გიორგი ვაშაძე - ყირიმის ხიდზე აფეთქების საქართველოსთან დაკავშირება არის რუსეთის მხრიდან პროვოკაციული ქმედება და სილის გაწნა პრორუსი „ქართული ოცნებისთვის“

ეს არის რუსეთის მხრიდან ღია პროვოკაციული ქმედება და სახეში სილის გაწნა პრორუსი „ქართული ოცნებისთვის“ საკუთარი მეთაურებით, რომლებიც ვერაგად მიაქანებენ ქვეყანას რუსეთისკენ ევროპის ნაცვლად, - ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან კავშირში არიან საქართველოს მოქალაქეებიც.

ვაშაძის თქმით, ამ პროვოკაციის თანაავტორია „ქართული ოცნებაც“, რადგან ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთთან ქვეყანა მარტო დატოვოს.

„ეს, ჩემი აზრით, არის ღია პროვოკაციული ქმედება რუსეთის მხრიდან და ეს არის კიდევ ერთხელ სახეში სილის გაწნა ყველა პრორუსისთვის, პირველ რიგში პრორუსი „ქართული ოცნებისთვის“ საკუთარი მეთაურებით, რომლებიც ვერაგად მიაქანებენ ქვეყანას რუსეთისკენ ევროპის ნაცვლად.

ხომ ხედავთ, რამხელა პროვოკაციებს აქვს ადგილი? ჩვენ დაგვიცავს ერთადერთი რამ, ძლიერი თავდაცვა და ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, ისინი რომლებსაც დღენიადაგ თავს ესხმიან ეს მოღალატეები, რომლებიც მოკალათებულები არიან ხელისუფლებაში. ცალსახად ვამბობ, ეს არის პროვოკაცია და მისი თანაავტორია პრორუსული „ქართული ოცნება“, რომელიც არაფერს აკეთებს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად და ყველაფერს აკეთებს, რომ მარტო დაგვტოვოს ამ პროვოკატორ, ტერორისტ სახელმწიფოსთან, რომელსაც რუსეთი ჰქვია. დადგება დრო, ყველაფერს ფარდა აეხდება, მაგრამ ამ „ეფესბეშნიკებს“ მოსკოვშიც კი არ შეიფარებენ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ პირდაპირ ასრულებს რუსეთის დავალებებს და მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მისცენ. მისივე განცხადებით, ყველა კანონი, რომელიც შეიმუშავეს სამუშაო ჯგუფებში და დაარეგისტრირეს, წინააღმდეგობაშია კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ 12- ვე პუნქტთან.

„საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება კვლავ გრძელდება. 12 პუნქტის შესასრულებლად, რომელიც განგვისაზღვრეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, არათუ არაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“, არამედ გეგმაზომიერად აგროვებს არგუმენტებს იმისთვის, რომ საბოლოო უარი მივიღოთ ევროკავშირის მხრიდან. ძირითად საკითხებს შორისაა მართლმსაჯულების რეფორმა, თუმცა კანონი, რომელიც რეგისტრირებულია პარლამენტში, წინააღმდეგობაშია ყველა იმ რეკომენდაციასთან, რომელიც განგვისაზღვრეს. იგივე ხდება საარჩევნო რეფორმაზე - რეგისტრირებული კანონი არ ითვალისწინებს და წინააღმდეგობაშია იმასთან, რაც გვითხრეს ევროპელმა პარტნიორებმა. დეოლიგარქიზაციის კანონი პირდაპირ წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც გვეუბნებოდნენ პარტნიორები და არ ითვალისწინებს არანაირი რეკომენდაციის შესრულებას. მედიასთან დაკავშირებულ საკითხებს რაც შეეხება, გუშინ იყო კიდევ ერთი პროცესი და როგორც ვხედავ, პრორუსული „ქართული ოცნება“ არ აპირებს მის გათავისუფლებას, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაშია სტატუსის მიღებასთან. შეგახსენებთ, რეზოლუცია მედიასთან დაკავშირებით, მყისიერად იქნა მიღებული ევროპარლამენტში გვარამიას დაკავების შემდეგ. ეს ყველაფერი არის იმის მტკიცებულება, რომ ხელისუფლებაში მყოფი პრორუსული „ქართული ოცნება“ ასრულებს „ეფ ეს ბესგან“ მიღებულ დავალებებს, შეთქმულებას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს ადასტურებს ოპოზიციის სიმართლეს, რომ სამუშაო ჯგუფები, სადაც მონაწილეობა არ მივიღეთ, იყო მხოლოდ ფარსი.

შევეშვათ ილუზიებს და ცრუ პროცესებში მონაწილეობას, ბოლომდე უნდა გავაშიშვლოთ „ქართული ოცნება“, რომელიც ასრულებს ოკუპანტის დავალებებს. როგორც იანუკოვიჩმა მიიღო თავის დროზე რუსეთისგან დავალება და არ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, ზუსტად ამ გზას ადგას „ქართული ოცნება“ - ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო