თელავში მოკლული 26 წლის ქალის დედა მკვლელობის დეტალებზე საუბრობს

თელავში მოკლული 26 წლის ქალის დედა მომხდარის დეტალებზე საუბრობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული მამაკაცი მის შვილზე ძალადობისთვის ერთხელ უკვე იყო დაკავებული, თუმცა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

გარდაცვლილის დედა ვარაუდობს, რომ მამაკაცი დაზარალებულზე განხორციელებული ზეწოლის შემდეგ შეცვლილი ჩვენების საფუძველზე გაათავისუფლეს.

რაც შეეხება მკვლელობის დეტალებს, მოკლულის დედა ამბობს, რომ მკვლელობამდე მომხდარ კონფლიქტს გარდაცვლილის 6 წლის შვილი შეესწრო, ფაქტის დროს კი სახლში 1.5 წლის ბავშვი იმყოფებოდა.

„კონფლიქტი სულ ჰქონდათ. 6 თვის განმავლობაში სად აღარ იცხოვრეს. მერე აქ გადმოვიყვანე საცხოვრებლად, ჩემი სახლის წინ. 3 ოქტომბერს ჩემმა შვილმა მომწერა - ჩქარა, მიშველე, მკლავს. სანამ ჩავიცვი კიდევ მომწერა, მკლავსო. გავიქეცი, მაგრამ ის (ბრალდებული) ჩვეულებრივად დამხვდა, ვითომ არაფერი, ისე იჯდა. მივედი და ბავშვი იჯდა შეშინებული. ვკითხე, რა ხდებოდა. ის (ბრალდებული) საძინებელში იყო. ბავშვს ვუთხარი - თუ არ მეტყვი, დილამდე აქ დავრჩები-მეთქი და მას (ბრალდებულს) არ მოეწონა რომ თქვი, დილამდე დავრჩები-მეთქი. გამომივარდა, სხვა გოგოც იყო, მეგობარი, რომელმაც დაიჭირა. იმას რომ არ დაეჭირა, ყელს გამომჭრიდა. რას ითხოვდა და იმას რომ ჩემთან, საკუთარ დედასთანაც კი არ გადმოსულიყო.

რაც შეეხება გუშინდელს - წვიმდა და ხმა ვერ გავიგე, თურმე ბავშვი გამოქცეულა და ნახევარი საათი სადარბაზოსთან მდგარა, ტიროდა. მეზობელმა დამიძახა და მითხრა, რომ ბავშვი ტიროდა. ბავშვი ამოვიყვანე და მითხრა - ჩქარა, თორნიკე დედას ახრჩობსო. ბავშვებთან ერთად მარტო ვიყავი, ამიტომ დავურეკე 3 ოქტომბრის ინციდენტის გამომძიებელს, რომელსაც ვუთხარი, რაც ბავშვმა მითხრა. 2 წუთი არ იყო გასული, გამომძიებელმა მომწერა, რომ მისი თანამშრომლები უკვე იქ იყვნენ“,- განაცხადა გარდაცვლილი ქალის დედამ.

მისივე თქმით, 3 ოქტომბრის ინციდენტის შემდეგ მის შვილზე ბრალდებულის ახლობლებმა ზეწოლა განახორციელეს, რის შემდეგაც დაზარალებულმა ჩვენება შეცვალა.

„პოლიციაში რომ წაგვიყვანეს, ჩემს შვილს ჩვენების შემდეგ ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა კიდევ პრეტენზია დაკავებულთან. ჩემმა შვილმა თქვა - არანაირი პრეტენზია არ მაქვსო. პოლიციიდან რომ გამოვედით, ამის (ბრალდებულის) ბიძამ გააჩერა ჩემი შვილი, ელაპარაკნენ, იყო ზეწოლა. ჩვენ წამოვედით სახლში, რა დროსაც ჯერ დარეკა დედამისმა (ბრალდებულის) იტალიიდან, შემდეგ კი ჩემი შვილი საღამოს 6 საათიდან, ღამის 10 საათამდე სადარბაზოსთან, მანქანაში ჰყავდათ, ელაპარაკებოდნენ, მეორე დღეს კი გავიგე, რომ ეს (ბრალდებული) გამოვიდა“,- განაცხადა გარდაცვლილი ქალის დედამ.

შეგახსენებთ, რომ თელავში ახალგაზრდა ქალი გუშინ მოკლეს. საქმეზე ერთი პირი უკვე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, დაკავებული მამაკაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა