საფრანგეთის ელჩი - ძალიან მტრული, ძალიან აგრესიული ანტიდასავლური ნარატივი, რაც საქართველოში ისმის, ზიანს აყენებს საქართველოს და მის ინტერესებს

"ძალა ერთობაშია" - ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა იმუშაონ, რომ ეს დევიზი საკუთარ რეალობად აქციონ, - ამ სიტყვებით მიმართა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა, რომელიც საკუთარ დიპლომატიურ მისიას ჩვენს ქვეყანაში ასრულებს.

ფრანგი დიპლომატი, გამოსამშვიდობებელ ინტერვიუში საკუთარ სამწლიან დიპლომატიურ საქმიანობას აჯამებს და აცხადებს, რომ დიდ გამოწვევებს მან და მისმა გუნდმა წარმატებით გაართვეს თავი.

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, როგორ აფასებს ქართულ პოლიტიკაში მზარდ ანტიდასავლურ განცხადებებს, რა როლი აქვს საქართველოს ახლად დაფუძნებულ ევროპის პოლიტიკურ გაერთიანებაში, უკრაინაში მიმდინარე ომის ესკალაცია, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში საქართველოს წვლილი, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე, დიეგო კოლასი, საქართველოში საფრანგეთის ელჩის რანგში ბოლოჯერ, ექსკლუზიურად საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში საუბრობს...

- ნება მომეცით ჩვენი ინტერვიუ უკრაინაში განვითარებული ბოლო მოვლენებით დავიწყოთ. როგორც ვიცით, რამდენიმე დღეა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსული ძალები ინტენსიურ სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებენ. არის მსხვერპლი, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას ითხოვს. რამდენად უნდა ველოდოთ, რომ კონფლიქტის უკანასკნელი გამწვავების ფონზე, საფრანგეთი რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილებამდე მივა?

- ვფიქრობ, ფოკუსირებული დიდ სურათზე უნდა ვიყოთ და ეს უკანასკნელი არის რუსული აგრესია, ამ კონფლიქტის დროს ჩადენილი საშინელი რუსული დანაშაულები. ჩვენ ვნახეთ, რომ აგრესია თავისთავად საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, მაგრამ ჩვენ ასევე ვნახეთ დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ომის განმავლობაში. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაულები და ფრიად მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფლიქტში დაუსჯელობას ადგილი არ აქვს. ამ მიზეზით, ჩვენ ძალიან გვსურს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა სამხედრო, ფინანსურ, იურიდიულ ფრონტზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ სათანადო რესურსები დაეთმობა დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლას და საერთაშორისო დონეზე რუსეთის მაქსიმალურად იზოლირება მოხდება, რადგან მისი საქციელი ზღვარს გადასცდა, გადასცდა იმას, რაც მისაღებია. ვფიქრობ, ეს არის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩვენი ძალისხმევის მიზეზი. განსაკუთრებით იმით, რაც ბოლო დღეებში მოხდა, შეგიძლიათ მოლოდინი გქონდეთ, რომ ეს ძალისხმევა გაძლიერდება და კიდევ უფრო გაგრძელდება უკრაინის მხარდაჭერისა და იმის უზრუნველყოფაში, რომ ისინი გაიმარჯვებენ.

- რაც შეეხება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, როგორც ერთ-ერთმა გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Financial Times-მა ახლახანს დაწერა, „ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები წლების განმავლობაში ცუდ მდგომარეობაშია, დიდწილად „ქართული ოცნების“ არასანდო ქცევის გამო, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მართავს“. რამდენად ეთანხმებით შეფასებას, რომ საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქვეყანას ხელს უშლის?

- სამი წელია, რაც აქ ვარ და მე უარი ვთქვი უცხოელების მიერ ქართული პოლიტიკის შესახებ კომენტარების გაკეთების პრაქტიკაზე, რაც არ მგონია ჯანსაღი პროცესი იყოს. ვფიქრობ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კარგია, მაგრამ ის შეიძლება ამაზე უკეთესიც იყოს, ვიდრე ახლაა. ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს. მნიშვნელოვანია, რომ ქართველები გაერთიანდნენ და იყვნენ იმ მდგომარეობაში, რომ ამ მხარდაჭერის მიმღებნი გახდნენ. ამისთვის აუცილებელია ფოკუსირება რეფორმების დღის წესრიგზე, პროდასავლურ დღის წესრიგსა და ერთიანობის მინიმალურ ხარისხზე, რათა აშენდეს ეს ჯანსაღი, ძლიერი დემოკრატია, რომლის მოლოდინიც გვაქვს, რომ ვიხილავთ საქართველოში.

- თქვენი დაკვირვებით, როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებს? ხედავთ თუ არა პროგრესს პოლიტიკური დეპოლარიზაციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედია რეფორმის, დეოლიგარქიზაციისა და სხვა მიმართულებებით?

- პარლამენტში შექმნილი ჯგუფების სამუშაო პროცესი და საკანონმდებლო საქმიანობა, რომელიც მიმდინარეობს, ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანი ელემენტია ამ პირობების შესასრულებლად და ეს სწორი ნაბიჯია. მე ნამდვილად შემიძლია მოვუწოდო ყველას, ჩაერთონ ამ პროცესში და მოუსმინონ ერთმანეთს. ვიცი, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, ოპოზიცია შეუერთდეს ამ პროცესს და ვფიქრობ, ისინი მართლები არიან. ისინი მზად უნდა იყვნენ მოისმინონ ოპოზიციის სათქმელი. ისინი მზად უნდა იყვნენ თანაბრად მოუსმინონ იმას, თუ რას იტყვის სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესის შესახებ. ეს უნდა იყოს ძალიან ინკლუზიური პროცესი და როგორ მიმდინარეობს ეს ყოველივე, სულ მცირე, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი.

პირველი ნაბიჯები მამხნევებს, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია და ჯერ კიდევ ადრეა დასკვნის გაკეთება, წარმატებული იქნება თუ არა პროცესი. კარგია, რომ პროცესი დაიწყო. ახლა მან კარგი შედეგები უნდა გამოიღოს.

გარდა ამისა, საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ ეს საკანონმდებლო დღის წესრიგი დადებით ნარატივად იქცეს. ასე რომ, მეტია საჭირო, ვიდრე ამ საკანონმდებლო პროცესის წარმატებულად დასრულება. ასევე, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველო გადავიდეს სიტუაციიდან, როდესაც მის შესახებ მხოლოდ მაშინ გვესმის, როცა იქ რაღაც ხდება, რაც კითხვებს აჩენს, არამედ როდესაც ჩვენ გვაქვს საქართველოდან კარგი ამბების სერია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პოზიტიური განვითარება მოხდეს და გვქონდეს საქართველოდან წამოსული ერთი მეორეზე კარგი ამბები და პოზიტიური ნარატივებიც. ზოგიერთი ნარატივი, რომელიც ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობასთან კონფლიქტში შედის, პრობლემურია.

- გასულ კვირას კიდევ 5-მა დეპუტატმა დატოვა „ქართული ოცნება“ და საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდა, რომელიც მმართველი პარტიის ოთხი ყოფილი დეპუტატის მიერ დაარსდა. მოგეხსენებათ, ეს მოძრაობა ცნობილია განცხადებებით, რომლებიც ანტიდასავლურად ფასდება. მოძრაობის წევრები დასავლეთს ადანაშაულებენ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში და ასევე თავს ესხმიან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატის ელჩს, კელი დეგნანს და აშშ-ს საელჩოს. „ხალხის ძალის“ წევრმა ერთ-ერთმა დეპუტატმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ აქციების საკონტროლო პაკეტიც კი შეიძინა, რათა მედიაპლატფორმის აქტიური გამოყენებით „ხალხმა სიმართლე გაიგოს“. ბევრი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პოლიტიკური ექსპერტი და ქართული საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ დეპუტატების ანტიდასავლურად განწყობილი ეს ჯგუფი დამოუკიდებლად არ მოქმედებს და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დგას მათ უკან. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს?

- დარწმუნებული არ ვარ, რომ ვიცი. ვფიქრობ, არ მინდა ამაზე ვრცელი კომენტარის გაკეთება. რასაც მძაფრად შევიგრძნობ არის ის, რომ ეს ძალიან მტრული, ძალიან აგრესიული ანტიდასავლური ნარატივი ზიანს აყენებს საქართველოს და მის ინტერესებს. ის ძალიან ხშირად აბსურდულად არაზუსტი და მცდარია. რასაც ე.წ მეორე ფრონტთან დაკავშირებით ამბობენ, სრულიად ტყუილია. ასეთი რამის გაკეთების მოთხოვნა არასდროს ყოფილა. ბევრი განცხადება არაზუსტია და ზოგადად, ეს ანტიდასავლური განცხადებები შოკისმომგვრელია. მიმაჩნია, რომ თავდასხმები ამერიკის ელჩ კელი დეგნანზე, რომელიც არის ჩემი მეგობარი და ადამიანი, ვისთანაც მუშაობა ძალიან მსიამოვნებდა, ძალიან შემაშფოთებელია. როგორც უკვე გითხარით, ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, უზრუნველყოს, რომ რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც დაიწყო და დინამიური გახდა ამ ზაფხულიდან მოყოლებული და რომელსაც დადებითად ვაფასებ, საფრთხის ქვეშ არ დადგეს პრობლემური ნარატივებითა და ნეგატიური ამბებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიტიური დღის წესრიგი, რეფორმის დღის წესრიგი, რეალობად იქცეს და პოზიტიურ ნარატივად ითარგმნოს. არსებობს დიდი რისკი, რომ ეს პროცესი შეფერხდეს, რაც ძალიან სამწუხარო იქნება. ახლა არ მინდა განცხადებები გავაკეთო, თუ ვინ რას აკეთებს, ვინ ვის უკან დგას და ამ ყველაფერში. ამაზე მე არ უნდა გავაკეთო კომენტარი, მაგრამ როდესაც ამას ვუყურებ, შეშფოთებული ვარ.

- ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC) ევროპის მომავლის შესახებ პოლიტიკური და სტრატეგიული დისკუსიებისთვის შექმნილი პლატფორმაა, რომელიც 2022 წელს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადებით დაფუძნდა. რამდენიმე დღის წინ, პრაღაში მისი პირველი შეხვედრა გამართა, რომელსაც ევროპის 43 ქვეყნის ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო. რაში ხედავთ ამ პლატფორმაში საქართველოს როლს? რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს მონაწილეობა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტებში?

- ვფიქრობ, ევროპის პოლიტიკური გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ევროპელი ერთობლივი ძალებით ცდილობს ევროპის კონტინენტის გაერთიანებას. შთამაგონებელია, რომ ყველა ევროპელიერთობლივად აშენებს საკუთარ მომავალს. საქართველოში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვნახეთ ევროკავშირის გაფართოების დღის წესრიგთან დაკავშირებით გაღებული ფანჯარა, რაც წარმოუდგენელი და გარკვეულწილად, მოულოდნელი იყო. და მაინც, უკრაინის ომის გამო ეს რეალობად იქცა. იგივეა ევროპის პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებით, რადგან გაერთიანება არის გზა იმისა, რომ, როცა ველოდებით გაფართოების ყველა ამ განვითარების რეალობად ქცევას, შევქმნათ ეს თანამეგობრობა დღესვე და ყველა ევროპელმა ერთად ააშენოს ერთობლივი ევროპული მომავალი. როცა ყველა ევროპელს ვამბობთ, ჩვენთვის ეს მოიცავს საქართველოსაც, რადგან ყოველთვის ეჭვგარეშე იყო, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ამ პროცესის ნაწილი. ვფიქრობ, რომ ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, მაგიდაზე საკუთარი შეხედულებები, იდეები, ამბიციები წამოაყენოს ევროპის კონტინენტისთვის და უზრუნველყოს, როგორც ეს ამ კვირაში იყო, რომ ისინი ყველა ევროპელის მიერ ევროპული მომავლის ერთობლივად შენების მონაწილენი არიან, როგორც ეს საქართველოს პრემიერმა გასულ კვირას პრაღაში გააკეთა.

- სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო რეგიონების გამო დაძაბულობა გასულ თვეში კვლავ ღია კონფლიქტში გადაიზარდა, რამაც ორივე მხრიდან მინიმუმ 286 ადამიანი იმსხვერპლა. სომხეთის, აზერბაიჯანის, საფრანგეთისა და ევროპული საბჭოს ლიდერებმა პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პირველი სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართეს. სომხეთმა და აზერბაიჯანმა თავიანთი ერთგულება დაადასტურეს გაეროს ქარტიისა და ალმა ატას 1991 წლის დეკლარაციის მიმართ, რომლითაც ორივემ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიარა. სომხეთმა დადო შეთანხმება, რომ ხელი შეუწყოს ევროკავშირის სამოქალაქო მისიას აზერბაიჯანის საზღვართან. აზერბაიჯანი, თავის მხრივ, დათანხმდა ითანამშრომლოს ამ მისიასთან, რამდენადაც ეს მას ეხება. როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა საქართველოს პოზიტიურად შეუწყოს ხელი მეზობელ ქვეყნებს შორის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას?

- დიახ, ვფიქრობ, ეს ის სფეროა, სადაც ძალიან ახლოს ვართ. მიმაჩნია, რომ საქართველო ძალიან აქტიური იყო, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, რეგიონული თანამშრომლობის, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კარგი ურთიერთობების, ისევე როგორც, კონფლიქტის მოგვარების რაღაც ფაზაზე გადასვლის ხელშეწყობის კუთხით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობა და ბევრი ძალა საქართველოში, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიც, ჩაერთნენ და ამბობდნენ, რომ ორივე ქვეყნის მეგობრები არიან და მზად არიან მათ დასახმარებლად. ეს ასევე ეხება საფრანგეთის მთავრობასაც. ჩვენ ასევე ძალიან აქტიურები ვართ, როგორც ევროკავშირის, ისე ეროვნულ დონეზე, როგორც მინსკის ჯგუფის წევრი და ზოგადად, როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობაზე მზრუნველი ქვეყანა. ამიტომ ჩვენც ძალიან აქტიურები ვიყავით. მოხარული ვიყავი, რომ გასულ კვირას საქართველოში პრეზიდენტ მაკრონის მრჩეველი იზაბელ დუმონი და სამხრეთ კავკასიაში ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი ბრის როკფეი ჩამოვიდნენ, რათა არაერთი საკითხის, განსაკუთრებით კი ამ უკანასკნელის კოორდინაცია გაეწიათ. ეს ვიზიტი იყო საშუალება, გამოეხატათ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, მაგრამ ეს იყო სამხრეთ კავკასიის ამ საკითხზე კოორდინაციის საკითხიც, რადგან განცდა მაქვს, რომ საქართველო ძალიან აქტიურია, საფრანგეთი ძალიან აქტიურია და ჩვენ გვაქვს რაღაცები, რაც უნდა ვუთხრათ ერთმანეთს და ერთად გავაკეთოთ ამ კონკრეტულ საკითხზე. მნიშვნელოვანია კარგი კავშირის უზრუნველყოფა სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და საქართველოსთვისაც. ვგონებ, ამ მხრივ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად მოითხოვა ნატო-ში დაჩქარებული გაწევრიანება მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია მოახდინა. თუ საქართველო დასავლურ სამხედრო ალიანსში სწრაფ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უკრაინის მაგალითს მიჰყვება, რამდენად შეიძლება ნატო-ში წევრობისთვის ასეთი ფორმალური ნაბიჯის გადადგმამ რაიმე შეცვალოს საქართველოსთვის თუ ეს მხოლოდ სიმბოლური აქტი იქნება და სხვა არაფერი?

- ვფიქრობ, უკრაინის ომი ძალიან ცვლის შესაძლებლობების ბუნებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა შესაძლებელია ისეთი რამ, რაც მანამდე არ იყო. არის თუ არა ეს ერთ-ერთი ასეთი რამ, ამას მომავალში ვნახავთ. მაგრამ უკრაინაში ახლა არსებული საფრთხის მასშტაბები, საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის, დიდია.

- თქვენი, როგორც საფრანგეთის ელჩის უფლებამოსილების ვადა აქ, საქართველოში იწურება. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებში თქვენი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში?

- ვფიქრობ, ეს იყო რთული წლები, რადგან ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა კოვიდპანდემია, რამაც ძალიან დიდი შეფერხება გამოიწვია, ასევე, გვქონდა ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, გვქონდა ეს ენით აუწერელი რუსული აგრესია უკრაინაში. ასე რომ, ეს იყო ძალიან მძიმე და მნიშვნელოვანი წლები. ვფიქრობ, ამ დიდ გამოწვევას წარმატებით გავართვით თავი. ყველა გუნდმა საელჩოში, ფრანგულ ინსტიტუტში, ფრანგულ სკოლაში, ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტში, საფრანგეთის განვითარების სააგენტოში, ყველა გუნდმა, რომელიც ერთად მუშაობდა, შეძლო ღია ადამიანური ხიდების შენარჩუნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის და კერძოდ, საქართველოსა და საფრანგეთს შორის - ვგონებ, ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა.

ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტი, როცა ჩამოვედი, დიდი პროექტი იყო, მაგრამ არა რეალობა. ეს უკვე რეალობაა. ქართველი სტუდენტები მიდიან საფრანგეთში და გადიან ამ ერთობლივ პროგრამებს. ახლა სამი პროგრამა გვაქვს, წელს ასევე ვხსნით მეტ პროგრამას. გვქონდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ისევე როგორც, თანამშრომლობა წყლის მენეჯმენტის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის სფეროებში. ეს ყოველივე აისახა საქართველოდან საფრანგეთში ჩასული ადამიანებისა და პირიქით, საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოსული პირების კუთხით, რაც ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებაა.

ჩემი დიპლომატიური მისიის წლებში განვითარდა ფრანგული სკოლაც. მე-12 კლასამდე გვაქვს სრული ავტორიზაცია. ახლა ფრანგული სკოლის მოსწავლეები საქართველოში აბარებენ სკოლის დამამთავრებელ გამოცდებს და რეგიონის სტუდენტებიც კი ჩამოდიან საქართველოში აღნიშნულის ჩასაბარებლად, ადრე კი ამისთვის სხვა ქვეყანაში უწევდათ წასვლა. ასე რომ, ჩვენ შევძელით უამრავი კონტაქტის შენარჩუნება. კოვიდის დროს საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო საზღვრის შეძლებისდაგვარად ღიად შენარჩუნება. საზღვრები ყოველთვის გახსნილი არ იყო ამ დროს, მაგრამ ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა გარკვეული სიახლოვე და გახსნილობა საფრანგეთიდან საქართველომდე, რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე უმეტეს ადგილებში. ეს ჩემთვის სტრატეგიული მიღწევა იყო, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ფრანგები ეწვიონ საქართველოს და ის აქ ყოფნისას გაიცნონ ასევე, ქართველებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ საფრანგეთში, სადაც მათ ძალიან თბილად ველით, რათა ერთობლივად ავაშენოთ მომავალი და მეგობრებთან სიახლოვეში შექმნან მათი ქართული მომავალი. და, რთულ გარემოში, ჩვენ საკმაოდ კარგად მოვახერხეთ ამის გაკეთება.

- თქვენი აზრით, რა არის ამჟამად, ყველაზე დიდი გამოწვევა ოფიციალური პარიზისა და თბილისის ორმხრივ ურთიერთობებში?

- როდესაც საქართველოში ელჩად დავინიშნე, ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე, იყო საფრანგეთში უკან ჩასვლა და ამილახვარის ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის ჩამოყალიბება. ჩვენ გვქონდა პირველი შეხვედრა 2019 წლის დეკემბერში, პარიზში. ეს უნდა ყოფილიყო ყოველწლიური შეხვედრა. ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ იმაში, რასაც მე ვუწოდებ „ადამიანური ხიდის“ შენარჩუნებას. ეს არის დიალოგის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების შედეგი, რომლებიც მუშაობენ მრავალ სფეროში და წარმატებით ახორციელებენ დიალოგით გათვალისწინებულ პოლიტიკას. ეს წარმატება იყო.

ვფიქრობ, გაცილებით რთული იყო უფრო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნება. ამის ორგანიზება უფრო რთული იყო, როგორც კოვიდის, ასევე ჩვენივე არჩევნებისა და უკრაინის ომის გამო. ასე რომ, ამ მიზეზების გამო, ეს უფრო რთული იყო და გასაკეთებელია. ამ კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის მრჩევლის იზაბელ დუმონისა და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის ბრის როკფეის ვიზიტი, რომელიც მანამდეც აღვნიშნე. ისინი მუშაობდნენ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებისთვის, რომელიც უახლოეს თვეებში ინტენსიური გახდება. მან უნდა მიაღწიოს მაღალ დონეს, უნდა იყოს ძალიან მჭიდრო და ინტენსიური, როგორც ეს ყველა ტექნიკურ სფეროშია.

- იქნებ გვითხრათ, რა პროფესიულ რჩევებს მისცემდით თქვენს მემკვიდრეს - საფრანგეთის მომავალ ელჩს საქართველოში და რას ისურვებდით, რომ მან სამომავლოდ განახორციელოს საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი კავშირების გასაძლიერებლად?

- ვფიქრობ, ჩემი შემცვლელი თავად განსაზღვრავს საკუთარ პრიორიტეტს, შეხედულებისამებრ. დარწმუნებული ვარ,ეს კარგი პრიორიტეტები იქნება. ჩვენ ბევრ რამეს ვამზადებთ, რადგან, როგორც საფრანგეთის დიპლომატიურ სისტემაში ვამბობთ, ელჩი მუშაობს მისი მემკვიდრეებისთვის, ამიტომ ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მათ უამრავი შესაძლებლობა დავუტოვოთ. ჩემი მისადმი რჩევა იქნება, რომ იმოგზაუროს საქართველოში და თავად შეხვდეს ქართველებს, რათა უკეთ შეძლოს საფრანგეთიდან ხალხის მოწვევა საქართველოში და მათთვის ქვეყნის გაცნობა. ვფიქრობ, გასაოცარია, როდესაც მიდიხარ საქართველოს ყველა რეგიონში; მე თითქმის ყველა რეგიონში ვიყავი. ამ დროს ხვდები, რამდენად ღრმად ევროპულია ეს ქვეყანა.ძალიან მნიშვნელოვანია ამის წახალისება, ამის დანახვა და ჩვენება. ვფიქრობ, ელჩისთვის მნიშვნელოვანია, ეწვიოს მთელ ქვეყანას და მოიწვიოს ხალხი საფრანგეთიდან, რათა მათაც ნახონ ის. სხვაგვარად, მსოფლიო რუკას რომ უყურებ, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ საქართველო ძალიან შორსაა,მაგრამ, როცა აქ ჩამოდიხარ, კარგად ხედავ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ხარ.მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ეს იგრძნონ, არა მხოლოდ ნოტის ან სტატიის წაკითხვით, არამედ სუფრაზე წასვლით, ხალხთან შეხვედრით და სტუდენტებთან, ბიზნესმენებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ადგილობრივი მთავრობის ლიდერებთან გულწრფელი შეხვედრით, რათა გაზომო საქართველოს ნამდვილი ევროპული ბუნება.

- მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მოგილოცოთ საფრანგეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროში დაწინაურება. იქნებ მოკლედ გვითხრათ აღნიშნულ სამინისტროში თქვენი ახალი მოვალეობების შესახებ?

- მე ვიქნები იურიდიულ საკითხთა დირექტორი, რომელიც წარმოადგენს საფრანგეთის მთავრობას ყველა საერთაშორისო სასამართლოში. ჩემი პასუხისმგებლობა იქნება მინისტრისთვის რჩევების მიცემა საერთაშორისო და ევროპული სამართლის საკითხებში. საფრანგეთის საგარეო უწყების ამ იურიდიულ დირექტორატში ჩვენ ერთ ჭერ ქვეშ ვაერთიანებთ საერთაშორისო და ევროპულ სამართალს და რჩევებს ვაძლევთ მთავრობას აღნიშნულზე. ამ მხრივ, მე გავაგრძელებ ჩემს გულთან ახლოს ვატარო საქართველო, რადგან ვფიქრობ, საერთაშორისო და ევროპული სამართალი საქართველოს ძალიან დიდი მეგობარია - საერთაშორისო სამართალი, რადგან ვფიქრობ, საქართველო ბევრ საკითხში მართალია და დაცვა სჭირდება. საერთაშორისო სამართლის დაცვა ნიშნავს თქვენი ტერიტორიული მთლიანობისა და თქვენი თავისუფლების დაცვას მსოფლიოში და ევროპული სამართალი, რადგან ვფიქრობ, ევროპული სამართალი ყოველთვის ვითარდება, რათა ევროპა უფრო დიდი გახდეს, გაძლიერდეს და ჩვენ ამას ახლა ვხედავთ ევროპულ პოლიტიკურ გაერთიანებაში. ეს დიდ გავლენას ახდენს საქართველოზე. ასე რომ, ამ ახალ თანამდებობაზე ყოფნისას საქართველო ჩემს გონებაში იქნება. ჩემი კარიერის ნახევარი ამ დირექტორატში გავატარე, რომელსაც ახლა ვუხელმძღვანელებ. დიდი პატივია, რომ ამ საქმის ხელმძღვანელობა მთხოვეს და ძალიან აღელვებული ვარ, რომ დავიწყებ ამ საქმის კეთებას.

- დაბოლოს, ბატონო ელჩო, ჩვენი საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით, გაქვთ შესაძლებლობა, მოკლედ მიმართოთ ქართულ საზოგადოებას და ქართველ პოლიტიკოსებს...

- მე მივმართავ დევიზით "ძალა ერთობაშია". ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა იმუშაონ, რომ ეს დევიზი საკუთარ რეალობად აქციონ. ასე რომ, ქართველებმა უნდა გააერთიანონ ძალები, რათა მიაღწიონ იმ დიდ რაღაცას, რასაც ახლა გთავაზობენ, რაც წარსულში სულაც არ იყო შესაძლებელი, რათა მოხდეს შესაძლებლობების გამოყენება. ამასთან, „ძალა ერთობაშია“ საქართველოსა და მის მეგობრებს შორის, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი ევროპული ოჯახის, მთელი დასავლური ოჯახის ერთიანობა, რომლის შემადგენელი ნაწილიცაა საქართველო. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ერთად ვიქნებით და ვიპოვით გზებს ერთად მუშაობისთვის, რათა ერთობლივად ავაშენოთ ეს ახალი და იმედისმომცემი რეალობა.

თორნიკე კაკალაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
„ნიკორამ“ 35 მლნ ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა - კომპანია მიღებული ფინანსური რესურსის გამოყენების შესახებ
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი