსჯელობას. მმართველი გუნდის ეს დამოკიდებულება აზიანებს თუ არა სახალხო დამცველის არჩევის პროცესს და თვითონ პროცესის გამჭვირვალობას?

- უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ ამ პოლიტიკური ორთაბრძოლების პროცესში არ შევდივარ. მე მესმის, რომ პოლიტიკური პარტიები ცდილობენ სხვადასხვა „მესიჯბოქსით“ ერთმანეთს აგრძნობინონ, რა უნდათ და ვინ შეიძლება იყოს სასურველი, თუმცა საბოლოო ჯამში, მე იმაში გეთანხმებით თქვენ, რომ თვითონ საზოგადოების თვალში ეს სახალხო დამცველის არჩევის პროცესისთვის დამაზიანებელია. პირველ რიგში არ ვეთანხმები იმას, რომ საერთოდ არასამთავრობო სექტორის მიმართ რაიმე ტიპის დამაკნინებელი განცხადებები კეთდებოდეს. რაც შეეხება სამ კანდიდატს - მათ პირადად არ ვიცნობ, თუმცა რაც ვიცი ამ ადამიანების შესახებ, რაც მათი გამოსვლებიდან მომისმენია, ისინი ღირსეული უფლებადამცველები არიან და მე მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ.

- ვხედავთ, რომ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით გარკვეული უთანხმოებებია. ოპოზიციას არ სჯერა პროცესების გამჭვირვალობის და აცხადებს, რომ „ოცნება“ მაინც ეცდება მისთვის სასურველი კანდიდატის „გაყვანას“. პარალელურად, ხელისუფლება აცხადებს, რომ მზადაა, გარკვეულ კომპრომისზე წავიდეს, თუმცა მათივე თქმით, კომპრომისის ხარისხს გააჩნია. ვიცით, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ სახალხო დამცველის არჩევას უკავშირდება. იმ შემთხვევაში, თუკი ვერ მოხდება ერთ კანდიდატზე შეჯერება, რამდენად დაზიანდება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი? ერთი მხრივ, რამდენად ცუდი იქნება ქვეყნისთვის თუ ახალი სახალხო დამცველი არ გვეყოლება და მეორე მხრივ, რა ეფექტი ექნება ამას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება-არ მიღების საკითხზე?

- პროცედურული თვალსაზრისით, ის, რომ სახალხო დამცველის კანდიდატზე ვერ შეჯერდებიან, ეს პრობლემა არ იქნება, იმიტომ, რომ მისი მოადგილე შეძლებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი მოვალეობები შეასრულოს და ამით ინსტიტუციონალური პრობლემა არ შეიქმნება, მაგრამ თვითონ ის გარემოება, რომ პოლიტიკური მოთამაშეები სახალხო დამცველის კანდიდატზე ვერ შეთანხმდებიან, არის გამოწვევა, იმიტომ, რომ ვინაიდან, ევროკავშირმა ერთ-ერთ პუნქტად ჩაწერა ე.ი. მიაჩნია, რომ ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ეს არის დავალება. თუ ეს პუნქტი ჩავარდება, ეს იქნება მესიჯი ევროკავშირისთვის, რომ ჯერ პოლიტიკური სისტემა საქართველოში ვერ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტზე, როგორიც არის ადამიანის უფლებები. ეს პასუხისმგებლობა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილზეც მოდის, ვინაიდან ჩვენც აქტიურად ვართ ჩართული პროცესში და შესაბამისად, ეს არის საერთო დავალებაც და ამოცანაც. მჯერა, რომ ამ დავალებას გავართმევთ თავს.

- ბოლოს მინდა შევაფასოთ მოქმედი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას საქმიანობა. ის 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ომბუდსმენის აპარატს. მთავარი ბრალდებები, რაც ხელისუფლების მხრიდან ლომჯარიას მისამართით ისმის, არის ის, რომ ლომჯარია არა სახალხო დამცველი, არამედ, „ნაცების“ დამცველია. ეთანხმებით თუ არა მმართველი გუნდის მსგავს შეფასებებს და ზოგადად, როგორ აფასებთ თქვენ პირადად ნინო ლომჯარიას მიერ ომბუდსმენის აპარატის 5-წლიან მმართველობას.

- ყველა სახალხო დამცველის დამსახურებაა ის, რომ დღეს სახალხო დამცველის ინსტიტუცია არსებობს და მოქმედებს და ამისთვის ყველა მათგანს ეკუთვნის მადლობა, მაგრამ ამ ინსტიტუციასაც გააჩნია გამოწვევები და ხარვეზები. ჩემი ამოცანაა სწორედ მოხდეს ამ ხარვეზების იდენტიფიცირება და გამოსწორება. სხვათა შორის, როდესაც სახალხო დამცველის სისტემას ვსწავლობდი, აღმოვაჩინე, რომ მაინცდამაინც არ არის შეფასებები თვითონ სახალხო დამცველის ინსტიტუციასთან მიმართებით გაკეთებული. ეს აუცილებელი მიმართულებაა და ჩემი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში. მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოახდინონ ინსტიტუციის მუშაობის ანალიზი და შეფასება. ამა თუ იმ სახალხო დამცველის მუშაობის შეფასებას დრო მოახდენს. დღეს, შეიძლება მხოლოდ სუბიექტურად შევაფასოთ: თუ მომწონს ქალბატონი ნინო, ვიტყვი, რომ კარგად მუშაობს, თუ არ მომწონს, ვიტყვი, რომ ცუდად მუშაობს, თუ ხარ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ალბათ, იტყვი, რომ კარგად მუშაობს, თუ ხარ „ქართული ოცნების“ წევრი, ალბათ, იტყვი, რომ ცუდად მუშაობს, მაგრამ ეს არის ძალიან სუბიექტური შეფასება. საერთოდ, ის გარემოება, რომ დღეს ასეთი საუბრებია საზოგადოებაში, გამოსასწორებელია. განვმეორდები, ჩემი ამოცანა, თუ სახალხო დამცველი გავხდი, იქნება მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მეტი რეგიონში მუშაობა, მეტი ნეიტრალურობა და ინსტიტუციის მეტი დამოუკიდებლობისთვის შრომა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ობიექტური მაჩვენებელი დროა, რომელიც დაგვანახებს რა შესრულდა, რა იყო ეფექტური, რა არ იყო ეფექტური. რა თქმა უნდა, მე როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატი, მადლობას ვუხდი ყველას სახალხო დამცველს იმისათვის, რომ აქამდე მოიტანეს ეს ინსტიტუცია. ამ პროცესში მონაწილეობა საპატიოა.

მარიამ ხვედელიძე

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო