ირაკლი ქადაგიშვილი - არის მუდმივი მცდელობა, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ, თითქოს იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე აშშ-ს და ნატოს - ჩვენ ბეწვის ხიდზე გავდივართ, რადგან რუსეთისთვის აგრესიის გადმოგდება საქართველოში, პრობლემას არ წარმოადგენს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დასავლეთის დახმარება უკრაინისთვის დაგვიანებულია და სწრაფი ნაბიჯებია გადასადგმელი.

როგორც ქადაგიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, თუკი ერთხელ მოხდა „ატომური ჭურვის გასროლა“, ამას შეიძლება „დომინოს ეფექტი“ მოჰყვეს.

„უმძიმესია ის, რაც უკრაინაში ხდება. დასავლეთის დახმარება უკრაინისთვის დაგვიანებულია. შეიძლება ვთქვათ, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ორი გამოსავალია: ან უნდა მოხდეს აშშ-ს და ნატო-ს მხრიდან იმ დონის მხარდაჭერა, რომ მოხდეს სარაკეტო თავდასხმების მნიშვნელოვანი შემცირება, ან უნდა მოხდეს დროებითი შეთანხმება, რომელიც ესკალაციას შეაჩერებს. სწრაფი ნაბიჯებია გადასადგმელი. ნებისმიერ დიდ ომში საჭიროა საჰაერო თავდაცვა. საჰაერო უპირატესობა 21-ე საუკუნის ომში გადამწყვეტია.

რამდენიმე ხანში 1 წელი გახდება, რაც უკრაინა-რუსეთის ომი მიმდინარეობს. ვხედავთ, რომ ომი ჭიანურდება და ომისთვის დამახასიათებელ მძიმე ფორმებს იღებს და ეს შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს. მარტო ის ძალისხმევა, რომ „მე უკრაინას მივაწვდი შეიარაღებას“, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შეიძლება არ იყოს საკმარისი. უცხოური შეიარაღების ათვისებას და საბრძოლო მწყობრში მოყვანას თავისი ცოდნა სჭირდება. დღევანდელი განცხადებით მათ {G7 -ის ქვეყნები} მყარი თანადგომა გამოხატეს, მაგრამ პრაქტიკაში როგორ აისახება, ამას ვნახავთ. აქ ალბათ, გადამწყვეტი როლი აშშ-ს ექნება.

ეს არ არის ის ომი, რომელიც ავღანეთში, ვიეტნამში, კორეაში იყო. ეს ომი რუსეთისთვის არის ეგზისტენციალური, ამიტომ მისი გააფთრებული წინააღმდეგობა შეიძლება ჩვეულებრივ მოცემულებად იქცეს. მარტო უკრაინელი ჯარისკაცი და ოფიცერი, მიუხედავად დასავლეთის შეიარაღებისა შეიძლება, საკმარის არ აღმოჩნდეს. უკრაინა კი არის დიდი სახელმწიფო, მაგრამ რესურსი უსაზღვრო არ არის. როცა ასეთი დიდი ომი მიმდინარეობს, სხვა ქვეყნების ჩართულობა ხდება ხოლმე. ნატო-ს ფიზიკურად ჩართვა ნიშნავს, უკვე ნატო-ს და რუსეთს შორის დაპირისპირებას და ომს. თუკი ერთხელ მოხდა ატომური ჭურვის გასროლა, ამას შეიძლება დომინოს ეფექტი მოჰყვეს“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა და დასძინა, რომ „რა იქნება ესკალაციის შემაჩერებელი, ზუსტი პროგნოზი არ არის“.

მისივე თქმით, „ამ ომის შედეგად რუსეთი უკვე დამარცხებულია, იმიტომ რომ „არასამართლიან ომს ეწევა“.

„დამარცხებულია, იმიტომ რომ რუსეთი, როგორც სახელმწიფო იზოლაციაშია მოქცეული. რუსეთი ტექნოლოგიური გამყინვარების პირობებში გადავიდა“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, ის რომ 10 ოქტომბერს რუსეთის მიერ უკრაინის დიდი ქალაქების დაბომბვას მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა, იყო თუ არა რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის ნაწილი და რატომ არ გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ საქართველო ბეწვის ხიდზე გადის, იმიტომ რომ რუსეთისთვის აგრესიის გადმოგდება საქართველოში არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

მისივე თქმით, საქართველოს ვალია მყარი პოზიცია და მხარდაჭერა ჰქონდეს უკრაინასთან დაკავშირებით საერთაშორისო ფორმატში.

„არის მუდმივი მცდელობა იმისა, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ და თითქოს იმაზე უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია, ვიდრე ამერიკას და ნატო-ს სახელმწიფოებს. ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმაზე მეტს, რაც ამ სახელმწიფოებს შეუძლიათ გააკეთონ. ჩვენ რეალურად ბეწვის ხიდზე გავდივართ, იმიტომ რომ რუსეთისთვის აგრესიის გადმოგდება საქართველოში არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ამით არც უკრაინის მდგომარეობს შემსუბუქდება და ჩვენც ახალი ცხელი წერტილი უნდა გავხდეთ. ჩვენ ყველგან ობიექტურად გამოვხატავთ მხარდაჭერას. პრემიერმა პრაღის სამიტზე შესაბამისი განცხადებები გააკეთა. პრეზიდენტი გამოეხმაურა, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა“,- განაცხადა ქადაგიშვილმა გადაცემაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა