ჩვენი მხრიდან [ევროკომისიის] ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად იქნება შესრულებული, ამის გარანტიას გაძლევთ, მათ შორის, კონსენსუსის სივრცეც ღია გვაქვს, მაგრამ შეიძლება, ყველაფერზე შეთანხმება ვერ მოხდეს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ევროკომისიის რეკომენდაციებს, თუმცა, დაზღვეული ვერ იქნებიან, რომ "რადიკალური ოპოზიცია დესტრუქციული პროცესის გაგრძელებას არ მოინდომებს."
"ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს, მკაფიოდ და მკვეთრად გამოხატული. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის, ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან. რადიკალური ოპოზიციის ნაწილი თავიდანვე შეგნებულად არ ჩაერთო ამ სამუშაოში და ძალიან ბევრი მოწოდება იყო საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მათ შორის, რომ ჩართულობა იყოს პროცესში, მაგრამ არ ერთვებოდნენ. ამის მიუხედავად, ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ, რომ ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა რაღაც პოზიტიური როლი მაინც შეასრულოს ამ მიმართულებით. "ქართული ოცნება" მაღალი პასუხისმგებლობით მოქმედებს. დაზღვეული არავინ არ ვართ, რომ რადიკალური ოპოზიცია დესტრუქციული პროცესის გაგრძელებას არ მოინდომებს ისევ, როგორც ეს აქამდე იყო. კანონი მიიღება ყველა შემთხვევაში, არც ერთი პუნქტი არ დარჩება, რომელიც მიღებული არ იქნება. ყველა მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას, რაღაც კანონპროექტზე არ იქნება ოპოზიციის სრული მხარდაჭერა, ამას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ის, რომ ყველა რეკომენდაცია ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად იქნება შესრულებული ამის გარანტიას გაძლევთ. მათ შორის კონსენსუსის სივრცეც ღია გვაქვს, მაგრამ შეიძლება ყველაფერზე შეთანხმება ვერ მოხდეს, ეს ბუნებრივი მდგომარეობაა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეორე მხარეს გადააბრალებს ევროინტეგრაციის გზაზე უშედეგობას და ამით გამარჯვებული იქნება.